კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
გიორგი გიგაშვილს ევროპული ტურნე აქვს. პიანისტის კონცერტები წარმატებით მიმდინარეობს ცნობილ საკონცერტო დარბაზებში. ოვაციებით ხვდებიან ყველგან, სადაც კი უკრავს. ამჯერად "გიგაშა" თავის გულშემეტკივრებს სასიხარულო ინფორმაციას აწვდის.
"მოკლედ! დიდად არც მჯერა ამას რომ ვწერ.
11 იანვარს, ლუცერნში, ჩემი ოცნება ხდება.
კონცერტი მართას და ჩემი მონაწილეობით.
რობერტ შუმანის Op.54, Op.92 და Op.134.
უბედნიერესი ვარ" - წერს გიორგი ფეისბუქზე.

Martha Argerich - მსოფლიოში ცნობილი 85 წლის არგენტინელი პიანისტია, რომლის გრაფიკი კოცერტებამდე დიდი ხნით ადრეა გაწერილი.
მარტა არგერიხი არგენტინაში, ბუენოს-აირესში დაიბადა. მისი მშობლები ებრაელი ემიგრანტების შთამომავლები იყვნენ მეფის რუსეთიდან, რომლებიც ჯერ კატალონიაში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი ბუენოს-აირესში ჩავიდნენ და ებრაულ კოლონიაში – ვილა კლარაში დასახლდნენ. ფორტეპიანოზე დაკვრა სამი წლის ასაკში დაიწყო და ფენომენალური მუსიკალური მონაცემების წყალობით რამდენიმე წელში მოცარტის საფორტეპიანო სონატები ლამის ზეპირად იცოდა. სწორედ მოცარტს უკავშირდება მარტა არგერიხის პირველი საჯარო და საკონცერტო გამოსვლა ორკესტრთან ერთად, როცა 8 წლის ასაკში მეოცე საფორტეპიანო კონცერტი (რე მინორი, K.466) შეასრულა.
1955 წელს არგერიხის მშობლები ევროპაში, კერძოდ, ვენაში, დიპლომატიური სამსახურის გამო გადავიდნენ და ეს არგენტინის მაშინდელი პრეზიდენტის, ხუან პერონის დამსახურება იყო. ვენაში – კლასიკური მუსიკის ყველაზე ცნობილ ქალაქში – პატარა პიანისტის ტალანტი რიგრიგობით აღმოაჩინეს და განავითარეს აბიმ სიმონმა, მადლენ ლიპატიმ (ცნობილი პიანისტის, დინუ ლიპატის ქვრივი) და შტეფან აშკენაზიმ.

განსაკუთრებული გავლენა მისი სტილის და მუსიკალური აზროვნების ფორმირებაზე ორმა დიდმა პიანისტმა მოახდინა: ფრიდრიხ გულდამ (რომელთანაც დაახლოებით სამი წელი სწავლობდა) და არტურო ბენედეტი მიქელანჯელიმ (რომელიც უკვე მძიმედ იყო ავად და ამიტომ მხოლოდ ერთი წელი ასწავლიდა).
60-იანი წლების დასაწყისიდან მისი საფორტეპიანო კარიერა მზარდი აღმავლობით გამოირჩევა: კონცერტები, სტუდიური ჩანაწერები თუ გასტროლები. არგერიხის მიერ ჩაწერილი შოპენი, ბრამსი, ლისტი, რაველი, შუბერტი თუ პროკოფიევი საფორტეპიანო მუსიკის სამყაროში ახალ სუნთქვას ჰგავდა. ჯარასავით მარდი თითები, ენერგიასთან შეზავებული მიზანსწრაფვა და სრული მობილიზება საშუალებას აძლევდა ზუსტად შეეცვალა ნებისმიერი ნაწარმოების ტემპი, სიჩქარე და სირთულე.

ის დღეს შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში ცხოვრობს.
ლეგენდარული პიანისტი ხელს უწყობს ახალგაზრდა პიანისტების პოპულარიზაციას, როგორც ყოველწლიური ფესტივალის მეშვეობით, ასევე საერთაშორისო კონკურსებზე ჟიურის წევრობით. 1996 წლიდან მან ასევე შექმნა არგერიხის მუსიკალური ფესტივალი და "შეხვედრა ბეპუში", იაპონიაში.
მუსიკოსი 1990 წელს კიბოსგან განიკურნა. თუმცა 1995 წელს კიბოსთან ბრძოლა ისევ მოუწია. მასთან ჩატარებული აგრესიული მკურნალობა მოიცავდა მისი ფილტვის ნაწილის ამოკვეთას და ექსპერიმენტული ვაქცინის გამოყენებას.

მართა არგერიხი ექვსი წლის წინ სტუმრობდა საქართველოს, წინანდლის საერთაშორისო კლასიკური ფესტივალის ფარგლებში. მან წინანდლის ისტორიულ მამულში რამდენიმე კონცერტი გამართა. თუმცა ეს არ იყო მისი პირველი ვიზიტი ჩვენს სამშობლოში. არგერიხი საქართველოში, 60-იან წლებში, კონცერტმაისტერად ჩამოჰყვა იტალიური წარმოშობის ცნობილ ამერიკელ მევიოლონეს, პაგანინის ერთ-ერთ ბრწყინვალე შემსრულებელს, რუჯერო რიჩის, რომელიც საბჭოთა კავშირში საგასტროლო ტურნეში იმყოფებოდა.
პრესისა და საჯაროობისადმი მისი ზიზღის გამო, ამ უდიდესი პიანისტის კარიერის დიდი ნაწილი ყურადღების მიღმა დარჩა. შესაძლებელია არ გიყვარდეს კლასიკური მუსიკა, თუმცა შეუძლებელია არ იცოდე, ვინ არის მართა არგერიხი.



ამდენად ძალიან დიდი მნიშვნელობისაა ის ფაქტი, რომ გიორგი გიგაშვილი სწორედ ამ ლეგენდასთან ერთად მართავს კონცერტს...
წარმატებები "გიგაშას"!
06/08/2026