
09/29/2026
ელისო ვირსალაძე, რომელმაც ექვსი წლის წინ, რუს ჟურნალისტთან საუბრისას (იუთუბარხზე - ЕщенеПознер) ხატია ბუნიათიშვილის მისამართით გააკეთა შეფასება - Ужас, დღეს აღიარებს, რომ ბუნიათიშვილი ძალიან ნიჭიერია. გაიხსენა ისიც, რომ საერთაშორისო აღიარების მქონე ებრაული წარმოშობის ავსტრიელმა და საბჭოთა პიანისტმა და პედაგოგმა, ოლეგ მაიზენბერგმა უთხრა, რომ ხატია ძალიან ნიჭიერია.
მაიზენბერგი წელს, აპრილში, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხატია პედაგოგს, ფეისბუქზე, ასე გამოემშვიდობა.
"ძნელი დასაჯერებელია, რომ აღარ ხართ, ძვირფასო ოლეგ. მართლა ასეა? თქვენი არსებობა ჩვენს ცხოვრებაში მუდმივად იგრძნობა. თქვენ - თქვენმა მოსწავლეებმა - უსაზღვროდ ბევრი რამ გვასწავლეთ, მაგრამ ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ დაგვანახეთ, ვინ ვართ სინამდვილეში. თქვენი პიროვნება უზარმაზარი მასშტაბის იყო, თუმცა, რაღაცნაირად, არასდროს თავს არ გვახვევდით საკუთარ თავს ჩვენსავე შემოქმედებით ინდივიდუალობაში.

რაოდენ დიდი გამჭრიახობით, ცოდნითა და ფანტაზიით გამოირჩეოდით! თქვენი თითოეული გაკვეთილი ახალ წიგნს ჰგავდა, რომლის წაკითხვა და აღმოჩენა გვაინტერესებდა.
მადლობა იმ ცხოვრებისთვის, რომელიც მუსიკაში აღმოგვაჩენინეთ. მწუხარებასთან ერთად, ბედნიერიც ვარ, რომ გიცნობდით.
თუ შეიძლება, რჩევას მოგცემთ: მოუსმინეთ ოლეგ მაიზენბერგის შესრულებით ჩაიკოვსკის „ოქტომბერს“. სავარაუდოდ, ამის შემდეგ იგრძნობთ, რომ ეს ადამიანი უკვე გაიცანით. ვუსამძიმრებ ძვირფას კიპუშას."


ელისო ვირსალაძეს 14 სექტებერს 84 წელი შეუსრულდა. 2010 წლიდან პიანისტი თელავში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს აკეთებს. ერთ კვირიანი ფესტივალი 27 სექტემბერს დასრულდა. დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე ელისო ვირსალაძე და თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი (არიელ ცუკერმანის დირიჟორობით) წარსდგნენ.
ხატიას წარმატებების შესახებ ყველამ კარგად უწყით. ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტის გრაფიკი მსოფლიოში ცნობილი დარბაზების კონცერტებითაა გადაჭედილი. ოვაციებით ხვდებიან ყველგან. კონცერტებზე მის მოსასმენად მიდიან, მუდამ აინტერესებთ...

ხატია ბუნიათიშვილი, თავისი საქმის პარალალურად, მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, როდესაც რუსულ პროპაგანდას ღიად ეწინააღმდეგება. ყირიმის ანექსიის შემდეგ, ის პუტინის სისასტიკეს ამხელს. თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად კი, მსოფლიოს მასშტაბით, არა ერთი ეთერი გამოიყენა.
ელისო ვირსალაძე ბოლო ინტერვიუში ამბობს, რომ ქართველები ძალიან ცუდი ადამიანები ვართ, რაც გვაქვს არასოდეს ვაფასებთ. რუსი მსმენელი ასეთი არ არის. მე ქართველი ვარ, მოსკოვში ვცხოვრობ და მოსკოვში ვასწავლიო.
UG Art პოდკასტში, მისთვის დასმულ შეკითხვაზე - რუსი ჟურნალისტისგან, ხატია ბუნიათიშვილზე ეს იყო სპეციალურად დასმული კითხვა და თქვენ, რუსულ აუდიტორიას, თქვენი პასუხით ასიამოვნეთ, პიანისტმა ასეთი პასუხი გასცა.
ელისო ვირსალაძე: საქმე იმაშია, რუსულმა აუდიტორიამ არც კი იცოდა, ვინ არის ხატია ბუნიათიშვილი.
- ამაში ვერ დაგეთანხმებით.
- მე გეუბნებით. ერთხელ, მისი აფიშა მოსკოვში იყო გაკრული და ის არ ჩამოვიდა. ეს იყო მანამდე, მის პიროვნულ გადაწყვეტილებამდე. იმ დროს ვენაში მაიზენბერგთან სკოლაში სწავლობდა.
იცით, რატომ ვთქვი მასზე - უჟას? მე ჩემს პროფესიას ძალიან ვაფასებ, ძალიან მიყვარს და ვუყურებ, როგორც განსაკუთრებულ მოვლენას არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველასთვის, ვინც მუსიკას ემსახურება. მაგრამ როდესაც გამოდის არა იმისთვის, რომ მუსიკას ემსახუროს, არამედ იმისთვის, რომ მუსიკა შენ გემსახუროს, მე ეს არ მომწონს. ის არ არის იმდენად ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინტერნეტში უყურებს.
- მაგრამ ჟურნალისტმა მაინც გკითხათ მასზე იმიტომ, რომ აინტერესებთ.
- კი, იმიტომ, რომ არ შეიძლება არ შეგეკითხოს - ყველგან არის მისი პორტრეტები.
ჩემთვის ხატია ძალიან, ძალიან ნიჭიერია. მე მაიზენბერგმაც მითხრა, ძალიან ნიჭიერია, მაგრამ იმდენი რამ არ იცის, როგორ მოვასწრო, რომ ყველაფერი ვასწავლოო. ეს მაშინ, როდესაც მე მაიზენბერგთან ძალიან კარგ დამოკიდებულებაში ვიყავი. თვითონ ოლეგი ალექსანდრე იოჰელესის აღზრდილი იყო. მე ვმეგობრობდი იოჰელესთან. ის თბილისის კონსერვატორიის პროფესორი იყო. მაიზენბერგი იყო მისი ერთადერთი ძალიან ცნობილი მოწაფე.

მაიზენბერგი ძალიან ამაყობდა და აფასებდა კიდეც ხატიას. მაგრამ გავიდა დრო. სჭირდება თუ არა ადამიანს სწავლა? დიდი კითხვაა. შეიძლება თუ არა ადამიანი იყოს იმით კმაყოფილი, რასაც აკეთებს? მე მგონი - არა. მაგრამ შენ როდესაც ხედავ პიროვნებას, რომელიც უაღრესად კმაყოფილია თავისი ცხოვრებით, მიღწევებით და ამაყობს თავისი თავით, არ შეგიძლია, რომ მაინცდამაინც მოგწონდეს.
გააზიარე სტატია