Logo

კულტურა

"ჩერდაკისნაირ რაღაცაში ვცხოვრობდი იმ დროს..." - რეზო გაბრიაძის "ალილო"

"ჩერდაკისნაირ რაღაცაში ვცხოვრობდი იმ დროს..." - რეზო გაბრიაძის "ალილო"

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

რეზო გაბრიაძის საშობაო ჩანახატი...

"ალილო"

"მის მერე ბარე ოცდაათმა წელმა განვლო.
მაშინ თბილისში კოლმეურნეობის მოედანზე თოთხმეტი დასალევი ადგილი იყო, სტალინისდროინდელი.
თოთხმეტი ხის ბუდკა.
აქ იკრიბებოდნენ უგვარო, უპასპორტო და პირდაუბანელი ხალხი, ანდა ჩემნაირები - უპრაპისკო, მეხუთე წელი შტატგარეშე, მე-4 გვერდის კორესპონდენტი ავდარია-დარია ჰონორარით. მე ბოლოში, ყველაზე უჩინარ ბუდკასთან რიგში ვიდექი მთლად კუდში, ლუდის მოლოდინში, ნამდვილი და მოგონილი დარდებით ვემშვიდობებოდი ჩემს ახალგაზრდობას, თამაშა სევდით, კინოებიდან ნასესხები განცდებით...
რიგი იყო ჩუმი და მცოდნე.
დრო დადგა და ჩემი რიგიც მოვიდა.
(დილით მე-4 გვერდისთვის დადებითი ტექსტი მქონდა გაკეთებული, მიძღვნილი ახლად შეღებილი ნავთლუღის სადგურის, აგრეთვე, ყველა ძველი გადამწვარი ნათურის მთლიანად ახალი ნათურებით შეცვლის საახალწლო ფოტოსთვის, რის ჰონორარიც უდრიდა სამ „თხლაშოვოის“ / ვიცოდი: ერთი თხლაშოვოი 33 გრამი არაყია/, თითქმის 100 გრამს).
არაყი ჩემნაირებს გმირობას ურჩევს, ბეჭების თამაშს. ამიტომაც ვერიდებოდი.
ავიღე ლუდი და გვერდზე გავდექი, როგორც ამ საქმის მცოდნე, ბუდკიდან ცოტა მოშორებით.
ლუდის პირველი ბაკალის პირველმა ნახევარმა თავში სიჩუმე იცის და ტკბილი შეგრძნება მარტოსულობისა.
შევსვი. ნელა წაიშალა კოლმეურნეობის მოედანი: ჭუჭყიანი, დათოვლილი ავტობუსები, ახალ პალტოზე ფიქრი. წაიშალა გარშემო ხალხი: მორბენალი ქალ-კაცი შეკრული წარბებით, ჩქარ-ჩქარი თვალებით, ნაძვის ნაზი ტოტებით, შეშინებული ჩიჩილაკებით.
წაიშალა ჩემში რედაქციის მძიმე დავალება: კასპის ცემენტის ქარხანაზე სასიამოვნო მოწინავის დაწერა 2 იანვრის ნომრისთვის. (რედაქტორის თქმით) ახალგაზრდა ქალებსა და კაცებს რომ ესიამოვნებათ.
დადგა სიჩუმე და სიამოვნება...
უცებ მდგომარეობა დამერღვა: ჩემ წინ შუა ასაკს კარგა გადაცილებული კაცი იდგა. სავსე ბაკლით, მკვრივი დერმატინის ჩანთით ფეხებთან. იმავე დერმატინის ალერსიანი, სადღაც დროში დაკარგული, გახუნებული, გულში ჩამწვდომი ღიმილით.

რეზო გაბრიაძე


გამოვიხედე ჩემი ლუდის ბალკონიდან, არ მესიამოვნა. კაცი იდგა ჩემ წინ სავსე ბაკალით და მიჭახუნებას მთავაზობდა. ოდნავ შევახე მის ბაკალს ჩემი და ცოტა გვერდულად დავუჯექი. დახუჭული თვალებით შევსვი ბოლომდე. წასვლა მომინდა.
დავდგი ბაკალი. გადავდგი კიდევაც ნაბიჯი და ჩემ წინ ისევ ის უცნობი წარმოიშვა ორი ბაკლით.
მის სავსე ბაკალს ქაფი ედო გვერდულად, როგორც თვითონ მას ძველისძველი ქუდი სვარკით ამომწვარი წერტილებით. ასეთ კეპკიანს ჩემისთანები უარს ვერ ეუბნებოდნენ.
შევსვი ზრდილობისათვის, სანტიმეტრ, სანტიმეტრ-ნახევარი.
- ალილო, - ჩუმად თქვა მან და ღიმილით თვალებში ჩამხედა ღრმად.
- შენ არ გახსოვარ, პატარა იყავი, - თქვა და მოულოდნელად ჩუმი, ტკბილი, ძალზედ ნაცნობი ხმით ლექსი მითხრა, ალაგ-ალაგ მორცხვად წამღერებული:
"ჩვენ მათხოვრები არა ვართ,
შობის მახარობლები ვართ დაა..."
ბაკალი ასფალტზე დადო, გასწორდა და წყნარად მითხრა:
- მიხვდი შენ, მე ლენსტალის მამა ვარ.
- შემომხედა, შემაფასა:
- ვიჯექი, შვიდი წელი... შორეულში... სვარკა... სტალიარკა... მალიარკა... ავითვისე ბოლომდე, სამუდამოდ.
- ლენსტალი? - ვკითხე ჩუმად.
- ლენსტალს ლენსტალი აღარ ქვია. თეოფილე ქვია. ლაგერიდან მივწერე დედამის ზინას, მონათლე-თქო, ვ პედისიატ პიატომ.
ექიმია ახლა თეოფილე. გული. კაი ექიმია ჩემი თეოფილე. ნიჟნი ტაგილში! ცოლიც გადასარევი! კლავდია ალექსეევნა! ისიც ექიმია, პულმანოლოგი! ორი შვილიშვილი მყავს! ძველ ახალ წელიწადს ერთად შევხვდებით.
ჯიბიდან ამოიღო და მაჩვენა ავიაბილეთი.
- კაია, რომ შობის წინ შევხვდით ერთმანეთს მე და შენ! აბა, გილოცავ შობას! მეიცა! - თავში რაღაც მოუვიდა. გახარებულმა გადმოყარა ჩანთიდან ინსტრუმენტები და ამოიღო კარტონის კოლოფი. გახსნა. კოლოფში სამი პატარა ჩიჩილაკი იწვა კანფეტებში. მის უზარმაზარ ხელებში აკანკალებული ჩიჩილაკი სულ განაზდა და დაპატარავდა:
- გამომართვი! ამ ორ ჩიჩილაკს დღესღამ თეოფილეს ვაჩუქებ!
- შენ ხომ თქვი, ორ კვირაში მივფრინავ ნიჟნი ტაგილშიო? ბილეთიც მაჩვენე. როგორ მიცემ ამაღამ?
- ჩემი შვილი გეგონა?! არა! თეოფილეზე გეუბნები! ლოტბარზე! სულ უპატრონოდ დარჩა! ჩვენთან ცხოვრობს! ვერც ერთს ვერ გვცნობს! ვერც მე, ვერც ზინას! ლოგინიდან ვერ დგება. სიმონიკას მეძახის... დაპატარავდა! თავის ფოტოს წონაა! ჩემზე ბრაზობს! მედალს მირტყამს თავში, ზა ობორონუ კავკაზას! - უცებ საათს შეხედა.
- უი! ექვსი დაწყებულა! არ დამიბანია დღეს თეოფილე! მომკლავს ზინა! სტოპრო! - იყვირა ჩემმა ძველმა ახალმა ნაცნობმა და გაიქცა ზადნი ხოდით დაძრული ავტობუსისკენ.
ავტობუსი განათებული ფანჯრებით ნელა, გვერდულად დაიძრა საახალწლო პრობკაში, თეოფილეს მამის სახე კი შუშაზე იყო მიბრტყელებული, ცხვირი ჰქონდა პერაშკივით, თვალები ბედნიერების სხივით სავსე, ტუჩები კი მეუბნებოდნენ უხმოდ: „შობას გილოცავ! შობას!"
მეც დავუძახე უხმოდ, ტუჩებით:
„მეც შობას გილოცავ! შობას!“
ვიყიდე პური, ყველი, ბოთლი ღვინო, ბულკი სილამაზისთვის და გავიქეცი ზევით, მთაწმინდაზე, ყიზლარის ქუჩაზე - ხუთი პლუს ხუთი და პლუს ერთი - 11 ნომერში, სადაც ჩერდაკისნაირ რაღაცაში ვცხოვრობდი იმ დროს, ვიწრო ოთახში - 8 კვ. მ. ერთი პატარა, ვარსკვლავებით სავსე ფანჯრით."

რეზო გაბრიაძე

ავტორი: ზმნა

01/08/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024