
09/07/2026
ბავშვობის ყველაზე ადრეული მოგონებები ხშირად ფრაგმენტულია. შეიძლება გვახსოვდეს ერთი სახე, ადგილი, ხმა ან უბრალოდ ძლიერი განცდა, მთლიანი ისტორია კი შენს მეხსიერებაში არ ინახებოდეს.
ზოგჯერ ამ დაკარგული ფრაგმენტების მნიშვნელობას მხოლოდ წლების შემდეგ ვიგებთ, როცა ოჯახის წევრებისგან ან ახლობლებისგან ვისმენთ, რა მოხდა სინამდვილეში.
ფეისბუქის მომხმარებელი ნინო ბერიძე გამომწერებს სწორედ ასეთ, ბავშვობაში გადახდენილ ისტორიას უზიარებს, შემთხვევას, რომელიც ორნახევარი წლის ასაკში გადახდა და რომლის შესახებაც წლების შემდეგ გაიგო.
მის მონათხრობს უცვლელად გთავაზობთ:
"დღე, რომელიც წლების შემდეგ გამახსენდა
ზუსტად ორნახევარი წლის ვიყავი, როცა ჩემმა მშობლებმა მე და ჩემი პატარა ძმა ბათუმში ჩამოგვიყვანეს.
დედას ჩემი პატარა ძმა ხელში აყვანილი ჰყავდა, მე კი ხელჩაკიდებული მივყავდი.
იმ დღეს დედაჩემს სტუდენტობის დროინდელი ამხანაგი შეხვედრია. მან დამინახა, მომეფერა და წავიდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ვიღაცამ ხელი მომკიდა. პატარა ვიყავი და მეგონა, დედა იყო, ამიტომ გავყევი. როცა მივხვდი, რომ ეს დედა არ იყო, ხმამაღლა ტირილი დავიწყე.
მახსოვს, ორი ადამიანი - ქალი და კაცი. ქალი ხელში მიჭერდა. იქ სარდაფის მსგავსი შესასვლელი იყო.
ქალი ნაყინს ყიდდა, კაცი კი იქვე ყუთებს ალაგებდა.
მე კი ვტიროდი და ვტიროდი...
მახსოვს, თითქოს ამბობდა: „აქ ვერ შევიყვან, სხვებსაც აატირებსო.“
და სწორედ ამ დროს გამოიარა დედაჩემის იმ ამხანაგმა, მანამდე რომ შეგვხვდა. მიცნო და იკითხა: - ეს ბავშვი რატომ ტირის? უთხრეს, ახლობლისაა, დამიტოვა და ტირისო. მე როგორც კი დავინახე, მისკენ წავედი, ჩავეკარი და აღარ მოვშორებივარ.
იმ ასაკში, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ახსნა არ შემეძლო. მხოლოდ შიში დამრჩა. წლები გავიდა. დიდხანს მტანჯავდა რთული და საშიში სიზმრები.
მაშინ ვერ ვხვდებოდი, რატომ მესიზმრებოდა ასეთი რამ, საიდან მოდიოდა ეს შიში და რატომ მქონდა ასეთი მძიმე განცდები.
სრული ისტორია კი მხოლოდ მაშინ მოვისმინე და გავიგე, როცა მერვე კლასის მოსწავლე ვიყავი. მაშინ პირველად გავაცნობიერე, რა მომხდარა სინამდვილეში და როგორ შეიძლებოდა იმ პატარა ასაკში გადატანილ შიშს ჩემში თავისი კვალი დაეტოვებინა.
იმ მომენტში თითქოს ბევრი რამ თავის ადგილას დადგა. ის სიზმრები, ის გაუგებარი შიში, ის შინაგანი განცდა, რომელსაც ბავშვობაში სახელს ვერ ვუძებნიდი, ყველაფერი ნელ-ნელა დავუკავშირე იმ დღეს...

ახლა, როცა ამ ფოტოს ვუყურებ და ვხედავ ორნახევარი წლის საკუთარ თავს, სულ სხვა გრძნობა მეუფლება.
ეს უბრალოდ ბავშვობის ფოტო აღარ არის. ეს არის პატარა გოგონას ფოტო, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცოდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო მის ცხოვრებაში, მაგრამ იმ დღეს უკვე გადაიტანა ისეთი შიში, რომლის ახსნაც მხოლოდ წლების შემდეგ შეძლო.
და მაინც... იმ დღეს ბედისწერამ უკან დამაბრუნა.
დედის მეგობარმა მიცნო, მე კი მისკენ გავიქეცი და ხელებში ჩავეკარი.
იქნებ ცხოვრებაში ზოგიერთი ადამიანი სწორედ მაშინ გვხვდება, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება.
და დღეს, ამ ფოტოს რომ ვუყურებ, ვფიქრობ: იმ პატარა გოგონამ მაშინ ვერ ახსნა, რა დაემართა... მაგრამ წლების შემდეგ მან თავისი ბავშვობის დაკარგული ისტორია იპოვა, გაიხსენა და ბოლოს შეძლო მისი ახსნა.
გააზიარე სტატია