საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ელექტრონული აზარტული თამაშების კომპანია SPRIBE-ის მფლობელი, დავით ნატროშვილი გაუგებრობაში მოჰყვა. გუშინ მან სოციალურ ქსელში, თავისი ოცნების ავტომობილის, Ferrari LaFerrari Aperta-ს ფოტო განათავსა წარწერით - Game Over. მედიასაშუალება "ტაბულამ" ეს ფოტო - ამ "ქარდის" სახით გამოაქვეყნა:

"ქარდს" მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ნატროშვილის წარმომადგენელი მედიასაშუალებას დაუკავშირდა და პოსტის ჩასწორება ითხოვა. საზოგადოების ნაწილმა კი, ამ პერიოდში, ამგვარი პოსტის განთავსების გამო, დავით ნატროშვილი ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია.
ტაბულა: პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, კომპანია "სპრაიბის" წარმომადგენელი დაუკავშირდა ტაბულას. ჩვენთან საუბარში მან კატეგორიული პროტესტი გამოხატა პოსტის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით და უარყო, რომ დავით ნატროშვილის ინსტაგრამის პოსტი უკავშირდება თემურ უგულავას გარდაცვალებას.
მისი თქმით, პოსტი უკავშირდება მანქანას: Ferrari LaFerrari Aperta-ს, რომელიც არის ლიმიტირებული, მის ყიდვას დავით ნატროშვილი ცდილობდა წლების განმავლობაში კოლექციის შესავსებად, რაც საბოლოოდ მოახერხა და Story-იც ამას მიუძღვნა.

რატომ დააკავშირა თემურ უგულავას გარდაცვალებასთან ნატროშვილის ინსტაგრამ-სთორი "ტაბულამ" და რატომ მისცა ფრაზას - "თამაში დასრულდა" - ამგვარი ინტერპრეტაცია?
ტექსტი, რომელიც გამოცემამ ქარდს დაურთო არის შემდეგი:
"Spribe-სა და კომპანია ავიატორს შორის, რომელიც თემურ უგულავას ეკუთვნოდა, რამდენიმე წელია სამართლებრივი დავა მიმდინარეობს. საქმე ეხება საავტორო უფლებებს - ავიატორის სახელით რამდენიმე აზარტული თამაში SPRIBE-ის ტექნიკური მხარდაჭერით "აჭარაბეთის" ვებსაიტზე იყო განთავსებული.
კომპანია ავიატორმა საქართველოში ყველა ინსტანციის სასამართლო მოიგო, მათ შორის, უზენაესი. თუმცა, იმის გამო, რომ თამაშებს საქართველოს გარდა სხვა ბაზრებსაც სთავაზობდნენ, "ავიატორი" SPRIBE-ის წინააღმდეგ დავას სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე აგრძელებს — მათ შორის ევროკავშირის ტერიტორიაზე."
გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ამბავს დავით ნატროშვილი გამოეხმაურა.
"მინდა გამოვეხმაურო ტაბულას მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას და ცილისმწამებლური კამპანიის აგორების მცდელობას.
თემურ უგულავასთან წლების განმავლობაში მქონდა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა. მიუხედავად სამართლებრივი დავისა, მხარეები მუდმივად ვინარჩუნებდით ჩვენს ადამიანურობას და ერთმანეთის მიმართ პატივისცემას. ჩემთვის წარმოუდგენელია გარდაცვლილი ადამიანის მიმართ მსგავსი შინაარსის მინიშნება ან რეაქცია. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მძიმე და უხერხულია, რომ მედიის მიერ შექმნილი მანიპულაციური კონტექსტის გამო მიწევს ამ თემაზე საჯაროდ საუბარი.
ასეთ დროს მინიმალური ადამიანური და პროფესიული სტანდარტი არის ფაქტის გადამოწმება და კონტექსტის დაცვა. პირადი პოსტისთვის იმ მნიშვნელობის მიწერა, რომელიც მას არ ჰქონია, არ არის ჟურნალისტიკა და არც ადამიანობა და არის უპატივცემულობა, უპირველესად გარდაცვლილი ადამიანის ხსოვნისადმი! მითუმეტეს, როდესაც ტაბულასთან არაერთი კომუნიკაციის შემდეგაც, პოსტის აღება არ მოხდა.
პოსტი ეხებოდა ავტომობილს — Ferrari LaFerrari Aperta-ს, რომელიც ავტომოყვარულებისთვის განსაკუთრებული და იშვიათი მოდელია, და სწორედ ამიტომ, მას კოლექციონერები „Game Over” -ს უწოდებენ. ამის გადამოწმებას ინფორმაციის მოძიების ელემენტარული მცდელობაც ეყოფოდა…
ვუსამძიმრებ თემურ უგულავას ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს!" - წერს ელექტრონული აზარტული თამაშების კომპანია SPRIBE-ის მფლობელი, დავით ნატროშვილი სოციალურ ქსელში

ნატროშვილი განცხადებას ფეისბუქზე ამ ტიპის მძაფრი რეაქციები მოჰყვა:
* "ძაან საეჭვოდ დაიდო სთორი. სად იყო აქამდე ან რაღა მაინცდამაინც ახლა. მასე ნებისმიერ თემას შეუძლება გამართლება მოუძებნოს ადამიანმა. აბა, პირდაპირ ხომ არ დაწერდა, თამაში დამთავრდაო, მოუძებნა შესაბამისი სიეშმაკე".
საზოგადოების ნაწილი ტაბულას ამ "ქარდის" აღებას და დავით ნატროშვილისთვის ბოდიშის მოხდას თხოვს.
* "სამარცხვინოა ამ ორი ფაქტის ერთმანეთთან დაკავშირება."
განცხადებას აკეთებს ტაბულაც:
"ტაბულას მიზანია მკითხველს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მკითხველს მიანდოს დასკვნები.
ბატონი ნატროშვილის საჯარო პოსტი, კონტექსტისა და ცხადი მომენტუმის გათვალისწინებით, გახლავთ მაღალი საჯარო ინტერესის საგანი.
ტაბულას მკითხველმა მიიღო ინფორმაცია როგორც პოსტის შესახებ, ისე ამ პოსტის ავტორის განმარტების შესახებ.
დასკვნებს ის დამოუკიდებლად გამოიტანს."
06/24/2026