ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში გავრცელებული ებოლას უჩვეულოდ მასშტაბური ეპიდაფეთქება, საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციად გამოაცხადა.
ბოლო მონაცემებით, რეგიონში უკვე დაფიქსირდა 336 საეჭვო და 10 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, რომელთაგან 88 ფატალურად დასრულდა. დაავადება უკვე გასცდა კონგოს საზღვრებს – ორი შემთხვევა, მათ შორის ერთი გარდაცვალება, მეზობელი უგანდის დედაქალაქ კამპალაში გამოვლინდა.
ვირუსის გავრცელების ზონაში მოქმედი ამერიკული ჰუმანიტარული მისიის წევრები, მათ შორის ბავშვიანი ოჯახი, შესაძლოა ინფიცირებულებთან კონტაქტში იმყოფებოდნენ. თეთრი სახლის ცნობით, უკვე იგეგმება მინიმუმ ერთი იმ ამერიკელის სასწრაფო ევაკუაცია, რომელსაც დაავადების ნიშნები უკვე გამოუვლინდა, რათა მისი კარანტინში მოთავსება აშშ-ის ტერიტორიაზე მოხდეს. CDC აქტიურად მუშაობს მოქალაქეების უსაფრთხო გამოყვანასა და ადგილზე დამატებითი ძალების გაგზავნაზე.

რატომ არის ეს შტამი განსაკუთრებით საშიში?
ინფექციონისტების განცხადებით, მიმდინარე ეპიდაფეთქება განსაკუთრებით რთულად დასამორჩილებელი იქნება, რადგან ის გამოწვეულია ბუნდიბუგიოს (Bundibugyo) ვირუსით – ებოლას სპეციფიკური შტამით, რომლის წინააღმდეგაც დღეისათვის არანაირი დამტკიცებული ვაქცინა ან წამალი არ არსებობს. FDA-ს მიერ დამტკიცებული არსებული თერაპიები (Inmazeb და Ebanga) მხოლოდ ებოლას კლასიკური შტამის წინააღმდეგ მუშაობს. შესაბამისად, მედიკოსები მთლიანად პრევენციაზე, კონტაქტების მოძიებაზე, კარანტინსა და სიმპტომურ ინტენსიურ მოვლაზე (მაგალითად, რეჰიდრატაციაზე) არიან დამოკიდებულნი.
დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით (კორონავირუსის მსგავსად) არ ვრცელდება და მხოლოდ ინფიცირებულის ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით გადადის, რის გამოც CDC-ის განცხადებით, მსოფლიო საზოგადოებისთვის რისკი ამ ეტაპზე დაბალია. თუმცა, Bundibugyo-ს შტამი, რომლის სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 50%-ია, უკიდურესად სახიფათოა და ადამიანი გადამდები მხოლოდ სიმპტომების (ცხელება, სხეულის ტკივილი, დიარეა, ღებინება, აუხსნელი სისხლდენა) გამოვლენის შემდეგ ხდება.

რისკები
ეპიდემიოლოგ ენ რიმუანის (UCLA) თქმით, ინფექციის გავრცელების არეალი მნიშვნელოვნად ართულებს მის ლოკალიზებას. რეგიონში ადამიანები სამუშაოდ თუ სავაჭროდ მუდმივად მიგრირებენ, ხოლო ვირუსის გავრცელება დიდ ურბანულ ცენტრებში, მაგალითად უგანდის დედაქალაქ კამპალაში, სადაც განვითარებულია ავტობუსების ქსელი და ხალხმრავალი ბაზრები, სიტუაციას ამძიმებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დამატებით რისკებად ომით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისს, სუსტ ლაბორატორიულ ბაზასა და მოსახლეობის მხრიდან უნდობლობას ასახელებს. შექმნილი ვითარების გამო, აფრიკის CDC-მ დონორებთან და ფარმაცევტულ კომპანიებთან ერთად უკვე დაიწყო საგანგებო მოქმედების გეგმის კოორდინაცია.
წყარო: Medscriptum
Washingtonpost

05/18/2026