ყველაფერი ბავშვებზე

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მუსიკოსმა და ყველა დროის ქართული მუსიკალური კონკურსების ყველაზე მკაცრმა ჟიურის წევრმა, მარინა ბერიძემ, UG Art პოდკასტი-ში სტუმრობისას, ქართულ შოუბიზნესში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და საბავშვო მუსიკალურ კონკურსებსაც შეეხო.
მუსიკოსი ამბობს, რომ ხშირად ასეთ კონკურსებზე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება ავიწყდებათ და მხოლოდ სანახაობაზე არიან ორიენტირებული.
"როგორც კი შენ ავარსკვლავებ ბავშვს და მერე ეს ბავშვი რაღაც პერიოდის მერე ვერაფერს ვერ იღებს, ეს მისთვის ძალიან დიდი ტრავმაა.
ბავშვს მუსიკა უნდა ასწავლო მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყოს კეთილი, მართალი და კარგი გემოვნება ჩამოუყალიბდეს. ბავშვს სილაღე არ უნდა წაართვა. თუ ბავშვი იმიტომ გამოდის კონცერტზე,რომ მერე ქორწილში უნდა იმღეროს და მერე მის პროდიუსერს უნდა დაურეკო (ვიცი მედ რაც ხდება), ეს ჩემთვის არის ნონსენსი და წარმოუდგენელი ამბავია.
კიდევ ერთი ყველაზე დიდი უბედურებაა, ბავშვს რომ შეაჩვევ პლუსზე სიმღერას... დღეს ბავშვები მღერიან პლუსებზე და მე ეს კარგად ვიცი.
მე კარგი ყური მაქვს და ხანდახან პედაგოგის ხმას ვცნობ, ბავშვის ნამღერიც კი არ არის... და მერე პედაგოგი ეუბნება - შენ ძალიან კარგად იმღერე...
ასეთი დამოკიდებულებით, შენ უკვე 7 წლის ბავშვს ასწავლი ტყუილს. ატყუებ მის მშობელ და ახარჯვინებ უზარმაზარ ფულს...
და რაც მთავარია არსებობს რეპერტუარის პრობლემა. ბავშვმა უნდა იმღეროს საბავშვო სიმღერა.
დღეს საბავშვო მუსიკალური კონკურსები ძალიან ცოტაა. ფაქტობრივად ერთადერთი საზოგადოებრივ მაუწყებელზე - "რანინა". ამ ბევრი ჩემი მეგობარი და ახლობელი მუშაობს, იქ ნამდვილად კარგი პედაგოგები არიან და რაც მომწონს განსაკუთრებით, ისაა, რომ ბავშვებმა ბგერის მნიშვნელობა იციან. ბგერიდან ბგერაზე გადასვლა შესანიშნავად აქვთ ნასწავლი.
ერთადერთი პრეტენზია მაქვს და ეს არის რეპერტუარი. არ არის ის რეპერტუარი, რაც შეფერება ბავშვებს ან ძალიან ჩახლართულად არის წარმოდგენილი.
მე წლების განმავლობაში ვიყავი ჟიურიში, მაგრამ არ ვიცი ბავშვი როგორ შევაფასო, თუ უკან ჩოხიანი 20კაცი უდგას და 40 ფორტეზე მღერის. იქ მე მეკარგება ბავშვი. არ შეიძლება პირველ ტურში გამოვიდეს ბავშვი და იმას უკან ჰყავდეს "ბექები"... ეს არის სანახაობა, ტელევიზია, რეიტინგი... მაგრამ მე ვერ ვისმენ ბავშვს, მეკარგება ის.
მთავარი არის არ გადავეჩვიოთ სიმართლის თქმას, სიმღერაშიც ცხოვრებაშიც, სახელმწიფოშიც და ქვეყანაშიც," - თქვა მარინა ბერიძემ.
06/14/2026