კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
თეატრალურ წრეებში ცნობილია ერთი ძალიან ემოციური ისტორია, რომელიც ყველასათვის საყვარელ მსახიობს ეროსი მანჯგალაძეს და მის ძაღლს, ტანგოს უკავშირდება.
ეროსი მანჯგალაძე მარტო ცხოვრობდა და მარტოობას, ერთგულ ოთხფეხა მეგობართან, ტანგოსთან იზიარებდა. როგორც მისი მეგობრები ამბობდნენ, ტანგო ერთი უჯიშო, ყრუ და კოჭლი ძაღლი იყო, თუმცა ეროსის ქვეყანას ერჩია. სახელი ტანგო, ძაღლს თვითონ ეროსიმ დაარქვა. ტანგოს მთელი ვაკე იცნობდა, რადგან ხშირად იკარგებოდა და ბარნოვის ქუჩის მცხოვრებლები თავგამოდებით ეძებდნენ ხოლმე.

მსახიობს ძაღლი ისე უყვარდა, რომ როდესაც რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი გასტროლების დროს, რუმინეთში ძაღლის წაყვანის უფლება არ მისცეს, ბუქარესტში გამგზავრებაზე უარი თქვა, სანამ პირობა არ მიიღო, რომ ძაღლს კინოლოგი მოუვლიდა.
მსახიობის მეგობრები და კოლეგები ამ ამბავთან დაკავშირებულ ერთ ისტორიას იხსენებენ.
გასტროლების დასრულების შემდეგ საბჭოთა საელჩოში ქართველ მსახიობებს ბანკეტი გაუმართეს. ელჩმა ეროსის სთხოვა, სადღეგრძელო ეთქვა. ტანგოს გაუმარჯოსო, უთქვამს. რა თქმა უნდა, არც ელჩმა და არც იქ დამსწრე საზოგადოებამ, ქართველების გარდა, ეროსის ძაღლზე არაფერი იცოდნენ. იფიქრეს, მსახიობმა ეს სადღეგრძელო არგენტინული ტანგოს პატივსაცემად შესვა და ორკესტრმაც მაშინვე ტანგო დაუკრა.

როცა ძაღლი მოკვდა, ეროსიმ თურმე ძალიან განიცადა და დიდი პატივით დაასაფლავა კუს ტბაზე. სესილია თაყაიშვილს და დოდო აბაშიძეს სამძიმრის დეპეშა გაუგზავნიათ - "ქელეხი არ გამოგვაპაროთ, თქვენი კეთილისმსურველები." ეროსიმ მალე გაიგო ვინ იყო დეპეშის გამომგზავნი და დიდხანს არ ელაპარაკებოდა არც სესილიას და არც დოდოს,- იხსენებენ მსახიობები.
02/28/2026