ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
„ასაკის მიუხედავად, ძლიერად და საკაიფოდ ვარ, ბევრი ენერგიით და ბრძოლის უნარით“- მითხრა ამერიკაში საცხოვრებლად გადასულმა და სხვათა შორის, 60-ს გადაშორებულმა ლადო ბურდულმა. დიახ, ახალი ცხოვრება დაიწყო. ამერიკელი ცოლით, ქართული შემართებითა და იმ დაგროვილი მუსიკალური გამოცდილებით, სულ რომ თან დაატარებს, ზურგჩანთით...
დაიანა ახლა არ გაუცვნია, გასული საუკუნის 80-ანი წლებიდან იცნობს. მერე იყო ორი ოჯახი, ბოჰემა, იმპერატორის იმპერია...
მოკლედ, ქართული პანკ-როკის იმპერატორი, "ზმნას" მკითხველს, თავის თავზე ამერიკიდან უყვება...
ლადო ბურდული: 1996 წლის იანვარი იყო, მეგობარ ქეთისთან ერთად, ვაკეთებდი პროექტს, რომლის მეშვეობითაც საქართველო „Fashion tv-სა” და “MCM-ზე” უნდა წარგვედგინა. ვგეგმავდით ამ არხების დამაარსებლისა და დამფუძნებლის, ჩემი მეგობრის, ფრანსუას ჩამოყვანას.
მოგეხსენებათ, მაშინ ძალიან მძიმე სიტუაცია იყო საქართველოში. იზოლაციაში აღმოჩნდა ქვეყანა. სიბნელე, კრიმინალი, უბედურება... არაფერი არ მუშაობდა. ყველაზე კარგი პონტი ქართული შოუბიზნესისთვის ბაქოში და მოსკოვში გამოსვლა იყო, გეგმაში იყო თურქეთიც, იქნებ როგორმე თავიანთი შემოქმედება სტამბოლშიც გაეტანათ.
მე ამ ქვეყნებიდან არცერთი არ "მაწყობდა". ვიცოდი, ჩემთვის სწორი ადგილი სადაც იყო; ეს იყო დასავლეთი. ამიტომ ქართული შემოქმედებისთვის გზის გასაკვალად მე და ქეთი ამ პროექტზე აქტიურად ვმუშაობდით.
ერთხელაც, მასთან ოფისში მისულს თეთრებში ჩაცმული, ქერათმიანი, ცისფერთვალება ქალი დამხვდა, სულ სხვანაირი გამოხედვით და სხვანაირად "მადლიანი". მე ვთქვი - ეს ვინ არიის?!

ქეთიმ ერთმანეთი გაგვაცნო და ჩემი და დაიანას ურთიერთობაც დაიწყო. გვქონდა მიმოწერები. ორჯერ საქართველოშიც ჩამოვიდა ჩემი გულისთვის. რთული ცხოვრება იყო, რამდენჯერ უნდა ჩამოსულიყო ამერიკიდან და ჩვენი მეგობრობაც, სადღაც 2000 წელს, „დაქენსელდა“.
ამის შემდეგ, რაღაც პერიოდი, მეორე მეუღლე მყავდა. მერე მე და დაიანა, ფეისბუქის საშუალებით, ისევ დავუკავშირდით ერთმანეთს. ყველაფერი თავიდან დავიწყეთ, ნელ-ნელა ისე შევედით როლში, რომ აღმოჩნდა, თურმე, ისევ აქტუალურია ჩვენი ემოციები, ერთმანეთის შეხედულებები, ენერგიები და ჩვენ ისევ, როგორც ძველად, სურვილი გვაქვს ერთად ვიყოთ, ერთად გავახუროთ და გავაგრძელო ჩვენი ერთობლივი ცხოვრება. აი, ასე განახლდა ეს ყველაფერი.

- გამოდის, რომ არც დაგივიწყებიათ ერთმანეთი...
- დაიანა მუზების სახით, ჩემს ტვინში სულ არსებობდა. 1996 წლიდან მუდმივად იყო ჩემს ცხოვრებაში. და მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, 2022 წელს, როცა ისევ დავუკავშირდით ერთმანეთს და დავახლოვდით, კიდევ უფრო ვიგრძენი, რომ ზუსტად ის პიროვნებაა, რომელსაც ადამიანები ცხოვრების მეგზურს, მუზას და ყველაფერს ეძახიან.
უფალს მადლობა, რომ დღეს ჩემს გვერდით ასეთი ადამიანია. ყველანაირად ერთნაირები ვართ. ერთნაირ მუსიკას ვუსმენთ, ერთნაირი ტანსაცმელი გვევასება, ერთნაირად ვიცინით სასაცილო ამბებზე, ერთნაირად ვხუმრობთ. აშკარად ჩემი მეორე ნაწილია.

- დაიანამდე ორჯერ იყავით დაოჯახებული. დღეს როგორ იხსენებთ შვილების დედებს?
- პირველი იყო ქეთი მესხი, რომელთანაც ერთი ქალიშვილი - თეჯი ბურდული მყავს. თეჯი ბერლინში ცხოვრობს, ორი ქალიშვილი ჰყავს - მატილდა და ფლორი.

მეორე ოჯახი ქეთი მათეშვილთან ერთად შევქმენი. მასთან ორი ქალიშვილი - ბარბარე და დარია მყავს, არაჩვეულებრივი და უმაგრესი გოგონები. ყველაზე დიდი რამ, რაც დღემდე ცხოვრებაში შემიქმნია, ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრე დედამიწაზე, ჩემი ქალიშვილები - ბარბარე, დარია და თეჯიკო არიან.

რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია, როდესაც ოცი წლის ოჯახს ანგრევ. ქეთი რომ არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება აქამდე ვერც მომეღწია. მან პირველ რიგში, ჩემი პიროვნება გადაარჩინა. იყო პერიოდი, როცა ძალიან ვიყავი შესული ბოჰემური ცხოვრების როლში, ამ ცივილიზაციის ფლაგმანობის; ეს ანტარქტიდაზე ბანანების პლანტაციის გაშენების სურვილს ჰგავდა, რაც არ გამოვიდა. მსგავს მცდელობებს ვეწირებოდი, დეპრესიაც დამემართა. ის ხალხი, ვინც გავზარდე, ლადო საერთოდ ვინ არისო, ამბობდნენ...
უამრავი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. დაუნახავობა, დაუფასებლობა, როგორც ხდება ხოლმე მანდ... მივხვდი, რომ ძალიან მძიმედ ვიყავი. რომ არა ქეთი, დღეს მე, ალბათ, ცოცხალი არც ვიქნებოდი. ქეთი დამეხმარა იმაში, რომ გასაგები გავეხადე ჩვენი საზოგადოებისთვის, რადგან ძალიან გაუგებარი და ძალიან დაშორებული ვიყავი ქართული რეალობისგან. უკომპრომისოდ "ვაწვებოდი" ცივილიზებულ რაღაცებს, რაც საქართველოში, იმ დროსთვის მიუღებელი და წარმოუდგენელი იყო. პირდაღებულები და გაკვირვებულები მიყურებდნენ. სულ ომში, ბრძოლაში და მტკიცებაში ვიყავი და ერთხელაც გადავიწვი!..
ჩემი რეაბილიტაცია - ქეთისთან მოხდა. „აფდეითი“ გამიკეთდა.
ბევრი წელი ერთად ვაშენეთ რაღაცები, მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ ყველაფერზე უარის თქმა მომიწია. მივხვდი, რომ "ვიბრიდებოდი", უკვე მეორედ.
- და ამ დროს გამოჩნდა დაიანა...
- დაიანა გამოჩნდა. თან რომ ვხედავდი, საქართველოში არაფერი აღარ ვითარდება, ყველაფერი ჩაიკეტა, წამყვანი მხოლოდ პოლიტიკა და ვაჭრობა გახდა, დავფიქრდი წამოსვლაზე... თუ არტისტი ხარ, საქართველოში ან პოლიტიკური კლოუნი უნდა გახდე, ან მაგათ დაძახილზე და ივენთებზე უნდა გამოხვიდე. დამოუკიდებელი და ჩემნაირად მოაზროვნე ადამიანი, საქართველოში გასაქანს ვერ იპოვის.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ, რაღაც დონეზე, ჩემს პიროვნებას მხარი დაუჭირა, მე არასოდეს არავისი პოლიტიკური დროშა არ მიფრიალებია. მივხვდი, რომ ეს ის არ არის, რაც მე მინდა.
დაიანასთან ურთიერთობის აღდგენის შემდეგ, ნათლად დავინახე რომ ჩემი განვითარების, პროექტებისა და იდეების განხორციელების ერთადერთი გზა, ქვეყნიდან წასვლაა და ეს მძიმე გადაწყვეტილება მივიღე. რაშიც სხვათა შორის, ჩემმა ყოფილმა მეუღლემაც შემიწყო ხელი; თუ ფიქრობ, რომ შენთვის ასეა უკეთესი, გააკეთეო. ასეც მოვიქეცი და დღეს აქა ვარ.
- ამერიკაში დაფუძნებას და ცხოვრებას აპირებთ?
- ის მოსაზრება, რომ მე აქ გადმოვსახლდი და დარჩენას ვაპირებ, არასწორია. ჯერ ერთი, მე მთელი ცხოვრება ქართულ ენაზე ვმღეროდი და ყველაფერს საქართველოსთვის ვაკეთებდი. წასვლა და გაქცევა რომ მდომებოდა, ამას მაშინ გავაკეთებდი, როცა ამის შანსი მართლა მქონდა და გახურებული ვიყავი. ბერლინში, ინგლისში, ბევრგან შემეძლო ამის გაკეთება, მაგრამ ჩემი იდეაფიქსი არ არის სადღაც გავიქცე და დავრჩე. დეზერტირობას ვერ ვიტან, ეს ცუდი მნიშვნელობის სიტყვაა ჩემს ლექსიკაში.
აქ ჩამოვედი ჩემი ქართული პროექტების და იდეების უფრო მაღალ დონეზე განსახორციელებლად. მაგალითად, ახლა, მე და ჩემი მეუღლე, ნიუ-იორკში კავკასიის მუსიკის ფესტივალის გაკეთებას ვაპირებთ. ახლა ფინანსური საკითხის მოგვარებას ვცდილობთ. საქართველოში მქონდა მსგავსი პროექტი -„ფენიქსი“ - კავკასიის მუსიკის დაჯილდოვება. გადავწყვიტე უფრო მაღალდონეზე და უფრო "ხმამაღლა" გავაკეთო ის, რასაც მანდ ვაკეთებდი და "ხმამაღლა" არ გამოდიოდა. ვნახოთ, მე ძალღონეს არ ვიშურებ ამ მიმართულებით.

ვფიქრობ, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის. კავკასიურ მუსიკას დიდ რეკლამას გაუკეთებს, მუსიკოსებსაც გაიცნობენ ამერიკაში. ვნახოთ, ვიცი მარტო ერთი, სადაც მე ვარ იქ ყოველთვის იქნება კავკასიის როკ მუსიკა და მუსიკოსები.
- როგორია ლადო ბურდულის ახალი ამერიკული ცხოვრება?
- ვცხოვრობთ ლონგ აილენდზე, დაიანას ეზოიან სახლში. როგორც მანდ ვიყავი ოქროყანაში, ისე ვარ ზუსტად აქაც. მიწიდან ნახევრად ამოწეულ სართულზე კლუბი და ბარი გავაკეთე და „ლადოს კიდობანი“ დავარქვი. სამი თვე ვმუშაობდი ისეთი სივრცე რომ მიმეღო, როგორიც ჩემს წარმოდგენაში იყო. აღმოჩნდა, რომ თუ რამის კარგად გაკეთება გინდა, შენ თვითონ უნდა გააკეთო. ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დასრულებული.
- "ლადოს კიდობანში" რა ამბები ტრიალებს?
- უკვე ორი ივენთი ჩავატარე. მესამე იქნება ვალენტინობას, მეოთხე - სარვამარტოდ.
ივენთის პირველ ნაწილში, ჩემი ავტობიოგრაფიული ფილმის ჩვენებაა, ხოლო მეორე ნაწილი ჩემს ლაივს ეთმობა. ვეპატიჟებით ახლობლებს, მოდიან უცხოებიც. ნუცა შანშიაშვილი გვესტუმრა, ია მანიჟაშვილი - მანიჟკა, დავი სმიტი.

საინტერესოა, ასე ვიმხიარულებთ აქ თავს. ორი ივენთიდან გამომდინარე, როგორც ჩაიარა, ძალიან კმაყოფილი ვარ. ვმუშაობ მესამეზე, ვნახოთ, რა შედეგს დადებს.
ცხონებული დედაჩემის საყვარელი ფრაზა იყო - „ყველაფერი ღვთის ნებაა“. რაც ასაკში შევდივარ, ეს ფრაზა ჩემთვისაც საყვარელი გახდა. ჩვენ, ყველამ, რაც შეგვიძლია, უნდა შევეცადოთ მაქსიმალურად სიკეთე და კაი პონტი ვაკეთოთ. დანარჩენი, რაც ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული, ის ყველაფერი უკვე ღვთის ნებაა და მეც ეგრე ვცხოვრობ. ვცდილობ, რაც შემიძლია ხარისხიანად გავაკეთო, რაც ჩემს ძალებს აღემატება, იმაზე უკვე აღარ ვნერვიულლობ. მინდობილი ვარ უფალზე.

- ლადო, თქვენი არაჩვეულებრივი მშობლები გავიხსენოთ... რა კვალი დატოვეს თქვენზე?
- დედაჩემი, ინეზა აბესაძე, ულამაზესი და ინტელექტუალური ადამიანი იყო, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დედაჩემი იყო. ჩემი პირველი ინტერნეტი დასავლეთთან - დედაჩემი იყო. მიყვებოდა „ბითლზებზე“, „როლინგ სთოუნზე“... ბევრ ინფორმაციას მაწვდიდა დასავლეთზე. დედაჩემი პიონერთა სასახლეში, მხატვრული კითხვის პედაგოგი იყო. მისი დამსახურებაა ის, რომ მე ბავშვობიდან ღრმად ვიყავი ჩართული შემოქმედებაში. რაც კი სასახლეში, მუსიკასთან დაკავშირებული წრეები იყო, მე და ჩემი და, თითქმის ყველაზე დავდიოდით. პირველი მუსიკალური განათლება იქ მაქვს მიღებული. ზეიმები და ბავშვების ემოციური განწყობა, არასოდეს მავიწყდება. დედაჩემის დამსახურებით, პიონერთა სასახლეში გატარებულმა პერიოდმა, ჩემს ცხოვრებაში თავისი წარუშლელი კვალი დატოვა.

რაც შეეხება მამაჩემს, გუჯა ბურდულს, ის იყო პიროვნება, რომელიც სულ მასწავლიდა იმ ფასეულობებს, როგორიც არის - ვაჟკაცობა და ადამიანობა. ეს ყველაფერი, შემდეგ, სხვანაირ დონეზე ავიყვანე და სხვანაირად "გავუბერე", მაგრამ ფუნდამენტი ხომ იგივე არის, ეს ხომ გამოჩნდა მოგვიანებით.
იყო დრო, გამოქვაბულის გოიმებს არ ესმოდათ ჩემი. მე რომ სწორად ჩამოვიტანე დასავლეთიდან და სწორად ავხსენი, ეს სწორედ იმ ფუნდამენტზე აღმოცენებული ლადო ბურდულის დამსახურება, რაც მამაჩემმა ჩამიდო ბავშვობიდან. ვეძახდი კიდეც მამაჩემს "კაცობის და ჭეშმარიტების კომპასს".

დედაჩემი თუ მუსიკალურ და ფოლკლორულ კულტურას ანვითარებდა ჩემში, მამაჩემი პირიქით, ბოქსზე, კარატეზე, ჭიდაობაზე მატარებდა. ყველგან ვიარე. ყველაზე მთავარი და ნაღდი, რაც მამაჩემმა დამიტოვა, რამაც მე ათასჯერ გადამარჩინა, ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა შემინარჩუნა, ეს ჩემი ცხოვრების სტილად ქცეული - ყოველდღიური სირბილია, ვარჯიში, ცივ წყალში ბანაობა და სულ ფორმაში ყოფნა. ეს მამაჩემის დამსახურებაა. მიუხედავად ჩემი ასაკისა, დღეს მე ძლიერად ვარ, საკაიფოდ ვარ და ბევრი ენერგია და ბრძოლის უნარი მაქვს. უფალს მადლობა მშობლებისთვის, შვილებისთვის, მუსიკისთვის... ყველაფრისთვის...

02/02/2026