კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მსახიობი ლია კაპანაძე 92 წლის გახდა. ეს განსხვავებული გარეგნობის, ქარიზმატული მსახიობი მაყურებელმა მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში - "დიდი მწვანე ველი" შესრულებული როლით აღიარა. ფილმი, წლების განმავლობაში, თაროზე შემოდეს. "დროის მთავარ მოთხოვნებს არ პასუხობს" - იყო მიზეზი. საეტაპო კინოსურათის აღიარება კი უცხოეთიდან დაიწყო - 1974 წელს, როდესაც "დიდი მწვანე ველი" სხვა ქართულ ფილმებთან ერთად ბერლინის კინოფესტივალზე ფართო საზოგადოებას წარუდგინეს. ქართული ფილმების შესარჩევად თბილისში ჩამოსულ გერმანელ ევა ჰოფმანს "დიდი მწვანე ველი" უნახავს, რომლის დამსახურებითაც ფილმი კინოფესტივალზე მოხვდა. "დიდი მწვანე ველი" ყველა დროისა და ყველა ქვეყნის 100 საუკეთესო ფილმს შორის არის შესული.

ამპლუაც თითქოს ჩამოყალიბდა და ლია კაპანაძეს რთული ბედის ქალების თამაში უხდებოდა, გმირების, რომლებიც შინაგანი ბრძოლით, ვნებებით იყვნენ სავსე. ცხოვრებაშიც ბევრი იმედგაცრუებისა და ტკივილის მიუხედავად, თავს მაინც ბედნიერ ქალად მიიჩნევს, რადგან ბედმა უდიდესი სიყვარული არგუნა. იგი დოდო აბაშიძის უკანასკნელი სიყვარული იყო.
თუმცა მანამდე მას რეჟისორი გია მატარაძე უყვარდა. მსახიობს მისგან შვილი ჰყავს. ლია კაპანაძე" ნიკოლოზის კითხვებში" ისტორიას ასე იხსენებდა.
ლია კაპანაძე: ერთ მშვენიერ დღეს გვიან გამოვედი რუსთაველის თეატრიდან და ვხედავ, დგანან შოთა სხირტლაძე და ვიღაც ახალგაზრდა. გია გამეცნო, როგორც პირველკურსელი სტუდენტი. გზა ფეხით გავაგრძელეთ და ამ საუბარში მიმაცილეს ნახალოვკაში, სახლამდე.
მეორე დღეს, თეატრიდან რომ გამოვედი, გია ისევ იქ იდგა. ასე მხვდებოდა, ვსაუბრობდით ხოლმე, ვსეირნობდით. ვხვდებოდი, რომ ეს მეგობრობა სხვა ურთიერთობაში გადაიზარდა, თუმცა ეს ამბავი ქორწინებამდე არ მისულა. უკვე ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა, როცა ერთ დღეს მივხვდი, რომ ორსულად ვარ. გიას ძალიან გაუხარდა. ბოდიშს ვიხდი მისი მეორე მეუღლის, მარინა კახიანისა და მისი შვილის წინაშე, მაგრამ ეს სიმართლეა. ხალხი ხედავდა, რომ მე და გიას კარგი ურთიერთობა გვქონდა და ბევრი შურიანიც გამოჩნდა. როცა მე ორსულად ვიყავი, ერთ-ერთმა ადამიანმა გიას ძალით შეართვევინა "სუხიშვილების" მოცეკვავე, მე კი დავრჩი ასე ფეხმძიმე, ასეთ მდგომარეობაში მიმატოვა. ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი.

"დიდ მწვანე ველში" პირიმზეს როლზე თითქმის დამტკიცებული იყო, როცა გამოუცხადეს, რომ ამ როლს სხვა ითამაშებდა. ერთ დღეს შემთხვევით ქუჩაში რეჟისორს შეხვდა და პირდაპირ მიახალა, ფილმზე რატომ არ დამამტკიცეთ, ეკრანზე დაშტამპული სახეების ცქერა როგორ არ მოგწყინდათო. გადაღებები მანგლისში შედგა. ამონარიდი ჟურნალის "სარკის" ინტერვიუდან.
ლია კაპანაძე: ამბობენ, სიყვარულსა მალვა უნდაო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. სიყვარულში თუ სხვაც არ გითანაგრძნობს და მალავ, ის უფერულდება. სიყვარული თეატრივითაა. სცენაზე მდგარი ორი ადამიანის ზეაწეულ გრძნობებს მაყურებელი უნდა ჰყავდეს. მთელი გადასაღები ჯგუფი ერთმანეთთან ვმეგობრობდით. ჩვენი ურთიერთობები გულწრფელი იყო, ამიტომ ჩემი და დოდოს სიყვარულიც არ იყო დამალული. ყველა გვითანაგრძნობდა…

ამბობენ, დოდო გულუბრყვილო იყოო, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. ის ყველაფერს კარგად ხვდებოდა. საოცარი ადამიანი იყო. ადამიანები უყვარდა და მათ ყველანაირად ეხმარებოდა. დოდო ყველაზე ტრაგიკული მაშინ იყო, როცა მეუღლეს გაშორდა. თავის ტკივილს არავის აჩვენებდა, ამიტომ ეგონა ყველას ხალისიანი.
თავიდან მე და დოდო ვმეგობრობდით. როგორც ახლობელ ადამიანს, ისე ვუყურებდი. არ მიფიქრია, რომ ერთმანეთს ასე დავუახლოვდებოდით. რატომღაც ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებდა.
დოდო ყველაფერს ლამაზად აკეთებდა, ისე მოქცევა მხოლოდ მას შეეძლო. ერთხელ გორიდან ჩამოვიდა. თეთრი პერანგი ეცვა. პერანგის ბოლო აწეული ჰქონდა და შიგ ალუბლები ეყარა. ჩემთან მოვიდა, პერანგის ბოლო გაშალა და ალუბლები მაგიდაზე დაყარა… მასავით სიყვარული არავის შეეძლო.

ჩვენი ურთიერთობა ია-ვარდით მოფენილი არ იყო. ერთხელ ბათუმში რაღაც ფესტივალი ტარდებოდა. მაშინ ჩვენ შორის ურთიერთობა დაძაბული იყო. ჩემ გვერდით იყო, მაგრამ თავს მაინც მარტო ვგრძნობდი. ერთ დილას პლაჟზე მივდიოდი. დოდოს ნაცნობი მამაკაცი შემხვდა, რომელიც მასთან ერთად იყო ბათუმში ჩამოსული. მან ხელი ხელში წამავლო და მითხრა: "შენ ვინ ხარ!.. "ციმბირელ პაპას” რომ იღებდა დოდო, მეც იქ ვიყავი, "სიბირიაჩკები” მასზე გიჟდებოდნენ, ნომერში უცვივდებოდნენ, შენ კი რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე. დოდო ამბობს, ცოლი ძალიან მიყვარდა, მაგრამ ლია რომ მიყვარს, ისე ქალი არ მყვარებიაო”.
მეორე დღეს რესტორანში დოდომ დიდ სუფრასთან ჩემი, როგორც საუკეთესო დედის, მსახიობის, პიროვნების და ბრწყინვალე ქალის სადღეგრძელო დალია, მერე კი ულამაზესი ვარდების დიდი თაიგული მომართვა…
დოდოს უკანასკნელად "ფესვების” გადაღების წინ შევხვდი. პარიზში მიდიოდნენ. სტუდიასთან მანქანა ელოდა, საიდანაც აეროპორტში უნდა წასულიყო. დოდოს გვერდით ჩავუარე, მაგრამ არ მივესალმე. ზურგშექცევით დავდექი და გოგონებს ველაპარაკებოდი. დოდო ხმამაღლა ლაპარაკობდა. ჩემი ყურადღების მიქცევა სურდა. რეჟისორი გუგული მგელაძე ეხვეწებოდა, წამოდი, გვაგვიანდებაო, ის კი არ მიდიოდა.
ჩვევა მქონდა, როგორც უნდა ვყოფილიყავი მასზე გაბრაზებული, როცა შემხვდებოდა, მაინც გადავეხვეოდი ხოლმე. იმ დღეს კი ისე წავიდა, არც მივესალმე. არადა დოდო ელოდა, რომ მისკენ მივტრიალდებოდი… ჩემს სიჯიუტეს ახლა ძალიან ვნანობ. სიყვარულის შესანარჩუნებლად დათმობებზე უნდა წავსულიყავი. მაშინ არ ვიცოდი, თუ ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა იქნებოდა. დოდო მალე გარდაიცვალა. ესეც ბედია, რომ ჩვენი ქორწინება არ შედგა. ალბათ, უფალს ასე უნდოდა.

03/09/2026