
10/08/2026
ორი წელი სრულდება, რაც მაია ასათიანს საცხების ხაზი აქვს. ახალი საქმით ძალიან გატაცებულია. სწავლობს ბუღალტერიასაც. თუმცა, თავის საყვარელ საქმიანობას, სამომავლოდ, შესაძლოა, ისევ მიუბრუნდეს. თუმცა ეს ახლო მომავალში არ განიხილება. "მეხუთე ელემენტში" სტუმრობისას, ჟურნალისტმა გაიხსენა დრო, როდესაც უდიდესი ტრაგედიისას, ის სწორედ ტელევიზიამ იხსნა.
მაია ასათიანი: ტელევიზორი ხუთი წელია არ ჩამირთავს. არც არაპოლიტიკური მედია მაინტერესებს, არც - პოლიტიკური.
იმ წლებში, როდესაც შვილი ცოცხალი მყავდა, გვერდით ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარული მედგა, უმაღლეს რეიტინგს ვწერდით, საინტერესო და მრავალფეროვანი ეთერები მქონდა, შეკვეთილმა ბულინგმა და დაინტერესებულმა მოქალაქეებმა, არ შემარგეს ეს ყველაფერი. როცა მართლა ძალიან ბედნიერი ვიყავი, არ შემერგო. თან ეს ინტერნეტბულინგი ახალი ხილი იყო. არც იცოდი შენი თავი ფსიქოლოგიურად როგორ ჩაგეკეტა, რომ ეს არ შეგხებოდა, ახლოს არ მოსულიყო. მაშინ ძალას შვილი და საყვარელი მამაკაცი მაძლევდა. მაგრამ ძალა ყოველთვის საკუთარ თავში უნდა მონახო. შენი თავის დასაყრდენი შენ უნდა იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩამოიშლები, დაკარგავ იმ სიყვარულს.
ჩემსა და დედას შორის პატარა ასაკობრივი სხვაობაა. დედა მას შემდეგ გახდა დედა, რაც ჩემი შვილი გარდაიცვალა. მას შემდეგ ჩემი მთავარი საყრდენი დედაჩემია. მე დედაჩემმა გადამარჩინა. ძლიერი ვარ, ფეხზე ავდექი, მაგრამ ჩემს გაცოცხლებაში დიდი წვლილი მას აქვს. მეგობრებიც ვართ, ერთმანეთისთვის ყველაფერი ვართ, ხანდახან დები ეჭვიანობენ, ისეთი დიდი დოზით ელაპარაკებით ერთმანეთს, ტოქსიკური ურთიერთობა გაქვთო. ის გრძნობს, როდის მჭირდება. არის პერიოდები, სახლიდან გასვლა არ მინდა, მაქვს დეპრესიული განწყობები. ამ დროს საყრდენი დედაა...
ნუცას სიკვდილის შემდეგ მე ტელევიზიამ გადამარჩინა. ჩემნაირ ქალებს სულ ვურჩევ - აკეთეთ ბევრი საქმე-მეთქი.
შვილის დაკრძალვიდან ერთ კვირაში გავედი სამსახურში. ჯერ ჩემ პროდიუსერს ხელით მივყავდი და მოვყავდი. მეხსიერება დაკარგული მქონდა, გული ხშირად მიმდიოდა. ხშირად ბურუსში ვიყავი, მაგრამ ნელ-ნელა საქმის კეთებამ თავისი გაიტანა. საქმეს, რომელიც მიყვარს დიდი როლი ჰქონდა ჩემს გადარჩენაში. და როდესაც ჩემთვის ეს კარი დაიხურა, ყველაფერი - გლოვაც და ტელევიზიის გარეშე ყოფნაც, თავიდან დაიწყო.
გააზიარე სტატია