
10/11/2026
ადამიანის ორგანიზმში არსებობს პათოლოგიები, რომლებიც წლების განმავლობაში ყოველგვარი ტკივილისა და თვალსაჩინო სიმპტომების გარეშე ვითარდება. ერთ-ერთი ასეთი ყველაზე ვერაგი და საშიში მდგომარეობაა მუცლის აორტის ანევრიზმა, ანუ სისხლძარღვის კედლის ლოკალური გაფართოება, რომელსაც მედიცინაში ხშირად „ჩუმ ბომბსაც“ უწოდებენ.
ვინაიდან დაავადება დიდხანს არ იძლევა გამაფრთხილებელ ნიშნებს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას დროული დიაგნოსტიკა და პრევენცია იძენს.
ანგიოლოგი გიორგი დეისაძე განმარტავს, რა რისკებთან არის დაკავშირებული ეს პათოლოგია და რატომ არის პროფილაქტიკური შემოწმება სიცოცხლის გადამრჩენი?
„იცოდით, რომ ჩვენს ორგანიზმში შეიძლება არსებობდეს პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში არანაირ სიმპტომს და ტკივილს არ იწვევს? ასეთი დაავადებაა მუცლის აორტის ანევრიზმა, რომელსაც ხშირად „ჩუმ ბომბსაც“ კი ეძახიან მისი უსიმპტომოდ მიმდინარეობის გამო.
აორტა ჩვენს ორგანიზმში ყველაზე დიდი დიამეტრის სისხლძარღვია, რომელშიც გაივლის გულიდან წამოსული ჟანგბადით მდიდარი სისხლი. რიგი ფაქტორების ზემოქმედების გამო, შესაძლებელია დროთა განმავლობაში აორტის კედელი დაზიანდეს და ლოკალურად გაფართოვდეს, რასაც უკვე ეწოდება აორტის ანევრიზმა.
რადგანაც პაციენტებს მუცლის აორტის ანევრიზმის შემთხვევაში უმეტესწილად სიმპტომები არ აქვს, ამიტომაც მიიჩნევა ეს საკმაოდ საშიშ პათოლოგიად.
თუმცა, ერთი მარტივი გამოკვლევით, გეგმიურ ვიზიტზე მუცლის ღრუს ულტრაბგერით (ექოსკოპიით), შესაძლებელია ამ დაავადების დიაგნოსტირება და უკვე შემდგომ არსებობს თანამედროვე მკურნალობის გზები.
ხოლო პაციენტებს, ვისთანაც უკვე ეს დიაგნოზი დასმულია, ხდება თანამედროვე ენდოვასკულარული მიდგომით მუცლის აორტის ანევრიზმაში სტენტ-გრაფტის იმპლანტაცია, რაც წარმოადგენს ძალიან მარტივ მეთოდს ღია ქირურგიასთან შედარებით.
და ბოლოს, ჩემი რეკომენდაციაა ჩაიტარეთ პროფილაქტიკური გამოკვლევა," - გვირჩევს ექიმი.
გააზიარე სტატია