ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
თუ გინდა, რომ მხნეობა და სილაღე გქონდეს, რომელიმე სოციალურ ქსელში მარიამ სადღობელაშვილი უნდა გყავდეს "დამეგობრებული." ხომ არის ნაცრისფერი განწყობა, სასოწარკვეთა რომ ჰქვია და სინამდვილეში ეშმაკი რომ გიტევს. მსოფლიო სევდა რომ გაწევს მხრებზე და სარკეში ორეულს თვალს არიდებ. აი, ასეთ დროს "ფეისბუქზე" შემომხვდება ხოლმე მარიამის უპოზიტიურესი ფოტოსესია, ან იუმორისტული ვიდეო, ან ცეკვა და თითქოს და, უმნიშვნელოდ მიწერილი მისი ფრაზები;

ჰოდა, ისე შემომილაწუნებს და აზრზე მოვყავარ ამ პოსტებს, რა დროს სასოწარკვეთა და ნიჰილიზმიაო, რომ ვოცდები. ყოველ ჯერზე მართლა მაოცებს, სად პოულობს ამხელა ძალას ეს ბრჭვიალა, მხიარული და ფერადი ტიკტოკერი გოგონა.
მერე სულ ვფიქრობ, რა უმადურები ვართ ადამიანები, როგორ ვიგონებთ დეპრესიას ან "ცუდ ხასიათობანას" ვთამაშობთ. ეს ხომ სინამდვილეში უღმერთობაა.
"მადლიერების შეგრძნება სულ მაქვს. მინდა ღმერთთან შეხვედრის არ მეშინოდეს" - ამბობს ინტერნეტ გამოცემა "ზმნასთან" მარიამი.

მისი გამოწვევებით სავსე ცხოვრების შესახებ, მისგან, არაერთხელ მოგისმენიათ. სურვილისამებრ, მარტივად მოიძიებთ და შეიტყობთ. ამიტომ აქ უადგილოდ მიმაჩნია, მარიამის ფიზიკური ტრანსფორმაციების შესახებ მისი ბიოგრაფიის ხელახალი გაზიარება. ყველა ფოტოში ასე ჰოლივუდურად რომ იცინოდეს, აქამდე ურთულესი გზით მოვიდა, სავსე განსაცდელებითა და რთული ოპერაციებით. ამიტომ ამ პატარა ინტერვიუში უფრო მის შინაგან განწყობას დავინახავთ.
ჩემი რესპონდენტი ძლიერი გოგოა და ის უფალს ყოველდღე მადლობს სიცოცხლისთვის... უმადურმა ადამიანებმა ეს მისგან - ნამდვილად უნდა ვისწავლოთ.

- მარიამ, შენი სიცოცხლის სიყვარული და დადებითი განწყობა გადამდებია. როგორ პოულობ იმ ძალას, რომლითაც ასე შეგიძლია სხვების გამხნევება?
- ჩვენ, ყველას, შეიძლება გვქონდეს ჩვენი ცხოვრებისეული განსაცდელი, უბრალოდ, ვიღაცას შეიძლება უფრო ადრე, ვიღაცას - გვიან. ან საერთოდაც არ ჰქონდეს. ჩემს შემთხვევაში, ეს ძალიან ადრე მოხდა, ძალიან ადრე და ცხოვრებამ და ღმერთმა მომცა ეს ძალა, სიცოცხლის სიყვარული, ეს მადლიერება... არ ყოფილა სხვა ვინმე მარიამი, რომელიც იქნებოდა გვერდით და მენდომებოდა მისთვის მიმებაძა, აი, მის მსგავსად მეც გავალ გარეთ, მეც შევძლებ, მეც გავიპრანჭები-მეთქი. არ იყო ასეთი მარიამი. დღეს მე ვარ ის მისაბაძი მარიამი სხვებისთვის, რომელსაც მთელი ბავშვობა ვნატრობდი. და ეს არის ძალიან ღირებული ჩემთვის.

- სტიმულისთვის და იმისთვის, რომ სულ ასე იბრჭყვიალო და განსაკუთრებული ნათება გქონდეს, გჭირდება ვინმე კონკრეტული ადამიანი?
- არა. ამას საკუთარი თავისთვის ვაკეთებ, რომ მე ვიგრძნო თავი კარგად და მომწონდეს საკუთარი თავი, როდესაც სარკეში ჩვიხედავ. მერეა სხვა დანარჩენი.

- სიყვარული გწვევია?
- ჯერ არა. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ყველაფერს.
- საიტერესოა, როგორ გრძნობ თავს, როდესაც ნეგატიურ კომენტარებს კითხულობ შენი ფოტოების თუ ვიდეოების ქვეშ? სამწუხაროდ, არაერთხელ შემხვედრია და ამიტომ გეკითხები.
- ეს, თავიდან, ნამდვილად რთული იყო. თუმცა, ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, გადავლახე. ჩვენ ადამიანები ასე ვართ მოწყობილნი - სხვისი განკითხვა, ჭკუის სწავლება, ცუდი დამოკიდებულების გამოხატვა, შებრალება გვკვებავს. მერე კმაყოფილნი ვართ. ასეთი ადამიანები წერენ ჩემთანაც და სხვასთანაც ცუდ კომენტარებს. სამწუხაროა ეს ფაქტი, მაგრამ მათი არჩევანია ეს, ასე გადაწყვიტეს ეცხოვრათ, ჩვენ ხელს ვერ შევუშლით, მთავარია, ჩვენ არ გავბოროტდეთ მათ მსგავსად.

- შეიცვალა საზოგადოება მათგან განსხვავებული ადამიანების მიმართ? დღეს როგორ ხედავ ამ სოციუმში შენს თავს?
- დღეს ბევრად ყოჩაღი ვარ, ბევრად მადლიერი, უფრო ძლიერი და უფრო ლამაზი. საზოგადოებას რაც შეეხება, ჩემზე ბევრად პატარა თაობა უფრო გაცილებით ლოიალურია განსხვავებული ადამიანების მიმართ, ვიდრე შუა ხნის ან ასაკოვანი ხალხი. სოციუმს შეცვლის მცდელობა აქვს და ეს მე ძალიან მახარებს.

მე ზესტაფონში დავიბადე და გავიზარდე. ძალიან მიყვარს იქაურობა. პატარა ქალაქია და ბევრი მიცნობს, უფრო შესამჩნევი ვარ კარგით თუ - ცუდით. რეგიონებში ხალხი სხვაგვარად ფიქრობს, ამა თუ იმ თემაზე მაინც თავისი წარმოდგეგენები აქვთ. თბილისში სხვაგვარადაა...
- მგონია, რომ სასოწარკვეთილ მდგომარებას ძალიან ყოჩაღად ებრძვი და მას არავის აჩვენებ.
- სასოწარკვეთა ყველას აქვს, მნიშვნელობა არ აქვს მის ფიზიკურ მდგომარეობას. ეს ეშმაკის ბრძოლაა ადამიანთან, რომ რაც შეიძლება უიმედოდ გვამყოფოს. მაგრამ შენც ებრძვი მაქსიმალურად შენი რესურსით. მეც მაქვს სასოწარკვეთის დღეები, იშვიათად, მაგრამ მაინც. ამ დროს მინდა დავიცალო და სარკის წინ ვტირი... ვუყურებ ჩემს თავს, როგორი უსუსური ვარ, ღმერთის გარეშე... მერე ძალას ვიკრებ, მახსენდება, რომ ღმერთი არასდროს დამტოვებს და მის გზას ვირჩევ - სიყვარულის და გადარჩენის გზას.

- როგორია შენი ღმერთი?
- ღმერთი ჩემს გულშია. ყოველდღე ვესაუბრები. ვცდილობ, ბევრი თხოვნით არ შევაწუხო და უფრო მადლიერი ვიყო იმით, რაც მაჩუქა. ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, რომ მასთან შეხვედრის არ მეშინოდეს. მაგრამ მეშინია. ამიტომ მაქვს ყველაფრის მიმართ მადლიერების შეგრძნება. სულ.
- ეს ფრაზა გეწერა ერთ პოსტში - "სანამ იტყვი, რომ უიღბლო ხარ, დაფიქრდი, შენ ქრისტემ თავისთვის აგირჩია". რას გულისხმობ?
- ადამიანები ხშირად უმნიშვნელო რაღაცებზე ვწუწუნებთ. ან ვეღარ ვუძლებთ და გაუაზრებლად ვისვრით სიტყვებს. ამ დროს გვავიწყდება უფალი, რომელიც ჩვენთვის ეწამა და გვაჩუქა სიცოცხლე.
- რისთვის ღირს სიცოცხლე?
- ყველაფრისთვის, ყველა დღისთვის... მთავარია, სწორად ვიცხოვროთ, რომ ღმერთს გული არ ვატკინოთ და ყველაფრის მადლიერები ვიყოთ.

10/21/2025