კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
13 იანვარს არიადნა შენგელაია (შპრინკი) 89 წლის გახდა. ინტერვიუები არ უყვარს. საზოგადოების წინაშე, თითქმის, არ ჩნდება. როგორც იმედა კახიანი იხსენებს, "არიადნა ყოველთვის მოკრძალებული იყო. ყურადღების ცენტრში ბუნებრივად ექცეოდა, მაგრამ თვითონ ინიციატივა, არასდროს გამოუჩენია."
ნატაშა შენგელაია, სამი წლის, ინტერვიუში გამომიტყდა: "მე ახლაც მწყდება გული, რომ არიადნა და ელდარი ერთად არ არიან. ცუდი გაგებით არ ვამბობ. მეც დამენგრა ოჯახი. ვიცი, ეს რაც არის. დედა და მამა დღემდე მეგობრობენ, სატელეფონოდ საუბრობენ. უყვართ ერთმანეთი. და მე ეს მახარებს."

არიადნა შენგელაია უკვე საბჭოთა კავშირში პოპულარული მსახიობი იყო, როდესაც ელდარ შენგელაიამ თავისი სადებიუტო ფილმის - "თეთრი ქარავანის" გადაღება თამაზ მელიავასთან ერთად დაიწყო. 1963 წელს გამოსულ ფილმში, მთავარ როლს, ლამაზი არიადნა თამაშობს. მაშინ ელდარზე ამბობდნენ, ეს არიადნას ქმარიაო. მაესტროსთან წარმატება მოგვიანებით, მისი კინოჰიტების გადაღბის შემდეგ მოვიდა.
იმედა კახიანი: არიადნა ბუნებით ძალიან კეთილშობილი, სუფთა და მართალი ადამიანია. ეს მის თვალებშიც ჩანს და ნამუშევრებშიც. ჩვენ ვმეგობრობთ. ძალიან მეგობრულია და დახმარების გაწევა იცის. გვერდით დაგიდგება, გირჩევს. ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილია.

ელდარი ისე უყვარდა, რომ მისი გვარი შეინარჩუნა. მისი გვარი შპრინკია. უყვარს საქართველო და ქართველები.
არიადნას დედა ჰყავდა შესანიშნავი, ქალბატონი ანა პავლოვნა, რუსი არისტოკრატი იყო. ელდარმა „არაჩვეულებრივ გამოფენაში“ ათამაშა, მილიციელის როლი. პატრულირებისას რომ აჩერებს აგურცოვას, ის არიადნას დედაა. შეიძლება ეს ბევრმა არ იცოდეს. დიასახლისი იყო, მსახიობი არ ყოფილა. ელდარი ანა პავლოვნას დიდ პატივს სცემდა. ისიც სიძეზე გაგიჟებული იყო. შვილიშვილები - ნატაშა და კატია შენგელაიები მან გაზარდა.

***
არიადნამ ელდარ შენგელაია მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლისას გაიცნო.
ტაშკენტში (უზბეკეთი) დაბადებული, გერმანული წარმოშობის რუსი არიადნა შპრინკი, ელდარ შენგელაიასთან ქორწინების შემდეგ, მეუღლის გვარზე გადავიდა და მასთან განქორწინების შემდეგაც, შენგელაიად დარჩენა მოისურვა.


ამ ქორწინებას უკავშირდება, აგრეთვე, იმ დროისთვის უკვე წარმატებული და ტიტულოვანი მსახიობის მოსკოვიდან საქართველოში გადმოსვლა. რუსულ კინოში არაერთი ცნობილი როლის მიუხედავად არიადნა შენგელაია კინოს ისტორიაში შევიდა და დარჩა, როგორც ულამაზესი ქართველი მსახიობი.
არიადნა შენგელაია გრიბოედოვის თეატრის მსახიობი იყო და თეატრალურ უნივერსიტეტში ასწავლიდა.
დაუვიწყარია მისი როლი კინოშედევრში - "შერეკილები", სადაც ის ერთადერთ ქალ პერსონაჟს ანსახიერებს. მარგალიტა ამყოლაძე ამ ფილმის ნამდვილი მარგალიტია და მისი, ბაფთადაკოსებული გამოჩენა, განუმეორებელი, გულუბრყვილო ღიმილითა და "გევიგუდე ქალით", დღესასწაულია.

დავით ჟღენტი, ერთაოზ ბრეგვაძის როლის შემსრულებელი, "კვირის პალიტრასთან" იხსენებს ფილმში მოხვედრისა და პორფირეს შეფიცვის ეპიზოდის გადაღების მომენტს.
დავით ჟღენტი: მივედი ძველ კინოსტუდიაში, სადაც ელდარ შენგელაია, "შერეკილების" სცენარის ავტორი რევაზ გაბრიაძე და მხატვარი, ცხონებული თენგიზ მირზაშვილი დამხვდნენ. მახსოვს, ლექსი წამაკითხეს, რაღაცები გამომკითხეს და... მხოლოდ ის გავიგონე, რეზო გაბრიაძემ რომ გადაულაპარაკა ელდარს, - აუ, ელდარ, ეგიაო. მაინც ვერ მივხვდი, რა უნდოდათ. მომდევნო დღესაც დამიბარეს, სასინჯი გადაღება ჰქონდათ, თურმე. მარგალიტას როლისთვის სალომე ყანჩელი და ლამარა ჭყონია მოსინჯეს, თუმცა ელდარი თავის იმჟამინდელ მეუღლეს, არიადნა შენგელაიას ამჯობინებდა, საბოლოო სიტყვა კი სამხატვრო საბჭოს უნდა ეთქვა. პარალელურად, მე უკვე ჩამრიცხეს სასწავლებელში და სასინჯი გადაღებიდან მეორე თუ მესამე დღეს, სასწავლებლის შესასვლელთან ელდარმა დამიძახა, - დამტკიცებული ხარ ერთაოზის როლზე, სამ-ოთხ დღეში ჭიათურაში, გადაღებაზე მივდივართო. სცენარიც მომაწოდა. გავოგნდი. ხმას ვერ ვიღებდი. თავი სიზმარში მეგონა. წარმოგიდგენიათ? - ოზურგეთიდან ჩამოსულ 18 წლის ბიჭს ელდარ შენგელაია მთავარ როლში მიღებდა!
გაბრწყინებული სახით სასწრაფოდ შინ, ბიძაჩემთან გავიქეცი და სცენარი მივაწოდე, - ნახე, მთავარ როლში მიღებენ-მეთქი. ბიძაჩემმა იფიქრა, ბავშვი გაგიჟდაო და ჩამეკითხა: ფილმს რა ჰქვია, ბიძიაო? - "შერეკილები"-მეთქი, - ვუპასუხე. - აბა, ასპროცენტიანი დამტკიცებული იქნებიო! - ბეჭედი დაუსვა. გავგიჟდი, სცენარი რომ წავიკითხე: ერთია, მთავარ როლში რომ ხარ, მაგრამ სულ ჩემი ტექსტი მხვდებოდა, ფაქტობრივად, ფილმიც ჩემს გმირზე იყო. მოკლედ, წავედით გადაღებაზე, ჭიათურაში. თავიდან ძალიან გამიჭირდა ჩემიანების გარეშე, მშობლები და დედმამიშვილები ძალიან მენატრებოდნენ, მაგრამ მერე შევეჩვიე.
ისიც მანერვიულებდა, ღამეებიც კი არ მეძინა, ვაითუ კარგად არ გამომივიდეს რამე-მეთქი - ჩემ გარდა, ხომ, ყველა გამოცდილი მსახიობი იყო! მაგრამ მერე გავთამამდი. ელდარიც მაქებდა.

სხვათა შორის, პორფირეს ხატზე დაფიცების ეპიზოდის გადაღებისას ძალიან ვიძაბებოდი. აბა, როგორია, რეჟისორი გვერდით გიდგას, შენ კი მის მეუღლეს უნდა აკოცო! ელდარი მეხვეწებოდა: აკოცე, კაცო, ნუ გერიდებაო, მე კი ძალიან ვუხერხულობდი. 3-4 დუბლის გადაღება დაგვჭირდა... არიადნა არაჩვეულებრივი ადამიანია. ქართულად ლაპარაკი უჭირდა, თორემ ყველაფერი ესმოდა.
***
ზუსტად ექვსი წლის წინ, 13 იანვარს, კინოთეატრ "რუსთაველის" წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.
01/13/2026