
09/18/2026
მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. მისი დაბადების და გარდაცვალების თვე რომ ერთი აღმოჩნდა, ესეც მის გამორჩეულობას უსვამს ხაზს.
რატომ ამღერდა გვიან, რატომ წერდა სიმღერებს მხოლოდ მამის ლექსებზე და ვინ იკრიბებოდა ჩარკვიანების ოჯახში - ამ ისტორიებს, შესაძლოა, თაკო ჩარკვიანის ამ ინტერვიუდან პირველად გაეცნოთ.
"ზმნა"-სთან მოყოლილ ამბებში ბევრ საინტერესო რაიმეს ამოიკითხავთ.
თაკო ჩარკვიანი: საერთოდ მამა-შვილს ფანტასტიკური ტანდემი ჰქონდა. რაც მამუკასგან მოგისმენიათ, ყველა ჰიტი, ჯანსუღის ლექსზეა შექმნილი. ერთადერთი სიმღერა დაწერა დედას ლექსზე. „სულ ყველაზე ლამაზი“ - დედაჩემის ლექსია, მან ის შვილიშვილს - ირინოლას მიუძღვნა.
როცა მამუკა პირველ მეუღლეს გაეყარა, ირინოლა ჩვენთან იზრდებოდა. დედასთან რომ მიდიოდა, დედაჩემი იმ დღეებს სევდიანად აღიქვამდა და „მე რომ გელი იცოდე, ისე არსად გელიანო“ დაუწერა ირინოლას.
ჯანსუღმა კი ჩემს ქალიშვილს, ირმა გიგანს დაუწერა ლექსი „შენ რომ დიდი იქნები, მე რომ აღარ ვიქნები, დამასიე ფიქრები, როგორც თოვლის ფიფქები...“ მერე მამუკა წერდა ამ ლექსებზე სიმღერებს, ოღონდ მამას ახალგაზრდობაში დაწერილ ლექსებზე.
ჯანსუღი მამუკას სევდას გამოიცნობდა. არაფერი ეპარებოდა. „ჩემი აღარა ხარ, მორჩა“. აქაც „გაუმზადა“ სევდა.

- იმ ძველ ლექსებს, ალბათ, ყველას თავისი პრე ისტორიები და ბიოგრაფიები აქვს. მერე კი, მამუკა, მასზე უფროს ლექსებს, მუსიკალურ სამოსში ხვევდა. მაინც რას ამბობდა მამა?
- ძალიან ახარებდა მამუკას მიერ მორგებული ზუსტი განწყობის მელოდები. აი, მაგალითად, „მაგრად დაჰკარით“ 1971 წელს არის დაწერილი და ის პოემაში („ჯაჭვის თორანი“) აქვს მამას შეტანილი. 1972 წელს ცალკე ლექსად გამოაქვეყნა. აფხაზეთი რომ დავკარგეთ, მამუკამ მაშინ დაწერა ამ ლექსზე სიმღერა. ვინ არის თქვენი საყვარელი პოეტიო, ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა. ბევრს ჩამოგითვლი, მაგრამ ჯანსუღის ფანი ვარო, უპასუხა. მგონია, რომ მსგავსი ტანდემი შემთხვევით არ შექმნილა.
- რა ხდებოდა ჩარკვიანების სახლში? დიდი სალონური შეკრებების ადგილი იქნებოდა...
- მე მოკეკლუცე არ ვარ, საკმაოდ ენამწარე ვარ. არაფერს ვყვები გამოგონილს. მართლა ასე ვცხოვრობდით: ღამის 4 საათზე ზარი რომ დაირეკებოდა კარზე, მამაჩემი იტყოდა, გააღეთ კარი, კაცო, ან ვიღაცას უჭირს, ან ლორთქიაა, ან გივი სამსონაძეა ან ნოდარ დუმბაძეო... მათ შეეძლოთ ამ დროს მისვლა ერთმანეთში. საოცარი წრე იყო.
გვიქეიფია დედაჩემის მომზადებულ ძალიან მაგარ პურმარილზეც და ხანაც - ყურძენსა და პურზე. ყურძენზე და პურზე მე ჩვენს სახლში მახსოვს გრიალი და გუგუნი...

ხომ ამბობენ, მამუკა გვიან გამოჩნდა სცენაზეო. ამის მიზეზს გეტყვით: სახლში ისეთი სცენა იყო, იკმაყოფილებდა აუდიტორიის წინ სიმღერის სურვილს. ბიძინა კვერნაძე და ჯანსუღ კახიძე რომ საკუთარ სახლში მოგისმენენ, ანდა, მიშიკო შენგელია და ზაურ ბოლქვაძე! ეს მხოლოდ ჩვენს სახლში კი არ ხდებოდა. მთელ სამეგორო წრეში, ყველასთან სახლებში, სუფრები ფეიერვერკებად იქცეოდა. ადგილები მახსოვს, სუფრასთან ვინ სად იჯდა ხოლმე.
სარეაბილიტაციო ცენტრიდან ნოდარ დუმბაძის მიერ გამოგზავნილი საოცარი წერილი მაქვს. ეს არსად მომიყოლია.
ნოდარი წერს:
მანანას ვთხოვე რამე წიგნი მომიტანე-მეთქი. წავიდა და შენი (ჯანსუღს წერს) წიგნი მომიტანა. გადავშალე და ჩემი სტროფანტინი წავიკითხეო.
ნოდარი გულის სამკურნალო წამალს სვამდა სახელწოდებით - სტროფანტინი. მამაჩემის ლექსს „ლამაზ სიკვდილს“ დაარქვა - „ჩემი სტროფანტინიაო“. ეგეთი ძმობა ჰქონდათ. ერთმანეთის სტრიქონები უხაროდათ.
ჯანსუღმა მომაწოდა წასაკითხად ნოდარ დუმბაძე, ანა კალანდაძე, მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე... 60-იანელები, საოცარი ხალხი იყო... ერთმანეთის გვერდით დგომა მათ რომ იცოდნენ, უიშვიათესი იყო. ჯანსუღი მეგობრობდა გოგლა ლეონიძესთან. გოგლას უყვარდა მამა. მაქვს მისი არაჩვეულებრივი რეცენზია: ჯანსუღ, ჩემი ჯილა, ჩემი რჩეული ხარო უწერს. ამ დამოკიდებულებას დიდ პატივს სცემდა ჯანსუღი. მე და მამუკა ამ ხალხის ღირებულებებზე გავიზარდეთ. მატერიალურ რაღაცებზე არ კეთდებოდა მახვილი. მამაჩემის ჰონორარზე ვცხოვრობდით.
ჯანსუღის ცხოვრებაში, საამაყო იყო „ცისკრის“ პერიოდი, როცა ის რედაქტორი იყო; მაშინ დაიბეჭდა „დათა თუთაშხია“, რეზო ჯაფარიძის გახმაურებული წერილი მცხეთის ჯვართან დაკავშირებით.
- თქვენ და მამუკას განსაკუთრებული და-ძმობა გქონდათ...
- ნამდვილად. ბავშვობაში მამუკას სამეგობროს ვეტენებოდი, ვეკვეტებოდი. ადრეულ წლებში, ჩვენს შორის, ასაკობრივი სხვაობა იგრძნობოდა, მერე უკვე მეგობრები გავხდით. ახლო მეგობრები ვიყავით. ძალიან, ძალიან ვეიმედებოდი.
- თქვენთვის რომელი სიმღერაა მამუკა? ყველაზე მეტად მას რომელი ჰგავს?
- „ჩამოთოვა ისევ, იისფერი მთები...“ მამუკამ მამას ლექსზე ეს სიმღერა 15 წლის ასაკში დაწერა. 70-იან წლებში დაწერილი ლექსია და ასე პატარა ასაკში დაწერა მასზე ასეთი სიმღერა. სულ ვიცოდით, რომ დიდი ნიჭის პატრონი იყო. არასდროს უსწავლია მუსიკალურ სასწავლებელში. ამ კუთხით პროფესიული განათლება არ აქვს. გიტარაზე ფანტასტიურად უკრავდა, სხვა წყობის ბოლო სიმი ჰქონდა.

მინდა, როგორც მუსიკოსმა ისე შევაფასო მამუკას სიმღერა -„სვანური ზარი“. ფოლკლორში არსებული არც ერთი სვანური ზარის ინტონაცია ან მელოდია გამოყენებული არ აქვს. აბსოლუტურად უნიკალური მუსიკალური ქარგა, ქსოვილი აქვს შექმნილი. მამუკაში მუსიკალური გენეტიკური კოდი იდო. კი, ეგრეაო, ხუმრობდა.
ძალიან თავმდაბალი იყო, ოღონდ ამბიციურ იდიოტებს ვერ იტანდა. ერთხელ სუფრაზე ჰკითხა ერთმა, შეიძლება შენობით გელაპარაკოო? რა თქმა უნდა, აბა რა, შენობით მელაპარაკე და თქვენობით მომექეციო, უპასუხა. თვითონ ასეთი ტიპი იყო, ყველას თქვენობით ექცეოდა. საერთოდ, ჩვენს სახლში ასეთი დამოკიდებულება იყო.
პატარაობაში თაფუცას მეძახდა, მერე - თაკუჩას. სულ ვეიმედებოდი... ბოლო სიმღერის ჩაწერა ვერ მოასწრო. თუმცა ვიდეო არსებობს, მელოდია შენახულია. უკანასკნელი სიმღერაც ჯანსუღის ლექსზეა. ცოტა დრო გავიდეს... უნდა მოვიყვანო სისრულეში...

გააზიარე სტატია