Logo

ენის კიბოს ოპერაციის შემდეგ, ამერიკელ მუსიკოსს ხელოვნური ინტელექტი ამღერებს

ენის კიბოს ოპერაციის შემდეგ, ამერიკელ მუსიკოსს ხელოვნური ინტელექტი ამღერებს

10/02/2026

ტექსტის ზომა

ნიუ-იორკელ კომპოზიტორსა და მუსიკოსს, კარლ ალოკოს 2024 წელს ენის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც მან სიმღერის უნარი სამუდამოდ დაკარგა.

ენის კიბო თავისა და კისრის ავთვისებიან სიმსივნეებს განეკუთვნება, რომლის მკურნალობაც ხშირად რთულ ქირურგიულ ჩარევას - გლოსექტომიას (ენის ნაწილობრივ ან სრულად ამოკვეთას) მოითხოვს.

მართალია, ურთულესმა ოპერაციამ ალოკოს სიცოცხლე შეუნარჩუნა, უშუალოდ სარეაბილიტაციო პროცესი უმძიმესი აღმოჩნდა. მსგავსი ქირურგიული ჩარევის შემდეგ, პაციენტებს უჭირთ არა მხოლოდ არტიკულაცია და გამართული საუბარი, არამედ ყლაპვაც კი. ვოკალური ტრაქტისა და საარტიკულაციო აპარატის ფიზიკური დაზიანების ფონზე სიმღერა ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება, რაც ნებისმიერი ვოკალისტისთვის პროფესიულ განაჩენს უდრის.

კარლ ალოკო

ათწლეულების განმავლობაში მუსიკალურ ინდუსტრიაში მოღვაწე ხელოვანმა გამოსავალი ტექნოლოგიებში იპოვა — დღეს ის ხელოვნური ინტელექტის, კერძოდ კი პლატფორმა Suno-ს დახმარებით, საკუთარ დაკარგულ ხმას აცოცხლებს და სიმღერების შექმნას აგრძელებს.

კარლ ალოკო, რომელიც ჯერ კიდევ 1980-იან წლებში ისეთ ცნობილ ლეიბლებთან თანამშრომლობდა, როგორიცაა RCA და MCA, ახლა თავის ძველ ჩანაწერებს Suno-ს ბაზაში ტვირთავს.

კარლ ალოკო

ხელოვნური ინტელექტი ამ მონაცემებზე დაყრდნობით აგენერირებს ვოკალს, რომელიც ზუსტად იმეორებს ალოკოს ავთენტურ ხმას. როგორც თავად მუსიკოსი აღნიშნავს, საკუთარი ხმის ხელახლა მოსმენა თავდაპირველად უცნაური იყო. იგი სინთეზირებულ ხმას მესამე პირში მოიხსენიებს და ამბობს, რომ ენატრება ის და ამავდროულად, ამაყობს მისით. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ალოკო ამ ტექნოლოგიას აქტიურად იყენებს, ის აღიარებს, რომ ავადმყოფობამდე ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მუსიკის წინააღმდეგი იქნებოდა.

კარლ ალოკო

მისთვის მუსიკა ყოველთვის ჯგუფის წევრებს შორის ცოცხალ კოლაბორაციასა და ექსპერიმენტებთან ასოცირდებოდა, თუმცა შეიცვალა რეალობა და შეიცვალა მისი მიდგომაც.

თავად პლატფორმა Suno და ზოგადად, AI-გენერირებული მუსიკა, საავტორო უფლებების ირგვლივ არაერთი კრიტიკისა და სამართლებრივი დავის ეპიცენტრშია. მუსიკოსები და ჩამწერი სტუდიები კომპანიას სხვისი ნამუშევრების უნებართვოდ გამოყენებაში ადანაშაულებენ. Suno-ს წარმომადგენელი - მაიკ შილინგი მიმდინარე სასამართლო პროცესებზე დეტალურად არ საუბრობს, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ მათი მიზანი ინდუსტრიასთან თანამშრომლობაა და არა ადამიანებისთვის სხვისი მუსიკის მოპარვის ხელშეწყობა.

კარლ ალოკო

Suno-მ მუსიკოსს საშუალება მისცა, გააგრძელოს საყვარელი საქმე. პროექტზე ათთვიანი მუშაობის შემდეგ, ალოკო აცხადებს, რომ ბედნიერია შედეგით და სწორედ ეს არის მისი ახალი რეალობა.

წყარო

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026