Logo

ინტერვიუ

"გოგის სახელს გაფრთხილება უნდა..." - დავით გერსამია დედისა და ლეგენდის ტანდემზე

"გოგის სახელს გაფრთხილება უნდა..." - დავით გერსამია დედისა და ლეგენდის ტანდემზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"გავა დრო და მოვუყვებით შვილებს" - ამ სახელწოდებით გოგი დოლიძის ვინილის ალბომის პრეზენტაცია წისქვილის „თეატრში“ შედგა, სადაც ამ დაუვიწყარი მომღერლის სიმღერები „ქართულმა ხმებმა“ , მისმა მეგობრებმა და ახალი თაობის წარმომადგენლებმა შეასრულეს. კონცერტს მუსიკალურად აფორმებდა ბენდი ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით.

საღამო კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ხელშეწყობითა და კომპანია "მემოს" ორგანიზებით მოეწყო. საღამოს კონცეფცია გოგი დოლიძის შესრულებული სიმღერების გაცოცხლებას, მის შემოქმედებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ადამიანების გაერთიანებასა და მოგონებებს ითვალისწინებდა, თუმცა ღონისძიებაზე არსად ჩანდა გოგი დოლიძის შემოქმედებასთან ისეთი ახლოს მდგომი ადამიანი, როგორიცაა კომპოზიტორი რუსუდან სებისკვერაძე. ადამიანი, რომლის დაუვიწყარი სიმღერებითაც გაიცნო და შეიყვარა ქართველმა მსმენელმა გოგი დოლიძე?!

ეს უცნაური გარემოება ყურადღების მიღმა არ დარჩენია ქართული სიმღერის გულშემატკივრებს და იმავე საღამოს, სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი გამოქვეყნდა შეკითხვით - რატომ არ ესწრებოდა საღამოსა და კონცერტს რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძე.

იგივე შეკითხვით ზმნა.ჯი კომპოზიტორის ვაჟს, რეჟისორ დავით გერსამიას დაუკავშირდა, რომელიც ონლაინ გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, რომ რამდენიმე დღით ადრე მას ორგანიზატორები მოსაწვევის გაგზავნას დაპირდნენ, თუმცა შემდგომში მასთან არავინ გამოჩენილა...

დავით გერსამია: ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ეს საღამო ჩატარდა და მაცაცო მას არ ესწრებოდა... ორი კვირით ადრე მითხრეს, რომ გამოგზავნიდნენ მოსაწვევს, მე და მაცაცო უნდა წავსულიყავით, თუმცა, არ გამოგზავნეს. არ ვიცი, რა მოხდა, ცხადია, საწყენია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მიზეზის გაგება არ მიცდია, არ მაინტერესებს...

მეორე და მთავარი თემაა ის, რომ გოგის სახელს გაფრთხილება უნდა. მომღერლებს რომ არჩევ, აუცილებელია სიმღერა შეთანხმდეს მის კომპოზიტორთან. ამ კონცერტზე მაცაცოს სიმღერები შესრულდა მასთან შეთანხმების და კონსულტაციის გარეშე.

გოგი ჩვენი ოჯახის წევრი იყო, მისი და დედას ურთიერთობა არ იყო მხოლოდ კომპოზიტორის და მომღერლის ურთიერთობა. ეს იყო ძალიან დიდი მეგობრობა, ახლობლობა და შემოქმედებითი ტანდემი.


გოგი დოლიძე

დედამ გარკვეული სიმღერები სპეციალურად გოგისთვის დაწერა. გოგი რომ არ ყოფილიყო, მაცაცოს ბევრი სიმღერა არ იქნებოდა... და მაცაცო რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, გოგის შემოქმედება იქნებოდა თუ არა ისეთი, როგორიც იყო... ეს ჩემი სუბიექტური აზრია.

როგორ გითხრათ, გოგი ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყო, მას შეეძლო ჩვენს ოჯახში მოსულიყო ნებისმიერ დროს, დილით ადრე, ან, გვიან ღამით... შეეძლო მოსულიყო თავის მეგობრებთან ერთად... მას ჩვენს სახლში სტუმარი არ ერქვა... აი, ასეთი იყო გოგის ურთიერთობა ჩვენთან... მართლა ჩვენი ოჯახის წევრი იყო.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ დედას და გოგის - როგორც კომპოზიტორის და მომღერლის ურთიერთობა?

- რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მაქვს მოსაგონარი. მაგალითად, მაცაცო დაწერდა სიმღერას, მოსასმენად მოვიდოდა გოგი; თუ სიმღერა იყო დუეტი, მე ვიყავი მისი პირველი შემსრულებელი. დავუშვათ, ეკა მამალაძისთვის და გოგისთვის იყო განკუთვნილი, ან მაია ჯაბუასთვის და გოგისთვის - მე და მაცაცო ვასმენინებდით, მე მეორე ხმას ვმღეროდი, დედა - პირველს. მოისმენდა გოგი და მერე იწყებოდა რეპეტიციები... ეს კი უკვე ცალკე სანახაობა იყო, ჩემთვის ბევრად უკეთესი და შთამბეჭდავი, ვიდრე კონცერტი...

ზეიმი იყო მათი სამუშაო პროცესი, ჩვენი სახლის დღესასწაული. გოგის ძალიან უყვარდა ეს პროცესი და რაც შეეძლო ახანგრძლივებდა ხოლმე...

გოგი დოლიძე და მაცაცო სებისკვერაძე

- მახსოვს, ქალბატონი მაცაცო ჰყვებოდა, როგორ გამოხატავდა გოგი მის სიმღერებზე აღფრთოვანებას და მანამ დადიოდა სარეპეტიციოდ, სანამ ზუსტად ისე არ შეასრულებდა, როგორც ეს ავტორს ჰქონდა ჩაფიქრებული...

- ყველა სიმღერაზე ასე იყო. კონკრეტულად რომელიმე სიმღერას ვერ გამოვყოფ. არ ყოფილა შემთხვევა, მას ეთქვა, ეს სიმღერა ჩემთვის არ არისო, ან არ ემღერა. ყველა სიმღერას მღეროდა, რასაც კი მისთვის წერდა დედა. ამას, რა თქმა უნდა, ხათრით კი არ აკეთებდა, უბრალოდ მათი შემოქმედებითი თანხვედრა იყო რაღაც სასწაული, ბუნებრივი, სხვა ჰარმონია ჰქონდათ, თითქოს ერთმანეთის ენა იცოდნენ და ამიტომაც იყო წარმატებული.

"ჩუმად გაგიყვან მინდორში" მაცაცომ მაია ჯაბუას დაუწერა. გოგიმ რომ მოისმინა, გაგიჟდა, გადაირია და მაიას ეხვეწებოდა, ვიმღერებ ამ სიმღერასო. მაიამ ნება დართო და გოგიც მღეროდა...

გოგი იყო ქართველი მომღერალი - მეტრი - ქართული სიმღერის შემსრულებელი! მე არ ვიცი, ქართული სიმღერა როგორ შეიძლება შესრულდეს იმაზე უკეთ, ვიდრე ამას გოგი აკეთებდა. მას ჰქონდა მაღალი მგრძნობელობა, ზუსტად გრძნობდა ჰარმონიას. იმდენად უნიკალურად ასრულებდა, რომ ვერ წარმომიდგენია, რომ მსგავსი განმეორდეს. როგორც ჩემთვის ნანი ბრეგვაძე არის მეტრი, მომღერალი სრულყოფილება, ასეთივე მაღალი რანგის იყო მამაკაცებში გოგი დოლიძე, უმაღლესი ლიგა - იმის ზევით აღარ არსებობს, უბრალოდ წარმოუდგენელია.

გოგი დოლიძე

დღესაც რომ ვუსმენ, გოგის ნამღერში ისეთ ნიუანსებს და ფრაზებს აღმოვაჩენ ხოლმე, ვფიქრობ, რომ ასე მხოლოდ მას შეეძლო. ზოგადად, მე მჯერა შინაგანად როგორი ადამიანიც ხარ, ისე მღერი. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. ბოროტი, ბოღმა და შურიანი ვერ იმღერებს იმ გრძნობით და ისეთი ჰარმონიით, როგორც ის მღეროდა. აქ მხოლოდ ხმასა და ტექნიკაზე არ არის საუბარი. რეი ჩარლზის მაგალითიც რომ მოვიყვანოთ - ის არ მღეროდა მეორე ოქტავაში, არც ძლიერი ხმა ჰქონდა, მაგრამ ამერიკულ საესტრადო სიმღერას ზუსტად გაწვდიდა თავისი ხასიათით, ფრაზირებით, ინტონაციით, შეგრძნებით და ასე შემდეგ. გოგის შემთხვევაშიც ასე იყო. მიუხედავად იმისა, რომ უნიკალური ხმა ჰქონდა, ფრაზირებას ისე აკეთებდა, რომ ის ვერ განმეორდება.

ჩემთვის მთავარია, სიტყვას როგორ მღერი, როგორ მეტყველებ, ინტონაციას როგორი სიზუსტით სვამ...

- თქვენ გოგი დოლიძეს ხედავდით რეპეტიციების დროს, უფრო თავისუფალ რეჟიმში და ბუნებრივს... ბევრჯერ გამიგია მისი განსაკუთრებული სასცენო პარტნიორობის შესახებ...

- ის იყო დიდი ადამიანი, ის ვერ იქნებოდა საშუალო დონის პარტნიორი, მასთან ერთად სიმღერა ყველას უნდოდა. არაჩვეულებრივი პარტნიორი იყო და იმიტომ. მაიასთან იმღერებდა ისე, როგორც ის მღერის, ეკასთან - ეკასნაირად, თამრიკო ჭოხონელიძესთან - მის შესაფერისად. პარტნიორის ძალიან კარგი შეგრძნება ჰქონდა.

გოგი დოლიძე

ზოგადად, მუსიკალურად, მეორე ხმით პარტნიორობა რთულია, მაგრამ ის ამას ფანტასტიკურად ახერხებდა, მუსიკალურადაც და ადამიანურადაც, ემოციური ინტელექტი ჰქონდა მაღალი. საქართველოში კარგად მღერიან, მაგრამ გოგისნაირად - ვერავინ.

- ასეთ ადამიანთან ურთიერთობის გამოცდილება, დიდი ბედნიერებაა...

- კი, მე მას პირადად ვიცნობდი, მასთან ერთად მიმღერია და კი, ნამდვილად გამიმართლა... მადლობა ამისთვის მას და მადლობა მაცაცოს, რომ ამის შესაძლებლობა მომცა...

დავით გერსამია

ამიტომ, დღეს, გოგის საღამოზე, კომპოზიტორ რუსუდან სებისკვერაძეს დაპატიჟებს თუ არა ორგანიზოტორი, ამაზე ნერვიულობაში დროს ვერ დავკარგავ.

დრო ყველაფერს ინახავს, რაც ღირებულია, ისევე, როგორც შეინახა გოგი დოლიძე... ისევე, როგორც შეინახავს მაცაცოს და მის შემოქმედებას...



ავტორი: თამარ გონგაძე

11/16/2025

დუეტი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024