ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის მსახიობი, ნიარა ჭიჭინაძე ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა. მსახიობს ჯილდო გუშინ, 80 წლის იუბილეზე, რეჟისორმა დიმიტრი ღვთისიაშვილმა გადასცა.
პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ მისი არტისტულობაა. გარდა ამისა, საოცარ ფორმაცია. როგორც "ზმნასთან" ინტერვიუში ამბობს, მოულოდნელმა ჯილდომ მასზე ძალიან იმოქმედა.

ნიარა ჭიჭინაძე: ამ ჯილდომ შოკში ჩამაგდო. მოულოდნელი იყო. უდიდესი რამაა! ძალიან ემოციური წუთები იყო, რაც დიდ ხანს გამყვება. მსახიობს მეტი რა უნდა, დაფასების გარდა?..
მიკროფონთან ექსპრომტად მოსული სიტყვები ვთქვი: ადრე ჩემთვის ვფიქრობდი, მე გავუძელი თეატრს, თუ თეატრმა გამიძლო მე. ამისთვის კი ღირდა გაძლება! მართლა ღირდა.


ჯილდო თეატრში დავტოვე. მე მარტო, ჩაკეტილად ვცხოვრობ. თეატრიდან მივდივარ, კარს ჩავკეტავ და არავის ნახვა არ მინდა. ამიტომ ვისაც ენდომება, შეუძლიათ თეატრში ნახონ ეს ჯილდო.
***
მსახიობის 80 წლის საიუბილეო საღამო სპექტაკლის შემდეგ მოეწყო. მანამდე მან "ადამიანის ხმა"-ში მარტოსული ქალი ითამაშა. როგორც ამბობენ, ამ როლში ქალბატონი ნიარა დაუვიწყარია...


ნიარა ჭიჭინაძე: ეს კაბა ჟან კოკტოს "ადამიანის ხმაში" მაცვია. მხატვრის შემოთავაზებულს უპრეტენზიოდ ვიცვამ. თეატრში ყველამ იცის, უპრეტენზიო რომ ვარ. რასაც მომიტანენ, ვიცვამ.
მე წინააღმდეგი ვიყავი იმ მუქი ფერის პარიკის, რაც მახურავს. ამ პარიკში ვარ დრაკულას ბებია. არ მომწონს მუქი ფერის თმა, არ მიხდება. მაგრამ მხატვარმა ასე დამინახა, ჩამაცვა, დამახურა და მორჩა, მოგწონს, არ მოგწონს, არ აქვს მნიშვნელობა, ასეა საჭირო.

1972 წლიდან ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობია.
უცხო სახელი რუსმა დედამ დაარქვა. რუსული "ნეტ" და ქართული - არა, ამ ორი სიტყვის ნაერთია. ასე ვარ ქართულ-რუსული "არა"-ო, ამბობს.
"დედა რუსი იყო, პარტმუშაკი. უკრაინიდან ჩამოვიდა, თბილისში დაიწყო მუშაობა, მერე ცოლად გაყვა მამას და აქ დარჩა.
მე კონკრეტული ერის წარმომადგენლობაზე მეტად, თავს კოსმოპოლიტად ვგრძნობ. არ მაქვს მიბმა რომელიმე ერზე, თუმცა ყველაზე მეტად ქართველი ვარ. რუსად აბსოლუტურად არ ვთვლი თავს. რუსებს ვიცნობ კარგად, ძალიიაან კარგად და საბედნიეროდ, ჩემში რუსის არაფერია. რუსების ბევრი რამ დედასაც არ მოსწონდა" - ამბობს "ზმნასთან" მსახიობი.
მიაჩნია, რომ 80 წელი ცოტა არ არის, არც ასაკია მხოლოდ ციფრები. უყვარს ახალგაზრდებთან ურთიერთობა და თვლის, რომ იმისთვის, რომ შინაგანად და გარეგნულად კარგად გამოიყურებოდეს, ეს ფაქტორიც მუშაობს.
ნიარა ჭიჭინაძე: ზოგის გონება ფხიზლად მუშაობს, ზოგს ეშლება რაღაცები. მე ჯერ არაფერი შემშლია. გონება მიჭრის. ჯერ თავში ნორმალურადაა ყველაფერი. თეატრში გონება მუშაობს, მსახიობს ტექსტების სწავლა უხდება. მეხსიერება კარგი მაქვს. სულ უნდა იმოძრაო, არ უნდა შეწყვიტო. თუ დაბერება არ გინდათ, ახალგაზრდებთან უნდა გქონდეთ ურთიერთობა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლა ისეთი დროა, ყველა თაობებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ხუთ-ხუთი წლის შუალედითაც უკვე დიდი განსხვავებებია.

- ასეთ ფორმაში ყოფნის საიდუმლოებას არ გაგვიმხელთ?
- არაფერი საიდუმლოება არ მაქვს. ეს ჯიშია. მე მამას ვგავარ. 70 წლის იყო რომ გარდაიცვალა და გარეგნობით, 40 წლის გეგონებოდათ. ჭიჭინაძეები განსაკუთრებული ხალხია. მამა ეძებდა და ერთი ურიგო ჭიჭინაძეც კი ვერ იპოვა. უბრალოდ, ყველა საუკეთესოა.
ჩვენ თბილისში ვცხოვრობდით. ძირძველი თბილისელი ვარ. ჩემი თაობის მსახიობები არიან - ნანი ჩიქვინიძე, მარინა ჯანაშია, ქეთი დოლიძე, ნუგზარ ბაგრატიონი - რა თაობა იყო ბატონ მიშა თუმანიშვილთან. ოჰოჰოო, რა თაობა იყო... ან, რა პედაგოგები გვყავდნენ. ბევრი ნათელი წერტილი იყო. მაშინ თბილისიც სულ სხვანაირი იყო.

ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, ექვსი მსახიობი, ორი სეზონით, ჩაგვიყვანეს ფოთში და... მე დავრჩი. ძალიან შემიყვარდა ეს ქალაქი. უაღრესად კარგი ქალაქია. მეტად უნდა იყოს გალამაზებული. ფოთს არაფერი აკლია, მას ხელშეწყობა უნდა. უნდა გააბათუმონ. და იქნება საოცრება... აქ ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს.
მე 54 წელია ფოთში ვცხოვრობ.
- ოჯახზე რას გვეტყვით...
- მეუღლე მილიციაში მუშაობდა. გარდაცვლილია. ჩემი ვაჟი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა... მყავს ქალიშვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები. თბილისში ხშირად ჩამოვდივარ მათთან.
- როგორ გაიარეთ ხანგრძლივი გზა ფოთის თეატრში?
- მაშინ ისეთი ტენდენცია იყო, თეატრში, როლებზე ადგილობრივი, პრიმა მსახიობები იყვნენ დაკავებულნი. მერე მოვიდა ახალი თაობა.
მქონდა როლები... სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლებში - "ალუბლის ბაღი", "დედა კურაჟი", "განკიცხული"...
ახლა კარგი ხელმძღვანელი გვყავს, საბა ასლამაზაშვილი. თუმცა უბედურება ის არის, რომ თეატრის შენობა არ გვაქვს. ჩემი სახლიდან ძველი თეატრის მიტოვებულ შენობას ვუყურებ. დროებით ვართ კულტურის სახლში, არადა, მაყურებელი სულ გვყავს. ყველა სპექტაკლზე სავსეა დარბაზი. დაგვპირდნენ შენობის რეკონსტრუქციას...
- რთულია მსახიობის ცხოვრება?
- რთულია. სულ თეატრში უნდა იყო, სახლში ხარ, მაგრამ სულ თეატრზე ფიქრობ. ნიჭიერი თაობა მოდის. როგორ მომწონს! ძალიან ნიჭიერები არიან და ძალიან მშურს, რატომ არ ვარ მეც ახალგაზრდა.
- ანუ 80 წელი არც ბევრია და არც საკმარისი...
- არ არის საკმარისი. მე ახალგაზრდა მსახიობებისგან და რეჟისორებისგან ვსწავლობ რა ხანია. ჩვენ საერთოდ ნიჭიერი ერი ვართ, ეს გვღუპავს!
- კარს ვიკეტავ და არავის ნახვა მინდაო. მარტოობა არ გწყინდებათ?
- არა, პირიქით. ხმაურიდან რომ მოვალ, ჩემთვის სიწყნარეში ჩავიკეტები და ეს არის ჩემთვის წამალი. არავინ არ უნდა ვნახო. დღეს უფრო უნდათ თავისთვის ჩაკეტვა ადამიანებს, ასეთი დრო მოვიდა. არ დაინახო, არ გაიგონო. ნაჭუჭში შეკეტვა მიყვარს. დღესაც ასე ვარ მარტო. გუშინდელი ემოციური დღის შემდეგ ვისვენებ. ხვალ წავალ თეატრში.

04/06/2026