ჩვენი ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
1901 წლის სექტემბერში თბილისმა ტრაგიკომიკური სურათი იხილა: რუსეთის იმპერიამ ქართველებს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსეთთან „შეერთების“ 100 წლისთავი აზეიმებინათ. სინამდვილეში, ეს არ იყო იუბილე, არამედ იმპერატორ ალექსანდრე I-ის 1801 წლის მანიფესტისა და საგუბერნიო მმართველობის დამყარების, ანუ საქართველოს სრული ანექსიისა და დაპყრობის ტრაგიკული თარიღი.
იმპერიულმა პროპაგანდამ კარგად იცოდა, რომ დაპყრობა მხოლოდ იარაღით ვერ გამყარდებოდა. ქვეყნის რუსიფიკაციას საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია სჭირდებოდა, ამიტომაც მიზნად დაისახეს საზეიმო ფასადით დაეფარათ უბედურება, რაც ანექსიას მოჰყვა. თუმცა, ქართული ინტელიგენცია ერთსულოვანი არ ყოფილა.
„მე კერძოდ წინააღმდეგი ვარ ასეთი დღესასწაულის გადახდის“, — აღნიშნავდა ილია ჭავჭავაძე ზაქარია ჭიჭინაძის მოგონებების მიხედვით. ილიასთვის 1801 წლის მანიფესტი არათუ „გადარჩენა“, „ერის სიკვდილი“ იყო.

„მე სულ იმ აზრის ვიყავ, რომ საქართველოს რუსეთის იმპერიასთან დაკავშირება იყო თვით ქართველი ერის სიკვდილი. 40 წლის განმავლობაში ამას ვფიქრობდი, ამას ვემსახურებოდი, ამას ვაკეთებდი როგორც სიტყვით, ისევე კალმით. ეხლა თქვენ მეუბნებით, რომ 40 წლის განმავლობაში თქვენი ნაფიქრ-ნაღვაწევი უარჰყავით და ასე უცბად ჩვენს განზრახვას დაემორჩილეთო. არა, მე ჩემი 40 წლის ნამაგდარი შეხედულება უარი ვერ ვყავი... მე არ თანაუგრძნობ თქვენს განზრახვას და ამიტომ მშვიდობით ბრძანდებოდეთ. მე ჩემთვის, თქვენ თქვენთვის.”
ამ სიტყვებით ილია ჭავჭავაძემ მკვეთრი მორალური ზღვარი გაუვლია თავისუფლებასა და მონობას, ღირსებასა და უღირსობას შორის. ვინც ილიას არ დაუჯერა, „ერის სიკვდილის“ ასი წლისთავი გაპრანჭულ სუფრაზე მისვლით აღნიშნა.

ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში დაცული 1901 წლის 28 სექტემბრის მენიუ უფრო მეტს გვეუბნება მაშინდელ კოლაბორაციონიზმზე, ვიდრე ნებისმიერი ისტორიული კვლევა. ფრანგულენოვანი ტერმინოლოგიით შედგენილი კერძების ნუსხა — „ნიახურის კონსომე“, „სევანის კალმახი რავიგოტის სოუსით,“ „ჟოლოს დესერტი“ — თბილისის თვითმმართველობის შენობაში (დღევანდელი საკრებულო) გამართული ნადიმის ნაწილი იყო.

ეს იყო სუფრა, სადაც „დამპყრობლის სამსახურში გამოწვრთნილი წარჩინებული ქართველები და თავად დამპყრობლები მხარდამხარ ზეიმობდნენ „მონაპოვარს,“ რომელიც ივანე ჯავახიშვილმა მწარე სიმართლით შეაჯამა ნაშრომში „დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის მე-XVIII საუკუნეში:“ „1783 წლის ხელშეკრულებას საქართველოსთვის სარგებელი არა მოუტანია რა, ზიანი კი — აუარებელი“.

ისტორიკოსის დაკვირვებით, გეორგიევსკის ტრაქტაქტის გაფორმების მერე, პოლიტიკური მდგომარეობა არა თუ გაუმჯობესდა, არამედ კატასტროფულად დამძიმდა. ქართლ-კახეთის სამეფო, რომელიც დამოუკიდებელ რეგიონალურ მოთამაშედ უნდა დარჩენილიყო, რუსეთის ფაქტორის გამო მტრების ალყაში აღმოჩნდა — მათ შორის იმ მეზობლების მხრიდანაც, რომლებიც ადრე მისი მოკავშირეები იყვნენ. მაშინდელ რეალობაზე ბევრი რამ არის გასახსენებელი. გავიდა 2 საუკუნეზე მეტი და საქართველო დღესაც იმ უბედობიდან თავის დაღწევის ბრძოლაში, რაც 1801 წლის ავბედითმა მანიფესტმა მოუტანა.
რაც შეეხება 1901 წლის ნადიმს და მენიუს, ეს დღეს ისტორიული დოკუმენტია და მოწმობს, თუ ცდილობდა იმპერია „გემრიელი“ კერძებითა და საზეიმო ფასადით წაეხალისებინა მსხვერპლში კოლაბორაციონიზმი.
მაშინ თბილისში ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების მანიფესტის ასი წლისთავი ქართული ტრადიციული სუფრის ნაცვლად, იმპერიული ბიუროკრატიის ვახშმით აღნიშნეს, მასზე ქართული იდენტობის ყოველგვარი ნიშანწყალი, მათ შორის ღვინოც კი არ ჩანდა. მენიუს მიხედვით ყოფილა ჩაი და ყავა და, ცხადია, იქნებოდა გრძელი საუბრები რუსეთის მიერ საქართველოში ხიშტებით მოტანილ „მშვიდობაზე.“
07/01/2026