
09/09/2026
რუსა მორჩილაძის ახალი გამოწვევა - კომპოზიტორმა ხელოვნების ლაბორატორია შექმნა
ათასობით კომპოზიცია, ასობით ჰიტი, მუსიკა, რომელიც უკვე რამდენიმე თაობის მსმენელმა შეიყვარა... მიუზიკლები და სიმღერები, რომლებიც არაერთი ქართველი შემსრულებლისთვის წარმატებული კარიერის განმსაზღვრელი აღმოჩნდა - რუსა მორჩილაძის სახელი ქართულ მუსიკალურ სივრცეში დიდი ხანია ხარისხთან, წარმატებასთან და ჰიტებთან ასოცირდება.
ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი კომპოზიტორია - ავტორი, რომლის სიმღერის შესრულებაც ბევრი მომღერლისთვის სასურველია. მის შემოქმედებით ბიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მუსიკალურ თეატრსა და მიუზიკლებსაც.
ცხოვრების ამ ეტაპზე რუსა მორჩილაძე ახალ გამოწვევას შეეჭიდა - კომპოზიტორმა „ხელოვნების ლაბორატორია“ დააფუძნა.
გასული ზაფხული საინტერესო სივრცის შექმნას და კეთილმოწყობას დაუთმო, შედეგად მულტიფუნქციურმა ლაბორატორიამ მსურველთა მიღება უკვე დაიწყო.
ლაბორტატორიაში ასაკობრივი ზღვარი თითქმის არ არსებობს - მიღება გამოცხადებულია 5-დან 85 წლამდე მსურველთათვის.
აქ მოსვლა შეუძლია ყველას - მათ, ვისაც პროფესიონალურად სიმღერა და სცენაზე დგომა სურს, მათაც, ვისაც საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა უნდათ და მათაც კი, ვისაც უბრალოდ მუსიკის უკეთ მოსმენა, გაგება და პროფესიონალ მსმენელად ჩამოყალიბება აინტერესებთ.
რუსა მორჩილაძის ხელოვნების ლაბორატორიაში პროფესიულ დონეზე შეისწავლით თანამედროვე სიმღერას, ფოლკლორს, ქართულ და თანამედროვე სამეჯლისო ცეკვებს.
სწავლების ფორმას კი თავად ირჩევთ - შესაძლებელია როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური გაკვეთილები.
„ხელოვნების ლაბორატორია“ მხოლოდ სახელოვნებო სკოლა არ იქნება. როგორც თავად ამბობს, სიტყვა „ლაბორატორია“ აქ შემთხვევით არ გაჩენილა - სივრცის მთავარი იდეა ნიჭის აღმოჩენაა, მისი განვითარება, დახვეწა და პროფესიულ დონემდე მიყვანა.
და ვინ იცის - შესაძლოა, სწორედ აქ აღმოაჩინონ მომავალი ვარსკვლავებიც.
რუსა მორჩილაძე:
„ეს იქნება ნამდვილი ლაბორატორია - აღმოჩენა, ნიჭის დახვეწა და მაღალ დონემდე აყვანა. შემდეგ კი - მიღწეული წარმატებებით ტკბობა“, - ამბობს რუსა მორჩილაძე „ზმნას“-თან ინტერვიუში.

კომპოზიტორი განმარტავს, რომ მისთვის მუსიკა და თეატრი ყოველთვის ერთმანეთთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ლაბორატორიის სამომავლო გეგმებში მხოლოდ ვოკალური გაკვეთილები არ შედის.
„მე მუსიკალურ თეატრში მიმუშავია და ჩემში მუსიკა და თეატრი გადაჯაჭვულია. იმედი მაქვს, სამომავლოდ მიუზიკლებსაც დავდგამთ. ვოკალური გაკვეთილებიც თვალსაჩინო და თეატრალური გვექნება. ასევე ვაპირებ საბავშვო ფერწერის კლასის დამატებას.
მე ვეცდები, რომ ბაზარზე ხარისხის ნიშანი დავიჭიროთ. ჩემი მიზანია, მეგობრებთან ერთად ისეთი ლაბორატორია შევქმნა, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს მაღალპროფესიული. დიდი სიფრთხილით შევარჩიე გუნდი. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა როგორც მოსწავლესთან, ასევე, მასწავლებელთან. პედაგოგთან კითხვის ნიშანი არ უნდა მქონდეს - ის უნდა აკმაყოფილებდეს ჩემს კრიტერიუმებს, ხარისხს და დონეს...“
- შესაბამისად, შერჩევის პროცესი არ იქნებოდა მარტივი, რა არის თქვენი სტანდარტი და როგორ შეარჩიეთ პედაგოგები?
- პედაგოგების შერჩევის პროცესი მარტივი არ ყოფილა, რადგან პროფესიონალი პედაგოგები დაკავებულები არიან, თუმცა, ჩემთან თანამშრომლობაზე უარი არ თქვეს და შესაბამისად გუნდი შეიკრა. რაც შეეხება სტანდარტს - იცით, მუსიკის პედაგოგმა ყველაფერი უნდა იცოდეს, კარგად უნდა უკრავდეს ყველა ტონალობაში, დეტალებში არ შევალ მაგრამ ეს ძალიან იშვიათობაა. მაღალი კლასის მუსიკოსი უნდა იყოს - ეს თითზე ჩამოსათვლელია. ვიღაცამ კარგად იცის სიმღერა და დაკვრა, მაგრამ შეიძლება გემოვნებასთან ჰქონდეს პრობლემა, ასევე, ბავშვებთან მუშაობას ცალკე ცოდნა უნდა, სხვა მეთოდური მიდგომა უნდა, ყველას არ გამოსდის ეს, შრომისმოყვარეობა არის აუცილებელი იმისათვის რომ ხარისხი დადო, ეს საქმე კი დიდ ენერგიას და 25 საათიან ჩართულობას მოითხოვს. ყველა ბავშვში არის ნიჭი, რომელსაც გახსნა სჭირდება, ეს რა თქმა უნდა პედაგოგის უნარზე და თვისობრივ მხარეზეა დამოკიდებული.
- ანუ ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს თქვენი ლაბორატორიის ყველა პედაგოგი?
- დიახ, ლაბორატორიაში შევკრიბე ადამიანები კარგი პროფესიული გამოცდილებით, ბავშვებთან ურთიერთობაში კორექტული, თბილი და მოსიყვარულე, რაც მთავარია შრომისმოყვარე პედაგოგები.
ჯერ კიდევ ვაგრძელებ ნიჭიერი და პასუხისმგებლიანი პროფესიონალების ძიებას, რომლებიც ასევე გახდებიან ლაბორატორიის გუნდის წევრები.
- თვითონ რა ფუქციას ითავსებთ?
- ყველაფერს. მე რა გამაჩერებს? ვერც დავიძინებ, სანამ ლაბორატორია რელსებზე არ დადგება. ეს არის პატარა ქარხანა, რომელმაც დაუღალავად და წარმატებით უნდა იმუშაოს და მე ამ მნიშვნელოვანი პროცესის ყველა წვრილმანში ვიქნები ჩართული. ახლა ვაკეთებთ მცირე სცენას, მინი დარბაზით, რომელიც ლაბორატორიის სხვადასხვა ღონისძიებებით დაიტვირთება, ეს იქნება კლიპების პრეზენტაციები, გამოფენები, კონცერტები და ა.შ.

- ქალბატონო რუსა, სად მდებარეობს თქვენი ლაბორატორია?
-ჩვენი ლოკაციაა დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფის გამზირი (გუდვილთან). ეს არ არის ქალაქის ცენტრი, რაც მე მომწონს, რადგან ამას აქვს თავისი პლუსები. ვფიქრობ, რომ სასწავლო ადგილები ასეთ წყნარ ლოკაციებზე უნდა იყოს განთავსებული, სადაც სიმშვიდეა და ცენტრის ტემპორიტმი მოზარდების ყურადღებას არ გაფანტავს.
- რაც შეეხება სამუშაო სივრცეს, რამდენად აკმაყოფილებს ლაბორატორიის მოთხოვნებს?
-სივრცე საკმაოდ ამბიციურად გამოიყურება, ფართი დიდია - 900 კვადრატული. ყველა მიმართულებას აქვს თავისი სასწავლო-სარეპეტიციო სივრცე. როგორც გითხარით ვაკეთებთ მცირე სცენას დარბაზით, გვაქვს კაფეტერია და სხვა მოსასვენებელი ადგილები. გავითვალისწინეთ მშობლების სივრცეც, რათა ლოდინის დრო მათთვის მტანჯველ პროცესად არ იქცეს.
ასე რომ ჩვენთან მოსული ადამიანისთვის, ლაბორატორიის სივრცე ნამდვილად იქნება კომფორტის ზონა.
- დღეს სულ სხვა თაობაა, დროსთან ერთად მუსიკალური გემოვნებაც იცვლება, ახალი ტრენდები შემოდის, ქართულმა სიმღერამაც თითქოს შეიცვალა ფორმა, როგორც მუსიკოსი, ადევნებთ თუ არა პროცესებს თვალყურს და როგორ აფასებთ?
- თუ ბავშვებს ვინმემ ხელი არ მოკიდა, ეს პროცესი - (რომელშიც თითქოს სადღაც იკარგება და იბლარება ქართული სიმღერა) - გაგრძელდება და კიდევ უფრო შორს წავა. მუსიკას უნდა მოვლა და პატრონობა, ქართულ სიმღერას იმხელა ისტორია აქვს, ისეთი სიღრმე აქვს, ამის განიავება დანაშაულია.
ამ ლაბორატორიის გახსნა, გარკვეულწილად ამ ფაქტორმაც გადამაწყვეტინა, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ისრები გემოვნებიანი და ხარისხიანი მუსიკისკენ მივმართოთ და ამაში პროფესიონალი მუსიკოსები უნდა ამყვნენ და არა ისინი, ვინც თავიანთ თავებს ეძახიან „მუსიკოსებს“.
ეს პრობლემა შემაწუხებელია. ბედის უკუღმართობის გამო, მუსიკაში არასწორმა ხალხმა აფათურა ხელები... მსგავსი რამ ასეთ პატარა ქვეყნებში ხდება ხოლმე... იმედი მაქვს, ყველაფერი დალაგდება.

- ხელოვნური ინტელექტის ეპოქა მუსიკასაც შეეხო. თითქოს ყველაფერი გამარტივდა, წაუღიღინებ AI-ის და იმ მოტივზე მელოდიას წერს. რა მიდგომა გაქვთ ამ მოცემულობაზე?
- როგორ გითხრათ, თვითონ პროცესი საინტერესოა, ანუ, ტექნოლოგიურად საინტერესო. სადამდე მივა ეს ყველაფერი არავინ იცის, თუმცა, მე ღრმად მჯერა და მწამს რომ ნიჭიერ ადამიანს, ვერაფერი ჩაანაცვლებს. შესაძლოა გემოვნებაზე იმოქმედოს და ხარისხზეც მათ შორის, მაგრამ კარგ მუსიკას, ინდივიდუალიზმს, ნატურალურს და გრძნობით შექმნილს, არასდროს დააკლდება არც მსმენელი, არც მოყვარული და არც შემსრულებელი. ასე, რომ მე როგორც მუსიკოსს ეს პროცესი არ მაშინებს, პირიქით, საინტერესოა...
- თუმცა, ხელოვნური ინტელექტი უკვე წარმატებით ანაცვლებს პროფესიებს...
- მსმენია წუხილები ამ საკითხზე. მე დიდად ვერ ვერკვევი AI ტექნოლოგიებში, მაგრამ ლოგიკას ერთ და მთავარ ნიუნსთან მივყავარ. ნებისმიერ პროფესიაში და მით უმეტეს მუსიკაში, ხელოვნურ ინტელექტს უნდა მიეცეს სწორი დავალება იმისათვის რომ დაგიდოს ის პროდუქტი რაც შენ გინდა, დავალების მიმცემი აუცილებლად უნდა იყოს პროფესიონალი და თან გემოვნებიანი, რომ სწორად მიაწოდოს დავალება... ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანს და კარგ პროფესიონალს ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს. ანუ, ეიაისაც სჭირდება ადამიანი.
- ლაბორატორიას რომ დავუბრუნდეთ, ამბობთ რომ თავიდან ბოლომდე ხართ ჩართული პროცესში, როგორ ფიქრობთ, საკუთარ შემოქმედებას არ მოაკლდებით?
- იმაზე დიდი შემოქმედება არ არსებობს, ვიდრე მომავალი თაობის გვერდში დგომაა. მე მათში მცირე გამორჩეულ სახელებსა და გვარებს ვხედავ. აწი სულ რომ აღარაფერი შევქმნა, პედაგოგიური მოღვაწეობა ჩემი ასაკისთვის და გამოცდილებისთვის, ყველაზე საპატიო და კეთილშობილი საქმეა.
- რუსა, ახლა როგორი პედაგოგი ხართ? მე მახსოვს ფეთქებადი რუსა...
- მაშინ ახალგაზრდა ვიყავი. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ახლა ვარ დამთმობი და საყვარელი. ახლა სხვა დროა...
- რუსა მორჩილაძის სიმღერები რომ მოენატრებათ?
- ნიადაგი რომ შეიქმნება და ხალხს გაახსენდება და მოუნდება დრო, როცა პროფესიონალთა გუნდს ერთად შეეძლო ეკეთებინა კარგი საქმე, შეექმნათ ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც წლებს უძლებდა... მეც დამიბრუნდება სურვილი დავწერო სიმღერა...შევქმნა ახალი... ამ არეულობაში მსმენელს ყური გაუფუჭდა, ყველაფერს ტაშს უკრავენ. ეს არის გამოსასწორებელი.
ნამდვილ მუსიკოსებს მოვუწოდებ, ერთად შევუტიოთ უგემოვნობას.

- როგორი მოლოდინი გაქვთ, როგორ განვითარდება ლაბორატორიის ეტაპები?
- ყველა პირობაა იმისთვის რომ კარგი განვითარება მიეცეს პროცესს. რეგისტრაცია გუშინ დავიწყეთ და უკვე რამდენიმე ათეული ბავშვი დარეგისტრირდა, ფაქტობრივად 24 საათში. პედაგოგები კარგები გვყავს, პროგრამები კარგად შერჩეული და საჭოროებას მორგებული. სხვათა შორის, მირეკავენ მეგობრები, ტოპ ხელოვანები და გამოთქვამენ სურვილს რომ ლაბორატორიაში მასტერკალსებს ჩაატარებენ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დასაფასაბელია, მადლობა მინდა ვუთხრა მათ და ჩემი მხრიდან ყველა პირობა შევუქმნა, იმისათვის რომ ლაბორატორიის აღსაზრდელები ეზიარონ მათ პროფესიონალიზმს, გამოცდილებას და უნარებს. მოკლედ, კარგი მოლოდინები მაქვს, როცა სიყვარულით და მონდომებით აკეთებ საქმეს, თან ზუსტად იცი, რას აკეთებ და რატომ აკეთებ, იქ ალბათ მოლოდინებიც ამართლებს...
- ღელავთ?
- კი, ვღელავ. ზუსტად ისეთი მინდა გამოვიდეს, როგორიც წარმომიდგენია, როგორიც ჩავიფიქრეთ და ღამე კადრებად ვხედავ ამ ყველაფერს. უდიდესი მოტივაცია მაქვს შევქმნა საუკეთესო... აქ სწავლა მხოლოდ გაკვეთილი არ იქნება - იქნება მუსიკა, ემოცია, ზეიმი, დღესასწაული. პროფესიონალებთან ერთად გადადგმული პირველი ნაბიჯები და გამოცდილება, რომელიც წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ პატარებს, მოზარდებს. ეს დიდი ხნის ნაფიქრია, გუშინ და დღეს არ გადამიწყვეტია. სულ ვფიქრობდი რომ ამ მიმართულებით რაღაც უნდა გამეკეთებინა...
- მაგრამ გქონდათ სხვადასხვა ეტაპები - ტელევიზიის, თეატრის, შემოქმედებითად აქტიური და ვერ იცლიდით.
- ალბათ... სხვადასხვა პროექტები ახლაც მაქვს, ეს ხელს არ მიშლის... თავისი დრო აქვს ალბათ ყველაფერს.
- როგორი ზაფხული გქონდათ?
- სულ ამ ამბავში ვარ, რემონტი, გაჯი, ბლოკი... არსად რომ არ არის, ისეთი გარემო გვაქვს. ამერიკულ კარგ კოლეჯებში რომ არის, ეგეთი. ვოკალის ოთახებს ყველა წესის დაცვით ვაკეთებთ. ქვა-ბამბით გაკეთდა იზოლაციები, ოთახიდან ოთახში ხმა რომ არ გავიდეს, ადაპტირებული გარემო, ხალასი, ფერადი, ტექნოლოგიურად საჭიროდ აღჭურვილი, შესაბამისად, პედაგოგებიც მშვიდად მუშაობენ...
მოკლედ, სიყვარულით ველოდები ყველას. პირადად შევხვდები ყველა ბავშვს და მოვეფერები. დიდი სიყვარულით გაღებული კარებით გელოდებით ყველას!
- ქასთინგი იქნება?
ქასთინგს ჩავატარებ, მაგრამ ამ სიტყვის ბავშვებს არ უნდა შეეშინდეთ. აუცილებელია გავესაუბროთ, წავამღეროთ, ჩვენი კეთილგანწყობა დავანახოთ, ასე ბევრი რამ ირკვევა ზოგადად.
მოკლედ, დიდი ამბავი გვაქვს წამოწყებული, ღმერთმა გვისმინოს ყველაფერი...
ახალი სივრცე იქნება თუ არა ადგილი, სადაც ქართული სცენის მომავალი სახეები აღმოჩნდებიან, ამას დრო გვიჩვენებს. ერთი რამ კი ცხადია - კომპოზიტორი, რომლის მუსიკაზეც არაერთი თაობა გაიზარდა, ამჯერად საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას მათ უზიარებს, ვინც სცენაზე პირველ ნაბიჯებს ახლა დგამს - ან უბრალოდ ხელოვნებასთან უფრო ახლოს ყოფნა სურს...
რუსა მორჩილაძის ხელოვნების ლაბორატორიამ მიღება უკვე დაიწყო - ასაკი კი, როგორც პროექტის კონცეფცია გვკარნახობს, ხელოვნებისთვის მხოლოდ ციფრებია.
გააზიარე სტატია