ყველაფერი ბავშვებზე

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ბავშვის სრულფასოვანი განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ძილის ხარისხსა და ხანგრძლივობაზე. ამერიკის პედიატრთა აკადემიის განმარტებით, ძილი მხოლოდ დასვენება არ არის. ის აქტიური ფიზიოლოგიური პროცესია, რომელიც გავლენას ახდენს ტვინის განვითარებაზე, იმუნურ სისტემაზე, ემოციურ სტაბილურობასა და ქცევაზე.
სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ ასაკის შესაბამისი ძილის რეჟიმის დაცვა ბავშვის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
ასაკის შესაბამისი ძილის ხანგრძლივობა
პედიატრების რეკომენდაციით, ძილის საჭირო რაოდენობა ასაკის მიხედვით იცვლება.

ახალშობილებს შესაძლოა 14–17 საათი ძილი სჭირდებოდეთ დღე-ღამეში, სკოლამდელი ასაკის ბავშვებს დაახლოებით 10–13 საათი, ხოლო სკოლის ასაკში რეკომენდებულია 9–12 საათი.
არასაკმარისი ძილი დაკავშირებულია ყურადღების დაქვეითებასთან, გაღიზიანებადობასთან და სასწავლო პროცესში სირთულეებთან.
უსაფრთხო ძილის გარემო
ჩვილები უნდა იძინებდნენ ზურგზე, მყარ ზედაპირზე, საწოლში ზედმეტი ბალიშებისა და რბილი ნივთების გარეშე. ეს მიდგომა ამცირებს მოულოდნელი ჩვილთა სიკვდილის სინდრომის (SIDS) რისკს.

უსაფრთხო გარემო ძილის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, სიცოცხლის დაცვის მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევა.
სტაბილური ძილის რეჟიმი
ერთსა და იმავე დროს დაძინება და გაღვიძება ხელს უწყობს ბიოლოგიური რიტმის ფორმირებას.

რეგულარული რეჟიმი ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს ემოციურ თვითრეგულაციას, განსაკუთრებით სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვებში.
ეკრანული დრო და ძილის ხარისხი
პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციით, ძილის წინ ეკრანის გამოყენება უნდა შეიზღუდოს.

ელექტრონული მოწყობილობებიდან გამომავალი ლურჯი სინათლე აფერხებს მელატონინის გამომუშავებას. ეს ისჰორმონი, რომელიც ძილის პროცესს არეგულირებს. შედეგად, ბავშვებს უჭირთ დროულად დაძინება და ძილი ხდება ფრაგმენტული.
ძილი და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა
კვლევები მიუთითებს, რომ ქრონიკული უძილობა ზრდის შფოთვისა და ქცევითი პრობლემების რისკს. პედიატრები მშობლებს ურჩევენ, ყურადღება მიაქციონ არა მხოლოდ ძილის ხანგრძლივობას, არამედ მის ხარისხსაც. იმას, თუ რამდენად მშვიდად სძინავს ბავშვს და რამდენად ენერგიულია ის გაღვიძების შემდეგ.
02/26/2026