Logo

ინტერვიუ

"ერთ ურთიერთობაზე მწყდება გული, მაგრამ არ ვნანობ, ისევე როგორც არ ვნანობ მონაზვნობაზე უარს" - თათა ვარდანაშვილის გულწრფელი ინტერვიუ

"ერთ ურთიერთობაზე მწყდება გული, მაგრამ არ ვნანობ, ისევე როგორც არ ვნანობ მონაზვნობაზე უარს" - თათა ვარდანაშვილის გულწრფელი ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თათა ვარდანაშვილის მსგავსად გულწრფელი რესპონდენტი იშვიათად მაგონდება. რომ უსმენ, გგონია, რომ პასუხები გულიდან ამოაქვს. ღრმა თვალები სულ წყლიანი აქვს, ემოციით გადავსებული. მისი, როგორც შემოქმედის ისტორიაც, ადამიანის ამქყვენიურ მისიაზე გაფიქრებს, რისთვის მოვდივართ, რა კვალი უნდა დავტოვოთ, სანამ მარადისობას შევერწყებით. როგორც დიზაინერი "ზმნასთვის" მიცემულ გულწრფელ ინტერვიუში ჰყვება, ღმერთმა მონაზვნის გზას იმიტომ არ შეუყენა, რომ აქ, მიწიერ სამყაროში, "რაღაც" აქვს საკეთებელი. ეს "რაღაც" ისევ პროფესიაში მიბრუნებაა. საქმეში, რომლითაც 20-ზე მეტი წლის წინ, სახელი - თათა ვარდანაშვილი ბრენდად აქცია და კონკურენტიც არ ჰყავდა.

თათა ვარდანაშვილი თავის პროფესიას უკვე მეხუთედ უბრუნდება. თინეიჯერობაში დაწყებული საყვარელი საქმე, მოგვიანებით, სამხატვრო აკადემიის ასპიტანტურაში ჩარიცხვით გააგრძელა; შემდეგ სვლა პედაგოგიური მოღვაწეობით განაგრძო. შემდეგ საკუთარი დიზაინ-სტუდია დააარსა და აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. შემდეგ პროფესიული სასწავლებელი დააარსა და პედაგოგიური მოღვაწეობა განააახლა, რის პარალელურად წარმოებას მართავდა. წარმოება 2010 წელს სახელმწიფოს გადასცა, სადაც მის შექმნილ საწარმოში, ხუთი წელი, ჩვეულებრივ რიგით თანამშრომლად მუშაობდა. საქართველოს ჯარისთვის კერავდა ყელიან ფეხსაცმელს. ორი წლის წინ კი, „ნიუ ვიჟენის“ უნივერსიტეტში ხელოვნების სკოლა დააარსა.

თათა ვარდანაშვილი: - ეს სივრცე საკმარია იმისთვის, რომ პატარა, კრეატიული სამყარო არსებობდეს, როგორც დიზაინერისთვის, შემოქმედებითი სახელოსნო, ისე ადგილი სტუდენტისთვის, სადაც ის პროფესიას დაეუფლება. ვასწავლით საკერავი მანქანის და სხვა დანადგარების გამოყენებას. ჭრა-კერვის ანბანს, კონსტრუირებას, ბოლოს კი გადავდივართ მოდელირებაზე. არ შეიძლება ფურცელზე ისეთი რამ დახატო, რაც არ შეიკერება. უნდა იცოდე როგორ იკერება, რომ სწორად დახატო. ჯერ ხელობა და პროფესია უნდა იცოდე და ხელოვნებად მერე უნდა გადააქციო. სწავლება საფეხურებად დავყავი. ვისაც სურს მხოლოდ მკერავი გამოვიდეს, დანადგარის მოხმარება იცოდეს და გვირისტების გატარება შეძლოს, ამას ერთ თვეში შეისწვალის. სამ თვეში მარტივ კონსტრუქციებს ვასწავლით - ქვედაბოლოს, შარვლის გამოჭრას. ექვს თვეში პალტოს კერვა ეცოდინებათ. ექვსი თვის თავზე ვიწყებთ მოდელირების ანბანს. წელიწადში ადამიანს შეუძლია დამოუკიდებლად შექმნას ესკიზი და მასალაში შეასრულოს როგორც ტანსაცმელი, ასევე ფეხსაცმელი, ჩანთები და ტყავის აქსესუარები. გვაქვს საქსოვის პროგრამული დანადგარი და ციფრული საქარგავი დანადგარი და ვასწავლით ქსოვილების დამუშავებას. შოლკოგრაფის ბადის მოწყობას, ქსოვილების მხატვრულ მოჩითვას, ტრანსფერულ ბეჭდვას მე ვასწავლი. ორი გამორჩეული მოსწავლე დავიტოვე ასისტენტად, რომლებიც მეხმარებიან ლექციების სწორად წარმართვაში. თითო მიღებაზე - 20 ადამიანს ვიღებთ. მიღება უკვე გამოვაცხადეთ. კადრებს ფრთხილად შევარჩევ, საბოლოდ თანამედროვე საწარმოს მოწყობას ვგეგმავ. მეწაღის პოვნა დღეს საქართველოში საკმაოდ რთულია.

თათა ვარდანაშვილი

- ასეა და არც მახსენდება იმ დროს ვინმე სხვა, როცა გამოჩნდა თათა ვარდანაშვილი...

- ათი წელი არც არავინ იყო ბაზარზე, მერე გაჩნდა ანუკა ქებურია და გაჩნდნენ სხვები. ერთადერთი მე მახსენდება ჩემი თანაკურსელი, სალომე ტყაბლაძე, რომელიც ფეხსაცმელებს აკეთებდა ტანსაცმლის პარალელურად. თუმცა მას მეწაღე სჭირდებოდა. მე თვითონ ვაკეთებდი, ჩემი ხელით ვთლიდი კალაპოტებს, თვითონ ვკერავდი და ვამზადებდი ფეხსაცმელს.

- თათა, წლების წინ, დისტანცირებული იყავით პრესასთან. არ საუბრობდით პირადზე, თქვენგან ეს თემა ჩაკეტილი იყო. ორიოდ წლის წინ გავიგეთ, რომ იმ დროს, როცა ზენიტში ადიოდა თქვენი ბრენდი, თურმე ოჯახის დანგრევით გამოწვეული ძლიერი სტრესი გქონიათ გადატანილი. ახლა სულ სხვანაირად გახსნილი ხართ, პირადზეც გულღიად საუბრობთ. ვფიქრობ, წლებმა შეგცვალათ...

- მე ვთვლი, რომ არ შევცვლილვარ. კლასელებს რომ ჰკითხოთ, დაგიტასტურებენ. როცა რაიმეს ვაკეთებ, არ ვსაუბრობ. სადილის მომზადების დროსაც კი. მთელი არსებით ვარ იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ. მაშინ დღეში იმდენ შეკვეთას ვასრულებდით; საოცარ ტემპში ვმუშაობდით. სასაუბროდ არ მეცალა. ალბათ, გეჩვენებოდათ, რომ დისტანცირებული ვიყავი.

თანაც მაშინ ბევრად კარგად გამოვიყურებოდი, ვიდრე ახლა. გარდა ამისა, ბავშვობიდან გატანჯული ვიყავი თაყვანისმცემლებით. მე კიდევ, კაცებთან ურთიერთობა არ მინდოდა. გინდა - არ გინდა ყველასთან ორმეტრიანი დისტანცია მეჭირა.

პირადზე არ ვსაუბრობდი. პაუზის შემდეგ, როდესაც ეკრანზე გამოვჩნდი, წამოვიდა კითხვები პირად ცხოვრებაზე. მე ტყუილები არ შემიძლია. თან ბოლომდე გაურკვეველი იყო თემა, რატომ ვცხოვრობ მარტო? რა ხდება ჩემს ირგვლივ?

თათა ვარდანაშვილი

არის კატეგორია, ვისაც მარტო დარჩენის ეშინია. ქალების 90 პროცენტი ცდილობს, რომ ქმარი თუ არა, მეგობარი მამაკაცი მაინც ჰყავდეს.

შეიძლება კაზუისტიკად ჩაითვალოს ჩემი დამოკიდებულება მოვლენების მიმართ. მე მამაკაცებთან ურთიერთობა არ მიხარია. არც მსიამოვნებს და არც მომწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა. მამაკაცთან თუ ურთიერთობ, მაშინ სხვა საქმე არ უნდა გქონდეს. ან ხელოვნებას უნდა მიუძღნა თავი, ან საყვარელ ადამიანს. ორივე ერთად არ გამოვა. ხელოვნება და ხორციელი ვნება - ორივე ვნებაა... არჩევანი უნდა გააკეთო. მე ასე ვარ. მე ვარ პიროვნება, რომელმაც თავი უნდა მივუძღვნა რაღაცას. გადავწყვიტე, რომ ახალგაზრდობა მიმეძღვნა დემეტრესთვის და ამის პარალელურად ჩემი პატარა დამოკიდებულება მქონოდა ღმერთთან, რომელმაც დედობის ღირსი გამხადა. ჩემი პირადი შინაგანი აღთქმა დავდე. მინდა ამის ერთგული დავრჩე ცხოვრებაში...

- როგორ შეძელით ასე გეფიქრათ ახალგაზრდას?

- როცა 24 წლის გოგო დავრჩი მარტო, ფიზიკურ გადარჩენაზე უნდა მეფიქრა, ჩემი გონება, გული და სული ხელოვნებისკენ მიისწრაფვოდა. ხორციელი ვნება ფიზიკურად არ გამაჩნდა. გონებიდან მოდის ყველაფერი. ჩემი გონება კი, დაკავებული იყო ხელოვნებით. ჩემი მშვენიერი ნაწილი, რომელიც დაფარული იყო სხვათათვის, გამოდიოდა ჩემი ხელიდან და სხვები მას ჩემს მიერ დამზადებულ ნივთებად ხედავდა. ჩემს თავს, მთელ შინაგან სამყაროს, სულიერ თუ ფიზიკურ ვნებას თუ ბრძოლას, ვდებდი იმაში, რასაც ვაკეთებდი. ამიტომ მოსწონდათ ჩემი ნამუშვრები. სააშკარაოზე გამოდიოდა ფეხსაცმელები, ვქმნიდი ხელოვნებას, რომლის მასალადაც ვიყენებდი ტყავს. ჩემი ხელებით ვქმნიდი იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში არ არსებობდა. შიგნით ვიყავი, ხელოვნებაში.

არიან ხელოვანები, რომლებიც ნაირ-ნაირ პარტნიორებს იცვლიან, ვნებებს აგემოვნებენ და გადმოაქვთ ხელოვნებაში. მე საპირისპიროდ წავედი. ჩემი ფიქრი არ იყო მიმართული ფიზიკური სიყვარულისკენ. ხელოვნება გათავისუფლებს ადამიანს. ისევე როგორც, ღმერთზე ფიქრი გათავისუფლებს. თუ ღმერთზე ფიქრობ, სხვა რაღაცისთის ადგილი აღარ გრჩება. თუ გულს მას მიუძღვნი, მარტივი და მიწიერი, ადამიანური გატაცებებისთვის იქ ადგილი არ გრჩება. ხელოვნება ამაღლებულია. თუ ამაღლებულ განწყობაზე არ ხარ, ხელოვნებას ვერ შექმნი.

- ამაღლებულ განწყობას რა ან ვინ გიქმნიდათ?

- მამა, რომელიც ძალიან მიყვარდა და მინდოდა, რასაც გავაკეთებდი, მას მოწონებოდა და შევექე. პირველი, ვისი კრიტიკისაც მეშინოდა, მამა იყო. მეორე თემა, რასაც შეიძლება ამაღლებულ განწყობაზე დავეყენებინე არის ის, რომ დემეტრეს, რომელიც იგივე სკოლაში სწავლობდა, სადაც მე, უყვებოდნენ, რომ სანიმუშო მოსწავლე იყო დედაშენი, ასეთი დედის შვილი ხარო. დღესაც ასეა. ეს იყო ჩემი მოტივაცია, თუმცა ვერ ვხდებოდი, რომ დემეტრეს ბავშვობა წავართვი. მე კი მინდოდა, დემეტრე მაღრაძე დამოუკიდებელი პიროვნება ყოფილიყო და არა თათა ვარდანაშვილის შვილი, მაგრამ...

- მას აღიზიანებდა დედის ჩრდილში ყოფნა?

- ეგ ყველას აღიზიანებს. დედაჩემსაც უთქვამს, დავიბადე-გავიზარდე - ვასო ხოდელის შვილი ვიყავი, შემეძინე და მას შემდეგ თათა ვარდანაშვილის დედა ვარო. არადა, დედა გამოცდილი ექიმია, შემდგარი და ცნობილი თავის სფეროში - ენდოკრინოლოგი დარეჯან ხოდელი, 55 წლიანი სტაჟით. თუმცა, საკმარისია მივიდე ანალიზის ასაღებად, კლინიკაში უკვე თათას დედად მოიხსენიებენ. თვითონ არ ამბობს, რომ თათას დედაა. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება თავისი თავი დაიმკვიდროს სამყაროში.

- სახელი - "თათა ვარდანაშვილი" შრომის პარალელურად თავისით მოვიდა, თუ ამაზე იმუშავეთ, პოპულარობა გსურდათ?

- გულწრფელად, ჩემგან დამოუკიდებლად მოვიდა და დამკვიდრდა ეს სახელი. ცნობილი სახელისკენ არ მივისწრაფვოდი. ჩემი ქართულის მასწავლებელი მახასიათებდა ყველაზე სწორად: კუთხეში იჯდა ერთი ნაღვლიანი გოგო, რომლის თვალებში ჩახედვაც შემზარავი იყო, ჯობდა, არ შეხებოდიო. საკმარისია, დაფასთან გამოსულიყო და ყველაფერი იცვლებოდა შენს ირგვლივო...

თათა ვარდანაშვილი

- არ იყო ეს ჟინით მიღწეული წარმატების შედეგი? ყოფილ ქმარზე იმის დამტკიცების რეზულტატი, რომ არ დაიკარგეთ, მეტიც, წარმატებული ქალი გახდით...?

- აუ, არა, არ ვიცი. არავის ჯინაზე არაფერი არ გამიკეთებია. პირველი და მთავარი იყო - თავი გადამერჩინა. მეტი მისწრაფება არ მქონია. იმ საქმის მიმართ, რასაც ვაკეთებდი, აბსოლუტურად გულწრფელი დამოკიდებულება მქონდა. ვცდილობდი, საკუთარი თავისთვის მეჯობა, უკეთესი და უკეთესი მეკეთებინა. ჯერ სახლში, მერე ერთმა მომხმარებელმა მეორე მოიყვანა და ასე შემდეგ... მერე ფეხსაცმლის კეთება დავიწყე.

გარდერობში ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი - ფეხსაცმელია. კომფორტული უნდა იყოს. ავტოპორტრეტივით არის. ჯობს, კარგი ფეხსაცმელი გეცვას და პატარა, სადა შავი კაბა, ვიდრე ძვირფასი სამოსი და ცუდი ფეხსაცმელი. დღეს ისევ რატომ არ ვაკეთებ ფეხსაცმელს, ვერ გეტყვით. რაღაც მნიშვნელოვანი ძაფი გამიწყდა... ერთნაირი სამხედრო „ბათინკის“ კეთება რომ დავიწყე, ინდივიდუალურ ფეხსაცმელთან კონტაქტი გამიწყდა. ხუთი წელი ვაკეთე მოსაწყენი, ერთნაირი და საკეთებლად რთული „ბათინკები“, რომლის კერვისას ჯანმრთელობა შემელახა. წებოს სუნზე უკვე ბრონხის სპაზმი მემართება და წარმოუდგენელია ჩემი წებოსთან კონტაქტი, როგორი ანტი ალერგიულიც არ უნდა იყოს. ორი კომპონენტი ქაფდება და მერე იპრესება, პოლიმერის გამდიდრების რეაქცია მიმდინარეობს, როდესაც იკუმშება გამოიყოფა აქროლადი აირები, რაც მომწამვლელია. თანამშრომლები აირწინაღით მუშაობდნენ. მე ამის საშუალება არ მქონდა, ერთი უბნიდან მეორეზე გადავდიოდი. ვერ მოვახერხებდი მის ტარებას. დილის 8 საათიდან ღამის 2 საათამდე ვმუშაობდი. იქ ვერ ვგრძნობდი. გარეთ რომ გამოვედი, მერე აღმოჩნდა, რომ თურმე დაილექა ორგანიზმში და ხერხემლის პრობლემა შემიქმნა. ისე დავითრგუნე, ფეხსაცმლისკენ გახედვა არ მინდოდა...

ახლა ვეძებ ინოვაციური განხორციელების საშუალებებს. რომ დავუბრუნდე, ადამიანები ჩემგან ელოდებიან იმისგან განსხვავებულს, რაც ბაზარზეა.

მე სახელი „კაზაჩოკებით“ გავითქვი. იმ კუსტარულ პირობებში, სასწაულ „კაზაჩოკებს“ ვაკეთებდი. რა და რა ხერხებს არ მივმართავდი, რომ ფეხსაცმელი გამეკეთებინა, წარმოუდგენელსაც კი. კარის სახელურსაც კი ვიყენებდი ქუსლის გასაკეთებლად.

დღეს ჩემი ძველი მოდელები ისევ აქტუალურია, მაინც მოდური და ბაზრისგან განსხვავებული იქნება.

ახლა ნახევრად სპორტული ფეხსაცმლისკენ მივისწრაფით. მახსენდება, 2012 წელს შარდენის კუთხეში მქონდა მაღაზია და სპორტული ფეხსაცმლის დიდი კოლექცია გავაკეთე. მაშინ, რეზინის ძირიანი ფეხსაცმელები, გაუგებარი იყო ადამიანებისთვის. ახლა ვფიქრობ, მასალების გარდაქმნა მოვახდინო. ქუსლი და ცხვირი მეტალთან ერთად გავაკეთო, საინტერესო იქნება. ვფიქრობ ელეგანტური ფეხსაცმლის სტილზე. ვნახოთ... ფეხსაცმლის წარმოება - ეს ჩემი ადგილია, საქართველოს სოციალურ რეალობაში. და ისევ უნდა დავიკავო.

- ეს ინტერესი ბავშვობიდან მოდის?

- მეხუთე კლასში ვიქნებოდი, საბჭოთა დროის ერთნაირი ჩანთები იყიდებოდა ყველგან - სოკოებიანი. აი, მაშინ მქონდა მცდელობა, რომ განხვავებული ჩანთა მჭეროდა. ამ დროს უკვე ჩემი შეკერილი ფეხსაცმლით დავდიოდი. მაშინ ესპადრელები შემოვიდა. სუხიშვილები გასტროლზე რომ მიდიოდნენ, იქიდან ჩამოჰქონდათ. აქ არ იყიდებოდა. ბიძაჩემი ცეკვავდა ამ ანსამბლში და რომ ჩამომიტანა და გამიცვდა, დავშალე და ვნახე, როგორ იყო გაკეთებული. ხორბლის ტომრებს ვშლიდი, ჯაფებს ვიღებდი, ვწნიდი და ძირზე ვახვევდი. ზუსტად იდენტურს ვაკეთებდი. ნაირ-ნაირი ესპადრელი მეცვა. ეს რომ კარგად გამომივიდა, მამაჩემის ფეხსაცმელების დაშლაზე გადავედი. ძირზე ზედაპირს ვაკერებდი. სკოლა რომ დავამთავრე, უკვე კარგად ვკერავდი ფეხსაცმელსაც ტანსაცმელსაც. არავის უსწავლებია. მაინტერესებდა და ჩემით ვისწავლე... მამის დედა კარგად კერავდა და მიკერავდა ტანსაცმელს. სამი წლის ვიყავი ნათლიამ პატარა პედლიანი საკერავი მანქანა რომ მაჩუქა. პატარა კაბის გამოჭრა და შეკერვა უკვე შემეძლო. ხაზვის ნიჭი მქონდა თანდაყოლილი. მამის ხაზი, ძირძველი წარმომავლობით, ხუროთმოძღვრები და ხატმწერები იყვნენ. მამა ინჟინერი იყო.

- აი, აღარ მიკვირს, საკუთარ თავთან დარჩენის რომ არ გეშინიათ. შემოქმედი ადამიანი არასდროს არის მარტოობისგან მოწყენილი და ეული...

- სხვათა შორის, მაღალი იერარქის სასულიერო პირებს, ბერებს, რაც აქვთ ყველაზე მთავარი და ღირებული, ბერმონაზვნური ცხოვრებისას ეს არის ისწავლო საუბარი საკუთარ თავთან. თუ საკუთარ თავთან საუბრობ, ესე იგი შინაგან სამყაროში ურთიერთობას ამყარებ ღმერთთან. ყველაზე კომფორტულად ვარ ოთახში, ჩემთვის, სიჩუმეში რომ ვზივარ. ერთდროულად შემიძლია ვიკითხო, ვიფიქრო, ხელსაქმით ვიყო დაკავებული. იქიდან რომ გამოვიდე, დრო არ მრჩება.

თათა ვარდანაშვილი

- რომ ვინმეს შეხვდეთ, ან ახალი ურთიერთობა დაიწყოთ, არა?

- ნუ მაწუხებთ-მეთქი, მქონდა ხელჩართული ბრძოლა. ერთ აღმატებულ ურთიერთობაზე მწყდება გული. ამ ურთიერთობაზე უარი შეგნებულად რომ არ მეთქვა, ალბათ, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. ეს საბოლოო ჯამში, დადებითად აისახებოდა ჩემს შემოქმედებით მოღვაწეობაზე.

- ნანობთ?

- არა, არ ვნანობ! ერთადერთი შემთხვევა იყო, რაც მე, როგორც ხელოვანს, მუშაობაში, სამომავლოდ, კომფორტს შემიქნიდა. მაგრამ არ ვნანობ, ისევე როგორც არ ვნანობ თავის დროზე, მთელი შეგნებით რომ ვთქვი უარი მონაზვნობაზე.

- როდის იყო ეს დრო?

- ალბათ, ცხრა წლის წინ. კორცხელის დედათა მონასტერში წავედი, არავინ არაფერი იცოდა. დედას არც ვეტყოდი. თუ ვინმეს ეს ეცოდინებოდა, ეს მამა იქნებოდა. ახალი საქარგავი მანქანა შეიძინეს დედებმა და დასახმარებლად ჩავედი. რეალურად ამისთვის ჩავედი, მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა, რომ უკან არ დავბრუნებულიყავი. და დავრჩებოდი კიდეც, მეორე დღეს დეიდას რომ არ დაერეკა - დედას ინფარქტი მოუვიდაო. მთელი ღამე ვგრძნობდი, რომ რაღაც ხდებოდა და არც ერთი წამით ლოცვა არ შემიწყვეტია. იძულებული გავხდი თბილისში დავბრუნებულიყავი. უკან ვერ მივბრუნდი. მერე დემეტრე დაოჯახდა… და ერში დავრჩი. ხშირად ვამბობ, ჩემი ფიზიკური სხეული როცა აქ არის, თავი მაინც კორცხელის მონასტერშია-მეთქი.

- ამ ტაძარში როგორ აღმოჩნდით?

- მცხეთაში ჩვენი მეზობელია დუშეთის და წილკნის მიტროპოლიტი - ზოსიმე შიოშვილი. მეუფეს ბავშვობიდან ვიცნობ. მას ჯერ შესამოსელს ვუკერავდი, მერე მაკურთხა და შესამოსლის ქარგვა დავიწყე. უკვე დახელოვნებული ვიყავი სასულიერო პირების სამოსის შეკერვაში, ვკერავდი, ვამშვენებდი. ვუკერავდი ჩემს მოძღვარს, მამა ღვთისო შალიკაშვილს. მამაო და უწმინდესი ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. უწმინდესისთვის შემიკერავს შესამოსელი და მეუფისთვის.

ახლოვდებოდა სვეტიცხოვლის ათასი წლის იუბილე. ვთხოვე მამაოს, დამეხმარეთ, რომ რაღაც გავაკეთო სვეტიცხოვლისთვის-მეთქი. ისე შეიტანეთ ჩემს მიერ გაკეთებული ნივთები, არავინ იცოდეს - ვინ გააკეთა-მეთქი. დაფარნები დავქარგე, კრეტსაბმელი და ტაძრისთვის საჭირო სხვა რამეები. მამა გიორგი ზვიადაძის შესამოსელი დავქარგე, უწმინდესს ისედაც ჰქონდა ჩემი შეკერილი შესამოსელი. მამა შალვა კეკელიასაც ემოსა ჩემი ნამუშევარი... და სვეტიცხოვლის ათასი წლის იუბილე რომ ჩატარდა, სასულიერო პირების დიდ ნაწილს, ჩემი დაქარგული შესამოსლები ეცვა.

მამა ილია კარტოზია გემახსოვრებათ. ის სვეტიცხოვლის ტაძარში მსახურობდა. შემთხვევით გავიცანი. მიყვარს სვეტიცხოველი, ჩემ მშობლებს ჯვარი იქ აქვთ დაწერილი.

მამა ილია კარტოზიამ იბრძოლა, რომ გამეცნო მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის წინამძღარი.

თათა ვარდანაშვილი

დღემდე ახლო მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს მასთან. უაღრესად მადლიერი ვარ მისი, ურთულესი პერიოდები გადამატანინა და გვერდიდან არ მომშორებია. მეუფე რომ გავიცანი, ჩემი წარმოება ორი კვირის გადაცემული მქონდა სახელმწიფოსთვის. ურთულეს მდგომარეობაში ვიყავი. მეუფის შესამოსელს რომ ვქმნი, შემოქმედებითმა პროცესმა, იოლად გადამატანინა იმ სიძნელეების პირველი ტალღა, რასაც შეეძლო ჩემი სულის, გულის და გონების დაღრეჯილობა გამოეწვია. ისე გავიარე ის პერიოდი, რომ ჩემმა ტრაგედიამ დაღი არ დაასვა ჩემს ცხოვრებას. არამც თუ სიბოროტის ნასახი არ შემომივიდა, პირიქით, მშვიდად გავიარე ის დრო.

იმ წელს ჩემი დაბადების დღე ემთხვეოდა კვირაცხოვლობას. მე ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელზე ლამაზი შესამოსელი გავაკეთე და მეუფეს ეპარქიაში მივართვი. ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მონასტერმა. ალიონზე, ცა თუ მოწმენდილია, აფხაზეთი ჩანს. მარტო იმიტომ ჩავდივარ იქ, რომ დილით, კელიიდან გამოსულმა ვუყურო როგორ ამოდის მზე აფხაზეთიდან… ამ დროს ღმერთისადმი ისეთი გახსნილია ვედრება, ისეთი გულწრფელი. ისე არ მინდა გავიდეს ჩემი ცხოვრება, რომ აფხაზეთში არ ჩავიდე.

- მე იმედი მაქვს, რომ წართმეულ მიწებს დავიბრუნებთ...

- მეც მაქვს. უბრალოდ, ამ თემაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ვიცი, რომ ჩემს სიცოცხლეში მოხდება. მე ვიცი, რომ აფხაზეთის დაბრუნება ჩემს სიცოცხლეში მოხდება.

- თათა, თქვით არ ინანეთ, რომ მონაზვნად არ აღიკვეცეთ. რა გაქვთ ერში გასაკეთებელი?

- ბევრი რამ. კომპლექსურად. ღმერთი ჩემთვის შემოვინახე. და ვფიქრობ, გამოცდილება, რომელიც დამიგროვდა, პედაგოგიური სახით გადავცე ახალ თაობას. ჩემი ნიჭი, რაც მეტად გამრავლდება, მით მეტი ადამიანი ვიქნები. მით მეტი კეთილად მომხსენიებელი მეყოლება დედამიწაზე. ჩემი საქმე გამრავლდება და ალბათ, ამისთვის დამაბრუნა ღმერთმა მონასტრიდან უკან. ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება. დედას გულის სამი სარქველი ერთდროულად დაეხშო. რომ გადარჩა, ესეც ხომ ღვთის ნებაა. შეიძლებოდა ეს ერთი დღით ადრე ან ერთი დღით გვიან მომხდარიყო.

ჩემმა მოძღვარმა ჩემს ხელში დალია სული. ბოლო სამი წელი მოძღვრის გვერდით რომ გამეტარებინა, ამიტომაც დამაბრუნა ღმერთმა. მამაო ქაშვეთშია დაკრძალული და არ არსებობს, მისი პანაშვიდი გავაცდინო. ანდერძი დამიბარა, მე მისი პანაშვიდი უნდა გადამეხადა და ზეციდან თვითონ იქნებოდა ჩემი მაკურთხებელი მოძღვარი. მისთვის კი წესი მეუფე გერასიმეს უნდა აეგო. ასე ვაგრძელებთ ორივე ჩვენს პირობას.

კორცხელის მონასტერთან კავშირი კი, ჩემი სულიერი მდგომარეობაა… ყველაზე დარდიანი რომ ვარ, იმ განცდას გამოვყავარ, რომ ჩვენ დავბრუნდებით…

(ინტერვიუს აქვს ასეთივე საინტერესო გაგრძელება, არ გამოგრჩეთ)

ავტორი: თამარ გონგაძე

02/25/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024