საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
თებერვალია, საქართველოში საბჭოთა ოკუპაციას ვიხსენებთ. ვცადოთ ამ ისტორიული უბედურების შეფასება იმის გააზრებით - რა დავკარგეთ. ეს იყო საქართველო თამამი ევროპული განაცხადით, პროგრესული სამოქალაქო საზოგადოებით და ამბიციით - შრომით და ბრძოლით - გვერდში ამოდგომოდა მოწინავე ერებს. გავიხსენოთ საქართველოს პირველი რესპუბლიკა თავის ყველაზე ბედნიერ დღეებში, როცა გრიგოლ რობაქიძემ ევროპელ სტუმრებს მიმართა: „ქართველნი, ბუნებით დაუდეგარნი, ორი ათასი წელია გელოდებოდათ თქვენ!“
1920 წელს ევროპელმა სოციალისტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოში გამოეგზავნათ დელეგაცია ქვეყნის პოლიტიკური ვითარების ადგილზე შესასწავლად. მიზანი მკაფიო იყო: მოპოვებული ინფორმაცია უნდა გამოეყენებინათ არგუმენტად ევროპის წამყვანი სახელმწიფოების მთავრობებზე ზემოქმედებისთვის, რათა მათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ეღიარებინათ. ამდენად, მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის ვიზიტს პირველი რესპუბლიკის მთავრობამ განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა მიანიჭა.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ მაშინდელი გავლენიანი პოლიტიკური ფიგურები: პიერ რენოდელი — საფრანგეთის პარლამენტის წევრი;

რამსეი მაკდონალდი — ბრიტანეთის თემთა პალატის ლიდერი, შემდგომში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი;

ემილ ვანდერველდე — ბელგიის მუშათა პარტიის დამფუძნებელი და ლიდერი, სხვადასხვა დროს იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრი. ასევე სხვა პირები.
ბათუმში ორთქმავალ „ფრანც ფერდინანდით“ ჩამოვიდნენ, დახვედრა კი სახალხო ზეიმად იქცა. პრესა ასეთი ლექსებით აჭრელდა:
„პატარა საქართველო სილამაზის სიმბოლო,
თავისთვის ლამაზობდა, გარს იხვევდა ფერებსა,
და ამბობდა გმირულად: მუდამ უნდა ვიბრძოლო,
რომ გვერდში ამოვუდგე მოწინავე ერებსა.“

გზა, რომელიც ევროპელ სტუმრებს ბათუმიდან თბილისამდე უნდა გაევლოთ, ყვავილებით მოირთო. დელეგაციის სტუმრობის დღეები ოფიციალურად უქმედ გამოცხადდა. ხალხი მეორე ინტერნაციონალის წარმომადგენლებს ოვაციებით ხვდებოდა. ერთ-ერთ შეხვედრაზე მათ ქართველ მწერალთა სახელით მიმართა გრიგოლ რობაქიძემ და თავის სიტყვაში შთამბეჭდავად ახსნა ქართული ხალხის ისტორიული არჩევანი.

„მაღალნო სტუმარნო!
ჩვენი შეხვედრა არ არის შემთხვევით მოვლენილი.
ქართველნი, ბუნებით დაუდეგარნი, ორი ათასი წელია გელოდებოდათ თქვენ — არჩეულ შვილებს დასავლეთისას.
მოშვებულნი აღმოსავლეთს, ჩვენ მუდამ მივილტვოდით დასავლეთისკენ.
ჩვენ ვიცით სადავეს მოშვება, მაგრამ გვეძნელება თავშეკავება და თქვენგან უნდა ვისწავლოთ იგი.
თქვენ შემოიტანთ ჩვენში ცივსა და მძიმე სისტემებს და ჩვენ მათ შევსვამთ მზეზე აპრიალებული აზარფეშებით.“
ნახეთ, რაზე გაამახვილა ყურადღება ბელგიის მუშათა პარტიის ლიდერმა ემილ ვანდერველდემ, თბილისში მუშათა დეპუტატთა საზეიმო სხდომაზე წარმოთქმულ სიტყვაში:

„ბედნიერი ვარ მივესალმო ნოე ჟორდანიას. არც კი იქნება მეორე ქვეყანა, სადაც ერთი და იგივე კაცი ერთი დღის განმავლობაში მისალმებოდა ჩვენს დელეგაციას სადგურზე, როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე, დამფუძნებელ კრებაში — როგორც მთავრობის თავმჯდომარე და აქ — როგორც მუშათა ორგანიზაციების ლიდერი.“
საბჭოთა ოკუპაციამ საქართველოს ევროპული ოცნებები დიდი ხნით დაასამარა.
1925 წ. მეგობრული შეხვედრა პარიზში
ემილ ვანდერველდე ბელგიიდან პარიზში ჩავიდა, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოდან დევნილ პოლიტიკურ ლიდერებთან შესახვედრად. შეხვედრა პარიზის ერთ-ერთ რესტორანში მოეწყო. ვანდერველდემ იქ წარმოთქმულ სიტყვაში საქართველოში სტუმრობისას თბილისიდან ყაზბეგისკენ მოგზაურობა გაიხსენა და სამშობლოს იძულებით მოწყვეტილი ქართველების გამხნევება ამ სიტყვებით სცადა:
„კავკასიონის ამაყი ქედი პირველად რომ დავინახეთ, გვეგონა, ახლოს იყო ჩვენთან. მაგრამ გზა იყო რთული, მიხვეულ-მოხვეული და მწვერვალი გვეკარგებოდა, აღარ ჩანდა. მაშინ, თვალისთვის რომ დაგვეჯერებინა, უნდა გვეფიქრა, რომ მიზანს ავცდით და ხელი უნდა აგვეღო მოგზაურობაზე. მაგრამ ჩვენ გვწამდა, რომ მწვერვალი იქვე იდგა და ეს მიხვეულ-მოხვეული გზა ბოლოს და ბოლოს მასთან მიგვაახლოვებდა. ასეც მოხდა — ბოლოს ჩვენს წინ გადაიშალა ფირუზი ცის კალთამდე აღმართული და მის წიაღამდე მიღწევამ დაგვავიწყა გზის სიძნელე. ასეთია იდეალისადმი მისწრაფების დიადი განცდა. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს.“

საქართველოს ერთგული მეგობრის ეს იმედიანი სიტყვა 1925 წელს დაიბეჭდა პარიზში გამომავალ ქართულენოვან გაზეთში. საქართველოში დიდი ტერორი იყო. დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე ხელახალი ხმამაღალი განაცხადის გაკეთება ჩვენმა ქვეყანამ მხოლოდ 70 წლის შემდეგ შეძლო.
1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავს ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილად აღიქვამდა, მეორე ინტერნაციონალის მხარდაჭერა კი ამ არჩევანის საერთაშორისო დასტური იყო. საბჭოთა ოკუპაციამ ეს პროცესი დროებით შეაჩერა, მაგრამ ვერ მოკლა. ევროპული ორიენტაცია და თავისუფლების იდეა ქართული საზოგადოების ისტორიულ მეხსიერებასა და პოლიტიკურ თვითშეგნებაში იმდენად ძლიერი იყო, ის საბჭოთა დიდმა ტერორმაც კი ვერ დაამარცხა.
02/27/2026