Logo

საზოგადოება

"ჩემთვის შოვში გაიყინა დრო და სამყარო" - დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა

"ჩემთვის შოვში გაიყინა დრო და სამყარო" - დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გვიდა. ცრემლითა გულის ტკივილით სავსე წლები იმ 33 ადამიანების ოჯახებისთვის, რომლებიც ზუსტად 3 წლის წინ მთაში მოვარდნილ სტიქიას შეეწირნენ.
25 წლის დავით ბერიაშვილი ერთ-ერთი იყო მათგან, ვისთვისაც რაჭაში გატარებული დღეები უკანასკნელი აღმოჩნდა.დავითის დედა, ია მერებაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.


"25 წელი ვზრდიდით ერთმანეთს, 25 წელი გვიხაროდა და გვწყინდა ერთად. ერთად ვტიროდით და ვიცინოდით. ბევრს გაწვალებდი და გაბრაზებდი, როცა მეც პატარა ვიყავი. მერე დავმეგობრდით და ვუფრთხილდებოდით ერთმანეთს.

მეგონა მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდებოდა და შენით უზომოდ ბედნიერი ვიქნებოდი. განგებას ყოველ დღე მადლობას ვუხდიდი იმისთვის, რომ მყავდი იმედად და საყრდენად. მეამაყებოდა რომ შენი დედა მერქვა.

ახლა კი გეძებ... გეძებ ყველგან... გეძებ სიჩუმეში. იმ გზებზე, სადაც ერთად გვივლია. შენს ხმას ვუსმენ, თითქოს სადღაც ისევ უნდა გავიგონო. და ვეძებ საკუთარ თავსაც.

ვინ ვარ აღარ ვიცი... რისთვის ვარ, ეგ ხომ საერთოდ ვერ გამიგია.... ჩემთვის შოვში გაიყინა დრო და სამყარო..." წერს ია მერებაშვილი.

დავით ბერიაშვილი

შეგახსენებთ, 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 16:00 საათზე შოვში ღვარცოფი მოვარდა. ტალახის უზარმაზარმა მასამ წაიღო კოტეჯები, სადაც ათობით ადამიანი იმყოფებოდა, მანქანები, მდინარეზე გადასასვლელი ხიდები, მოგლიჯა ხეები... სტიქიას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა...

ავტორი: ზმნა

08/03/2026