საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ახალგაზრდა ქართველი მწერალი ცისნამი საყვარლიშვილი, რომელიც ამმერიკაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და კახეთში მცხოვრებ მეზობლებს და ნათესავებს უყურადღებობაში ადანაშაულებს.
ცისნამი წერს, რომ მისი ასაკოვანი დედა ყველასაგან მიტოვებულია და მარტოობაში ებრძვის ავადმყოფობას.
„როცა ბერდები და უმოქმედო ხდები არავის აღარ უნდიხარ, არც შვილს, არც შვილიშვილს, არც რძალს, არც შინაურს, არც გარეულს.
დაბერდა საწყალი დედაჩემი, თვალებიდან ძლივსღა იყურება, ხან სად ამოყირავდება, ხან სად, ხან რას დაარტყამს თავს, ხან რას. მიმხედი და პატრონი არავინ ჰყავს. მე ცხრა მთას იქით ვარ, სხვის დედებს ვუვლიდი და საკუთარ დედას ვერ ვუვლი, რანაირი შვილი ვარ, რა?!
სანამ კარგად იყო ბევრჯერ ვეხვეწე, აიღე დედა პასპოსტი, ჩემთან წამოგიყვან, საბუთებს გაგიკეთებ, როგორც ჩემს მშობელს გეკუთვნის ჩემგან საემიგრაციო ვიზა. არა, ოთოს მარტო ვერ დავტოვებ, ოთო, ოთოოოო, მთელი ცხოვრება გადაყვა ოთოს!
ძვირფასი ეკა, მეზობელი სოფლიდან, კალაურიდან, რომელიც დედასთან ღამე რჩებოდა, უვლიდა და მარტოს არ ტოვებდა, ავადაა, ყელში სიმსივნე აღმოაჩნდა და თავად გახდა საოპერაციო, სამკურნალო და მოსავლელი. ისეთი ღვთნისნიერი ქალია, თავისთან გადაიყვანა დედაჩემი და მარტო მაინც არ დატოვა, რომ რამე არ დაემართოსო.
გაახაროს ღმერთმა, მადლიერი ვარ. ჩემს დედას, თავად მოსავლელი და მისახედი ქალბატონი უვლის ახლა.
ალბათ გაგიკვირდებათ და იკითხავთ, თავის შვილ ოთოსთან რატომ არ არის?!
ოთო იმ ამბების მერე, სახლში ვეღარ მიდის, მოკვლით ემუქრება ყარაჩოღელი! რამდენჯერ ბოდიში შევუთვალეთ, ახლაც ვითხოვთ პატიებას, მარა ვირზე ზის და იქიდან არ ჩამოდის!
ჩვენს ქვეყანაში ხომ არ არსებობს კანონი და ადამიანის თავდაცვა? რას მიქვია ვინმე სიკვდილით მემუქრებოდეს? ამ ქვეყანაში ეგრევე მიხედავდნენ მაგ საქმეს, პოტენციულ მკვლელებს!
არც მეზობლები, სამეზობლო ბიჭები დამეხმარნენ რომ ეს საქმე საბოლოოდ მშვიდად დამთვრებულიყო.
კვდება დედაჩემი მარტოობაში, უპატრონოდ.
როდემდე იქნება ეკასთან, მას თავისი თავი გასჭირვებია. ოთო ნაქირავებ სახლში ცხოვრობს თელავში და იქ დედა ვერ ეყოლება, თან რომელ რძალს უნდა ბრმა დედამთილის მოვლა? პირობები არ აქვთ!!!
არც ახლო ნათესავები აკითხავენ, ეტყობა მოაკლდათ ჩემგან ყურადღება.
ყველამ დაივიწყა დარეჯანი. მაშინ იყო კარგი ქალი მთელს სოფელს საკუთარ დაკრულ გარმონზე რომ ამღერებდა და ახალისებდა. ახლა დაბერდა, უფრო დაბრმავდა და ყველამ დაივიწყა. არავის აღარ სჭირდება. არც შვილებს, არც ნათესავებს, აღარც მეზობლებს.
შეიძლება სნეულებამ ისე არ მოუღოს ბოლო, როგორც სიმარტოვემ. 70 წლის ხდება. მე იქ ვერ წავალ, შვილს და ქმარს ვერ დავტოვებ, ის ჩემთან ვერ ჩამოდის, საყვარელ შვილს, ოთოს ვერ ტოვებს და კვდება მარტოობაში.
ძირი მეზობელო, იქნებ დაივიწყო სიამაყე და პატიება მიიღო ჩემგან და ჩემი ძმისგან. იქნებ გამოიჩინო ზე-ადამიანობა და ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა! ალუდა ქეთელაურმა საკუთარ მტერს, მუცალს მარჯვენა არ მოსჭრა და შენ ვით ვერ გამოგდის ბოდიშის მიღება?! ჩვენ შენი მტრები არ ვართ, ძირი მეზობლები ვართ!
თუ გიხარია მოხუცი ქალის მარტოობაში სიკვდილი და ქართული კერიის, მეზობლის სახლის გაციება?!
ვახ, თუკი მასეა გიხაროდეს!
ეგ, სიხარული დიდი ხანი არ გასტანს!
არავინ არ იცის, ვის როდის და როგორ დაეწევა ცხოვრების უღელი!
ბოდიში დედა რომ შენს გვერდით არ ვარ და ვერ გივლი!
იქნებ ეს კონფლიქტი მშვიდობიანად დავასრულო და ტკბილი სიბერე გაჩუქო. იქნებ შევძლო მამამპაპური სახლის არ გაციება. იქნებ სიკვდილს გადაგარჩინო!
და თუ ვერ შევძელი და დედა აღარ იქნება, არც ერთი მეზობელი ბიჭი, რომელსაც დახმარება გთხოვეთ და არ დამეხმარეთ, არ მოხვიდეთ სამძიმარის სათქმელად. ასევე ჩემი ახლო ნათესავები, რომელსაც თუნდაც დღეში ერთხელ ჩახედვა შეგიძლიათ და არ ჩადიხართ, არ მოხვიდეთ სამძიმარზე. ყველას ვისაც დარეს ასე ყოფნა გიხარიათ, არ მოხვიდეთ.
მანამდე კი ისევ საჯაროდ ვთხოვ ამაყ მეზობელს პატიებას!
იმედია დედას გადავარჩენ! თუ ვერ გადავრჩენ, არ ვყოფილვარ კარგი შვილი! მარა დღემდე მჯერა რომ ბოროტებას ყოველთვის სიყვარული ამარცხებს!
სიყვარულით, გულდამძიმებული ცისნამი,“ - წერს საყვარლიშვილი.
01/21/2026