საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ანა ბერუაშვილი რუსთაველია. ის ბავშვებსა და მოყვარულთა კატეგორიას, ჰიპ ჰოპ ცეკვის სტუდიაში ასწავლის. მისი შემხედვარე, ვერაფრით იფიქრებდი, რომ ასეთი მძიმე ცხოვრება ჰქონია გადატანილი. ანა ძალიან ტრავმირებული ბავშვობიდან მოდის. როგორც მან თამუნა მუსერიძის პოდკასტში - "ვეძებ" ისაუბრა, დედა ალკოჰოლიკი ჰყავს, მამამ საერთოდ უარყო შვილები...
ანა თავისი მძიმე ისტორიით ამხნევებს მათ, ვისაც მძიმე ოჯახურ პირობებში უწევთ ცხოვრება. მართალია, ტრავმები პროფესიონალ ფსიქოლოგთან არ დაუმუშავებია, თუმცა მზადაა, თვითონ იქით დაუდგეს გვერდით ძალადობის მსხვერპლ მოზარდებს, რომლებსაც ურჩევს, რომ არაფერი დამალონ და ყველაფერზე ხმამაღლა ისაუბრონ.

ანა ბერუაშვილი: წარსულზე საუბარი ყოველთვის მიჭირდა. ახლა იმიტომ ვყვები, რომ მინდა სხვისთვის მოტივაცია იყოს ჩემი ისტორია.
ახლა რთული პერიოდი მაქვს, მინდა გავთავისუფლდე და მგონია, რომ ეს პოდკასტი მომცემს იმის საშუალებას წარსული დავივიწყო.
გაჭირვებულ ოჯახში გავიზარდე. ძმა გარდაცვლილი მყავს. სამი და ვართ. რვა ადამიანი ერთ ოთახში ვცხოვრობდით. დედას სხვა ცხოვრება ჰქონდა არჩეული, სამწუხაროდ. მანაც რთული ცხოვრება გამოიარა. ჩვენი გაზრდა ბებოს მოუწია.
დედა ალკოჰოლზეა დამოკიდებული. ახლა თითქოს შეიცვალა, მაგრამ ჩემთვის გვიანია, როცა გვჭირდებოდა, მაშინ არ გვედგა გვერდით.
ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო, დედას ისეთი ნაბიჯების გადადგმა უწევდა, რითიც ჩვენ ცხოვრება დაგვენგრა.

მოძალადე ოჯახში ვიზრდებოდი. ორი ბიძა მყავდა. ერთი ბიძა ავადმყოფია. მეორეს სამი დედმამიშვილიდან მე არ მოვწონდი. დედა ვგავარ და ამოჩემებული ვყავდი, ჩემს მიმართ აგრესია ჰქონდა. ერთხელაც მცემა. სკოლაში ნახეს, რომ დალურჯებული ვიყავი. ამ სკოლაში სოციალურად დაუცველი ბავშვები ვსწავლობდით. გვამზადებდნენ, გვაცმევდნენ გვკვებავდნენ, ჩვენზე ზრუნავდენ. ჩემი პატარა დისთვის იქიდან მომქონდა საჭმელი. სახლში არანაირი პირობა არ გვქონდა. კარი არ გვქონდა, ერთი ღუმელი გვქონდა... ჯანმრთელობის პრობლემა, რაც დღემდე გვაქვს, იმ პირობების გამოა. მოკლედ, რომ მნახეს დალურჯებული, მასწავლებლებს დიდი რეაგირება ჰქონდათ. სოცმუშაკები მომამაგრეს, გამასაუბრეს. ახლა რომ ვიხსენებ სად ვიზრდებოდით, ბავშვების იქ ცხოვრება წარმოუდგენელია. ბებია გვეუბნებოდა, მოგდებული ხართ, როდემდე უნდა გზარდოთო და ზოგჯერ საჭმელსაც გვიმალავდა.
ბავშვობაში დეიდაშვილმა სექსუალურად იძალადა ჩემზე, მე რვა წლის ვიყავი, ის - 26 წლის. ვერ ვსაუბრობდი დიდი ხანი. ბიძაჩემმა სხვანაირად აგებინა პასუხი. რომ გავიზარდე და კაცების ფობია მჭირდა, მაშინ მივხვდი, რომ ამ ამბის ბრალი იყო. არც ვიცი, ცოცხალია თუ მკვდარია. 19 წელია არაფერი მსმენია მასზე.
ოჯახში სვამდნენ, მერე იყო ჩხუბი, პოლიცია, აჟიოტაჟი... მოკლედ, სოციალურმა მუშაკებმა მინდობით აღზრდაში გადამიყვანეს. უფროსი და შრომობდა, რომ ჩვენთვის მოეხედა. ცოტა ხანში პატარა დაც მომიყვანეს იქ, სადაც მე მინდობითი აღზრდით ვცხოვრობდი.
ემოციური ვარ, ყველა გასაჭირი ტირილში, მარტოს გადამქონდა. მერე მეორე ოჯახში გადამიყვანეს, სადაც ხუთი წელი ვიცხოვრე. დღეს თუ რამეს წარმოვადგენ, ამ ოჯახის დამსახურებაა...

გარდატეხის ასაკში გამოვამჟღავნე, რომ ძალიან ცუდად ვიყავი. სკოლაში ბულინგის მსხვერპლი ვიყავი - რა მოხუცი დედა გყავსო იმ ქალზე მეუბნებოდნენ, ვინც მზრდიდა. რახან ჩემი ოჯახი არ იყო, რასაც მეტყოდნენ, ის უნდა მეკეთებინა. წასასვლელი არ იყო. ეს ცხადია, მოქმედებმა. უფროსმა დამ მთელი ცხოვრება ჩვენს ზრუნვაში გალია. მერე მასთან გადავედით.
დედამ რამდენჯერმე გვნახა, თუმცა ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული. სულ გვპირდებოდა, წაგიყვანთო და სულ ასეთ დაპირებებში ვიყავით, სულ კარებთან ვიდექით იმის მოლოდინში, რომ წაგვიყვანდა... ვერ ვპატიობ იმას, რომ მე და ჩემს დებს ცხოვრება წაგვართვა.
დედა არაფერზე საუბრობს. იხდის ბოდიშს და უნდა ყველაფერი გამოსწორდეს. მეცოდება, მინდა ცოცხალი იყო, ჯანმრთელი, მაგრამ დედად ვერ აღვიქვამ. ყველაზე მეტად მიყვარდა და ყველაზე მეტად გამიცრუა იმედები. დიდი ღალატი მივიღე მისგან. მიჭირს, რომ მივიღო.
ჩემთვის დედა, მამა, ღმერთი და ანგელოზი - ჩემი უფროს დაა...
მამას ვეძებ-მეთქი, ამ ისტორიით მინდოდა შენთან მოსვლა, მაგრამ არ ვეძებ და არც მაინტერსებს. მამის მხრიდან ოჯახს არ ვიცნობ, ჩვენზე უარი თქვა. მიჭირს პატიება.
მე წარსულით ვცხოვრობ. დიდი ტრავმები მაქვს. ვინმე ჩემზე ხომ არ ლაპარაკობს - ამის კომპლექსი მაქვს. ეს დარტყმა დედამ მომაყენა. ტრავმებს ჩემი საქმით, ცეკვით ვიშუშებ... მე ბავშვეს ცეკვას ვასწავლი. რომ მოდიან მშობლები და შვილებს ეფერებიან, ვფიქრობ, რამდენად მდიდრები არიან. ბავშვები ამას ვერ აფასებენ.

დღეს მე არც ქონება მაქვს, არც ბინა, არც მანქანა. თავი სულ დაუცველი მგონია. დედას თვალებში რომ ვუყურებ, სულ ის კადრები მიდგას თვალწინ, როგორ ველოდი, როგორ მატყუებდა. მის გამო ბევრი ცუდი რამ ვნახე. კოშმარებში ვარ, შეიძლება ზოგჯერ ჩავიკეტო და სახლიდან არ გამოვიდე...
ჩემი რჩევაა, არავინ დამალოს ძალადობა. ილაპარაკონ, გათავისუფლდნენ. მე ვერ ვლაპარაკობდი, 27 წლის ვარ და ამით ვცხოვრობ. სულ მაძახებდნენ, მსუბუქი ყოფაქცევის დედა გყავს, ალკოჰოლიკი დედა გყავს, ფუფ... ამან დამაკომპლექსა.
მე ჩემს მიზანს შრომით მივაღიე. თუ მიზანი გაქვს, ჩამოწერა, გააზრება და შრომა სჭირდება. მიუღწეველი არაფერია.
ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ცხოვრება წინ წავწიო. მოსავლელად ადამიანები არ მჭირდება. ისედაც ძალიან მძიმე ცხოვრება გამოვიარე...
03/30/2026