Logo

"დიარეულ დაავადებას არ ქვია “ენტეროვირუსი” და მართლა უხერხულია უკვე" - მაია ბუწაშვილი

"დიარეულ დაავადებას არ ქვია “ენტეროვირუსი” და მართლა უხერხულია უკვე" - მაია ბუწაშვილი

09/06/2026

ტექსტის ზომა

ზაფხულის დასვენებას ხშირად მოჰყვება უსიამოვნო სიურპრიზები - დიარეა, ღებინება, მუცლის ტკივილი და ცხელება. განსაკუთრებით ხშირია მსგავსი შემთხვევები ზღვისპირა კურორტებიდან დაბრუნების შემდეგ.
ბევრი ჩვენგანი უკვე კარგად იცნობს იმ პროტოკოლს, რომლითაც მსგავს პრობლემებს უნდა დავუპირისპირდეთ, მაგრამ არიან ისეთებიც, მნიშვნელოვან შეცდომებს რომ უშვებენ და საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებენ.

ნაწლავური ინფექციების დროს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა თვითნებური მკურნალობაა. ანტიბიოტიკის დაწყება, გადასხმის გაკეთება თუ უამრავი პრობიოტიკისა და სხვადასხვა მედიკამენტის ერთდროულად მიღება. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განმარტავს, რა არის რეალურად საჭირო დიარეის დროს, როდის შეიძლება სიმპტომებმა მკურნალობის გარეშეც გაიაროს და რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ.

"წელსაც, ისევე როგორც ზაფხულში ზოგადად, უამრავი ადამიანი ბრუნდება კურორტებიდან დიარეით (განსაკუთრებით ზღვისპირეთიდან). სტატისტიკურ მონაცემებს ვერ წარმოვადგენ და ერთი რიგითი ინფექციონისტის პაციენტები სტატისტიკური ანალიზისთვის ვერ გამოდგება, მაგრამ ჩემს დაკვირვებას გაგიზიარებთ, რომ ამ ზაფხულს უფრო დიდ პრობლემად გადაიქცა ნაწლავური ინფექციები, ვიდრე გასულ წლებში.

თუმცა კარგი იქნებოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრი პერიოდულად გვიზიარებდეს მონაცემებს, რომელი ნაწლავური ინფექციები დომინირებს ამ სეზონზე და ამ მხრივ რომელი კურორტები უფრო მაღალი რისკის შემცველია.


იმ მონაცემებს, რომელი ინფექციებია ამ სეზონზე დიარეის გამომწვევი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კლინიკური მართვისთვის - ვირუსულ, ბაქტერიულ და პარაზიტულ დაავადებებს სხვადასხვანაირი მართვა ჭირდება და როდესაც ექიმმა ანალიზის პასუხების მიღებამდე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იცის, ანუ რომელი ინფექციის ალბათობაა მაღალი, ეს მას ძალიან ეხმარება.

დიარეული დაავადებების დროს უნდა ჩატარდეს განავლის შესაბამისი გამოკვლევები. წელს ხშირია სალმონელები, თუმცა ნაწლავური ვირუსული ინფექციებიც გვხვდება. თვითნებურად არ უნდა იქნას დაწყებული ანტიბიოტიკოთერაპია (დიაგნოსტიკას ართულებს და ასევე ზოგჯერ დიარეულ დაავადებას ამძიმებს).

არ არის საჭირო გადასხმა, თუ პაციენტი სითხეს ადეკვატურად იღებს. გადასხმა სითხის ერთჯერადი შევსებაა და გადაუდებელ შემთხვევებში გამოიყენება, როცა სითხეს ვერ იღებს ან დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) სიმპტომებია.

ეს ვერ შეცვლის სითხის მიღების საჭიროებას და პაციენტმა დღის განმავლობაში სითხის დალევა გადასხმის მერეც უნდა გააგრძელოს.

არ არის საჭირო უამრავი პრობიოტიკის, “კუჭის წამლის” და სხვადასხვა გაურკვეველი ჩვენების მედიკამენტის მიღება, რასაც ხშირად ერთდროულად ან ხან ერთს, ხან მეორეს, ქაოსურად იღებენ პაციენტები და ამდენი წამლით კიდევ უფრო ტვირთავენ ანთებად საჭმლის მომნელებელ სისტემას.

“აბა წამალი არაფერი არ უნდა”? - უმრავლეს შემთხვევაში არ უნდა და სიმპტომები მაინც გაივლის. არადა, რომელიმე წამალს ან გადასხმას უმადლიან ხოლმე და ჰგონიათ რომ ამან “უშველა”.


მნიშვნელოვანი და საყურადღებო სიმპტომები, რომლის დროსაც სამედიცინო დახმარება აუცილებელია:
სისხლიანი განავალი; ჭარბი ძილიანობა; ცნობიერების დაბინდვა/ცვლილება; შეუპოვარი ცხელება, რომელიც სტანდარტულ სიცხის დამწევებს არ ემორჩილება, მუცლის ძლიერი, შეტევითი ტკივილი.

მხოლოდ იმიტომ, რომ პაციენტს სიცხე აქვს, აღებინებს ან ფაღარათი აქვს, სასწრაფოს გამოძახება არ არის აუცილებელი და არც სტაციონარში გადაყვანა (განსაკუთრებით თუ პაციენტი ჯანმრთელი ახალგაზრდაა), რაც ძალიან ხშირი სცენარია.

გამონაკლისს წარმოადგენენ ჩვილი ბავშვები, მოხუცები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, სადაც ჰოსპიტალიზაცია ხშირად შეიძლება მართლაც აუცილებელი გახდეს.

და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ, დიარეულ დაავადებას არ ჰქვია “ენტეროვირუსი” და მართლა უხერხულია უკვე," - განმარტავს ინფექციონისტი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026