კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ლეგენდარულ ლუჩიანო პავაროტისთან ჩვენი ქვეყნის საამაყო ბანს, პაატა ბურჭულაძეს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა. მათი მეგობრობა სტარტს ლონდონის კოვენტ გარდენ ოპერიდან იღებს, სადაც ბურჭულაძის სენსაციური დებიუტი შედგა. მან ოპერა "აიდაში", ვარსკვლავ ლუჩიანო პავაროტის რადამესის გვერდით, რამფისის პარტია შეასრულა. მას შემდეგ ქართველი ბანისა და იტალიელი ტენორის მეგობრობამ 23 წელს გასტანა. ლეგენდარული პავაროტი 2007 წელს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც საოპერო მომღერალმა სამიოდ წლის წინ მომიყვა, ლუჩანოსგან ბევრი რამ ისწავლა და მათ შორის, ყველაზე დიდი და ჰუმანური რამ - ქველმოქმედება. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რაშიც ის თავის იტალიელ კოლეგასა და მეგობარს ძლიერ ემადლიერება.

პაატა ბურჭულაძე: ლონდონში პირველი ჩემი გამოსვლა სპექტაკლ "აიდაში" 1984 წელს შედგა. ლუჩიანო მღეროდა რადამესის პარტიას. აი, იმ დროს დავმეგობრდით. მას შემდეგ მან მე მსოფლიო შემომატარა.
მე გახლდით პირველი საბჭოთა მომღერალი, რომელიც ამერიკაში 1986 წელს ჩავიდა. ლუჩიანოსთან ერთად ვასრულებდი ვერდის "რექვიემს". კონცერტის შემდეგ, პავაროტიმ, ნიუ იორკში, თავის სახლში წამიყვანა, რაღა სასტუმროში, ჩემთან იყავიო და თავის აპარტამენტში დამპატიჟა.

მაშინ მას ჰყავდა პირველი მეუღლე ადუა, რომელთანაც სამი ქალიშვილი ჰყავს. კონცერტიდან დაბრუნებულები მშივრები ვიყავით. გოგოებმა სუფრა გაგვიშალეს, სპაგეტი და ბევრი სხვადასხვა რამ. თან ლუჩიანომ ღვინო გამოიტანა, შეგვიძლია დავლიოთო. მე ქართულ სადღეგრძელოებს ვასწავლიდი, ის - თავისას...
პავაროტი იყო ერთი, ორასი კილო და მეც დაახლოებით, ას ოთხმოცი. ორივე მსუქნები ვიყავით. სუფრასთან ვერ ასწრებდნენ კერძების მოტანას, ისეთი სისწრაფით გეახლებოდით საჭმელებს ორივე.


როდესაც კარგად შევზარხოშდით, ლუჩიანომ მითხრა, ამერიკაში პირველად ხარ და შენს მშობლებს რატომ არ ეუბნები, ყველაფერმა რომ კარგად ჩაიარაო. აქედან თბილისში როგორ შევატყობინებ-მეთქი (1986 წელია), გავიოცე. რატომ? ავიღოთ ტელეფონი და დავრეკოთო.
მოკლედ, დარეკა, ლუჩანო პავაროტი ვარ და საბჭოთა კავშირში მინდა დარეკვაო. ქალაქ თბილისს 15 წუთი ეძებდნენ. მივეცით ტელეფონის ნომერი და ჩვენ მოლხენა გავაგრძელეთ.
რა იუმორის მქონე კაცი იყო, ახლა ნახეთ. კარგ ხასიათზე ვართ, დარეკა ტელეფონმა, აიღო ლუჩიანომ. დედა ინგლისურად საუბრობსო? - მკითხა. როგორ არა, დედა ინგლისურის მასწავლებელია-მეთქი. ძალიან კარგი, მაშინ მე დაველაპარაკებიო, მითხრა.
დედაჩემს ინგლისურად ეუბნება, მე ვარ ლუჩიანო პავაროტი. ცოტა ხანში: პაატა, რა ენაზე საუბრობს დედაო? ინგლისურად-მეთქი. ლუჩიანო ამბობს მხოლოდ: Yes, Yes, Yes...
"კარგი ინგლისური აქვს დედაშენს", - პარალელურად მე მეუბნება. და ისევ აგრძელებს - "Yes, Yes, Oh, Yes"...
კიდევ, "დედაშენმა ინგლისური იცის, მე ეგეთი ინგლისური, არ ვიცი". მომცა ტელეფონი და მე დაველაპარაკე მამაჩემს.
ჩამოვედი თბილისში და მამაჩემმა მომიყვა: ლუჩიანო პავაროტი ვარო, დედას რომ გაუგონია, ეს ზარი მისთვის იმდენად შოკის მომგვრელი აღმოჩნდა, ლამის მეტყველების უნარი დაუკარგავს და I love you, i love you, i love you-ს მეტი ვერაფერი მოუხერხებია ეთქვა. და ამ დროს - რა კარგი ინგლისური იცის დედაშენმაო, მეხუმრა პავაროტი.

გემრიელად ჭამა უყვარდა. სხეულის სიმძიმისგან ფეხი აწუხებდა.
ნიუ-იორკში მშობლებიც ჩავიყვანე. დედამ იქ ქართული სუფრა გაშალა. ლუჩიანომ ერთი ქვაბი საცივი შეჭამა. გაგიჟდა საცივზე, ისე მაგრად მოეწონა! საერთოდ, მოეწონა ქართული კერძები.

არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. მე ლუჩიანოს პირიდან არავის დამცირება, დაკნინება არასდროს გამიგია. თუ ვინმე არ მოსწონდა, არაფერს ამბობდა. ის იყო მეგობარი, როგორც ინგლისის პრინცესა დაიანასი, ასევე მისი ქალაქის, მოდენას პურის გამყიდველისაც. ყველასთან მეგობრობდა.
მაგარი პიროვნება იყო. მისგან ცხოვრებაში ბევრი რამ ვისწავლე, მათ შორის - ქველმოქმედება. მას ჰქონდა საქველმოქმედო ფონდი "ლუჩიანო და მეგობრები", რომლითაც უამრავ ბავშვს დახმარებია.
მე მისი მადლობელი ვარ. ჩვენ დიდი ხანი ვმეგობრობდით.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს. მაგარი კაცი იყო, ძალიან მაგარი...

04/28/2026