ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
13 აპრილს ნიკო გომელაურის გარდაცვალებიდან 16 წელი გავიდა. 39 წლის იყო ვერაგ სენთან ბრძოლაში რომ დამარცხდა. თუმცა მანამდე რამდენჯერ დაგვაიმედა - "არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას". ჩახლეჩილი ხმით ნათქვამი ეს ფრაზა ისევ ტრიალებს სამყაროში. მისი ენერგეტიკით დამუხტული ფრაზები ისევ ცოცხალია და როგორ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ნიკო აღარ არის, როცა ღმერთია თავად სიტყვა.
ნინამ "ზმნა"-სთან ინტერვიუში თქვა, რომ დღემდე ვერ დააღწია თავი ნიკოს სიტყვას, ნივთებს, სიზმრებსაც კი, რომლებიც თითქოს ჩაკეტა. ამბობს, რომ წარსულით ცხოვრობს და ამაზე საყვედურობენ... თუმცა აღმოაჩინა, რომ ბედნიერია, რადგან მის ცხოვრებაში ნიკო გომელაური იყო...

ნინა ჩოდრიშვილი: დრო რომ გადის, ისეთი ეგზალტირებული აღარ ხარ, როგორც პირველ წელს. თავიდან ფიზიკურად ცუდად ხარ, სულ ტირი, თავს ვერ იკავებ, ჰიპერბოლიზირებული რეაქცია გაქვს ყველანაირ გახსენებაზე. მერე გადის დრო და იმით გკურნავს, რომ ეგზალტაციის გარეშე უყურებ ყველაფერს.

სხვადასხვა ეტაპებია. მქონდა სინანულის ეტაპი, ეს როგორ გავაკეთე, ის როგორ ვუთხარი, არასწორად გამომივიდა. როცა ჩემი საქმით არ ვიყავი დაკავებული, კარგა ხანი, ძირითადად, სინანული მტანჯავდა. ისეთ რამეებს ვიხსენებდი, რისი გახსენებაც არ მსურდა. ეს ის მომენტია, როცა საკუთარ "დანაშაულს" თვალს უსწორებ, რაღაც რომ არასწორად უთხარი, რომ არ ვიყავი მართალი იმ რეაქციის დროს, ვიღაცაზე გაუგებარი თუ გასაგები მიზეზით რომ ვიეჭვიანე. სულ ვნანობდი ჩემს რეაქციებზე, გამოხატვის ფორმაზე.

მერე გაჩნდა ნიკოს ახლიდან აღმოჩენის ეტაპი. საერთოდ გვჩვევია წასული ადამიანის გაიდიალება, არის ამის ტენდენცია. ამბები დროში იფილტრება, ცუდი მიდის და მხოლოდ კარგი რჩება. ყოველთვის ასეა. არ აქვს მნიშვნელობა საყვარელ ადამიანს კარგავ თუ სხვას, ყველა ადამიანზე ასე ხდება. დრო რომ გადის, წყენა მიდის. სიმძაფრეს კარგავს.
ნიკო სხვა მხრივაც აღმოვაჩინე და მგონია, კიდევ უფრო შემიყვარდა...

- მახსოვს, მის საფლავზე უამრავი წერილი გხვდებოდათ. ბევრმა დაკარგა ნიკო, ბევრს ეტკინა მისი წასვლა.
- იქაური დამლაგებლები მახვედრებდნენ. ყუთში მაქვს შეგროვილი... წერილებმა იკლო, აღარ მხვდება. პერიოდულად, ყვავილებს ვნახულობ. მართალი გითხრათ, მე საფლავზე სიარული არ მიყვარს. არაფრით არ შემიძლია. ნიკო სულ მეუბნებოდა, დედაშენის საფლავზე არ დადიხარ და ჩემთან ივლიო? როცა საჭიროა, ძალით მივდივარ... ერთი კვირის წინ ვარდის გასასხვლელად მივედი.

იცით, ნიკოსადმი სიყვარულის მასშტაბია განუზომლად დიდი. ამას ვერც ნიკო წარმოიდგენდა, ვერც მე და ვერც ვერავინ, რომ ასეთი მასშტაბის სიყვარულს დატოვებდა, ასე ეყვარებოდათ მისი დანატოვარი სიტყვა. მე ამას ყოველ წუთს ვხედავ. არის ნიკოს გვერდები ფეისბუქზე ათი ათასობით გამომწერით, რომელსაც სულ ემატებიან გამომწერები. სულ მის ხსენებაში არიან, იციან ლექსები, არ ივიწყებენ...
არ მსიამოვნებს, როდესაც მესიზმრება. არ მინდა! ამიტომ სიზმრები ჩავკეტე. მგონია, რომ გამომივიდა, ჩემი ქვეცნობიერი ჩემს ამ სურვილს ემორჩილება. თუმცა ზოგჯერ გამოძვრება და ვხედავ ხოლმე სიზმრად. მერე ძალიან ცუდად ვარ, მაწუხებს.

- 39 წლის წავიდა, ძალიან ახალგაზრდა. ახლა 54 წლის იქნებოდა. ამ ასაკში წარმოგიდგენიათ?
- მის მეგობრებს რომ ვხვდები, ვაკვირდები ხოლმე... და ვფიქრობ, როგორი იქნებოდა ნიკო. არც არაფერი შეიცვლებოდა, ჭაღარა გამოერეოდა, თორემ თვალები ისევ ლურჯი და ბრჭყვიალა ექნებოდა, სხარტი გონება, ფანტასტიკური იუმორი... და ძალიან, ძალიან, ძალიან დიდსულოვანი. დავიჯერო, ყველა წასულზე ამას ამბობენ? არადა, არც მინდა ასე ტრაფარეტულად გაიდიალება, მაგრამ მე დიდსულოვანი ნიკო აღმოვაჩინე. ნიკოს ლექსის წაკითხვისას, ყოველ ჯერზე რაღაც ისეთს აღმოვაჩენ, რომ მუდმივად ვოცდები. მიკვირს, ამ პატარა ასაკში, ასეთი დიდსულოვნება რანაირად მოახერხა. 39 წელი პატარა ასაკია.

სიტყვის ოსტატი ასე ადრე რომ მიდის, თავისი დაწერილის გადახედვას ვერ ასწრებს. დიდი ტრაგედია სწორედ მაგაშია, რომ გარდა იმისა, რომ რამდენ ახალს დაწერდა, რამდენ რამეს გადააკეთებდა კიდეც. მას სულ ჰქონდა ძიება, სამი წლის წინ დაწერილ ლექსში სიტყვებს ანაცვლებდა. "სიტყვა ვიპოვე" - იტყოდა და ჩაასწორებდა. სულ დინამიკაში იყო მისი პოეზია.
"ეს რა სისულელე დამიწერია, ეს მთვრალი ლექსია და ვერ ვიტან მთვრალ ლექსს" - ამბობდა.

ჩასწორებული შეცდომების ფურცლები მაქვს და იმით ვხელმძღვანელობ, როცა მისი ლექსები იბეჭდება და რედაქტორები მუშაობის პროცესში მეძახიან.
- შემოქმედი ადამიანის ნივთებიც განსაკუთრებულია, მისი ენერგეტიკით დამუხტული. თილისმად ხომ არ გაქვთ ქცეული რაიმე?
- ნიკოს ნივთებში მუდმივად ჩარგული ვარ. ახლა აღდგომაა და მისი ჩამოტანილი ფერადი კვერცხები მიდევს მაგიდაზე. თეატრიდან გასტროლზე რომ მიდიოდნენ, კვერცხი ჩამოჰქონდა. ეს მისგან გასაკვირი იყო, რადგან მეოჯახე არ ყოფილა.

ფული რომ გაუჩნდებოდა, იცოდა დიდი რაოდენობის პროდუქტების მოტანა. ავიწყდებოდა და ერთი და იგივე პროდუქტი მოჰქონდა საახალწლოდ. გიჟდებოდა საცივზე და მეტყოდა, ერთი დიდი ინდაური ჩვენ არ გვეყოფაო და მოიტანდა კიდევ. ახალი წლის დღეებში, დილას, შუადღეს და საღამოს, სულ საცივს ჭამდა. მე ვამზადებდი და ითვლება, რომ გემრიელად და მთელი დღე შეეძლო საცივი ეჭამა...
ირგვლივ ყველაფერი მასთანაა კავშირში. საერთოდ, ძალიან უყვარდა ჩვენი სახლი. ერთად შევიძინეთ. მოჰქონდა ნახატები, მერე კედელში ლურსმანს ისე არჭობდა, რომ თითიდან სისხლი აუცილებლად უნდა წამოსვლოდა. სულ ასე იყო. ამიტომ ნახატების უკან, კედელზე ნიკოს ნაკვალებია...

თავიდა რომ გადავედით იმ ბინაში, მე ჩემი კაბინეტი ხომ მექნებაო, მითხრა. რა თქმა უნდა-მეთქი და მოვამზადეთ ეს ოთახი, წიგნების თაროებით, საწერი მაგიდით და ამბებით. იმ კაბინეტში ნიკო არ შესულა... შაყირობდა მერე, ვერ წარმომიდგენია კაბინეტში შევიდე და ლექსი იქ დავწეროო.
კომუნისტების დროს იყო ასეთი თანამდებობა, პოეტი-აკადემიკოსი ერქვა. ნიკო ამაზე "ღადაობდა", როგორ გამოეწყობოდა ეს ვინმე პოეტი-აკადემიკოსი შარვალ-კოსტუმში, გამოუვლიდა სახელმწიფო მანქანა, წაიყვანდა კაბინეტში და ისიც იქ დაჯდებოდა ლექსის დასაწერად.
ნიკო წერდა ყველგან - კაფეში, ტაქსიში, ხელსახოცებზე, ნაგლეჯებზე... მერე ვიყავი ამ ხელსახოცების შეგროვებაში.
ახლობლები მსაყვედურობენ, რომ სულ წარსულში ვარ ჩაკეტილი და ამ კუთხით, სწორად არ ვცხოვრობ. რა ვქნა, სხვაგვარად ვერ ვახერხებ.

- თქვენს სმენით მახსოვრობაში მისი ხმით რა ფრაზა ცოცხლობს?
- "მინდა ჩამოგახიო სულის ჩადრები" - ლექსი აქვს ასეთი და ეს ფრაზა სულ მიტრიალებს ყურში. მომწონს ეს ლექსი და რომ წამიკითხა, ჩამრჩა. სხვა ლექსებიც იყო ჩემდამი მოძღვნილი, შეყვარებულობის პერიოდში დაწერილი...
- რითი შეგცვალათ ნიკოს გაელვებამ თქვენს ცხოვრებაში?
- მე ვარ ძალიან ბედნიერი ქალი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო ადამიანი - სირთულეებით, სიხარულით. ეს მე ნიკოს წასვლის შემდეგ ვიგრძენი. ის წავიდა და მე ბედნიერების შეგრძნება მაქვს. მე მგონი, რომ ეს ხშირი არ არის. არა მგონია, ბევრმა ქალმა შეძლოს ამის თქმა. ჩემს ცხოვრებაში ეს ბედნიერება იყო...


04/14/2026