Logo

საზოგადოება

"დოლი და "პინქ ფლოიდი" - ეს არის სიახლე და გაკვირვებასაც ეს იწვევს" - გაიცანით ჯგუფი "ქუთაისი"

"დოლი და "პინქ ფლოიდი" - ეს არის სიახლე და გაკვირვებასაც ეს იწვევს" - გაიცანით ჯგუფი "ქუთაისი"

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ჯგუფის ვიდეო, რომელშიც "პინქ ფლოიდის" საეტაპო სიმღერას - "We don't need no education"-ს ბას-ფანდურის და დოლის აკომპანიმენტით უკრავენ, ვირუსივით მოედო სოციალურ ქსელს.

"წარმოუდგენელია", "ამათ მოუსმინეთ", "ქუთაისელები ყოფილან", "ნახეთ, რას უბერავენ!" "აუ, მსგავსი არაფერი მინახავს!" - ამ ფრაზებით აზიარებდნენ ვიდეოს.

video

ამ ძვირფასი ადამიანების გაერთიანება - ჯგუფი "ქუთაისი" აღმოჩნდა.

მის შემადგენლობას გაგაცნობთ: ჯგუფის სულის ჩამდგმელი, სოლო გიტარისტი და მუსიკალური ჟანრის "ნათლია" - მერაბ ნადირაძე, სოლო ფანდური - გიზო დიხამიძე, გია ვაშაკიძე - ბას-ფანდური, გოჩა სვანაძე - საქსოფონი, მაიზერ კუხიანიძე - აკორდეონი და გელა გაჩეჩილაძე - დრამი, დოლი.

ქუთაისიქუთაისი

მუსიკოსები, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას უკრავდნენ. გამოიარეს ქორწილის მუსიკოსობის პერიოდიც... მოიარეს მეზობელი ქვეყნები... საყვარელი საქმე, შეძლებისდაგვარად, შემოსავლის წყაროდ გაიხადეს. მერე, მეგობრობამ, დაქსაქსული სამეგობრო, ისევ შეკრიბა და... სამი წლის წინ, ძველ საქმეს, ახალი სიცოცხლე შესძინეს და შეიქმნა ჯგუფი "ქუთაისი". სოლო გიტარისტმა - მერაბ ნადირაძემ მუსიკალური სტილისა და მიმდინარეობის ხელწერა შეიმუშავა, ინგლისური როკმუსიკა იმერული ხასიათის შტრიხებით გააზავა, მეგობრებთან ერთად ცოტა იუმორი დაუმატა და "ვერტიკალური და თანაც ბრუნვადი" სიყვარულით მაგრად "შეუბერეს." შედეგმა არ დააყოვნა.

"ქუთაისის" წევრები "ზმნას" მკითხველს თავის ისტორიას უყვებიან.

მერაბ ნადირაძე მუსიკით ბავშვობიდან არის "მოწამლული". თუმცა მერე, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, სპორტულ წარმატებებს იმკიდა.

მერაბ ნადირაძე (ელექტორუნული გიტარა): - ჩვენი ქუთაისი მთლიანად იუმორნარევია და ჩვენც, ჩვენს რეპერტუარს იუმორს ვაქსოვთ. როკი და იმერეთი უკვე ახლოსაა, ჩვენ დავაახლოვეთ.

- მოგვიყევით თქვენს შესახებ.

- მე მოკრივე გახლავართ - ორგზის საქართველოს ჩემპიონი. თუმცა მუსიკა სულ იყო ჩემს ცხოვრებაში. ვუსმენდი Deep Purple-ს, Led zeppelin-ს, ჯიმი ჰენდრიქსს, რობერტ პლანტს, სტივ ვაისს... ჩვენი თაობა (1961 წელს ვარ დაბადებული) ამ მუსიკოსებზეა გაზრდილი. გიტარაზე დაკვრა ჩემმა ძმამ მასწავლა. ისიც მოყვარული გიტარისტი იყო. ძალიან კარგად ფლობდა ინსტრუმენტს. რასაც ვაკეთებ, მის ხსნოვას ვუძღვნი.

ვუკრავდი ყველგან... მერე გვქონდა ანსამბლი "ექსპრესი". ლევან ჯაკობია ხელმძღვანელობდა. შვიდი წელი იქ ვუკრავდი. წარმატებითაც ვაგრძელებდით მოღვაწეობას. მერე ლევანი გარდაიცვალა და დავიშალეთ.

გია ვაშაკიძე (ბას-ფანდური): როკზე ბავშობიდან ვიყავი შეყვარებული. მიყვარს უცხო ჰიტები. მუსიკალური მაქვს დამთავრებული. ბეთჰოვენს და მოცარტს კი ვუკრავდი, მაგრამ კლასიკა არ იყო ჩემი. როკი და კლასგარეშე მიზიდავდა. მერე ქორწილებში დავიწყე მუსიკოსად მუშაობა. ეს ბიჭებიც გავიცანი. მე კლავიშს ვფლობდი მანამდე, მაგრამ ვისწავლე ბას-ფანდურზე დაკვრა, რომელიც მერე ელექტროდ გადავაკეთე. დავიწყეთ სოლო გიტარის და ბას-ფანდურის შერწყმა. მოვსინჯეთ. ბიჭებიც დაინტერესდნენ - დოლი, აკორდეონი და ასე, ნელ-ნელა შევიკრიბეთ. მე მგონი, რაღაც გამოვიდა.

video

- ვიდეო, რომელიც გავრცელდა, საოცარი აღფრთოვანება გამოიწვია...

- ბიჭმა გადაგვიღო და არ გვეგონა, ასე თუ გავრცელდებოდა. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, თუ ასე მასიურად დაინტერესდებოდა მედია, ტელევიზიები, საზოგადოება. გვეუბნებიან, არ დაიშალოთ, უფრო შეიკარითო, კარგ საქმეს აკეთებთო. უკვირთ ის, რომ ელექტრო გიტარა, ბას-ფანდური, დოლი, სოლო ფანდური და აკორდეონი - ასე ჩაჯდა "პინქ ფლოიდის" სიმღერაში.

გელა გაჩეჩილაძე დრამერია, მაგრამ დოლზე გადმოიტანა თავისი პარტია. შევძელით და გამოვიდა. იცით, რაშია საქმე: მუსიკალური "ვეში" თავში რომ გაქვს, სმენაში რომ შებჯნილია და გაინტერესებს, გამოდის. გვინდა Queen-ის და Led Zeppelin-ის სიმღერები გავაკეთოთ.

ქუთაისი

გელა გაჩეჩილაძე (დოლი): დოლი და "პინქ ფლოიდი" - ეს იწვევს გაკვირვებას მსმენელში. ეს მერაბის იდეა და ინიციატივა იყო. უკრავდა და ასეთი ჟანრის შექმნის იდეაც მას მოუვიდა. ასევე გიორგი ვაშაკიძეს. საქსოფონიც შემოვიდა, მე დრამის რითმები შემოვიტანე და დავსვით.

ბიჭებს ვენაცვალე. შევიკრიბეთ, ჩავჯექით, უცებ ავუღეთ ალღო. ვირეპეტიციეთ. ასეთი ჟანრი საქართველოში არავის გაუკეთებია. სიახლეა. ალბათ, ასეთი აღფრთოვანებაც ამიტომ გამოვიწვიეთ.

- ელოდით ასეთ დიდ გამოხმაურებას?

- ვიდეო სტუმარმა გადაგვიღო და აღფრთოვანებული იყო, გიჟს ჰგავდა, ისე იქცეოდა. ატვირთა და წავიდა ზარები, შემოთავაზებები. დაგვირეკეს საბერძნეთიდან, იტალიიდან. ქართული დიასპორები შემოგვეხმიანა და კონცერტების ჩატარების იდეა გაჩნდა. რა, როგორ იქნება, მოვიფიქრებთ, დავეწყობით და გავაგრძელებთ...

ქუთაისი

მაიზერ კუხიანიძე (აკორდეონი): - მე სასულე ტრუბის განხრით მუსიკალური ტექნიკუმი მაქვს დამთავრებული. ვუკრავ აკორდეონზე, ტრუბასა და კლავიშზე. აქედან მუსიკოსთა ნაწილი, მოსკოვშიც ვმუშაობდით, რესტორნებში. მერე აქ გავაგრძელეთ.

გოჩა სვანაძე (საქსოფონი): ნიკა ლომიძემ "ტვ პირველის" "შუადღის" ეთერში სტუმრობისას, ინსტრუმენტი მაჩუქა. განცვიფრებული დავრჩი. აუცილებლად შევისწავლი და დავუკრავ. შევპირდი.

მე მუსიკალურ ოჯახში ვარ დაბადებულ-გაზრდილი. დედ-მამა მუსიკოსები იყვნენ. 35 წელია ამ ჯგუფის წევრებს ვიცნობ. ხან დავიშლებოდით. სხვადასხვა ქვეყანაში დაქსაქსულები ვიყავით, ხან - ვერთიანდებოდით. როგორც ხედავთ, ახლა ამ შემადგენლობით ვმოღვაწეობთ... მიხარია, ასეთი დაინტერესება.

- მოკლედ, ემიგრანტებისგან დაინტერესება წამოვიდა და შესაძლოა, ქუთაისელ "პინქ ფლოიდებს" ევროპული ტურნეც გამოგიჩნდეთ?

გია ვაშაკიძე: პროგრამა უნდა გაკეთდეს. უნდა მოვემზადოთ. მხოლოდ უცხოური სიმღერები არ გვაქვს, ჩვენი ქართული სიმღერებით უნდა გავამდიდროთ რეპერტუარი. ვმღრით "ცისფერი ტრიოს", ჯანსუღ კახიძის სიმღერებს, იმერეთზე გვაქვს სიმღერები... ვნახოთ...

- წარმატებები...

- მადლობა, გაიხარეთ...

video

ავტორი: თამარ გონგაძე

02/01/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024