კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
გოგი გვახარიამ სოციალურ ქსელში გაიხსენა შემთხვევა, გერმანელმა კინომცოდნე შლეგელმა თუ როგორ გააპარა საბჭოთა კავშირიდან გოდერძი ჩოხელის ფილმი - "ადგილის დედა", რომელიც ობერჰაუზენის ფესტივალის გრან-პრით დაჯილდოვდა.
„ადგილის დედა“ — გოდერძი ჩოხელის 1976 წლის ქართული მხატვრული ფილმი. რეჟისორმა გადაიღო II კურსის სტუდენტობისას, ლანა ღოღობერიძის ჯგუფში სწავლისას. ფილმი დაფუძნებულია მისივე მოთხრობაზე „ადგილის დედა“.


გოგი გვახარია: ეს ისტორია გერმანელმა კოლეგამ, ნაადრევად გარდაცვლილმა ჰანს შლეგელმა მიამბო.
გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ჰანსი ობერჰაუზენის ფესტივალზე, შემრჩევ კომისიაში მუშაობდა. საქართველოდან შეიტყო, რომ ახალგაზრდა რეჟისორმა, გოდერძი ჩოხელმა ძალიან საინტერესო საკურსო ფილმი გადაიღო. მაგრამ ფილმს ობერჰაუზენში მოსკოვის ნებართვის გარეშე ვერ უჩვენებდნენ.
-"ადგილის დედა?" ასეთი ფილმი არ არსებობს!" - უთხრეს შლეგელს მოსკოვში და ასე დახურეს ეს თემა.
ჩამოვიდა თბილისში, შეხვდა კინოსტუდიის დირექციას. შლეგელს საიდუმლოდ გადასცეს გოდერძი ჩოხელის მოკლემეტრაჟიანი ფილმის იაუფი (ფირი კოლოფებში ინახებოდა და "იაუფს" ვეძახდით). ჩემოდანში ჩადო, ტანსაცმელში გაახვია და ასე გადაიტანა დასავლეთ გერმანიაში..
"ადგილის დედა" ობერჰაუზენის ფესტივალის გრან-პრით დაჯილდოვდა.

ცდილობდნენ გაერკვიათ, საიდან მოხვდა ფილმი დასავლეთ გერმანაიში. გოსკინომ, ორგაზაციამ, რომელიც პასუხისმგებელი იყო საბჭოთა ფილმების ექსპორტზე, ობერჰაუზენის ფესტივალს საპროტესტო წერილი გაუგზავნა, იმუქრებოდნენ, რომ დასრულდებოდა გამოძიება და კინოსტუდია "ქართული ფილმი", ან თეატრალური ინსტიტუტი დაჯარიმდებოდა. ამასობაში ქვეყნის სათავეში მოვიდა გორბაჩოვი, დაიწყო "პერესტროიკა" და შლეგელიც გადარჩა და ჩვენი კინოსტუდიაც.
ხვდებით ხო რატომ გავიხსენე ეს ისტორია? რაღა ბრეჟნევის ეპოქის გოსკინო და რაღა დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული კინოცენტრი...
08/19/2026