
09/22/2026
97 წლის ასაკში გარდაიცვალა ნოდარ დუმბაძის მეუღლე - ნანული გუგუნავა.
მწერლის მუზა და მეუღლე 2 ივლისს 97 წლის გახდა. როგორც ნოდარი ამბობდა, მისი მერის პროტოტიპი სწორედ ნანული იყო. ქალი, რომელიც ბოლომდე ქმარზე შეყვარებულ ცოლად დარჩა...

"დედამ თქვა, ნოდარმა პირველად რომ მაკოცა, გავსკდი ტირილითო. ნანული დღესაც შეყვარებული ცოლია. დღესაც პირველ ადგილზე ნოდარია. დღესაც გვეუბნება მე და მანანას, ჯერ ნოდარი მიყვარს და მერე თქვენო" - ქეთი დუმბაძე.
თვითონ კი საყვარელ ნოდარზე ასე საუბრობდა:
"ნოდარი პირველად ვნახე უნივერსიტეტში. თავიდან უბრალოდ მომეწონა, აი, მისი სახეც კი დამამახსოვრდა. მე ძალიან მიყვარდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მე ბავშვებისთვისაც კი მაქვს ნათქვამი, რა ვქნა, ბავშვებო, ძალიან მიყვარხართ, მაგრამ მამათქვენი უფრო მიყვარს-მეთქი. მე ნოდარს არაფერზე ვაწუხებდი, არ მახსოვს, რომ ნოდარი პურზე გამეგზავნოს. ვუვლიდი, როგორც პატარა ბავშვს.
ნოდარის დედა გადასახლებული იყო, მამა კი - დახვრეტილი. მამაჩემი გიჟდებოდა ჩემზე, ვერ წარმოედგინა, რომ მე შეიძლება გავთხოვილიყავი. კარგად ვცხოვრობდი, არაფერი მაკლდა.

ნოდარი მოვიდა ხელის სათხოვნელად სახლში და მამაჩემს უთხრა, მე გაუბედურებული ოჯახის შვილი ვარ, მამა დახვრეტილი მყავს, დედა გადასახლებული იყო და ჩამოვიდა, მაგრამ თბილისში ცხოვრების უფლება არ აქვსო. ამიტომ ნოდარი მარტო ცხოვრობდა. შავი პური მენატრებაო, აი, ეს უთხრა ნოდარმა ჩემს ოჯახს და მომიტრიალდა მამაჩემი, შე დალოცვილო შვილო, ჩემს ხელში თეთრ პურს არ ჭამ და ამ კაცთან შავი პური გინდაო?! ვუთხარი - ამასთან მინდა და მაგისი შავი პური მინდა-მეთქი.
მე ისევ ისე მიყვარს ნოდარი, როგორც მაშინ მიყვარდა. ერთი სული მაქვს, როდის წავალ ნოდართან. არ მეშინია და ვფიქრობ, რომ ვნახავ, აუცილებლად."


გააზიარე სტატია