რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
15 ივლისი ვლაქერნობაა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაული.
დღესასწაული ზუგდიდში აღინიშნება. მსოფლიო ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი სიწმიდე, ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი დადიანების კარის ეკლესიაში ინახება. ტრადიციულად, ღვთისმშობლის კვართს დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანებენ, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული.

ღვთისმშობლის კვართთან ერთად მომლოცველებს შესაძლებლობა აქვთ წმინდა დიდმოწამე მარინეს მკლავთან, წმინდა მოწამე კვირიკეს ხელის მტევანთან, წმინდა გიორგისა და იოანე ნათლისმცემელის ძვლის ნაწილებთან მოილოცონ.
ამ დღესასწაულზე ზუგდიდში მოსალოცად მრევლი ჩადის როგორც საქართველოს ეპარქიებიდან, ასევე უცხოეთიდან. ღვთისმშობლის კვართი ტაძარში დღის ბოლომდე რჩება და პილიგრიმებს მასთან მოლოცვის საშუალება მთელი დღის განმავლობაში აქვთ.
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა 1990 წლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით აღდგა და ყოველი წლის 15 ივლისს აღინიშნება.

და მაინც როგორია ჩვენი მაცხოვრის წმინდა დედის შესამოსელის ისტორია და როგორ აღმოჩნდა ის საქართველოში?
ამ სიწმიდის საქართველოში მოხვედრის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს: ერთი ვარაუდით, ის მე-15 საუკუნის დასაწყისშია ჩამოტანილი იერუსალიმიდან.
დღესასწაულის ისტორია
გადმოცემის მიხედვით, ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457-474) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირები, ძმები გალბიუსი და კანდიდი კონსტანტინეპოლიდან პალესტინაში გაემგზავრნენ წმინდა ადგილების მოსალოცად. სახლში სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთლებმა და საკმევლის სურნელებამ მიიპყრო. კეთილმსახურმა ქალმა ძმებს გაუმხილა, რომ იგი იცავდა ძვირფას სიწმინდეს — ღვთისმშობლის სამოსელს, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა.

ყოვლადწმიდა ქალწულმა მიძინების წინ ერთი თავისი შესამოსელი ამ ტომის კეთილმსახურ ებრაელ ქალწულს აჩუქა და სთხოვა, რომ სიკვდილის წინ, ის სხვისთვის, ქალწულისათვის გადაებარებინა. ასე, თაობიდან თაობას გადაეცემოდა სიწმიდე ამ ოჯახში. ძმებმა ძვირფასი კიდობანი წმიდა სამოსლით კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და საგვარეულო ტაძარში დააბრძანეს, რომელიც წმიდა მოციქულთა პეტრეს და მარკოზის სახელს ატარებდა.
469 წლის 2 ივლისს წმინდა გენადი კონსტანტინეპოლელმა ახალ კიდობანში ჩაბრძანებული სიწმინდე შესაფერისი პატივით გადაასვენა ვლაქერნაში, ზღვის სანაპიროზე, ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის კიდობანში ჩააბრძანეს მისი წმიდა ომოფორი და სარტყლის ნაწილი.
დედა ღვთისას პატიოსანი სარტყელი, კვართი და ვლაქერნის ღვთისმშობლის საწაულმოქმედი ხატი სხვა სიწმიდეებთან ერთად ღვთის ნებით საქართველოში მოხვდა.
ისტორიული წყაროები და ზეპირი გადმოცემები სხვადასხვანაირად გადმოგვცემენ ამ სიწმინდეების საქართველოში დავანების ისტორიას. მათ შორის არსებობს ერთი საინტერესო ვარაუდი. ამ ვარაუდის მიხედვით, კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ ვლაქერნის ტაძრის სიწმინდები იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტერში მოხვდა. როცა სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა ჯვრის მონასტერი განაახლა, მან იქვე მოღვაწე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს შესთავაზა საქართველოში, სამეგრელოში ჩამოსვლა და კორცხელის მონასტრის წინამძღვრობა. კორცხელის მონასტერი ჯვრის მონასტრის მეტოქი გახდა. ნიკოლოზი სამეგრელოში ჩამოვიდა და 1632-1657 წლებში ხობის მონასტერში მოღვაწეობდა. შინა და გარეშე ომებისაგან დაქსაქსული და ძალ-ღონეგამოცლილი საქართველო ვეღარ პატრონობდა ჯვრის მონასტერს, ამიტომ სრულიად დამაჯერებელია, რომ ნიკოლოზს ჯვრის მონასტერში დაცული სიწმინდეები საქართველოში მოებრძანებინა.

პატიოსანი სამოსელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, სარტყლის ნაწილი და ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი სამეგრელოს უპირველეს სიწმინდებად ითვლებოდა.
გრიგოლ დადიანმა ხატის შენახვა მიანდო სიმამრს, საქართველოს უკანასკნელ მეფეს გიორგი XII-ს. მისი გარდაცვალების შემდეგ ხატი მიისაკუთრა მისმა ძემ, დავით ბატონიშვილმა და რუსეთში წააბრძანა. ხატის დასაბრუნებლად მთავრის ქვრივმა, ნინო ბაგრატიონმა, ხატი იმპერატორ ალექსანდრე I-ს მიართვა, რათა შემდგომ ეთხოვა კვლავ სამეგრელოში დაბრუნება.
იმპერატორმა ხატი ძვირფასი თვლებით შეამკობინა, ახალი პერანგით შემოსა, კვართისა და სარტყლისათვის საგანგებო მოწერილობით, რომლის თანახმადაც სამთავროში უნდა აეშენებინათ ეკლესია ვლაქერნის ხატის სახელობისა და იქვე დაეარსებინათ ქალაქი გრიგოლიოპოლისის სახელით, განსვენებული მთავრის, გრიგოლის მოსაგონებლად. ტაძრის აშენება თავს იდო გრიგოლ დადიანის მემკვიდრემ მთავარმა ლევან V დადიანმა, რომლის მშენებლობა დამთავრდა 1830 წელს, მარტვილის ეკლესიაში დაბრძანებული ვლაქერნის ღვთიმშობლის ხატი ზუგდიდში გადმოაბრძანეს. ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი კი სამთავროს კარის ეკლესია გახდა.

საქართველოშია ღვთისმშობლის კვართის სარტყელის შუა ნაწილიც, რომელზეც წმინდა მარიამის ხელითაა ამოქარგული მისივე გამოსახულება. ერთ-ერთი ისტორიული წყაროს მიხედვით, იგი ბაგრატ მესამის მეუღლემ, ელენემ წამოიღო ბიზანტიიდან და ბედიის მონასტერში დაასვენა. შემეგ ის დადიანების სასახლეში აღმოჩნდა, საიდანაც ხობის მონასტერში გადაუტანიათ…
ღვთისმშობლის კვართს ბევრი სასწაული უკავშირდება. პირველი სასწაული 632 წელს არის დაფიქსირებული. ცნობილია, რომ მან ორჯერ გადაარჩინა ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინეპოლი სარაცინელთა და ეგვიპტელთა შემოსევების დროს. ერთხელ, სარაცინელებს სახელგანთქმული სარდლის მოავიას მეთაურობით 6 დღე ჰქონდათ ალყაში მოქცეული კონსტანტინეპოლი. პატრიარქმა ფოტიმ კვართი გამოიტანა და ზღვას შეახო, ხომალდები აღლევებულმა ტალღებმა შთანთქა.
ერთი სასწაული საქართველოში 1891 წელს დაფიქსირდა. ყაჩაღებმა ხობის მონასტრიდან კვართი გაიტაცეს. ისტორიულ წყაროებში წერია, რომ საძებნად მთელი ხობი და სამეგრელო ფეხზე დამდგარა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს, 3 დღის შემდეგ, უეცრად კვართი ცისკრის ვარსკვლავით განათებულ ადგილას იპოვეს. სიწმინდე მონასტერში დააბრუნეს.
ზუსტად 2000 წლის მიჯნაზე ახალი სასწაული მოხდა. კვართზე იესო ქრისტეს გამოსახულება გამოჩნდა. მისი დანახვა მხოლოდ კინოობიექტივიდან გახდა შესაძლებელი. ის სტუდია „მემატიანის“ ოპერატორებმა – გურამ როგავამ და დავით ასათიანმა აღმოაჩინეს. ქრისტიანულ სამყაროს მაცხოვრის სამი ხელთუქმნელი გამოსახულება აქვს: ერთი – პირსახოცზე, სახეზე დაფარებისას აღბეჭდილი გამოსახულება, მეორე – ტურინის სუდარისეული და მესამე – ზუგდიდის კვართზე გამოჩენილი ხატი. სამოსელზე იესოს გამოსახულება ადამიანის ხელით შექმნილი რომ ყოფილიყო, ის შეუიარაღებელი თვალისთვისაც შესამჩნევი გახდებოდა.
07/14/2026