Logo

ასტროლოგია

ჩინური ახალი წელი და გაზაფხულის ფესტივალი "ჩუნჯიე" - ეკა კვარაცხელია გვიამბობს

ჩინური ახალი წელი  და გაზაფხულის ფესტივალი "ჩუნჯიე" - ეკა კვარაცხელია გვიამბობს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ორიოდე დღის წინ, მთვარის კალენდრის მიხედვით ჩინური ახალი წელი დადგა. ეს მშვენიერი დღესასწაული, რომელიც პოეტურად, გაზაფხულის ფესტივალის „ჩუნჯიეს“ სახელითაა ცნობილი, ჩინეთში განსაკუთრებული პატივით აღინიშნება და მისი აღნიშვნა სათავეს უძველესი დროიდან იღებს.

ფენ შუისა და აღმოსავლური ჰოროსკოპების სპეციალისტი ეკა კვარაცხელია zmna.ge-ს მკითხველს იმ ლეგენდისა და ტრადიციების შესახებ უამბობს, რომლებიც „ჩუნჯიეს“უკავშირდება.

„არსებობს ლამაზი ლეგენდა, რომ ოდესღაც ხალხს, საშინელი ურჩხულის, სახელად ნიანის (რაც „წელს“ ნიშნავს) ეშინოდა, რომელიც ზღვიდან ამოდიოდა და სოფლებს ანადგურებდა... მაგრამ ერთ დღეს ადამიანებმა შენიშნეს, რომ ურჩხულს წითელი ფერი და ხმაური აშინებდა.

ჩუნჯიე

მას შემდეგ გაჩნდა ტრადიცია, ახალი წელი ხმაურიანად, ფეიერვერკებით აღინიშნებოდეს და ყველგან წითელი ფერი გამოიყენებოდეს - სამკაულებში, ტანსაცმელსა და ცნობილ წითელ ჰონგბაოს კონვერტებში, რომლებიც ბოროტი სულებისგან დაცვას და ფინანსური კეთილდღეობის სურვილს განასახიერებს.

საინტერესოა, რომ დღესასწაულმა საუკუნეების განმავლობაში ახალი მახასიათებლები შეიძინა. ჯერ კიდევ ტანგის დინასტიის (618–907) დროს დამკვიდრდა ერთმანეთისთვის ახალი წლის ბარათების გაგზავნა, ხოლო სონგის დინასტიის (960–1279) დროს დამკვიდრდა ბავშვებისთვის წითელ კონვერტებში მონეტების ჩუქების ჩვეულება.

ჩუნჯიე

თავად დღესასწაულს ,,გაზაფხულის ფესტივალი” მხოლოდ სინჰაის რევოლუციის (1911–1912) შემდეგ ეწოდა, რათა განესხვავებინათ იგი დასავლური ახალი წლისგან, თუმცა თავად ჩინელებისთვის ის ყოველთვის წლის მთავარ მოვლენად რჩებოდა, რომელიც დაკავშირებული იყო სასოფლო-სამეურნეო ციკლებთან და ბუნების გამოღვიძებასთან,“ - ჰყვება ეკა კვარაცხელია და რამდენიმე საინტერესო სურვილსა და აფრიმაციას გვთავაზობს:

„მინდა, გისურვოთ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩინეთში ფასობს. ჩინეთში სურვილები ხშირად აგებულია როგორც აფირმაციები, რომლებიც ენერგიას იზიდავენ. ამიტომ გისურვებთ:

●თქვენი სახლი ყოველთვის ბედნიერებითა და ჰარმონიით იყოს სავსე.

●გისურვებთ სიმდიდრესა და კეთილდღეობას! ჩინეთში ეს მხოლოდ სიტყვები არ არის: ჯიაოძის პელმენების ფორმა, რომლებიც ყოველთვის ქვეყნის ჩრდილოეთში მზადდება, უძველეს ვერცხლის ზოდებს წააგავს - კეთილდღეობის სიმბოლოს. თქვენი კეთილდღეობაც ისეთივე უხვი იყოს.

ჩუნჯიე

●თქვენს სუფრაზე ყოველთვის იყოს თევზი (სიუხვის სიმბოლო) და გრძელი ლაფშა დიდხანს და ბედნიერ ცხოვრებას მოგანიჭებდეთ. და, რა თქმა უნდა, მთავარი სურვილი, რომელსაც ჩინელები ამ დღეებში ერთმანეთს უცხადებენ, არის: „თქვენი ბიზნესი აყვავდეს და თქვენი საფულე სავსე იყოს!“

და წითელი ჰონგბაოს კონვერტები საუკეთესო რიცხვებით (მოერიდეთ რიცხვ 4-ს, რომელიც სიტყვა „სიკვდილს“ ჰგავს და აირჩიეთ „იღბლიანი“ 8-იანი, რომელიც უსასრულობისა და კეთილდღეობის სიმბოლოს ჰგავს) მხოლოდ წარმატებას მოგიტანთ.“

ავტორი: ზმნა

02/20/2026

ახალი წელიგაზაფხულის ფესტივალილეგენდაჩუნჯიე
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024