Logo

საზოგადოება

ექიმი, რომლის მწვანე რეცეპტით, აფთიაქები - ღარიბებს, წამლებს უფასოდ ატანდნენ

ექიმი, რომლის მწვანე რეცეპტით, აფთიაქები - ღარიბებს, წამლებს უფასოდ ატანდნენ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

პლატონ გიგინეიშვილის - საქართველოს დამსახურებული ექიმის ისტორია ყველამ უნდა იცოდეს. თერაპევტი, პედიატრი და ინფექციონისტი - პაციენტებს უფასოდ იღებდა, თუკი ხედავდა, რომ ოჯახს უჭირდა, ან ამ ოჯახიდან ომში იბრძოდნენ... შემდეგ კი, წამლისთვის მწვანე ფერის ქაღალდზე უწერდა რეცეპტს, თვის ბოლოს კი, დაივლიდა აფთიაქებს და თვითინ იხდიდა ფულს. აი, როგორი ექიმი გვყავდა ქართველებს! ჭეშმარიტი ქრისტიანი მკურნალი!

პლატონ გიგინეიშვილი

პლატონ გიგინეიშვილი 1879 წლის შობას სოფელ ჯურუყვეთში (ლანჩხუთში) დაიბადა.

გიორგი გიგინეიშვილის შეძლებულ ოჯახში უფროსი შვილი იყო. სამი ძმა და ორი და ჰყავდა.

როიალი ჰქონდათ ჯურუყვეთში და პლატონმა ბავშვობაშივე ისწავლა დაკვრა.

შეძლების გარდა გიორგი ჭკუასაკითხავი კაცი იყო და თურქებთან მოლაპარაკებაშიც მიუღია მონაწილეობა ბათუმის მორიგი ოკუპაციისას. მოლაპარაკება სამეგრელოში გამართულა დადიანის სასახლეში და იმდენად მოხიბლულა კნეინა დადიანი გიორგით რომ, მიბრძანდით საჯინიბოში და ნებისმიერი ცხენი ამოირჩიეთო, უთხოვია. ადგა გიორგი და ერთ თეთრ ცხენს დაადგა თვალი. არადა ქალბატონის საყვარელი ცხენი ყოფილა მაინცდამაინც ის, მაგრამ თავის სიტყვას ხომ აღარ გადავიდოდა ქალბატონი.

პლატონმა განჯის პრესტიჟული გიმნაზია დაამთავრა და ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა გამოცდები. სტუდენტობის დროს უკვე ცოლი ჰყავდა.

პლატონ გიგინეიშვილი

ნატა მამულაიშვილიც მდიდარი ოჯახიდან იყო, მაგრამ პლატონი სწავლისას ექიმ-ინტერნად მუშაობდა და თავად არჩენდა ოჯახს. პირველი ქალიშვილიც ოდესაში გაუჩნდათ, რომელიც მერე გერმანიაში დაამთავრებს კონსერვატორიას.

სწავლა რომ დაამთავრა, პროფესორი ივანოვსკი კათედრაზე ტოვებდა ოდესაში, მაგრამ არ დარჩა და ხერსონის ოლქში იმუშავა 1904 წლიდან და იქვე მოუსწრო ცხრაასხუთმაც. 1905 წლის რევოლუციის დღეებში “რევოლუციონერთა მფრინავ რაზმს” ხელმძღვანელობდა და დაჭრილ მეომრებს შველოდა შუაგულ ომში, ზედ ბარიკადებზე.

1906 წელს დაბრუნდა საქართველოში და პირდაპირ ბათუმში ჩამოვიდა. მაშინვე დანიშნეს შტატგარეშე ორგანიზატორად სტაციონარში, ახლანდელ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა.

ბავშვთა სახლები გახსნა მახინჯაურში, გოროდოკსა და ქობულეთში.

1922 წლიდან თერაპიულ განყოფილებას განაგებდა, იყო ტუბერკულოზური, ბავშვთა და ინფექციური განყოფილებების გამგე. თერაპიული განყოფილება მანვე დააარსა და 1942 წელს თამარ ბეთანელმა გადაიბარა. თამარი ძალიან სახელიანი ექიმი იყო ქალაქში, პლატონის კარის მეზობელი და მერი მონათლა, პლატონის უმცროსი ქალიშვილი, ჯერ კიდევ გასაბჭოებამდე.

ფერიის მთაზე შვიდი ჰექტარი მიწა იყიდა და ბაღი გააშენა მთლად უცხო ჯიშის ხეხილით და სხვა ნარგავებით. მათ შორის ციტრუსით, რომელიც უცხო ხილი იყო მაშინ საქართველოში. გასაყიდადაც კი გაჰქონდა რუსეთში ორი წლის განმავლობაში 9 ვაგონი მანდარინი, სანამ კომუნისტებმა არ მოუსწრეს და არ ჩამოართვეს. შენობა ახლაც დგას ბაღში, რომელიც პლატონმა საწყობად ააშენა. ხელვაჩაურის მეურნეობას გადასცეს მერე.

კეჩხობში ჰქონდა აგარაკი.

მერე მოვიდნენ კომუნისტები. ჩამოართვეს ფერია, ჯურუყვეთი, კეჩხობი.  ბათუმის სახლს არავინ გაკარებია, იმდენად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. ის კი არა, გასაბჭოებისთანავე იხმეს რევკომში და სამკურნალო დაწესებულებების და თავშესაფრების შენობები და მთელი ქონება ჩააბარეს.

პლატონ გიგინეიშვილი

ერთხელაც პლატონმა ფაიტონით ჩაიარა პარკთან. კულტურის და დასვენების პარკი ერქვა მაშინ. კარვები იყო გაშლილი ტბის პირას. რაღაც უცნაური ხმა მოესმა. ფაიტონი გააჩერებინა მიშას და მიაყურადა. ტირილის ხმა იყო. მიჰყვა ხმას და ერთ კარავში მომაკვდავ ახალგაზრდა ქალს დასტიროდა მეორე ახალგაზრდა ქალი. დები აღმოჩნდნენ ცოცხალიც და ცოცხალ-მკვდარიც. მსახიობები ყოფილან დაბანაკებულები და ერთი ძალიან ცუდად გამხდარა მოულოდნელად. გასინჯა პლატონმა. ავადმყოფს ძალიან მაღალი სიცხე ჰქონდა და გონებაც დაეკარგა. აშკარად ტიფის სიმპტომები იყო სახეზე. მიშა დაიხმარა, ფაიტონში ჩაისვა ავადმყოფი და მისი და და სახლში წაიყვანა სასწრაფოდ. ინფექციური ავადმყოფის სახლში მიყვანა პატარა რისკი არ იყო, როცა ტიფი სიკვდილს უდრიდა იმ დროს.

რამდენიმე თვე ცხოვრობდნენ დები პლატონისას. პაციენტი გადარჩა და აღმოჩნდა ვერიკო ანჯაფარიძე, მისი და კი მერი ანჯაფარიძე, გიორგი დანელიას დედა. მერე პლატონსაც შეეყარა ტიფი, ტიფთან მებრძოლი საზოგადოების თავმჯდომარეს და ისიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

ქალი მიადგა ერთხელ სახლს პატარა ბავშვით, ღამე გაგვათევინეთო. 1933 წელი იყო. გაიზარდა ეს პატარა გოგონა, გათხოვდა, გამრავლდა და ამ სახლშივე გარდაიცვალა სიბერეში.

პლატონ გიგინეიშვილი

ოჯახს თუ შეატყობდა, რომ უჭირდა, ან იცოდა, რომ იმ ოჯახიდან ომში იბრძოდა ვინმე, რეცეპტს თეთრის ნაცვლად, მწვანე ფერის ქაღალდზე უწერდა პაციენტს.

პლატონის რეცეპტს აფთიაქში ცნობდნენ და ფულს არ ახდევინებდნენ. მერე, თვის ბოლოს, თავად იხდიდა პლატონი, მისი ჯიბიდან. ხანდახან ფულიც რჩებოდა, "შემთხვევით", პაციენტის ოჯახში, რეცეპტის ქვეშ...

ჯერ საქართველოს და მერე აჭარის დამსახურებული ექიმი წუხდა, ხშირად რომ არ ჰქონდა საშუალება ყველა ავადმყოფს დახმარებოდა.

პლატონ გიგინეიშვილი

ინტერნაციონალის 41-ში სულ სტუმრიანობა და მიღებები იმართებოდა.

დიდი ჯაზმენი ედი როზნერი ჩერდებოდა გასტროლების დროს, მაგრამ ჯანმრთელი კაცი იყო და პლატონი მხოლოდ მასპინძელი იყო მისი. ზურაბ ანჯაფარიძე, ნადეჟდა ხარაძე, ვახტანგ ჭაბუკიანი და კიდევ ბევრი სხვა ცხოვრობდა ამ სახლში. არკადი რაიკინმა სახელი დაარქვა პლატონის შვილიშვილს, როცა პლატონი დიდ ძებნაში იყო სახელის. არკადი გასტროლებზე იყო მაშინ ბათუმში და პლატონთან ცხოვრობდა, რაღათქმაუნდა.

1949 წელს ავად გახდა. ექიმები მორიგეობდნენ და ყოველდღე კარზე აკრავდნენ განცხადებას სათაურით – “ჯანის სისაღე”. მოდიოდნენ ახლოდან და შორიდან. რიგები იდგა კართან და ხმამაღლა კითხულობდნენ განცხადებას წერა-კითხვის უცოდინართათვის.

როცა უკვე ძალიან დამძიმდა პლატონის ჯანმრთელობა, ის იყო რიგს რომ ერთი კაცი გამოეყო, მალევე დაბრუნდა და ერთი კონა თივა მოიტანა. სხვებმაც მიბაძეს და მთელს ქუჩაზე დააფინეს თივა, მომაკვდავი ექიმი ქუჩის ხმაურს რომ არ შეეწუხებინა.

იმ განცხადების ადგილას ახლა მემორიალური დაფაა გაკრული, – ამა და ამ წლიდან ამა და ამ წლამდე აქ პლატონ გიგინეიშვილი ცხოვრობდაო.

წყარო: ბათუმელები

ავტორი: ზმნა

01/24/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024