საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
„პატიოსან და მუდმივ შრომას აუცილებლად მოაქვს შედეგი. წარმატების მისაღწევად საზღვარგარეთ მეტი შესაძლებლობაა, თუ ამ შანსს გამოიყენებ“- მეუბნება ჩემი რესპონდენტი, რომელმაც ბევრი დაბრკოლება გადალახა, იმისათვის, რომ უცხო მიწაზე თავისი პროფესიით ემუშავა, საყვარელი საქმის კეთების ფუფუნება ჰქონოდა და მისია, დახმარებოდა ემიგრანტებს, სისრულეში მოეყვანა. სტატუსიც -„ემიგრანტების იმედი“, სწორედ იმ ემიგრანტებმა მიანიჭეს, რომელთა სამსახურშიც, ჩემი კოლეგა, მუდმივად და დაუზარლად დგას.
წინ საინტერესო ინტერვიუ გელოდებათ, როგორც ემიგრანტებს, ასევე საემიგრაციოდ გამზადებულ ადამიანებს და მათ, ვისაც უცხო ქვეყანაში, თავისი თანამემამულის წარმატება, უბრალოდ, ახარებს. „ზმნა“ ემიგრანტ ჟურნალისტს - ნინა მამუკაძე-სორდინის გაგაცნობთ.

- ნინა, თოთხმეტი წლის წინ იტალიაში რა მიზნითა და მოლოდინით გაემგზავრეთ?
- სამშობლოდან ჩემი წამოსვლა, იმ დროისთვის, მედიასივრცეში არსებულ არასახარბიელო მდგომარეობას უკავშირდება. მოტივი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება იყო, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, ჩემი ცხოვრება სხვა რელსებზე გადავიყვანე. შრომითი მიგრანტი ვარ, სასწავლებლად არ ჩამოვსულვარ, მაგრამ განათლების კუთხით, განვითარებაზე დავიწყე ზრუნვა და საბოლოოდ, შევძელი ის, რომ ფლორენციის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტის დიპლომის აღიარება გავაკეთე.
ქართულ მედიასთან დისტანციურად ყოველთვის ვთანამშრომლობდი. ერთი პერიოდი „რუსთავი 2“-სთვისაც ვამზადებდი სიუჟეტებს. მოვახერხე ის, რომ იტალიურ მედიასთანაც მეთანამშრომლა, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა იტალიაში ხვიჩა კვარაცხელია თამაშობდა. სპორტული ჟურნალისტობაც შევითავსე. მე არ ვარ სპორტული ჟურნალისტი, მაგრამ თურმე ყველაფრის სწავლა შეიძლება. საგნის სასწავლად რომ დაჯდებიან ხოლმე, აი, ზუსტად ასე ვისწავლე ფეხბურთი. მაგრამ ამ ეტაპამდე ბევრი სირთულე გადავლახე.
- წასვლის გადაწყვეტილების მიღებისას - ყველაზე რთული რა იყო, სად გაგიჭირდათ?
- ყველაზე რთული ჩემი რვა წლის შვილის დატოვება იყო, რომელიც დედაჩემთან დავტოვე. ეს ისეთი ასაკია, უკვე კარგად რომ ესმის ბავშვს ყველაფერი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ავუხსენი, რატომ მივდიოდი. ოთხ წელიწადში ისე მოვახერხე, რომ ქეთა ჩემთან ჩამოვიყვანე. სკოლა აქ დაამთავრა. ახლა ოცდაორი წლისაა და ფლორენციის უნივერსიტეტში საკომუნიკაციო მეცნიერებებზე სწავლობს.
- ემიგრანტობის ყველაზე დიდი სიძნელეები, დაბრკოლებები რა არის?
- დავიწყოთ იმით, რომ „გამარჯობაც“ კი არ ვიცოდი იტალიურად. ბლოკნოტში ჩაწერილი რამდენიმე ფრაზით ჩამოვედი აეროპორტიდან, გზა რომ გამეკვლია. რამდენიმე დღეში მივხვდი, რომ ენის ცოდნის გარეშე ნაბიჯს ვერ გადავდგამდი. თავიდან დამოუკიდებლად დავიწყე სახელმძღვანელოთი სწავლა. მაშინ არც სმარტფონი იყო ასე მასიურად შემოსული და არც ინტერნეტი გვქონდა. სულ ვამბობ, რომ ახლანდელი და მაშინდელი ემიგრაცია, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ მონატრებას ახლაც ვერაფერი უშველის, მაინც ძალიან გაიოლებულია ყველაფერი. მაშინ ოჯახს რომ დავლაპარაკებოდით, კვირიდან კვირამდე ველოდებოდით სალაპარაკო პუნქტში გასვლას.
ექვსი თვე, ფაქტობრივად, უმუშევარი ვიყავი, სასოწარკვეთას არ მივეცი, ეს დრო ენის შესასწავლად გამოვიყენე. არავინ დამხმარებია, არავის უზრუნია ჩემზე, მაგრამ არც არავინ დამივალდებულია, გზა ჩემით გავიკვალე. ჩამოსვლიდან ორ წელიწადში უკვე სახელმწიფო უწყებებში, სასამართლოში, პენიტენციურ და სამედიცინო დაწესებულებებში თარჯიმნად ვმუშაობდი, ასევე დაცვის და უსაფრთხოების კომპანიაშიც. ჩემი სტაბილური სამსახური პარალელურად იმის საშუალებას მაძლევდა და მაძლევს, რომ ჩემს პროფესიაშიც განვვითარებულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან წამოსული, ისე ვიყავი ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებული, გადაწყვეტილი მქონდა ჟურნალისტიკისთვის თავი დამენებებინა, მაგრამ როცა შენში ჟურნალისტი ცხოვრობს, ამას ვერ იზამ.

სადღაც ორ თვემდე გავუძელი და შემდეგ ჩემს ძველ თანამშრომელს დავუკავშირდი, რომელიც უკვე რედაქტორი იყო და ასე დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა. დიასპორა და საემიგრაციო თემებია ჩემი მიმართულება. ყველაზე რთული მაინც იცით, რა არის?! როცა ემიგრანტი ხდები, შენი პიროვნული განულება ხდება. წლების განმავლობაში შენს ქვეყანაში ცხოვრობ, რაღაცას წარმოადგენ, შენს სოციუმში მიღებული ხარ, პატივს გცემენ. ერთ დღეს ჩადიხარ უცხო ქვეყანაში და ეს ყველაფერი ქრება. მორჩა, არავინ აღარ ხარ. არავისთვის არაფერს წარმოადგენ.
ჩემთვის, ყველაზე რთული, პიროვნული განულება აღმოჩნდა.
- გქონიათ ფარ-ხმლის დაყრის, დაღლის მომენტი? „მორჩა, ავდგები და უკან დავბრუნდები“-ს მსგავსი?
- პირველი დღეებში მქონდა. სახლში ტირილით დავრეკე, უნდა დავბრუნდე-მეთქი. მაგრამ ფინანსური ვალდებულებები მქონდა და ვერ დავბრუნდებოდი. ამ ვალდებულებებმა შემაკავა, თორემ რამდენიმე დღეში მინდოდა გამოქცევა. წასვლამდე რა მოლოდინებიც მქონდა, არ გაამართლა, ჩემთვის რეალობა უმძიმესი აღმოჩნდა, პიროვნული განულებიდან გამომდინარე. ერთ დღეში, შენი პროფესიით, აქ არავინ დაგაწყებინებს მუშაობას, ამიტომ ისეთ სამუშაოს თანხმდები, რომელსაც ცხოვრებაში ვერ წარმოიდგენდი, რომ გააკეთებდი.
- სტატისტიკურად, ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი, იტალიაზე აკეთებს არჩევანს. თქვენ საემიგრაციო თემებზე აქტიურად მუშაობთ. შეგიძლიათ გვითხრათ, რა მიზეზით ხდება ეს და თვითონ რა პრინციპით გააკეთეთ ამ ქვეყანაზე არჩევანი?
- ფულადი გზავნილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამერიკის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიასპორა იტალიაშია. მე იტალია იმიტომ ავირჩიე, რომ მითხრეს, საბუთების მოგვარება დაპირადობის ნებართვის აღება, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მარტივიაო. თუმცა, მარტივი ნამდვილად არ აღმოჩნდა. სამხრეთ იტალიაში საბუთების გარეშეც საქმდებიან, შემდეგ ნელ-ნელა აკეთებენ საბუთს. შესაბამისად, სამხრეთში ძალიან ბევრი მუშაობს არალეგალურად და ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი ეს უნდა იყოს. სხვა ევროპულ ქვეყნებში უსაბუთოდ მუშაობა ძალიან რთულია.
- იტალიაში ჩახვედით ნინო და გახდით - ნინა. ვიცით, რომ იტალიაში ნინო კაცის სახელია. სახელის პატარა ცვლილების მიზეზიც ეს არის? 😊
- იტალიელებისთვის ქართველებს იმდენად რთული სახელები გვაქვს, ემიგრანტები ხშირად იცვლიან სახელებს. აქ ნინო ვინც იყო, ნინას ეძახდნენ. მაგრამ მე ნინო მომწონდა და პროტესტი მქონდა. იმდენჯერ მომიწია ახსნა, რატომ მერქვა კაცის სახელი, რომ დავიღალე. ბოლო წვეთი იყო, სასამართლოში რომ მივედი, როგორც გითხარით, თარჯიმნად ვმუშაობდი, შესასვლელში საბუთი უნდა წარადგინო, საშვი რომ მოგცენ. დაცვამ პირადობას დახედა, მერე მე შემომხედა, რამდენჯერმე ამათვალიერა. ბოლოს მეუბნება, რა კარგად უმუშავია პლასტიკურ ქირურგსო 😊 აქ დამთავრდა ჩემი ნინოობა. საბოლოოდ დავყარე ფარ-ხმალი. დღეს უკვე ისე მივეჩვიე ნინას, მარტო ოჯახის წევრები და ძველი მეგობრები მეძახიან ნინოს.

- იტალიელ მეუღლეზე - მარკო სორდინიზე მოგვიყევით...
- მარკო ჩამოსვლიდან დაახლოებით სამ წელში, საერთო მეგობრის საშუალებით, გავიცანი. ზოგადად, ადამიანების და განსაკუთრებით, მამაკაცების მიმართ ნდობა მქონდა დაკარგული. მარკომ მისი ხასიათიდან გამომდინარე, ჩემი დიდი ნდობა მოიპოვა. მასში სანდო ადამიანი დავინახე. ძალიან რთულია ადამიანური ადამიანის პოვნა, მით უმეტეს უცხო ქვეყანაში, სადაც სხვა კულტურული ღირებულებების ადამიანს უკავშირებ შენს ცხოვრებას.
დაქორწინების გადაწყვეტილება მარტივად არ მიმიღია. სადაც არ უნდა წავიდე და რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, შიგნიდან მაინც ქართველი ვარ, ეს განცდა ჩემში იმდენად დიდი დოზით არის, რომ მათი ტრადიციების და აზროვნების მიღება, ძალიან გამიჭირდა. ბევრი ვიფიქრე და გაცნობიდან ხუთ წელში დავქორწინდით. ახლა რვა წლის ცოლ-ქმარი ვართ. ქართველები ძალიან უყვარს, გიჟდება ჩემს ოჯახზე. ჩემზე ბედნიერია, როცა იტალიაში დედა და ჩემი ოჯახის წევრები ჩამოდიან. დედაჩემი იყო სამი თვე ჩემთან და რომ წავიდა, მარკომ ისე მოიწყინა. ყოველ საღამოს, განსაკუთრებით ვახშმის დროს, სულ უნდოდათ ერთმანეთთან საუბარი, თარჯიმნის ფუნქციის შესრულება, რა თქმა უნდა, მე მიწევდა. მისთვის ქართული ურთულესი ენაა. რამდენიმე სიტყვა იცის. გიჟდება ქართულ სამზარეულოზე. უყვარს ხინკალი და ნიგვზიანი ბადრიჯანი. რაც არ მოეწონა და ვერ შევაყვარე, ეს არის ტყემალი და ჩურჩხელა.

გაგეცინებათ რომ გითხრათ, რაზე ვკამათობთ. მიუხედავად ჩემი პროფესიისა, ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. ანუ როცა საჭირო არ არის, არ ვლაპარაკობ. ზოგადად, ქმრები ხომ ჩივიან, რომ ცოლები ზედმეტი საუბრით აბეზრებენ თავს, მარკო პირიქით, ჩივის, რომ სახლში ძალიან ცოტას ვლაპარაკობ 😊 ეტყობა, ჩემი საქმით იმდენად ვიღლები, სახლში, რაღაცნაირად, დასვენება მინდა.
- ზოგადად რა დამოკიდებულება აქვთ იტალიელებს ქართველების მიმართ?
- ქართველს სადაც უმუშავია, მერე სხვა ეროვნების პერსონა აღარ უნდათ ხოლმე. ძალიან ხშირად ქართველები იტალიელების ოჯახის წევრებივით ხდებიან. ჩვენ მზრუნველი ბუნება გვაქვს. ალბათ, ეს მოსწონთ და ამას აფასებენ ქართველებში.
- როგორია ყოველდღიური რუტინა ფლორენციაში?
- ჩემი დილა ექვს საათზე იწყება. რვის წუთებზე უკვე სამსახურში ვარ. ვმუშაობ შემოსავლების სამსახურში. ორ საქმეს ვაკეთებ პარალელურ რეჟიმში. ერთი არის ეს, ძირითადი სამსახური და მეორე - ჟურნალისტიკა. დღის განმავლობაში შეიძლება ხუთი წუთითაც არ ავიღო თავი კომპიუტერიდან. ხან ინტერვიუა დასაწერი, ხან ემიგრანტებს ვეკონტაქტები. საემიგრაციო თემებზე ვმუშაობ და ხშირად მომმართავენ კითხვებით, რჩევებისთვის. მე ადვოკატი არ ვარ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად ვწერ ამ თემებზე, დიდი დოზით მაქვს ინფორმაცია და შეძლებისდაგვარად ვეხმარები, ვისაც ეს სჭირდება.
- სწორედ ამიტომ, ბევრ ქართველ ემიგრანტს ეიმედებით იტალიაში. ყველაზე ხშირად სად, რა ეტაპზე ხვდება ემიგრანტს პრობლემა?
- რამდენადაც სასიამოვნოა გასაჭირში მყოფი ადამიანისათვის იმედი ვიყო, იმდენად დიდი პასუხისმგებლობაა ეს სტატუსი ჩემთვის. ამ პასუხისმგებლობას ყველანაირად ვაცნობიერებ. მათ დახმარებას ჩემს მისიად ვთვლი. მე უკვე გამოვიარე ის პრობლემები, რაც ამ ადამიანებს ახლა აწუხებთ, ამიტომ მინდა ეს სირთულეები ავარიდო და შევეხიდო ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში.
ყველაზე დიდი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობაა. სწორედ ინფორმაციის ნაკლებობის გამო არ მიდიან ექიმთან. ჰგონიათ, უსაბუთოდ რომ მივიდნენ საავადმყოფოში, შეიძლება რაღაც პრობლემა შეექმნათ სამართალდამცავებთან. მაგრამ ასეთი რამე გამორიცხულია. არც ერთ სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს უფლება ინფორმაცია პოლიციას გადასცეს. ამიტომ ამის გამო, ჯანმრთელობას ნუ გაიუარესებენ.
ასევე ინფორმაციის ნაკლებობის გამო, საბუთებთან დაკავშირებით, ბევრ ისეთ რამეში იხდიან თანხებს, რაშიც არ უნდა გადაიხადონ. ძირითადი მომართვიანობა ამ საკითხებზეა, როგორ მიმართონ უსაბუთოებმა ექიმს, სამუშაო ხელშეკრულებების დეტალები აინტერესებთ, ასევე პასპორტებთან დაკავშირებით, როცა დაკარგული აქვთ ან ვადაგასული, როგორ უნდა განაახლონ, დარღვეულ უფლებებზე და ა.შ.
- ამასობაში მედიაპლატფორმა ERMES TV-ი დააფუძნეთ, ალბათ, იმიტომ, რომ პროფესიულად თავი გადაგერჩინათ. თუ ამ ქართულ-იტალიურ და დიასპორულ მედიას სხვა მისიაც აქვს?
- დიასპორული მედიის არსებობის საჭიროება ორი წლინახევრის წინ, გაზრდილი ემიგრაციის ფონზე დავინახე. პროფესიულად თავის გადარჩენის გამო არ გამიკეთებია, რადგან მეტ-ნაკლებად, ამ პროცესში სულ ვიყავი ჩართული.“ ერმესის“ ერთ-ერთი მისია ემიგრანტები დახმარება და საზოგადოებისთვის წარმატებული ემიგრანტების გაცნობაა, რომლებსაც აქ, უცხო მიწაზე წახალისება და სტიმულის მიცემა სჭირდებათ.

ნებისმიერ ემიგრანტს შეუძლია მოგვწეროს, თუ რამე საინტერესოს აკეთებს და თვლის, რომ მას უნდა იცნობდნენ. ასევე თუ საჭირო და საინტერესო ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება სჭირდებათ. ჩვენთან იმ დოზის და ისეთი ხარისხის მასალები იდება, თამამად შემიძლია თქმა, რომ „ერმესის“ მისია - იყოს ემიგრანტებისთვის სასარგებლო და საჭირო, წარმატებით გამოსდის.
მაქვს საავტორო გადაცემა LA PIAZZA. მოედანზე, ხომ შეიძლება ყველანაირი ადამიანი შეგხვდეს და სადაც ყველას აქვს საკუთარი აზრის გაჟღერების საშუალება.
ქეთა, ჩემი შვილი, ჩემთან ვიდეოგრაფად მუშაობს. კომუნიკაციებს სწავლობს და საკმაოდ კარგი გამოცდილებაა აქ მუშაობა მისთვის. იმდენად საქმიანია მუშაობის პროცესში და ისე პროფესიონალურად უდგება თავის საქმეს, ჩემს რესპონდენტებს ხშირად უჭირთ ხოლმე დაჯერება, რომ დედა-შვილი ვართ.

ხშირად ვაშუქებთ ცეკვისა და ფოლკლორული ანსამბლების შესახებ. ასევე ორგანიზებას ვუწევ სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებებს. ფლორენციაში ჩამოსული იყო მოზარდმაყურებელთა და თავისუფალი თეატრის დასები. ცხადია, გავაშუქეთ... ვცდილობთ იტალიის სხვა ქალაქებშიც ჩავიდეთ და მხოლოდ ფლორენციით არ შემოვიფარგლოთ.
- ნინა, მოგვიყევით პროექტ „ფეოლაზე“. ეს ლეგენდარული ქართული ფილმი, სწორედ თქვენი თაოსნობით ითარგმნა იტალიურად. როგორ გაჩნდა ეს იდეა?
- ეს იდეა მაშინ გამიჩნდა, როდესაც კვარა ნეაპოლში თამაშობდა. იმ პერიოდში იტალიური გადაცემების ხშირი სტუმარი ვიყავი. აქტიურად წერდნენ ინტერვიუებს ჩემთან. მათთვის ისეთი ფუფუნება იყო თან ქართველი, თან იტალიურენოვანი და თან ჟურნალისტი.

თავიდან ფეხბურთით დაიწყეს, შემდეგ უკვე ყველაფერი აინტერესებდათ საქართველოზე და ქართველებზე. წარმოიდგინეთ, პირადში მომწერეს, რომელ ქართულ წიგნს მირჩევ, რომელია იტალიურად ნათარგმნიო. მაშინ მივხვდი, რომ რაღაცა ისეთი უნდა გამეკეთებინა, რაც ფეხბურთის გავლით, ქართულ კულტურას გაუწევდა პოპულარიზაციას.

„ფეოლა“ თან ფეხბურთზეა, თან - კლასიკაა. ვგიჟდები ამ ფილმზე.
პროექტი „დიასპორული ინიციატივების“ კონკურსზე წარვადგინე და გამარჯვებაც მოვიპოვე.
- გახმოვანება მნიშვნელოვანი ფაქტორია. რა ნიშნით შეარჩიეთ თავად იპოლიტეს "იტალიური ხმა"? ვინ ახმოვანებს ქართველ ლეგენდას?
- მეორე მნიშვნელოვანი ამბავი, რაც გავითვალისწინე, სწორედ ის იყო, რომ პროფესიულ დონეზე გამეხმოვანებინა. გამხმოვანებლად ნეაპოლელი სპორტული ჟურნალისტები მოვიყვანე. ისე სათუთად და სათითაოდ ვარჩევდი ყველა ხმას.

რაც შეეხება იპოლიტეს გამხმოვანებელს, ამ პიროვნებასთან ეთერში ვიყავი, როცა მივხვდი, რომ იპოლიტე სწორედ ვალტერ დი მაჯო უნდა ყოფილიყო, ასევე თავისი სპეციფიკური ხმით.

გრანდიოზული პრემიერა გავაკეთეთ, ნეაპოლის კოლორიტულ კინო-თეატრ „მოდერნისიმოში“. საქართველოდანაც გვყავდა სტუმრები, მაგრამ ძირითადად, მაინც იტალიელები იყვნენ.
ძალიან ვნერვიულობდი, წინა რიგში ვიჯექი და უკან არ ვიხედებოდი. რაღაცა მომენტში სიცილი რომ დაიწყეს, აი, მანდ ამოვისუნთქე.

მივხვდი, რომ შევძელით ის იუმორი მიგვეტანა იტალიელებამდე, რასაც ეს ფილმი და იპოლიტე ატარებს. ყველაფერი იმდენად სრულყოფილი აქვთ იტალიაში, იუმორის ჩათვლით, რომ ურთულესი ამბავია, ამათ რამე მოაწონო და გააკვირვო. პროექტმა გაამართლა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
- ემიგრანტის ყველაზე დიდი სევდა რა არის? ყველაზე ხშირად რა ფიქრები მოსდის ქართველს უცხო მიწაზე?
- ყველაზე დიდი სევდა იმ ურთიერთობებისგან შორს ყოფნაა, რაც ჩვენთვის ძვირფასია. ხელით რომ ვერ ეხები შენიანს. ფიქრები კი ასეთია, თუ რატომ არ შეიძლება ჩემს ქვეყანაში, დავსაქმდე, ისე ვიცხოვრო, როგორც აქ. ქვეყანას, რომელსაც ყველანაირი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ საკუთარი მოქალაქეები დაასაქმოს და კარგად აცხოვროს. ეს კითხვა ხშირად მაწუხებს.
- პოსტში წერთ, რომ ემიგრაცია იძულებითი არჩევანია, ნებაყოფლობითი უვადო პატიმრობაა. რომ ემიგრაცია ველური ცხენივით მოათვინიერე, მაგრამ სამშობლოს მირაჟი სულ თან დაგსდევთ. რამდენი წელი დაგჭირდათ ემიგრაციის "მოსათვინიერებლად"?
- ნებაყოფლობით პატიმრობაში, იმას ვგულისხმობ, რასაც საბედნიეროდ თავი დავაღწიე. ეს იმათი მისამართით არის ნათქვამი, ვინც ოჯახებში მუშაობს. სხვის ცხოვრებაზე საუბარი რთულია, როდესაც ადამიანს ფინანსური ვალდებულებები აქვს და მცირეწლოვანი შვილები ჰყავს სამშობლოში დატოვებული, მაგრამ არ უნდა დაივიწყონ, რომ აქ მხოლოდ ბანკომატები არ არიან. თუ ეს თვითონ არ გააცნობიერეს, სხვებიც ასე აღიქვამენ. რაღაცნაირად უნდა მოახერხონ და თუნდაც კვირაში ის ერთი დღე გარეთ გავიდნენ და საკუთარ თავს მოახმარონ. განტვირთვისთვის, განვითარებისთვის გამოიყენონ ეს დღე. გამომგზავრებამდე ფსიქოლოგიურად განეწყონ იმისათვის, რომ მათი ემიგრანტობის პირველი პერიოდი ძალიან რთული იქნება, შემდეგი როგორი იქნება, უკვე მათზეა დამოკიდებული.
ემიგრაციის მოთვინიერებას წლები დასჭირდა და პროცესიც საკმაოდ რთული და მტკივნეული იყო. საბედნიეროდ შევძელი. ზუსტად ვიცოდი, ეს რომ არ გამეკეთებინა, ვერ გავუძლებდი. სხვისი ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებდი. სულ ვამბობ, ის ქალები, ვინც წლების განმავლობაში, ოჯახში, მოხუცთან კარჩაკეტილი მუშაობენ, გმირები არიან. ხალხო, ეს წარმოუდგენელი ჯოჯოხეთია.
სამშობლოს მირაჟს რაც შეეხება, იმდენად არის ჩემი ცხოვრება და საქმიანობა საქართველოსთან და ქართველებთან დაკავშირებული, ამ მონატრებას რაღაცნაირად ვიკლავ. ვცდილობ, საქართველოში წელიწადში ორჯერ მაინც ჩამოვიდე.
- როგორია იტალიიდან დანახული საქართველო?
- ეს ბოლო პერიოდი ცოტა პესიმისტური განწყობა მაქვს. ჩვენს ქვეყანას იმდენი ისტორიულიქარტეხილისთვის გაუძლია და გადარჩენილა, რომ იმედი მაქვს, ახლაც სასწაული მოხდება და ამ მდგომარეობიდან გამოვა. შორიდანაც კი ძალიან რთულია იმის ყურება, რაც ხდება.
- საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე მოხსენიებული ხართ, როგორც წარმატებული ქართველი უცხოეთში. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
- სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ჩემი თავი ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე და მინდა გითხრათ, რომ ამან ძალიან გამაბედნიერა. მაშინ, როდესაც გგონია, რომ შენთვის ჩუმად, თავჩახრილი მუშაობ და ვერავინ გამჩნევს. გავაცნობიერე, რომ თურმე ადამიანები შენს თავდადებას ხედავენ და აფასებენ. მადლობა მინდა იმ ადამიანს გადავუხადო, ვინც გადაწყვიტა ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანების პროფილების გვერდით, ჩემიც ყოფილიყო. უცხო მიწაზე წარმატების მიღწევა ადვილი არ არის, მაგრამ მეტად შესაძლებელია. ადვილი აქ საერთოდ არაფერიარ არის. ძალიან რთულია შენი სიტყვის თქმა, მაგრამ მეტი შესაძლებლობებია და ამ შესაძლებლობების გამოყენება უნდა შეძლო.
- თქვენი მეგობარი, ნანა მახარაძე, ქალი შავი დროშით - 9 აპრილის ცნობილი ფოტოდან, იტალიელ ქმართან ერთად საქართველოში დაბრუნდა. თქვენს გეგმაში იგივე რამ არ შედის?
- ნანა ჩემი უახლოესი ადამიანია, მისი მეჯვარე ვარ. მიხარია, რომ იპოვა ძალა და რესურსი, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო.

რაც შეეხება ჩემს დაბრუნებას, ამ ეტაპზე, პასუხის გაცემა გამიჭირდება. იმდენად დატვირთული ცხოვრებით ვცხოვრობ, ჩემი შვილიც აქ სწავლობს და ისევ აპირებს სწავლის გაგრძელებას. ცოტა რთულია გითხრათ, როდის, მაგრამ უალტერნატივოა ის, რომ მე საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები.

03/14/2026