Logo

ჯანმრთელობა

"ფრანგ მგზავრს ჰანტავირუსი დაუდასტურდა" - საკრუიზო გემიდან ევაკუაცია გრძელდება

"ფრანგ მგზავრს ჰანტავირუსი დაუდასტურდა" - საკრუიზო გემიდან ევაკუაცია გრძელდება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

საკრუიზო გემზე დაფიქსირებული ეპიდაფეთქების უკან, სავარაუდოდ, ვირუსის ე.წ. „ანდების შტამი“ დგას, რომელსაც იშვიათ შემთხვევებში ადამიანებს შორის გავრცელების უნარიც შესწევს.

მიუხედავად ახალი შემთხვევებისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის საფრთხე არ არსებობს.

„ეს არ არის მორიგი კორონავირუსი, შესაბამისად მოსახლეობისთვის რისკი დაბალია. ხალხს არ უნდა შეეშინდეს “, - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

საკრუიზო გემ MV Hondius-დან ევაკუირებულ ფრანგ ქალს ჰანტავირუსი დაუდასტურდა. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, სტეფანი რისტის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, ღამის განმავლობაში გაუარესდა.

ინფიცირებული ქალი იმ ხუთ ფრანგ მგზავრს შორის იყო, რომლებიც კვირას კანარის კუნძულებიდან (ტენერიფე) პარიზში სპეცრეისით დააბრუნეს. მინისტრის ცნობით, მას სიმპტომები სწორედ ფრენის დროს გამოუვლინდა. გემიდან მგზავრთა ევაკუაცია სამხედრო და სამთავრობო თვითმფრინავებით მიმდინარეობს, პროცესში ჩართული პერსონალი კი სრულად აღჭურვილია დამცავი კოსტიუმებითა და რესპირატორებით. ევაკუაციის ფარგლებში აშშ-ში ნებრასკაში 17 ამერიკელიც გადაიყვანეს, რომელთაგან ერთს ჰანტავირუსი დაუდასტურდა, თუმცა დაავადება ამ ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

ჰანტავირუსი

ჰანტავირუსი ძირითადად მღრღნელებისგან ვრცელდება და ადამიანისგან ადამიანზე გადადება იშვიათია. თუმცა, საკრუიზო გემზე დაფიქსირებული ეპიდაფეთქების უკან, სავარაუდოდ, ვირუსის ე.წ. „ანდების შტამი“ (Andes virus) დგას, რომელსაც იშვიათ შემთხვევებში ადამიანებს შორის გავრცელების უნარიც შესწევს. ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 1-დან 8 კვირამდე მერყეობს.

ჯანმო-ს მთავარი ეპიდემიოლოგის, მარია ვან კერხოვეს რეკომენდაციით, ევაკუირებული მგზავრები საკუთარ ქვეყნებში მკაცრ მონიტორინგსა და ყოველდღიურ სამედიცინო შემოწმებას დაექვემდებარებიან – როგორც სახლის პირობებში, ისე სპეციალიზებულ დაწესებულებებში.

შეგახსენებთ, რომ ეპიდაფეთქების დაწყებიდან დღემდე MV Hondius-ზე ვირუსს უკვე 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 5 მგზავრი, რომელმაც გემი უფრო ადრე დატოვა, ინფიცირებულია. აშშ-ის, ესპანეთისა და ჯანმო-ს ოფიციალური პირების თავდაპირველი განცხადებით, გემზე დარჩენილი 140-ზე მეტი ადამიანიდან სიმპტომები არავის აღენიშნებოდა, თუმცა ევაკუაციის პროცესმა და დამატებითმა ტესტირებებმა სურათი ნაწილობრივ შეცვალა.

წყარო: APNEWS

ავტორი: ზმნა

05/11/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024