Logo

ინტერვიუ

"დღეს მე რუსულად სიმღერა არ მსიამოვნებს!" - ინტერვიუ ირმა სოხაძესთან

"დღეს მე რუსულად სიმღერა არ მსიამოვნებს!" - ინტერვიუ ირმა სოხაძესთან

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მას შემდეგ, რაც ირმა სოხაძემ პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა, თითქოს საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში, უფრო მოექცა. პერიოდულად ხან რას დასწამებენ, ხან - რას მიაწერენ. პრინციპში, ხმაური არც მანამდე აკლდა. გამოჩნდება, აზრს დააფიქსირებს და მისი ნათქვამი უკვე რეზონანსულია. მისდა უნებურად განხილვის თემა ხდება. როგორც ამბობს, ბუნებით კონსერვატორია, არ უყვარს პირველობა, არც ამბიციურია, მაგრამ...

ორიოდ დღის წინ ფეისბუქზე დაპოსტა: "გთხოვთ გამარკვიოთ, "მედროვე" ვარ თუ "რუსეთუმე", ერთად რაღაც არ გამოდის." მომღერალს ძველი რუსული რომანსების შესრულების დრო გაუხსენეს - სხვაზე რომ ამბობ რუსეთუმეობას, თავად ხომ რუსულ სიმღერებს ასრულებო?!

ირმა სოხაძე "ზმნას" ინტერვიუს აძლევს. დანარჩენი ქვემოთ.

ნაწილი პირველი

ირმა სოხაძე: თბილისი ძალიან მიყვარს. აქ ვიყო წყნარად და მშვიდად, მშვიდი სიბერე მქონდეს და არსად წასვლა არ მინდა. ეს ქალაქი ისე მიყვარს, რომ ახალგაზრდობაში რომ იყო წასვლის მომენტი და ცხოვრების კარიერულად შეცვლის შანსი მომეცა, მივხვდი, რაოდენ მძიმეა ეს ჩემთვის. მაშინ ჩვენთვის უცხოეთი რუსეთი იყო და რა ჭკუა ვიხმარე, რომ არ წავედი. მოსკოვში რომ კარიერა გამეკეთებინა, დღეს რა "კარგად" ვიქნებოდი, ხომ წარმოგიდგენიათ? იყო სხვა ვარიანტები, შეიძლებოდა მოსინჯვაც. მაგრამ ასე კარგად, როგორც ჩემ ქალაქში, სხვაგან არსად არ ვგრძნობ თავს. ხომ შეიძლება გაიკეთო კარიერა და შეახედო შენი თავისთვის თბილისელებს, რაც ჩვენ გვიყვარს. სხვაგან აღიარებულს, ადვილად ვაღიარებთ, გვაქვს ეს თვისება. მაგრამ ამაზე მხოლოდ ფიქრები მქონდა, სურვილი - არასდროს და კიდევ კარგი. ერთი ნოსტალგიამოძალებული, ჩვეულებრივი თბილისელი ვარ. ადგილის დედა ჩემთვის მნიშვნელოვანია, სადაც იბადები, იქ უნდა იყო.

საერთოდ, კონსერვატორი ვარ, მიყვარს მიჩვეული წესრიგი, წრე, ადამიანები, ვერ ვიცვლი. მიჯაჭვულობა მახასიათებს და თუ გული არ ამიცრუვდება, თუ შემიყვარდება, სამუდამოდ მიყვარს.

ირმა სოხაძე

- ემიგრაციაში ვერ იცხოვრებდით?

- ვერასდროს. სამსახურიც არ გამომიცვლია, 1979 წელს კონსერვატორია რომ დავამთავრე და პირველ არხზე მივედი, 2005 წლამდე, 25 წელი ფეხგაუდგმელად ვიმუშავე.

- სიახლეს და გამოწვევას ერიდებით?

- არ მიყვარს, არ ვარ ავანტიურისტი, არც აზარტული და ამბიციური ვარ. ეს შეიძლება ცუდი თვისებაა და ბევრი დამაკლო და ზიანი მომიტანა, მაგრამ ასეა. არ მინდა ვიყო პირველი. სადაც ვყოფილვარ, ჩემდა უნებურად გამორჩეული ვყოფილვარ, უხერხულობის გრძნობაც მქონია. სკოლაში სულ არ მინდოდა პირველი მოსწავლე ვყოფილიყავი. ოქროს მედალზე დავამთავრე, ოთხიანი არ მიმიღია. მაგრამ ეს არ მიხაროდა, გამორჩეული ყოფნა მერიდებოდა. პირველ არხზე უმცროსი რედაქტორობიდან დავიწყე და ბოლოს გენერალური დირექტორის მოადგილე ვიყავი. კარიერული წინსვლა ჩემდა უნებურად მოდიოდა. მე არ ვეწინააღმდეგებოდი. რაც იყო, ეგ იყო.

- ბოლოს სად იმოგზაურეთ და რა შთაბეჭდილებით?

- მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში პრაღაში ვიყავი, ჩემი შვილის, სალომეს დაბადების დღე იყო, 50 წლის გახდა, შვილიშვილმა მაქსიმემ კი, სკოლა დაამთავრა და უმაღლესში ჩაირიცხა.

ირმა სოხაძეირმა სოხაძე

27 წელია სალომე პრაღაში ცხოვრობს. ისეთი მშვიდი და წყნარი ქალაქია, ღამის 2 საათზე ბავშვს ისე გაუშვებ ქუჩაში, რომ არ შეგეშინდება. მიგრანტიც ბევრია, მაგრამ არაფერი უხერხულობა არ იგძნობა. ყველა დაცულად გრძნობს თავს. ვისაც როგორ უნდა ისე ცხოვრობს, სხვას არავინ არაფერს უშლის. ეს არის ევროპა. კიდევ ერთხელ მოვიარე ეს "საძაგელი" ევროპა და ვნახე, როგორ "ავიწროვებენ" ადამიანებს, როგორ "ათხოვებენ კაცებს", ძლივს გამოვასწარით მე და რეზომ იქიდან.

ირმა სოხაძეირმა სოხაძე

ორი დღის წინ ჩემთან სტუმრად იყო ჩემი ბიძაშვილის შვილი, რომელიც ავსტრიაში ცხოვრობს. შვილის გაჩენას ფიქრობს და თქვა, ავსტრიაში ხელფასიანი დეკრეტი ორი წლით დედასაც აქვს და მამასაც. პირველი ორი თვე სავალდებულოა მამაც გავიდეს დეკრეტულში, რომ შვილის გაჩენის პირველი ორი თვე, დედამ მარტო არ იგრძნოს თავი. ეს ხდება ევროპაში, სადაც თურმე არ იციან, რა არის ოჯახი! იმ ხალხს რა დაემართა, ვინც ევროპას ათას სისულელეს "აბრალებს". არაფერს გაძალებენ, თავისუფალი ხარ. კანონით კი, ოჯახისთვის სასიკეთო რამეს გთავაზობენ - ორი თვე მშობლებმა შვილი ერთად გაზარდონ. ეს არის ევროპა, შვილის ერთად გაზრდა, სადაც ყველას უფლებები დაცულია.

ახლახან ჩვენს პარლამენტარს უთქვამს, თქვენ გგონიათ, სულხან საბა ორბელიანი იმიტომ წავიდა ევროპაში, რომ იქიდან კაცების გათხოვება "წამოეღოო"? არ გვგონია, ნამდვილად არ გვგონია. დარწმუნებულიც ვარ, რომ ამიტომ არ წასულა. ლონდონში მცხოვრებმა აკუნინმა დაწერა (თვითონ ხომ ჩხარტიშვილია), ჭორები დაყარეს, რომ თითქოს ინგლისში პოსტებისთვის და კომენტარებისთვის იჭერენ და ალბათ, სხვა ქვეყანაში ერევათო. რუსეთში ასეა, მაგრამ ინგლისში მსგავსი პრეცენდენტი არ ყოფილა.

ირმა სოხაძე

- სადღაც, მეოცე საუკუნეში რუსული სიმღერები "აღმოგიჩინეს", არა? პოსტი გეწერათ.

- აბა! აღარ ვმღერი რუსულ სიმღერებს... ვერ ვიტყვი, რომ აფხაზეთის ომის შემდეგ რუსეთში არ მიმღერია, მაგრამ 15 წლის წინანდელი და ბოლო პერიოდის რუსეთი, ერთნაირი ხომ არ არის? არ მეგონა, რომ 21-ე საუკუნეში რუსეთი ისევ ასეთი აგრესიით, ტირანიით და ანექსიის სურვილით იქნებოდა განწყობილი. არ მეგონა. ვეღარ ვმღერი რუსულ სიმღერებს. სასაცილოა, ამით რა აკლდება რუსულ სიმღერას, მაგრამ დღეს მე რუსულად სიმღერა არ მსიამოვნებს. შეგვეშვან, დაგვანებონ თავი და ისევ მესიამოვნება. გერმანიამ მოინანია თავისი დანაშაული. ებრაელებს გერმანიაში ყველანაირ პირობებს უქმნიან, ბინებს უფასოდ აძლევენ, ბოდიშს უხდიან, რომ მათ თავი კარგად იგრძნონ. იყო დრო ისრაელში ვაგნერს არ უკრავდნენ... ასეც ხდებოდა. თავისი დრო აქვს ყველაფერს...

- ბოლოს როდის იყავით რუსეთში?

- 2013 წელს მაქსიმ გალკინმა თავის გადაცემაში მიმიწვია. "დღეს, საღამოს" - ძველით ახალი წლისთვის უნდა ჩაეწერა.

მე ცნობილი რუსული სახელმწიფო კამერული ორკესტრის "ვივალდი-ორკესტრის" სოლისტი ვიყავი სულ... მისი ხელმძღვანელი სვეტლანა ბეზროდნაია კონცერტებზე მიწვევდა ხოლმე. იმ დროსაც დაემთხვა და ამ ორკესტრის კონცერტიც იყო. მე გადაცემას უარი რომ ვუთხარი, თავად გალკინმა დამირეკა, ძალიან გთხოვ, ამ ერთხელ იქნებ ჩამოხვიდეთ სტუმრადო. მისი ხათრით ჩავედი, თან "ვივალდი-ორკესტრის" კონცერტზეც ძველი რუსული რომანსი ვიმღერე. კარგი ჩანაწერია, ბოდიშებიც მიხადეს. გალკინი რომ ნორმალური მოქალაქეა, ხომ გამოჩნდა, არა? რაც მან და ალამ კარიერა და კარგი ცხოვრება დათმეს, წავიდნენ და ნულიდან დაიწყეს, ჯერ ისრაელში, შემდეგ - კვიპროსზე. ეს ხომ ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელია და ალას ასაკში კი არა, გარემოს შეცვლა, რაღაცის გამო და ფეხი ფეხზე გადადებული სიბერის რისკის ქვეშ დაყენება, ძალიან რთულია.

ალა პუგაჩოვა

ერთ შემთხვევასაც გავიხსენებ - გასული წლის შემდგომაზე თუ ზაფხულში, მირეკავენ რუსეთის პირველი არხიდან, ვალოდია შაინსკის იუბილეა, მის ოჯახს უნდა ჩამოხვიდეთ და ორი სიტყვა თქვათო.

ამ კომპოზიტორს ეკუთვნის ბევრი ცნობილი რუსული ანიმაციის სიმღერები. მე "რეროს" სოლისტი ვიყავი. მოსკოვი დიდი სარბიელი იყო. იქ თვეობით ვიყავით გასტროლებზე. "არანჟევაია პესნიას" რომ ვმღეროდი, 1966 წელს, ვალოდიამ რომ მომისმინა, ერმიტაჟში მოვარდა, ეს რა მოვისმინე, ირმაჩკას სიმღერები უნდა დავუწეროო. ერთ კვირაში მომიტანა" ზაჩემ, ზაჩემ, "კენგურუ". ეს სიმღერები გაჰიტდა. მერე სულ ამბობდა, ირმა იმაშია "დამნაშავე", რომ მე საბავშვო სიმღერებით დავინტერესდიო. გენიალური კაცი იყო, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერ ჩამოვალ-მეთქი, უარით გავისტუმრე მოსკოვის პირველი არხი. მერე რობერტ ღურწკაიამ დამირეკა, ნებისმიერ ჰონორარზეა საუბარი, სახლიდან მაინც ჩაერთეო. გამორიცხულია, რუსეთის რომელიმე ტელევიზიის ეკრანზე გამოვჩნდე-მეთქი, ვუთხარი მასაც.

- სწორად მოქცეულხართ.

- ძალიან სწორად მოვიქეცი. ვინც თმას იწეწავს და ბრალს მდებენ, დაფიქრდნენ, რა დავაშავე, რისთვის მსაყვედურობენ? ვინმეს თავში მუშტი ჩავარტყი? ხაზინის ფული მოვიპარე? ქოლცენტრი გავხსენი, თუ რა დავაშავე? ყველაფერზე უარი რომ ვთქვი - სამსახურზე, კონცერტებზე, ჰონორარზე, "ქართუს" სტიპენდიაზე, ამით თავი დავიზიანე. სხვას რა დავუშავე?
როცა იმედი გამიცრუვდება კოლაბორაცია არ შემიძლია, არ მინდა ურთიერთობის დაჭერა. ამიტომ ვარ რამეში დამნაშავე?

- ამ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო?

- აბსოლუტურა არა. გამჭვირვალობის კანონის მეორედ შემოტრიალების დროს, როცა მთელი მსოფლიო ეუბნებოდათ, ამას ნუ იზამთო და მაინც ეს კანონი მიიღეს, არ მესმის. და როცა რაღაც არ მესმის, იქ ვეღარ ვარ.

გაგრძელება იქნება

ირმა სოხაძე

ავტორი: თამარ გონგაძე

07/01/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024