Logo

ჩვენი ისტორია

„ჩვენ თქვენთან ვართ!“ - უკრაინა მუდამ საქართველოს გვერდით

„ჩვენ თქვენთან ვართ!“ - უკრაინა მუდამ საქართველოს გვერდით

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ისტორია მხოლოდ თარიღებისა და ფაქტების მშრალი ქრონოლოგია არ არის; ის მეგობრობაზეც გვიყვება და, რიგ შემთხვევებში, ერებს შორის ერთმანეთის გვერდში დგომის ურყევ ტრადიციაზე. საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები ისტორიულად დიპლომატიური პროტოკოლებით კი არა, ადამიანური თანაგრძნობით, საერთო ტკივილითა და საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლით იზომება. ამ წერილში მინდა საქართველოსადმი უკრაინისა და უკრაინელების გამორჩეული დამოკიდებულება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტით გაგახსენოთ.

1989-1990 წლები: კიევიდან ნათქვამი „ჩვენ თქვენთან ვართ!“

საბჭოთა იმპერიის რღვევის პერიოდში, როდესაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე სადამსჯელო მანქანამ მშვიდობიანი დემონსტრანტები დაგვიხოცა, უკრაინულმა საზოგადოებამ ქართველი ხალხის ტკივილი გულთან ძალიან ახლოს მიიტანა. 1990 წლის აპრილში ქართულ პრესაში გამოქვეყნებული ერთი წერილი სწორედ უკრაინელების მაშინდელ მხარდაჭერაზე გვიყვება. ავტორი, ჯაბა ასათიანი, ამ ამბავს ასე აღწერს: სსრკ სახალხო დეპუტატთა მეორე ყრილობაზე, სადაც 9 აპრილის დანაშაული და ტრაგედია განიხილებოდა, საქართველოს მაშინდელ ხელმძღვანელობას უკრაინელმა დეპუტატებმა სოლიდარობის წერილი გადასცეს. ინიციატორი ცნობილი უკრაინელი მწერალი ვოლოდიმირ იავოროვსკი იყო, წერილს კი ხელს 20-ზე მეტი უკრაინელი დეპუტატი აწერდა, მათ შორის მწერლები: დმიტრო პავლიჩკო, ივან შჩერბაკი და ვიტალი კოროტიჩი.

„ძვირფასო ამხ. გუმბარიძე! უკრაინის დეპუტატთა კლუბი ყრილობის მუშაობის ამ დრამატულ მომენტში სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს. ჩვენ - თქვენთან ვართ!“

ვოლოდიმერ იავოროსკი, 1989 წლის წერილის ინიციატორი

1990 წელს გამოქვეყნებულ წერილში ავტორი მიუთითებდა, რომ უკრაინელების ამ ჟესტს ღრმა ისტორიული კონტექსტი ჰქონდა - ხელმომწერ დეპუტატთა უმრავლესობა არაერთხელ ყოფილა საქართველოში, ჰყავდათ მეგობრები და წარმოადგენდნენ ქართული კულტურისა და ლიტერატურის მხურვალე გულშემატკივრებს. ჯაბა ასათიანი აღნიშნავდა: „მკითხველი იოლად მიმიხვდება, რას ნიშნავდა უკრაინელთა თანადგომის ბარათი იმ კაცისთვის, ვინც ორი ათეული წელი შეალია უკრაინული ლიტერატურის თარგმნის საქმეს. ვოლოდიმირ იავოროვსკის სამადლობელი წერილი გავუგზავნე და მისგან ეს ფოტოები მივიღე“.

სამადლობელი წერილის პასუხად კიევიდან მიღებულმა ფოტოებმა დოკუმენტურად შემოგვინახა დაუვიწყარი ფაქტი: 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან მეორმოცე დღეს, კიევში, ტარას შევჩენკოს ძეგლთან მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. სანთლებით ხელში უკრაინელები პატივს მიაგებდნენ თბილისში მოკლული უდანაშაულო ადამიანების ხსოვნას და საჯაროდ აცხადებდნენ – „ჩვენ თქვენთან ვართ!“.

1993 წელი: სვანეთისკენ მიმავალი ჯოჯოხეთის გზა და უკრაინელი მაშველები

„ქარი ქრის, მთებში გზა დათოვლილა,

ისმის მოთქმა და წყევლას უთვლიან

მათ,

ვინც აქცია მკვიდრი ლტოლვილად

და ამოძირკვა დედა-ბუდიან...“

ჭუბერის გზაზე მაშველები

ეს სტროფი 1993 წელს, სოხუმის დაცემის დღეებში, პოეტ გრიგოლ აბაშიძის ლექსიდანაა. ავტორი აფხაზეთში სეპარატიზმის წამქეზებელ და შეიარაღებით მხარდამჭერ იმპერიულ პოლიტიკას ამხელდა. აფხაზეთიდან რუსულ ტყვიასა და ბომბებს გამოქცეულ დევნილებს სვანეთის გადასასვლელებზე ყინვა და შიმშილი დახვდათ. სრულიად უიმედო ვითარებაში, მათ საშველად უკრაინა მოვიდა. უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამაშველო ოპერაციაში 17 ვერტმფრენი ჩაერთო, რომლებითაც დევნილებს გზად საკვები და თბილი ტანსაცმელი ჩაუყარეს. ამ ჰუმანიტარულმა ოპერაციამ ბევრის სიცოცხლე გადაგვირჩინა.

2008 წელი: მტკიცე მხარდაჭერა დიდ განსაცდელში

2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიის დღეებსა და შემდგომ პერიოდში, საქართველოს მიმართ უკრაინის სოლიდარობა განსაკუთრებული და მასშტაბური აღმოჩნდა. უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ბიუჯეტში 21 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფას მოხმარდა. იმავდროულად, უკრაინის ინიციატივით, ყირიმში რეაბილიტაციისთვის საქართველოდან 200 დევნილი ბავშვი წაიყვანეს, რაზეც დამატებით 310 ათასამდე დოლარი დაიხარჯა. ცალკე აღსანიშნავია პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერა, რომლის კულმინაციაც ომის დღეებში, უკრაინის პრეზიდენტის თბილისში ჩამოსვლა და საქართველოს მხარდასაჭერ ისტორიულ აქციაში მონაწილეობის მიღება იყო.

2008

ქართულ-უკრაინული ურთიერთობები არასდროს ყოფილა დროებით პოლიტიკურ კონიუნქტურაზე აგებული; ეს ღრმა, ისტორიული და საერთო გამოწვევებით გამყარებული კავშირია. გეოპოლიტიკური გადასახედიდან, ორივე ერის ისტორია მუდმივად ავლენდა ერთ კანონზომიერებას: იმპერიული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავისუფლებისმოყვარე ხალხების სოლიდარობა ურყევ ერთობას ქმნიდა. დღეს, როდესაც ისტორიულმა ბორბალმა რაკურსი შემოაბრუნა და უკრაინა თავად დგას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში, წარსულის ეს ფურცლები კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის იმას, რომ ჩვენი მეგობრობა ერთიანი ისტორიული ჯაჭვია, სადაც წარსულში გაღებული თანადგომა და ადამიანური თანაგრძნობა საერთო, თავისუფალი მომავლის საძირკველი ხდება. ნამდვილი მეგობრობა ხომ განსაცდელში მოწმდება.

ავტორი: ელენე ლომთაძე

08/07/2026

აგვისტოს ომი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024