ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ოპერის მომღერალი, 88 წლის იმერი კავსაძე, არაჩვეულებრივი მოსაუბრეა. ვერ იფიქრებ, რომ ამ ასაკის რესპონდენტს უსმენ. არის დადებითი, თავმდაბალი და გულისხმიერი ადამიანი.
"ზმნასთან" ინტერვიუში დედა საოცარი სითბოთი და სიყვარულით გაიხსენა. ამ პასაჟიდანაც კარგად ჩანს, როგორ პიროვნებასთან გაქვთ საქმე.
თამარ ცაგარეიშვილმა ორი ვაჟი - კახი და იმერი კავსაძეები, მარტომ გაზარდა. ოჯახმა, საბჭოთა რეჟიმის სისასტიკე, მწარედ იწვნია... თუმცა დაპატიმრებული, გადასახლებული და დახვრეტილი დათაშკა კავსაძის შვილები, არასდროს გაბოროტებულან... კეთილშობილმა დედამ - შვილები ჰუმანიზმით გამოკვება... ამიტომ იყო, რომ ძმებს არასდროს, არავისი არ შეშურებიათ...

იმერი კავსაძე: მთავარი, რაც დედისგან მე და კახიმ ვისწავლეთ და შევითვისეთ, იყო პატიოსნება. დედას ფანატიკურად უყვარდა მამაჩემი და აქედან გამომდინარე, მთელი კავსაძეები.
დედა, 28 წლის ლამაზი ქალი, დარჩა მარტო, ორი შვილით. მამაჩემი ომში წაიყვანეს, საომრად. მარტოხელა ქალს ორი ბიჭი ჰყავდა გასაზრდელი.
თავიდან მისი მორიდება და შიში თუ გვქონდა, მერე ეს გრძნობები სიყვარულსა და პატივისცემაში გადავიდა. ჩვენ ვხედავდით დედას დამოკიდებულებას მამაჩვენისადმი და მთელი ჩვენი საგვარეულოსადმი. დედა ცდილობდა ახლოს ვყოფილიყავით კავსაძეების მხარეს. ვხედავდით მის სიწმინდეს და პატიოსნებას.

ხელფასიდან ხელფასამდე ძალიან რომ გაუჭირდებოდა, მეზობლისგან ისესხებდა ფულს და იმ რიცხვს არ გადააცილებდა, რასაც დაპირდებოდა. იცოდა, რომ მერე ისევ არ გვეყოფოდა თანხა, მაგრამ რომ შეპირდებოდა, სიტყვას არ ტეხდა და ხელფასზე ვალს აბრუნებდა.
ჩვენს გარემოცვაში ბევრი კარგად ცხოვრობდა. მაგრამ დედისგან ისე გვქონდა ჩანერგილი, რომ არავისი არ გვშურდა. გვიხაროდა, რომ ჩვენი ამხანაგების მშობლები კარგად ცხოვრობენ.
არასდროს გვქონია ასეთი დამოკიდებულება - "ისინი რომ ასე კარგად ცხოვრობენ, ჩვენ რატომ ვართ ასე?" გვიხაროდა, რომ ჩვენი მეგობრები თუ მეზობლები, კარგად იყვნენ. გვიხაროდა სხვისი წინსვლა. ბოღმა და შური უცხო იყო ჩვენთვის. ეს თვისება ბოლომდე გაგვყვა. რამდენმა ადამიანმა გაიარა ჩემს ცხოვრებაში - კოლეგები, მოსწავლეები, მეგობრები... არავისთან გაჯიბრების სურვილი მე არ მქონია.

ჩვენ ვიცოდით, რომ არ უნდა დაგვეშავებინა; არც არაფერს ვაშავებდით, რადგან დედას ეწყინებოდა. ისედაც მწარე ცხოვრება ნანახი ქალი იყო და ჩვენგან, დამატებით სიმწარე არ უნდა ეგრძნო. არადა, ისეთ უბანში ვცხოვრობდით, ისეთ გარემოცვაში შეიძლებოდა მოვხვედრილიყავით, რომ ავცდენილიყავით სწორ გზას.
"ნაკოლკები" შემოვიდა იმ დროს, მოვიდა ერთი ბიჭი თითებზე ეწერა დაბადების წელი. მე მეგონა, "ნაკოლკა" რომ თითზე გამეკეთებინა, დედა იმ თითს მომაჭრიდა.
დედა ბოლომდე მუშაობდა. ამბობდა ხოლმე, ღმერთმა ერთი დღე ნუ მაცოცხლოს ჩემი სამსახურის გარეშეო. ასე უყვარდა თავისი ხალხი და სპეციალობა. პედიატრიული ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული. ექიმი იყო. სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა, 68 წლამდე. მაშინ ასაკოვანი გვეგონა - ბებიაათქო, ვამბობდით. ირაკლისთვისაც და დათაშკასთვისაც ის იყო კაკალა ბებია. ახლა 20 წლით გადავაჭარბე დედაჩემს...
დედისადმი მოწიწება და პატივისცემა გვქონდა ბოლომდე.
ჩვენთვის, დედა ბოლომდე ავტორიტეტი იყო.
ჩვენ წელგამართულები ვიყავით. დედა იყო ქალი, რომელიც გვეამაყებოდა. ასევე გვეამაყებოდა მამაც.

02/06/2026