კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ლეილა აბაშიძე იმ ქართველი მსახიობების რიგებს მიეკუთვნება, მაყურებელმა რომ განსაკუთრებულად შეიყვარა.
კინოს მოყვარულები შესანიშნავად იცნობენ მარინეს ("ჭრიჭინა"), ლიას ("აბეზარა"), მაიას ("მაია წყნეთელი"), ძიძიას("ხევისბერი გოჩა")… მაგრამ ცოტამ თუ იცის, იმ რთული გზის შესახებ, რომელიც მსახიობმა ხალხის აღიარების მოპოვებამდე გაიარა.
ლეილა აბაშიძე თბილისში დაიბადა. მამა, მიხეილ აბაშიძე რომელიც რუსეთში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი გახდა და გადაასახლეს. ლეილას დედა, იმისათვის რომ მეუღლესთან ახლოს ყოფილიყო და ენახა, მედმუშაკად წავიდა ციმბირში და თან ქალიშვილიც წაიყვანა.
„იყო გახლართული მავთულები, სადაც 220 ვოლტი დენი გადიოდა, ვერ მიეკარებოდი. იქვე დედამ ერთი ადგილი იცოდა, დადგებოდა და შორიდან შეუმჩნევლად დაუქნევდა ხელს მამას, ისიც ჩუმად მიესალმებოდა.
მე პატარა ვიყავი, დავიმახსოვრე ის ადგილი, გავძვრებოდი-გამოვძვრებოდი ყოველდღე, მივიდოდი იქ, ხან სიგარეტს გადავუგდებდი მამას, ის გამომხედავდა ასე მადლიანი თვალებით და მხოლოდ ეს იყო ჩვენი შეხვედრები...

ლეილა აბაშიძს უკანასკნელი ფოტო მამასთან ერთად
მამამ, რომელიც ბუნებით ხელოვნების მოყვარული კაცი იყო, მოიფიქრა კონცერტი ტუსაღებისათვის და მე ვკითხულობდი ლექსს ლენინზე -„Умер Ильич“. ისე განვიცდიდი სიტუაციას, რაც ჩვენს გარშემო იყო, რომ მთელ განცდებს ვაქსოვდი ამ ლექსში, იქ ბევრი ქართველი იყო რა თქმა უნდა, რომლებიც თურმე მოუთმენლად ელოდნენ ჩემ გამოჩენას და ტაშით მხვდებოდნენ და იმ პერიოდში მე და მამას პორტრეტთან ერთად გაზეთ „Сибирская правда“-ში დაიბეჭდა სტატია სახელწოდებით „Oтец и дочь“, სადაც ეწერა - „გუშინ საპატიმროს სცენაზე ნამდვილი ვარსკვლავი დაიბადა, ეს გოგონა დიდი მსახიობი იქნება...“ ეს იყო პირველი რეცენზია, რომლითაც მე მაღიარა მაყურებელმა,"- იხსენებდა მსახიობი.
ოჯახმა ძალიან დიდხანს არ იცოდა რა ბედი ეწია რეპრესირებულ პატიმარს. ამის შემდეგ მიუვიდათ მათ დახვრეტის ოქმი, მომავალი მსახიობის დედას გამოუცხადეს, რომ მისი მეუღლე დახვრიტეს. „ოქმში წერია დახვრეტის წინ რომ გაჰყავდათ მამა, ოჯახის წევრების ჩამონათვალია და მოხსენიებულია ახლადდაბადებული ვაჟი, არის ზედ მამას ბოლო ხელმოწერა სიკვდილის წინ“. პატარა ლეილა დროებით ინტერნატში მიაბარეს და ციმბირშივე გაჩნდა მისი მესამე ძმაც. იქ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა და დედა იძულებული გახდა შვილებთან ერთად საქართველოში დაბრუნებულიყო.
01/25/2026