Logo

ინტერვიუ

"ჩვენ ხალხი გვინახავს" - ინტერვიუ კახა მამულაშვილთან

"ჩვენ ხალხი გვინახავს" - ინტერვიუ კახა მამულაშვილთან

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ზაფხულში, როდესაც ძირითადად, იმაზე ვფიქრობთ და ვიგეგმებით, სად და როგორ დავისვენოთ, არსებობს გარკვეული პროფესიის ადამიანები, რომლებიც არ და ვერ ახერხებენ დასვენებას. ცხადია, ასეთი პროფესია ბევრია, თუნდაც სიცოცხლესთან, უსაფრთხოებასთან და კვებასთან დაკავშირებული; მათ შორის კი, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე მაინც ახალი ამბების "მეიქერები", იგივე ჟურნალისტები და მუსიკოს-შემსრულებლები არიან, რომლებიც ამ სეზონზე ზღვისპირეთში ინაცვლებენ და დამსვენებელთა გართობაზე იქ ზრუნავენ.

მომღერალთა შორის, ვინც ზაფხულის მანძილზე, დატვირთული რეჟიმით ცხოვრობს, ერთ-ერთი უპირველესი ლელა წურწუმიაა. პანდემიის გარდა, არ მახსენდება ზაფხული, ლელას შავი ზღვისპირეთის საკონცერტო გრაფიკი ჩაეგდოს და ულამაზესი საკურორტო სეზონი არ გაელამაზებინოს.

"ბათუმის ღრუბლები გავფანტეთ" - ლელას ჰიტიდან გამომდინარე ("ღამის სიჩუმე გაფანტე") ხუმრობს ხოლმე მამულიჩა.

ბათუმისადმი სიყვარული, იქ ბინის შეძენითაც გამოხატეს. როცა თავისუფალი დრო გამოუჩნდებათ, მაშინვე საყვარელ ქალაქს მიაშურებენ. ქუჩებში, ბათუმელები რომ სიყვარულით ეგებებიან, ძალიან აბედნიერებთ.

წყვილი, რომელიც ათწლეულებია ქართულ შოუ-ბიზნესს მედგრად მოუყვება, სწორედ ლელა და მამულიჩაა. კახა მამულაშვილი, იცით, რომ მომღერლის პროდიუსერიც არის. წყვილის ეს საქმიანი ტანდემი კი, მათ ქორწინებაზე მეტ დროს ითვლის და როგორც დრომ აჩვენა, ქვითკირივით ურღვევია.

კახა "ზმნასთან" მათი ცხოვრების ბათუმურ სეზონზე საუბრობს.

კახა მამულაშვილი: ივლის-აგვისტო საკონცერტოდ ჩავარდნილი თვეებია. თბილისში აღარავინ მოვა კონცერტზე. განსაკუთრებით, აგვისტო ისეთი თვეა, ყველა ზღვისკენ მოემართება. პროექტებს ზღვისპირა კლუბები ყიდულობენ. ბათუმში "მონო ჰოლის" გარდა კლუბი აღარ დარჩა.

ივლის-აგვისტოში "მონო ჰოლში" ვართ გამაგრებული. ლელას ორი კონცერტი უკვე გვქონდა, სამი აგვისტოში გვექნება.

ლელა წურწუმია

- რამდენი ხნით ადრე იწყებთ რეპერტუარის საზაფხულოდ გადახალისებას და ზოგადად მზადებას?

- მარტში ვიგეგმებით, საკონცერტო თარიღები ინიშნება. მერე რეპერტუარის გადახალისება მიდის. ჩვენ ძალიან დიდი რეპერტუარი გვაქვს, სადაც რამდენიმე სიმღერა უცვლელად ზის. ძალიანაც რომ გვინდოდეს, ჩვენი "ნებაც" რომ იყოს, მსმენელი არ გვაძლევს ამის საშუალებას. "ღამის სიჩუმე", "შორს ხარ" - ძირითადად, საცეკვაო სიმღერებს ხელს ვერ ვკიდებთ. სხვა სიმღერებიდან ზოგიერთს ვტოვებთ, ზოგს ახალს ვამატებთ. დუეტში ვისთანაც მღერის, ის შემსრულებელი ბათუმის სხვადასხვა კონცერტზე ჩამოგვყავს. კლუბში, ცხადია, ამ ლოკაციაზე მორგებული რეპერტუარი გვაქვს. ლელას რეპერტუარიდან, კლუბი ქალაქურ ჟანრსაც "იტანს". რამდენიმე ქალაქური შეგვაქვს საზაფხულო რეპერტუარში. უფრო მეტად, რიტმული და სოული შედის. "გზები", "მთავარი ძაფები" - ახალი სიმღერებია და უკვე ზის საზაფხულო (და არა მხოლოდ) რეპერტუარში.

ლელა

ასევე გვაქვს ახალი დუეტები - კოსტა სანიკიძესთან, რომელიც საზაფხულოა. და ქალაქური - "ტრიო სამანთან". "მეგონა, რომ გიყვარდი", ნატო გელაშვილის სიმღერაა. სულ თავში მქონდა და წელს გავაკეთეთ. ძალიან ლამაზი დუეტია, არანჟირებაზე შაკო ღელეყვამ იმუშავა. საბა ჩაჩუამ ლამაზი ვიდეო გადაგვიღო. საბა ბექვოკალში მღერის ლელასთან, იღებს კიდეც.

ლელა

ლელას შემოქმედებას უკვე ჭირდებოდა დუეტები.

კოსტასთან დუეტს სიურპრიზად ვტოვებდი, არ ვამბობდი, რა დუეტს ვამზადებდით. სიმღერის "ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი" პრემიერა იუთუბარხზეც შედგა და 28 ივლისს "მონო ჰოლში" პირველად შესრულდა.

- ამ დუეტს ლელა ზურა დოიჯაშვილთან ერთად ასრულებდა. კოლაბორაციისთვის არჩევანი კოსტა სანიკიძეზე რატომ გაკეთდა? ზურას სპეციფიკური ხმის შემდეგ, გინდოდათ შემსრულებელს მისებრ გამორჩეული ტემბრი ჰქონოდა?

- რატომ კოსტა? ეს კითხვა წამოვიდა. პრემიერამდე მაქსიმალურად ვეცადე, სიურპრიზად დამეტოვებინა. კოსტაზე არჩევანი მე შევაჩერე. ორი წლის წინ შევხვდით, მისი ჩანაწერები მაჩვენა. განსაკუთრებული ტემბრი აქვს, ძალიან ნიჭიერი შემოქმედია. მე მგონი, არ შევმცდარვარ არჩევანი მასზე რომ შევაჩერე.

- თან სიმპათიურია, გოგონებს მოსწონთ. ვიდეორგოლს ბევრი ნახვა რომ ჰქონდეს, ფაქტურით გათვალეთ?

- კი, პროექტს უხდება, ლელას უხდება...

ამ სიმღერას ახალი სისხლი სჭირდებოდა. არ მინდოდა სიმღერა დაკარგულიყო. სულ თავში მქონდა, ვფიქრობდი, ამ დუეტზე. მასზე მუშაობა ხან ვის ვთხოვე, ხან - ვის. ისე ვერ ვხედავთ, როგორც გინდაო, მეუბნებოდნენ. ცხონებული ზურა უბადლო შემსრულებელი იყო და მისი შემცვლელი არ არსებობს. ამიტომ მოვიფიქრე რეჩიტატივის ფორმა, რომელსაც კოსტა ასრულებს.

კოსტა

- რეჩიტატივის ტექსტი ვინ დაწერა?

- თვითონ კოსტამ დაწერა 15 წუთში. ძალიან მომეწონა. სალი შუბითიძემ კი, სიმღერას ისეთი არანჟირება გაუკეთა, როგორიც მინდოდა. არანჟი დავამძიმეთ, ლამაზი რომ გამოსულიყო. საერთოდ, დუეტი ისეთი გამოვიდა, როგორიც მინდოდა. კლიპი გიორგი მახარაშვილის გუნდმა - Raw Production-მა გადაგვიღო, ერთი თვე ვიმუშავეთ. მე მგონი, საინტერესო კლიპია, გუნდმა ისტორია დადო.

ადამიანებს ამ სიმღერაზე ტკბილი მოგონება აქვთ და ადვილად აღსაქმელი რომ ყოფილიყო, ამიტომ გავაცოცხლეთ. მიზანში გავარტყით, დიდი მოწონება დაიმსახურა. იუთუბისთვის კარგი შედეგი გვაქვს. მაგრამ ახალი დუეტები კონცერტებზე უნდა გავაჟღეროთ. მხოლოდ იუთუბით ფონს ვერ გახვალ. პოპულარობისთვის კარგია, მაგრამ ადამიანებმა უნდა დაინახონ, როგორ ვმუშაობთ, რა ენერგეტიკა მოდის სიმღერისას.

ლელა

- მაგ კვალს სერიულად ხომ არ გაჰყვებით? ვგულისხმობ ძველი სიმღერების ახლებური ვერსიების შემოთავაზებას?

- ჯერ ცოტა ხანი მაცადეთ. დრო ძალიან გარბის, ასე მალ-მალე სიახლეების შემოთავაზება რთულია...

დროსთან კონკურენციაში ვარ. ყველანაირად ვცდილობთ, დროს გავყვეთ. მოფიქრება, როგორი არანჟირება გავაკეთოთ, ფორმა, ტექსტი... რთულია. გუნდურ მუშაობას ითხოვს. კარგი რომ გვინდა, ამ ყველაფერს დრო სჭირდება. ამ ბოლო დროს, რაღაც-რაღაცებში ჩარევის უფლება მომცეს, მენდობიან :)

- კახა, ლელას ბენდი შეცვალეთ. რატომ?

- ორი წელია ახალი შემადგენლობა მყავს. "ჩვენი ბენდის" სახელით ვმუშაობთ მაგდა ივანიშვილთან ცალკე და ლელასთან ცალკე, სადაც ემატებიან მუსიკოსები და ბექვოკალი. ორი პროექტია.

თორჩო

- გიორგი თორაძე, თორჩო, რომელიც ლელასთან ბექ ვოკალში მღეროდა და ძალიან გახალისებდათ, აღარ არის ლელას ბენდის წევრი. არაერთი ვიდეო გაქვს გამოქვეყნებული, როგორც რეპეტიციის, ისე ბექსთეიჯის, რომელსაც შემდეგ დიდი გამოხმაურებები მოჰყვებოდა ხოლმე. როგორ დაემშვიდობეთ ერთმანეთს? ან რა გახდა ბენდიდან მისი წასვლის მიზეზი?

- რა ვიცი. ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს, რომელიც უნდა, რომ დამოუკიდებლად გაიკვალოს. შვიდი წელი ვიმუშავეთ ერთად. ბექვოკალის ძველმა შემდგენლობამ ეს პლათფორმა კარგად გამოიყენა. ვინც ჩვენს ბენდში იყო, ყველასი მადლიერები ვართ. თუმცა მოვიდა დრო, როდესაც ყველა თავის გზაზე წავიდა. თორჩო დამოუკიდებლად მუშაობს. ამბობს, ექვსი წელი გართობდითო :) ლელასთვისაც ფანტასტიკური პარტნიორი იყო.

თორჩო

- ანუ გული დაგწყდათ?

- გულის წყვეტა როგორ... ცხოვრება იცვლება. რა გვექნა? ადამიანს დამოუკიდებლად უნდოდა კარიერის გაგრძელება. ბექვოკალისტები, სამივე შეხმატკბილებულნი იყვნენ. დროც არ ჰქონდათ. რეპეტიციაზე მოსვლასთან დაკავშირებით მთხოვდნენ, გვიან მოვალთო და მოკლედ, დროის უქონლობის გამო, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ. რომ მითხრეს, დავილაპარაკოთო, მივხვდი, რაზეც ვლაპარაკობდით. შევხვდით, ჩავეხუტეთ და წარმატებები ვუსურვეთ ერთმანეთს.

მოხდა შეცვლა. ახლა ფანტასტიკური ბექვოკალი მყავს. ძალიან კმაყოფილი ვარ მუსიკოსებითაც და ბექვოკალითაც.

- ზაფხულიდან ზაფხულამდე - რა იცვლება ბათუმში?

- ბათუმში ის პრობლემაა, რომ კლუბები აღარ არის. ძალიან ცუდია ის, რომ ერთი კლუბი დარჩა. ქალაქი გაძვირდა. დამსვენებლებს შორის ქართველები ცოტანი არიან. ყველას უნდა, თავის ქვეყანაში, მის ენაზე ესმოდეს ლაპარაკი. ბევრი რუსი, ყაზახი, თურქი, ირანელია... რასაც ვუყურებ, დსთ-ს ქვეყნებიდან უფრო მეტნი ჩამოდიან, ვიდრე თურქები და ირანელები არიან.

რა უნდა ქნა? ხომ არ ეტყვი, რატომ ჩამოხვედიო?..

ბათუმი გაძვირდა, იქ ჩასვლა ძვირი სიამოვნება გახდა და ზაფხულიდან ზაფხულამდე, ქართველები სულ უფრო და უფრო ნაკლებნი არიან იქ. ჩემი მეგობრები ამბობენ, ბათუმში ჩამოსვლას გვირჩევნია ევროპაში, ან თურქეთში დავისვენოთო. უფრო იაფი უჯდებათ და ამინდი სულ არის. აქ ერთი კლუბია და რესტორნები მუშაობს. კონკურენციის გარეშე კლუბსაც უჭირს. ძალიან ცუდია, ამ მხრივ არჩევანის საშუალება რომ არ გაქვს.

ბათუმს კონცერტები სჭირდება. მეტი და მეტი ადამიანი უნდა მოიზიდონ. ვისაც ეს ეხება, უნდა გაითვალისწინოს.

მამულიჩა

- ბათუმში კონცერტის ჩატარება გიყვართ? თან იცით, რომ ადამიანები იქ ისვენებენ და ამ დასვენებისთვის განკუთვნილ დროს გითმობენ...

- ყველა კონცერტი მიყვარს, სადაც არ უნდა იყოს. ადამიანები მოდიან, გაფასებენ. მიხარია. მაყურებელს შენარჩუნება უნდა. ადამიანი ყველა კონცერტზე ხომ ვერ ივლის? არჩევანს აკეთებს. უცხოელები რომ ჩამოდიან, ურჩევნია, იმ კონცერტზე წავიდეს.

- როგორ ინარჩუნებთ მაყურებელს, თამასას? ლელას მუდმივი მსმენელები ჰყავს. როგორ ცდილობთ, რომ არ მობეზრდეთ მსმენელს?

- ჩვენ არც ბიუჯეტზე ვართ დამოკიდებული, არც რომელიმე პარტიაზე. ჩვენ ხალხს მოვყავართ. ხალხის დაკვეთით მოვდივართ; იმ ადამიანებით, ვინც მოდის ჩვენს კონცერტებზე. ჩვენ ეს ხალხი გვინახავს. მათზე ვართ დამოკიდებული. როცა კლუბი ხედავს, რომ პროექტები იყიდება, კონტრაქტს გიდებს. ჩვენი მთავარი მიმართულებაა, ყველანაირი ასაკის მსმენელზე ვიმუშაოთ. არის შემთხვევები - ბებია, დედა და შვილიშვილი ერთად დადიან. ეს მნიშვნელოვანია.

ლელა

- ამას რა განსაზღვრავს - რეპერტუარის მრავალფეროვნება, ლელას დამოკიდებულება მსმენელისადმი, ტენდენციებზე ფეხის აყოლა?

- ლელას დამოკიდებულება ადამიანებისადმი. არა მხოლოდ მათდამი, ვინც კონცერტზე დადის, არამედ ყველა მისი მსმენელისადმი. ადამიანებს ლელა უყვართ.

- შენ, სოცქსელებში განთავსებული ყოველდღიური ვიდეოებით, კიდევ მეტად ეხმარები პოპულარიზაციაში.

- მე პატარა კაცი ვარ... :) სოციალური ქსელის გარეშე, ხომ იცით, არ გამოდის. სადამდეც მიშვებს, იქამდე ვიღებ და ვაზიარებ.

- სად არის წითელი ხაზები?

- დედა-შვილთან დიდი ომები მაქვს.

ლელა

- მარიკოსთან განსაკუთრებით. არ უყვარს საჯაროობა.

- მარიკოს არ უყვარს და ათასში ერთხელ, ხვევნა-კოცნით და მუდარით, თუ შევატყვეთ, კარგ ხასიათზეა, მეტყვის, ხო კარგიო და ვუღებ. არ უყვარს საჯაროობა.

- რას საქმიანობს?

- ესტონეთში გეგმავს გამგზავრებას. ესტონური ენის შემსწავლელ კურსს გადის. ტალინში ფოტოგრაფიაზე უნდა ჩააბაროს და ენის კურსების გავლა მნიშვნელოვანია, რომ მაღალი ქულები აიღოს. აქ ჯერ აკადემია დასამთავრებელი აქვს. ერთ წელში დახურავს და მერე სერიოზულად მოვემზადებით, რომ იქ გადავიდეს. ესტონეთში უნდა წასვლა. ყველა ახალგაზრდას, მე მგონი, ევროპაში წასვლა უნდა...

მარიკო

- კახა, ზაფხულის კონცერტებით ლელას მსგავსად დატვირთული, ვინ არის?

- ნიაზ დიასამიძე, ნატო და ჭოხოები, სტეფანე, "მგზავრები". კლუბი უცხოელ დიჯეებთანაც თანამშრომლობს.

- ბათუმში სახლი გაქვთ და ხშირად იქ ხართ... რას იტყვი ამ ქალაქზე?

- ვგიჟდები ბათუმზე, ზაფხულს იქ ვატარებთ, ძირითადად. პანდემიის დროს ვიყიდეთ, გავარემონტეთ და პანდემია რომ დასრულდა, გადავედით. მანამდე, შვიდი წლის მანძილზე, "ორბიში" პატარა ბინა გვქონდა. ვცდილობ, ხშირად ჩავიდე. ბათუმში ისეთი შეგრძნება მაქვს, როგორც თბილისში, საკუთარ სახლში. ქუჩაში რომ გავდივარ, იმდენად თბილად მხვდებიან, მგონია, რომ დიდი ხანია ვიცნობ ყველას. ბათუმელები ძალიან თბილები არიან. არ მიცნობენ და ხან მანქანიდან, ხან ბარიდან, თბილად მომიკითხავენ. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. მადლობა ბათუმელებს. ამინდები არ არის, თორემ ვგიჟდებით იქაურობაზე. ჩვენ კი "ვფანტავთ" მაგრამ...

- უცხოეთში არ გაქვთ კონცერტები?

- უკვე ოთხ ქვეყანაში ვიყავით - გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ბელგიაში. ძალიან კარგი კონცერტები გვქონდა, კარგი ორგანიზატორებით... ზოგადად კი, უცხოეთში, კარგი ორგანიზატორის პოვნა რთულია.

როცა უცხო ქვეყანაში ცოტა ხანი ცხოვრობ და ფინანსურად არ ხარ გარანტირებული, რთულია, იქ კონცერტი გააკეთო. თბილისშიც ასეა. კონცერტის გაკეთება, მხოლოდ ფეისბუქზე ატვირთვა ჰგონიათ. ასე მარტივი საქმე არ არის.

საზღვარგარეთ კონცერტი ბიუჯეტური გამოდის. ბენდის გარეშე ჩვენ არ დავდივართ, ბენდი - ხარჯია. იქ კლუბი, აპარატურა...

თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ვახერხებთ ჩასვლას. ლელას უნდა ემიგრანტებს მოეფეროს, ამიტომ იმის მიუხედავად, რომ საზღვარგარეთ ჩატარებული კონცერტები, კომერციული თვალსაზრისით, მომგებიანი არ არის, ჩვენ მაინც ჩავდივართ.

გეგმები არის, ვნახოთ...

ლელა

ხალხში უნდა გაჩნდეს ფული, თორემ სიდუხჭირე ჩვეულებრივ ფენას უტყამს. ადამიანს საშუალება არ აქვს ბილეთი იყიდოს. ნებისმიერი ნეგატიური მოვლენა კი, პირველ რიგში, კონცერტებს აზიანებს. ჩვენ ადამიანების ემოციებზე ვართ დამოკიდებული. როცა ადამიანები პრობლემებში არიან, კონცერტზე მოსვლის ხალისი არ აქვთ. ყველაფერი ჩვენზე ტყდება. კონცერტი მაინც გართობასთან ასოცირდება. როგორც სამსახურს, ისე არ უყურებენ.

- კახა, რა ხანია საჯარო ცხოვრებით ცხოვრობთ, თითქოს გამჭვირვალე სახლში, ადამიანების თვალწინ. დრო გადის... ასაკთან "ურთიერთობაში" როგორ ხართ, არ იმჩნევთ?

- ასაკს, სიმართლე გითხრათ, ყურადღებას არ ვაქცევ. არასდროს მიფიქრია, რამდენი წლის ვარ. ჩვენს გზაზე მივდივართ, ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, სანამ ჯანი და ძალა გვექნება. ადამიანს ყველა ასაკში შეუძლია რაღაცას მიაღწიოს. მთავარია, ჯანმრთელობა.

ლელა

- ჯანმრთელობას ხელს უწყობთ?

- ჩვეულებრივად. ლელა უფრო შემართებით არის. ფეხით ბევრს დავდივართ. ტვინში, გონებაში უნდა იყო ძლიერად. ყველაფერი ტვინიდან მოდის. უნდა მართოთ დადებითი აზრები, პოზიტიური ენერგეტიკა.

- სტრესულ გარემოში როგორ ადაპტირდებით?

- რომ გითხრათ, ეს ადვილია-მეთქი, მოგატყუებთ. უგულო ადამიანთა ნაწილს არ მივეკუთვნებით. ბევრი რამ გვტკივა. ამაზეც ვფიქრობთ, თან განწყობაც არ უნდა დაკარგო. როგორია? ძალიან რთულია, მაგრამ ვახერხებთ. სხვა გზა არ არის.

- ლელა სულ ფორმაშია. შენი შემოძახება სჭირდება?

- არა, არასდროს. ჩემგან არაფერი სჭირდება.

- მოგწონს ამ ასაკში, ამ ფორმაში?

- კაი გოგოა, რა (იცინის). თუ არ იქნება ფორმაში და... ვხუმრობ. ლელა ფორმის გარეშე წარმოუდგენელია, მოუწესრიგებელი სახლიდან არ გადის. ეგ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

ლელა

ავტორი: თამარ გონგაძე

07/29/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024