Logo

ჯანმრთელობა

ელექტრონული სიგარეტი მოწევისთვის თავის დანებების საუკეთესო საშუალებაა?

ელექტრონული სიგარეტი მოწევისთვის თავის დანებების საუკეთესო საშუალებაა?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ნიკოტინის შემცველი ელექტრონული სიგარეტი შეიძლება ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევის შეწყვეტის უფრო ეფექტური საშუალება იყოს, ვიდრე ნიკოტინის შემცვლელი ტრადიციული საშუალებები - პლასტირი ან საღეჭი რეზინი.

ამის შესახებ Cochrane-ის ახალი, 2026 წლის 26 აგვისტოს გამოქვეყნებული სისტემური მიმოხილვა იუწყება, რომელიც ამ თემაზე არსებული სამეცნიერო მტკიცებულებების ერთ-ეთი ყველაზე მასშტაბური და განახლებული შეფასებაა.

მკვლევრებმა გააანალიზეს 80 რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევა, რომლებშიც 29 861 ადამიანი მონაწილეობდა.

წინა ვერსიასთან შედარებით მიმოხილვას კიდევ ცხრა ახალი კვლევა დაემატა. ავტორების განცხადებით, მიღებული შედეგები წინა წლებში დაგროვილ მონაცემებს კიდევ უფრო ამყარებს.

რამდენად დიდია განსხვავება?

კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა ელექტრონული სიგარეტის ნიკოტინის შემცვლელ თერაპიასთან, კონკრეტულად ნიკოტინის პლასტირთან, საღეჭ რეზინთან და საწუწნ ტაბლეტებთან შედარებას ეხება.

კვლევის მიხედვით, რიცხვებში განსხვავება ასე გამოიყურება - ყოველ 100 ადამიანზე ელექტრონული სიგარეტის გამოყენებით დაახლოებით ოთხით მეტი ადამიანი ახერხებს მოწევის შეწყვეტას, ვიდრე ნიკოტინის პლასტირის ან საღეჭი რეზინის გამოყენებისას.

სიგარეტი

ნიკოტინის შემცველი ვეიპი ასევე უფრო ეფექტური აღმოჩნდა ნიკოტინის არმქონე ელექტრონულ სიგარეტთან შედარებით. სიგარეტის მოწევას, ყოველ 100 მომხმარებელზე, დაახლოებით ორი დამატებითი ადამიანი წყვეტდა.


მხოლოდ ქცევით მხარდაჭერასთან ან საერთოდ დახმარების არქონასთან შედარებით შედეგიც ელექტრონული სიგარეტის სასარგებლოდ იყო, თუმცა ამ შემთხვევაში მტკიცებულების სანდოობა შედარებით დაბალია.


რატომ შეიძლება ვეიპი უფრო ეფექტური იყოს?

ერთ-ერთი სავარაუდო ახსნა ისაა, რომ ელექტრონული სიგარეტი არა მხოლოდ ნიკოტინის დეფიციტს ავსებს, არამედ ნაწილობრივ ინარჩუნებს მოწევასთან დაკავშირებულ ქცევით რიტუალსაც - ხელის მოძრაობას, ჩასუნთქვას და ნიკოტინის შედარებით სწრაფ მიღებას.

პლასტირი ნიკოტინს ორგანიზმს ნელა და მუდმივად აწვდის, ხოლო საღეჭი რეზინი და საწუწნი ტაბლეტები ამ ეფექტს სრულად ვერ იმეორებს. თუმცა აქ მნიშვნელოვანია მთავარი განსხვავება. ელექტრონული სიგარეტის დახმარებით ჩვეულებრივი სიგარეტის შეწყვეტა ყოველთვის არ ნიშნავს ნიკოტინზე დამოკიდებულების შეწყვეტას. ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება აღარ მოწიოს თამბაქო, მაგრამ ვეიპის გამოყენება ხანგრძლივად გააგრძელოს.

სიგარეტი

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ელექტრონული სიგარეტი უსაფრთხოა?

ახალი კვლევის შედეგი მოწევის შეწყვეტაში მის ეფექტურობას ეხება და არა უსაფრთხოებას.

Cochrane-ის ავტორებმა კვლევებში ელექტრონული სიგარეტის გამოყენებასთან დაკავშირებული მძიმე გვერდითი მოვლენების ზრდის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინეს. თუმცა ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გრძელვადიანი უსაფრთხოების შესაფასებლად უფრო ხანგრძლივი და ფართომასშტაბიანი კვლევებია საჭირო.

შედეგები ასევე ეხება რეგულირებულ, ნიკოტინის შემცველ პროდუქტებს და არა უცნობი შემადგენლობის ან არალეგალურად დამზადებულ ვეიპებს.

ამ საკითხზე სიფრთხილის საფუძველს სხვა ახალი კვლევებიც იძლევა.

2026 წლის ივნისში Nature Medicine-ში გამოქვეყნებულმა სამხრეთკორეულმა კვლევამ 4,5 მილიონზე მეტი ყოფილი ან მოქმედი მწეველის მონაცემები გააანალიზა. იმ ადამიანებში, რომლებმაც ჩვეულებრივი სიგარეტი შეწყვიტეს, მაგრამ ყოველდღიურად ელექტრონულ სიგარეტს იყენებდნენ, ფილტვის კიბოს სიხშირე და ფილტვის კიბოთი სიკვდილიანობა უფრო მაღალი იყო, ვიდრე მათ შორის, ვინც მოწევას სრულად და ვეიპის გამოყენების გარეშეც დაანება თავი.

თუმცა კვლევა დაკვირვებითი იყო და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამტკიცება არ შეუძლია.

სიგარეტი

ეს ორი დასკვნა ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. ელექტრონული სიგარეტი შეიძლება სიგარეტზე ნაკლებად მავნე და სიგარეტის შეწყვეტისთვის ეფექტური ინსტრუმენტი იყოს, მაგრამ ჯანმრთელობისთვის საუკეთესო შედეგი მაინც თამბაქოსა და საბოლოოდ ნიკოტინის პროდუქტების სრულად შეწყვეტაა.

რატომ არ აქვთ ყველა სამედიცინო ორგანიზაციას ერთნაირი პოზიცია?

მიზეზი, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნისა და ორგანიზაციის მიდგომები ერთმანეთისგან განსხვავდება, სწორედ გრძელვადიანი უსაფრთხოების შესახებ არსებული გაურკვევლობაა.

დიდი ბრიტანეთის NICE ნიკოტინის შემცველ ელექტრონულ სიგარეტს ზრდასრულ მწეველებში მოწევის შეწყვეტის ერთ-ერთ შესაძლო საშუალებად განიხილავს. NICE აღნიშნავს, რომ ვეიპი სავარაუდოდ მნიშვნელოვნად ნაკლებად მავნეა, ვიდრე სიგარეტის მოწევა, თუმცა მისი გრძელვადიანი ზემოქმედების შესახებ მონაცემები ჯერ არასაკმარისია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ელექტრონულ და ჩვეულებრივ სიგარეტს პარალელურად არ იყენებდეს, არამედ თამბაქოს მოწევა სრულად შეწყვიტოს.

სიგარეტი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) უფრო ფრთხილ პოზიციას ინარჩუნებს. 2024 წლის თამბაქოს დამოკიდებულების მკურნალობის გაიდლაინში WHO ეფექტურ საშუალებებად რეკომენდაციას უწევს ნიკოტინის შემცვლელ თერაპიას, ვარენიკლინს, ბუპროპიონსა და ციტიზინს. ელექტრონული სიგარეტის გამოყენების შემთხვევაში კი ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ შესაძლო რისკები და ასეთი პროდუქტები მკაცრად აკონტროლონ.

წყარო: Cochrane

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

08/27/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024