Logo

კულტურა

"ჩვენი შეხვედრის მერე, ჩემთვის სიყვარული ასე გამოიყურება" - ნუცა კუხიანიძე პირველ სიყვარულზე, ლევან აბაშიძეზე

"ჩვენი შეხვედრის მერე, ჩემთვის სიყვარული ასე გამოიყურება" - ნუცა კუხიანიძე პირველ სიყვარულზე, ლევან აბაშიძეზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა. 63 წლის გახდებოდა… იშვიათი გარეგნობის ლევანი, ყველას მეხსიერებაში მუდამ 29 წლის დარჩა, მომნუსხველი ღიმილით და დაუსრულებელი როლებით, ისევე როგორც "არა მეგობაროში"...

გიო მგელაძის ამ ფილმის გადაღების დროს წავიდა აფხაზეთის ომში. “არა, მეგობაროში” მთავარ როლს ასრულებდა. და 1992 წლის 7 სეტემბერს სოხუმში ტრაგიკულად დაიღუპა.

მოგვიანებით მსახიობის დედა იხსენებდა.

“საოცარი ინტუიცია მაქვს. ომი რომ დაიწყო შეშლილივით ვიყავი, მეგონა, რომ ლევანი ფრონტზე წავიდა. მივედი კინოსტუდიაში, გავიგე, რომ ნამდვილად გადაღებებზე იყო ბათუმში, დავმშვიდდი. იმხანად სამ ფილმში იღებდნენ ერთდროულად, მაგრამ ვიცოდი შინ არ გაჩერდებოდა.

4 სექტემბერს ბათუმიდან ჩამოვიდა თბილისში და გამომიცხადა: ” დედა მე მივდივარ სოხუმში! ” გავშეშდი. იქ ვინც იბრძვის, იმათ დედები არ ჰყავთო? – ვერაფერი ვუპასუხე. ვიცოდი ჩემი პროტესტი უშედეგო და უადგილო იქნებოდა…” – იხსენებს მანანა ხიდაშელი, ლევანის დედა.

ლევან აბაშიძე

“არა, მეგობაროში” 9 წლის ნუცა კუხიანიძეც თამაშობს. მას გადაღებების დროს, ლევანის მიმართ, თავისი ბავშვური გრძნობები გასჩენია.

ნუცა თავის პირველ სიყვარულს ასე იხსენებს.

ნუცა კუხიანიძე: – ლევან აბაშიძესთან მიმართებაში დროის აღქმა დაკაგული მაქვს, ლევანი მეხსიერებაში სულ არის. მან ჩემ ცხოვრებაში დიდი რამ განაპირობა. მკაფიო გზა გამოკვეთა.

პირველად რომ ვნახე, მახსოვს, მისმა აურამ იქონია დიდი გავლენა. 9 წლის ვიყავი. უშუალო შეხვედრა იყო.

სანამ გადაღება დაიწყებოდა, გიო მგელაძემ ლევანის გასაცნობად მასთან სახლში მიმიყვანა. ეზოში რომ შევედით, სახლამდე მწვანე ხეივანი ჰქონდა. ლამაზი ადგილი იყო და ჯერ ამით მოვიხიბლე.

ლევანი ახალგაღვიძებული, თმააჩეჩილი გამოვიდა. თავისი ოქროსფერი თმით და შორტით, მწვანე “მაიკით.” გამოანათა, გამიცინა და ჩამეხუტა.

უცებ ულამაზესი ადამიანი დავინახე. მერე დავმეგობრდით, როგორც შეიძლებოდა 29 წლის მამაკაცსა და 9 წლის გოგონას ემეგობრა.

გადაღებების გამო თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა ლევანთან. მერე, ომში წასვლამდე ჩემს აგარაკზე ამოვიდა, ახალდაბაში. როგორც “არა, მეგობაროში” გამოიყურება ზუსტად ისე, თეთრი “საროჩკით” და ლურჯი ჯინსით. ეს თურმე ბოლო შეხვედრა იყო მასთან.

ლევან აბაშიძე

მახსოვს, რაღაცაზე ბავშვურად გავებუტე და ოთახში შევედი. ლევანი უკვე მიდიოდა, მე არ გამოვდიოდი ჩემი ოთახიდან და ხის ჟალუზიდან ვუთვალთვალებდი. პოზიციას არ ვთმობდი, არ გავდიოდი მასთან, ხასიათიანი ბავშვი ვიყავი. ის მიდიოდა და შორიდან ხელს მიქნევდა. ეს იყო ბოლო კადრი. თურმე ხელის დაქნევით საბოლოოდ დამემშვიდობა. ორ კვირაში დაიღუპა...

ლევანის დაღუპვა ჩემთვის პირველი სიყვარულის მოტანილი პირველი შოკი იყო. არ ვიცოდი, რას ნიშნავს გარდაცვალება. პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში ამის აღქმა. მახსოვს, რომ ძალიან განვიცადე.

ნუცა კუხიანიძე

სიყვარული იყო, აბა, რა იყო. ამდენი ხანი რომ მაქვს მეხსიერებაში დარჩენილი… მხოლოდ სიყვარულს შეუძლია უკვდავებაში გადავიდეს.

ჩვენი შეხვედრის მერე, ჩემთვის სიყვარული ასე გამოიყურება. სიყვარულიც, სილამაზეც, თავდადებაც და სულისკვეთებაც ასეთივე დიდი და მშვენიერია.

ცოცხალი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ჩემთვის ახლობლად დარჩებოდა ბოლომდე. ეგეთ ადამიანებს ასაკი ვერ ცვლის. პირველი შთაბეჭდილება დღემდე გამომყვებოდა. დიდი მეგობარი იქნებოდა.

ხშირად მიფიქრია, ლევანი რომ ცოცხალი იყოს, მივიდოდი და ამას ვეტყოდი-მეთქი.

ახლობელ ადამიანებს ვერც დრო და გარდაცვალება ვერ ცვლის. ადამიანები რომ მიდიან, ის ენერგია და შინაგანი სამყარო გრჩება, რაც მათგან გვახსოვს. მეხსიერებაში სამუდამოდ იბეჭდებიან…

ლევან აბაშიძე

ავტორი: თამარ გონგაძე

05/21/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024