Logo

საზოგადოება

"ემიგრაცია თავისით არ სრულდება, შენ უნდა დაასრულო" - ჟურნალისტი, რომელიც სამშობლოს ამერიკიდან დაუბრუნდა

"ემიგრაცია თავისით არ სრულდება, შენ უნდა დაასრულო" - ჟურნალისტი, რომელიც სამშობლოს ამერიკიდან დაუბრუნდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ამერიკაში ამბიციური სურვილით ჩავიდა, უნდოდა თავისი პროფესიით, ჟურნალისტად ემუშავა. ადგილზე სხვა რეალობა დახვდა. მაგრამ როცა მიზანდასული ხარ, ადრე თუ გვიან, ყველაფერს აღწევ. დღეს იგი მედიაპლატფორმის და პროექტის „ნიუ-იორკში თამიასთან“ დამფუძნებელი და წამყვანია; იუთუბ-გადაცემის, რომელსაც ამერიკის მიწაზე, არაერთი საინტერესო და წარმატებული ქართველი ემიგრანტი აღმოუჩენია. როგორც გადაცემის ავტორი - თამია ტატალაშვილი "ზმნასთან" ინტერვიუში ამბობს, პროექტი შედგა და გადაცემათა ციკლი ემიგრანტების შესახებ, ისტორიას დარჩება.

თამია ტატალაშვილი: თორმეტი წლის ვიყავი ამერიკაში პირველად რომ ჩავედი. ემიგრანტ მამასთან ჩავდიოდი ხოლმე. უკვე ოცდაოთხი წლის ასაკში, პანდემიის დროს, გადავწყვიტე მეც გავმხდარიყავი ემიგრანტი. ჩემი მიზანი ამერიკაში საცხოვრებლად დარჩენა არ ყოფილა. დროებით წავედი. განსავითარებლად და ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად.

თამია

- იდეისთვის ფრთების შესასხმელად რა დრო დაგჭირდათ?

- წელიწად ნახევარი დამჭირდა. სანამ სპონსორი მეყოლებოდა, გადაცემებს ჩემი სახსრებით ვწერდი. სხვადასხვა სამსახურში ვმუშაობდი და იქ აღებულ ხელფასს, ჩემი გადაცემის გუნდის წევრებს ვუხდიდი. თავიდანვე მინდოდა, რომ ჩემს გუნდში ქართველი ემიგრანტები ყოფილიყვნენ. ძალიან ბევრი ოპერატორი და კამერამენია ემიგრაციაში წასული, რომლებიც სხვადასხვა სამუშაოზე მუშაობენ, არა თავიანთი პროფესიით. ვიპოვე ეს ადამიანები და ამ კარგ ამბავში ჩავრთე. გადაცემის მუსიკალური პროდიუსერი და საუნდთრეკის ავტორი მალიბუ ტუღუშია. ჩვენ ემიგრაციაში შევიძინეთ ერთმანეთი და საუკეთესო მეგობრები გავხდით. როდესაც გადაცემას ვგეგმავდი, მალიბუმ მითხრა, არ გინდა ამ გადაცემას მუსიკა რომ ჰქონდესო და სიმღერა მაჩუქა. ორივე ვფიქრობთ, რომ ეს სიმღერა ძალიან მგავს.

თამია

- თამია, რა იყო გადაცემის მიზანი?

- მინდოდა ემიგრანტებს ეგრძნოთ, რომ ჩვენ ისინი გვიყვარს, გვენატრება და საქართველო მათ ყოველთვის ელოდება. ჩემი მთავარი იდეა, რაც არის და რასაც ვემსახურები, ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებაა. იმ ემიგრანტებს, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება უნდათ, ეს გზა ოდნავ მაინც შევუმსუბუქო, ან თუნდაც ის სიყვარული დავანახო ქართველების მხრიდან, რომ უყვართ, ახსოვთ და შეუძლიათ დაბრუნდნენ.

ზოგადად, ემიგრანტის ყველაზე დიდი ფიქრი და დარდია, თითქოს მათ სამშობლოში და სახლში ადგილი დაკარგეს. იმ მასპინძელ ქვეყანასაც, სადაც არის, სახლად ვერ იღებს, სხვის მიწაზე ცხოვრობს, სხვის ჰაერს სუნთქავს. ეს არის ძალიან რთული.

ჩემი მიზანია ემიგრანტების ხმა ისმოდეს.

თამია

გულწრფელად მიხარია, რომ გადაცემებში დაიწყო ემიგრაციის გაშუქება, თვითონ კომპანიებმაც დაიწყეს ემიგრანტებისთვის სპეციალური პროექტების შემუშავება. მედია პლატფორმები, კომპანიები, ჩვენ, ყველანი ვალდებული ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათ ცხოვრებაში. არ შეიძლება მათი ხმა დაკარგული იყოს.

- ბევრი წარმატებული ქართველი გვყავს ამერიკაში?

- ძალიან ბევრი საინტერესო ემიგრანტი გვყავს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. თავის დამკვიდრება იმდენად რთულია, თუ ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძლიერი არ ხარ, რომ ემიგრაცია გადაიტანო და მერე ნორმალურ ადამიანად დარჩე, ვერ შეძლებ. ვფიქრობ, რომ ემიგრანტები გმირები არიან. სხვა ქვეყანაში, სხვა მიწაზე, სხვა კულტურაში, უცხო ხალხში იმკვიდრებენ თავს, ძალიან საამაყო და ძალიან მაგარ ამბებს ატრიალებენ.

თამია

ამერიკელი საქართველოში რომ დასვა, დაიკარგება, ვერაფერს გააკეთებს. ქართველი დგება, მიდის ამერიკაში, მაგარ რაღაცებს აკეთებს და ძალიან დიდი წარმატება აქვს. წარმატება არის ზუსტად ის, რომ მოხუცთანაც იმუშაო, კაფეშიც, დამლაგებლადაც და მიხვიდე იმ მიზნამდე, რაც შენ გაქვს, გზად კი არაფრის არ შეგრცხვეს. ბევრი წარმატებული ემიგრანტის გზა ძალიან რთული დასაწყისით დაიწყო.

- ქუჩის ინტერვიუს ჩაწერას ხელისშემშლელი ფაქტორები არ სდევს? ან როგორ ხვდებიან რესპონდენტები თამიასთან?

- ამინდს არ ვთვლი ხელისშემშლელ ფაქტორად. წვიმაში ქოლგებით ვმოძრაობთ. მაგრამ იცით, ჩემს გადაცემას რამდენი საათი ვწერ?! ვდგები დილის შვიდ საათზე, ათზე გადაღებას ვიწყებთ, სახლში ღამის პირველ-ორ საათზე ვბრუნდები. ძალიან დიდი დრო მჭირდება. ლოკაციებს, რომლებსაც ვიცვლი, რესპონდენტებთან არის დაკავშირებული. ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადასაადგილებლად შეიძლება ორი-სამი საათი დამჭირდეს. ამგვარად, ბევრი დრო და ძალისხმევა სჭირდება.

თამია

რაც შეეხებათ რესპონდენტებს. ნებისმიერ ემიგრანტს შეუძლია მომწეროს. არა აქვს მნიშვნელობა, წარმატებული იქნება თუ არა. ემიგრანტის გზა ძალიან საინტერესოა. წარმატება სხვადასხვანაირად აღქმადია. ვისთვის, რა არის წარმატება. მთავარია, ისტორია იყოს საინტერესო. მე ჩავწერე ადამიანი, რომელიც ცამეტ მოხუცთან მუშაობდა. ბევრი ადამიანი აღმოვაჩინეთ, რომლებიც ძალიან შეიყვარა ქართველმა მაყურებელმა. ჯერ არ მყოლია რესპონდენტი, ვისთანაც გულწრფელი საუბრის ჩაწერა გამჭირვებია.

- რა გიყვართ ამ პროფესიაში ყველაზე მეტად?

-მიყვარს ის, რომ ვარ დამოუკიდებელი ჟურნალისტი და შემიძლია მიკერძოების გარეშე გავაშუქო ემიგრაციის რეალური ცხოვრება. თავისუფალი ჟურნალისტის სტატუსი მომწონს.

თამია

- ამბობთ, რომ თქვენი მეორე ქალაქი ნიუ-იორკია, რითი შეგაყვარათ თავი?

-ნიუ-იორკმა ძალიან გამზარდა. როდესაც ჩავედი და ჩემი პროფესიით მუშაობის დაწყება გადავწყვიტე, იქაურმა წესებმა და კანონებმა მითხრა, რომ შენი პროფესიით საბუთების გარეშე ვერ იმუშავებო. ჰოდა, მეც მინუს ნულიდან დავიწყე თავის დამკვიდრება. არავინ მყავდა იქ, მხოლოდ მამაჩემი. ჩავედი, ერთ თვეში გადაცემის გაკეთების მიზანი დავისახე და სისრულეში ჩემით მოვიყვანე. ნიუ-იორკმა მომცა ეს ინსპირაცია, ამიტომაა ჩემი მეორე ქალაქი. ვერასდროს რომ ვერ მოდუნდები, ისეთი ქალაქია. სულ უნდა იმუშაო შენს მიზნებს და ოცნებებს რომ მიაღწიო.

მეტროში დღესაც ვიკარგები. სხვა მასშტაბებია საერთოდ. ნიუ-იორკი ძალიან დაუცველი ქალაქია. გარეთ რომ გახვალ, არ იცი უკან დაბრუნდბი, თუ არა. საზოგადოებისთვის უამრავი საშიში ადამიანი დადის. შეიძლება ვიღაცამ მოულოდნელად იარაღი ამოიღოს და მეტროში დაგაჭედოს. არაერთხელ მომხდარა მსგავსი შემთხვევა. არის ისეთი უბნებიც, სადაც შეიძლება შეხვიდე და უკან ვეღარ გამოხვიდე. ნიუ-იორკში დღემდე არის გეტოები.

თამია

- თქვენს რესპონდენტებს ხშირად უსვამთ ხოლმე ამ კითხვას, ახლა მე გკითხავთ, ამერიკა თავშესაფარია, თუ შესაძლებლობების ქვეყანა?

- (15 წამიანი ფიქრის შემდეგ) რთული ყოფილა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა 😊 ვისთვის - როგორ. ვიღაცისთვის შეიძლება თავშესაფარი იყოს, ჩემთვის შესაძლებლობების ქვეყანა აღმოჩნდა.

- ემიგრაცია თავისით არ დასრულდება, თვითონ უნდა დაასრულოო, ამბობთ. როგორ ხდება ემიგრაციის დასრულება. ლიმიტი როდის იწურება?

-მუშაობ, მუშაობ და რაც წლები გადის, შენი კვალიფიკაცია იზრდება და შემოსავალიც მატულობს. ამერიკაში ეს დაუსრულებელი პროცესია. ანაზღაურება წლებთან ერთად მეტი და მეტია. ერთ დღესაც თუ არ თქვი, რომ მე ეს უნდა დავასრულო, თავისით არ დასრულდება. დასახულ მიზანს რომ მიაღწევ, ახალი მიზნები აღარ უნდა დაისახო. უნდა ადგე და წამოხვიდე.

მე თორმეტი წლიდან ემიგრაციას ვებრძვი. 2025 წელს ამ ბრძოლაში გავიმარჯვეთ, დღეს მეც და მამაც საქართველოში ვცხოვრობთ. უფრო პირადის გამო დავბრუნდი. ოჯახი და პირადი სადაც მაქვს, მეც იქ მინდოდა ვყოფილიყავი. გეგმაში მქონდა საბუთების გაკეთება და გავაკეთე. პლიუს ამას წარმატებული პროექტიც ჩავუშვი.

თამია

ახლა, ორ-სამ თვეში ერთხელ მაინც მიწევს ამერიკაში გამგზავრება გადაცემის ჩასაწერად. საქართველოში მყოფი კი, ემიგრაციიდან უკვე დაბრუნებულ ემიგრანტებს ვწერ. ეს ერთგვარი მოტივაციაა იმ ემიგრანტებისთვის, რომლებსაც ჩამოსვლა უნდათ.

მომავალში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან გავაშუქებთ ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას. მალე პირველი გადაცემა გავა ევროპიდან.

თამია

- რა ცვლილებებს იწვევს ემიგრაცია?

-პირადად მე გამაძლიერა. ემიგრაციის შემდეგ ვამბობ იმას, რომ შეუძლებელი არაფერია. ყველგან შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ გვინდა. მთავარია, ვიშრომოთ, ვიშრომოთ, ვიშრომოთ ყველგან. არ დაგვეზაროს შრომა საკუთარი თავის განვითარებისთვის და ავტომატურად ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანებიც კარგად იქნებიან.

თამია

-თქვენი გამოცდილებიდან, რა გაითვალისწინონ უკვე საემიგრაციოდ გამზადებულმა ადამიანებმა?

-ის, რომ არ წავიდნენ ემიგრაციაში. სრული გულწრფელობით ვამბობ. იმდენად რთულია ემიგრანტის გზა. თუ ადამიანი მოინდომებს, აქაც ყველაფერია შესაძლებელი, ნიჭი და შრომა ყველგან ფასდება, მე ასე მჯერა. თუ სასწავლებლად მიდის, ან კონკრეტული პროექტისთვის, ეს სულ სხვა რაღაცაა. მაგრამ თუ ტიპიური ემიგრანტის ჯაფისთვის მიდის, ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაა; ვიცი, ბევრი ადამიანი გამოადეპორტეს. ამიტომ ახლა არავის ვურჩევ ემიგრაციაში წასვლას.

ბევრი ემიგრანტი რესპონდენტი მყოლია, რომლებსაც ჩემთვის პირდაპირ უთქვამთ, აქ ისეთ რამეებს ვაკეთებ, რასაც საქართველოში არასდროს არ გავაკეთებდიო. ჩემი აზრით, სჯობს ჩვენს ქვეყანაში გავაკეთოდ ჩვენი გასაკეთებელი. წასვლა არ არის სწორი გადაწყვეტილება. ჩვენვე უნდა შევქმნათ ეს ქვეყანა. ემიგრანტებს დიდი წვლილი შეაქვთ იქედან გამოგზავნილი თანხებით და აშენებენ სამშობლოს. აქ ვინც ვართ, ყველამ ჩვენი პატარა წვლილი უნდა შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის აშენებასა და უკეთეს მომავალში.

თამია

ავტორი: ნინო გონგაძე

04/16/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024