რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
21 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს.
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების დღესასწაულის აღნიშვნა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა.
მთავარანგელოზნი უფლის ნებას გვაუწყებენ. გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს. ანგელოზნი ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან. ისინი ღვთის განგებულებას გვამცნობენ. არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან შეგვეწიონ.
ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი.
ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ:
მთავარანგელოზი მიქაელი - შემწე და მძლეველი ყოველთა ზედა ბრძოლასა მტერისასა
და მფარველი ყოვლისაგან ჭირისა, მწუხარებისა და ბოროტებისაგან
წმიდაო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ! მსახურო საღმრთოჲსა მის ნათლისაო და თჳთ-მხილველო საიდუმლოჲსაო, რომელმან დათრგუნე ეშმაკთა სიბოროტჱ და ჴელმწიფებაჲ გაქუს განთავისუფლებად ჩუენდა ყოველთაგან ვნებათა და ვერაგობათა მტერისაჲთა, აწ გარე წარაქციენ აღძრვანი წარმართთანი, რომელნი კადნიერად მოვლენან ჩუენ ზედა, დაარღვიე მწვალებელთა მანქანებანი და მტკიცედ დაცულ ჰყავ ეკლესიანი ქრისტჱსნი ძალითა ღმრთისაჲთა.
ჵ, დიდო მთავარო ზეცისა მჴედრობათაო მიქაელ! მთავართა ბნელისაჲთა წარმწყმედელო და ბოროტთა მძლეველო, აწ ამაო ჰყვენ საშინელნი მზაკუვარებანი მათნი, რომელნი უკეთურთა იღუწიან სავნებელად ჩუენდა, და შეუხებელად დაგვიცევ მტერთა წყობათა და ზედა მოსლვისაგან, რაჲთა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან; ევედრე ქრისტესა მეუფესა ჩუენსა, მხოლოსა მრავალ-მოწყალესა, მოიხილოს ერსა თჳსსა ზედა, რომელსა არა გუაქუს სიტყჳსგებაჲ წინაშე მისსა, და ყოველთაგან თესლთა, ბრძოლად ჩუენდა შემოკრებულთა გჳჴსნნეს და დაგჳფარნეს ჩუენ ყოველთა ურვათაგან, სენთა და სალმობათაგან, ვნებათა წყლულებისაგან და ამაოჲსაგან სიკუდილისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

***
უფალო, ღმერო ძლიერო, მეუფეო დაუსაბამოო, წარმოგზავნე მთავარანგელოზი შენი მიქაელი შეწევნად მონისა შენისა (სახელი), რათა მიხსნას მე ხილულ და უხილავ მტერთაგან.
ჰოი, დიდო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ, გარდამოავლინე მშვიდობა შენი სახიერი მონასა ამას შენსა ზედა.
ჰოი, დიდო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ, ეშმაკთა შემმუსვრელო, შეჰკარ ყოველნი მბრძოლნი ჩემნი და აღხოცენ იგინი პირისაგან მიწისა.
ჰოი, დიდო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ, უპირველეს ექვსფრთოვან დიდებულთა შორის, ზეციურ ძალთა, ქერუბიმთა და ყოველთა წმიდათა ზესთამბრძოლო.
ჰოი, საკვირველო მთავარანგელოზო მიქაელ, იდუმალო მფარველო, მეყავნ მე შემწედ ყოველთა განსაცდელთა, ურვათა, მწუხარებათა შინა, უდაბნოთა, წყალთა და ზღვასა მყოფსა შემქმენ მშვიდ ნავთსაყუდელად.
დიდო მთავარანგელოზო მიქაელ, განმათავისუფლე ეშმაკისა საცდურისაგან და შეისმინე ხმა ცოდვილისა მონისა შენისა (სახელი), რომელი ვღაღადებ და მოვიხმობ სახელსა შენსა წმიდასა, მსწრაფლ შემეწიე და შეიწყნარე ლოცვა ჩემი.
ჰოი, დიდო მთავარანგელოზო მიქაელ, სძლიე ყოველთა წინააღმდგომთა ჩემთა ძალითა პატიოსნისა ცხოველსმყოფელისა ჯვარისა უფლისათა, ლოცვითა ყოვლადწმიდისა უხრწნელისა ღმრთისმშობელისათა, ყოველთა წმიდათა მთავარანგელოზთა და ანგელოზთა, შუამდგომელობითა წმიდისა წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, წმიდისა მოციქულთასწორისა განმანათლებელისა ჩვენისა ნინოსითა, დიდისა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისა, წმიდისა დიდისა ძლევაშემოსილისა გიორგისათა, წმიდისა ილია წინასწარმეტყველისა, დიდთა მოწამეთა ნიკიტასა და ევსტათესი, მეოხებითა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა, ყოველთა წმიდათა და ყოველთა ზეციურთა ძალთა, ამინ!
ჰოი, დიდო მთავანარგელოზო მიქაელ, შემეწიე მე ცოდვილსა მონასა შენსა (სახელი) და მიხსენ მე, ერი ჩვენი, ეკლესია და სრულიად საქართველო სიყმილისაგან, სრვისა, ძვრისა, ცეცხლისაგან, მახვილისა, შიმშილისა, მოულოდნელი სიკვდილისა, მტრისა მზაკვარისა და ყოველი ბოროტისაგან და დაგვფარენ ჩვენ დიდო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ, აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
საქართველოში მთავარანგელოზთა სახელობის მრავალი ტაძარი არსებობს, მათ შორის - ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (ოზურგეთის რაიონის), დიმის (ბაღდათის რაიონი), ერკეთის (ჩოხატაურის რაიონი), გრემის, შუა მთის (თეკლესეული), ქვედა საზანოს (ზესტაფონის რაიონი), სართიჭალის, ონის, მარტყოფის, გლდანის და ა.შ.
11/21/2025