საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
როგორ გაუსწორდა სტალინი პირველი მეუღლის - კატო სვანიძის ოჯახს
ისტორიკოსთა და სტალინის ბიოგრაფთა უმეტესობა თანხმდება, რომ თუ სტალინს, ცხოვრებაში ვინმე ნამდვილად უყვარდა, ეს მისი პირველი ცოლი ეკატერინე (კატო) სვანიძე იყო.
მათი ხანმოკლე ქორწინება (1906–1907 წლები) იყო ერთადერთი პერიოდი, როდესაც მომავალი საბჭოთა ბელადი ნამდვილ, ადამიანურ გრძნობებს ავლენდა. კატოს გარდაცვალებამ 1907 წელს მასზე გამანადგურებლად იმოქმედა. მოგონებების თანახმად, დაკრძალვაზე მან თქვა: „ეს იყო ქალი, რომელმაც ჩემი ქვის გული გაალღო. ამ ქალთან ერთად მოკვდა ჩემი უკანასკნელი თბილი გრძნობები კაცობრიობის მიმართ.“


ამბობენ, რომ კუკიის სასაფლაოზე ეკატერინეს დაკრძალვისას, სტალინი ახალგათხრილ საფლავში ჩავარდა. თუმცა, როდესაც ამოიყვანეს, ამ დროს მას უცნობი მიუახლოვდა და რაღაც ჩასჩურჩულა. სტალინმა რაღაც ჩაიბუტბუტა, მერე სასაფლაოს ღობეს გადაევლო და გაქრა.
7 თვის იაკობი ეკატერინეს დედამ წაიყვანა გასაზრდელად სოფელ ბაჯში. როდესაც ბიჭი 14 წლის გახდა, მხოლოდ მაშინ წაუყვანა ეკატერინეს ძმამ, ალიოშამ სტალინს კრემლში. სოფელში გაზრდილი ბიჭისთვის მამასა და მის ოჯახთან შეგუება არცთუ ისე იოლი აღმოჩნდა.

პირველი ცოლის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ, როდესაც სტალინი უკვე საბჭოთა იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა, მან სისტემატურად, დაუნდობლად და საგულდაგულოდ გაანადგურა თითქმის ყველა, ვინც ამ „ერთადერთ სიყვარულს“ და მის ქორწინებამდელ, ახალგაზრდულ წარსულს ახსენებდა.
კატო სვანიძის ოჯახის ტრაგედია არის სტალინის პარანოიისა და მისი სურვილის, წაეშალა საკუთარი ბიოგრაფიის ყველა „არასასურველი“ მოწმე, ყველაზე ნათელი მაგალითი.

სტალინისა და სვანიძეების ურთიერთობის დასაწყისი უშუალოდ უკავშირდება ბოლშევიკურ იატაკქვეშეთს. 1906 წლის ივლისში, თბილისში, მთაწმინდის წმინდა დავითის ეკლესიაში ჯუღაშვილისა და კატოს საიდუმლო ჯვრისწერა სწორედ კატოს ძმამ, ალექსანდრე (ალიოშა) სვანიძემ და მისმა დებმა მოაწყეს. მათი ჯვრისწერა ღამის საათებში მოხდა, რადგან ახალგაზრდა "კობაზე" მეფის ჟანდარმერიას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.
სვანიძეების ოჯახი თბილისში, ფრეილინის (ახლანდელი სულხან-საბას) ქუჩაზე ცხოვრობდა. კატოს დები მარო და სანიკო მკერავები იყვნენ. როგორც სტალინის ქალიშვილი, სვეტლანა ალილუევა მოგვიანებით იხსენებდა, სვანიძეების სახლი ბოლშევიკების საიმედო თავშესაფარი იყო. სვანიძეები სტალინს არა უბრალოდ ენდობოდნენ, არამედ ღვიძლი ძმასავით უვლიდნენ.
1907 წელს, კატოს ტიფით გარდაცვალების შემდეგ, სწორედ სვანიძეებმა იკისრეს პატარა იაკობის (სტალინის პირველი შვილის) გაზრდა, სანამ სტალინი რევოლუციურ იატაკქვეშეთში, ციხეებსა და გადასახლებებში იმყოფებოდა.
1930-იანი წლების შუა პერიოდისთვის სტალინის გარშემო უკვე აგებული იყო უცდომელი, ბრძენი და ჰუმანური „ბელადის“ კულტი. ეს იყო საგულდაგულოდ შექმნილი პროპაგანდისტული კონსტრუქცია. სვანიძეების ოჯახი თავისი არსებობით, ამ მითს ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნიდა. ისინი არ იყვნენ უბრალოდ გარდაცვლილი ცოლის ნათესავები, ისინი "ცოცხალ არქივს" წარმოადგენდნენ, რომელთა მეხსიერებაც ინახავდა იმ სიმართლეს, რომლის წაშლასაც სტალინი მთელი თავისი ძალაუფლებით ცდილობდა.
სტალინის ცოლის ძმა ალიოშა სვანიძე, იყო არა უბრალოდ ნათესავი, არამედ ძველი ბოლშევიკი, ევროპული განათლების მქონე ისტორიკოსი და ფინანსისტი. ის არ იცნობდა „ამხანაგ სტალინს“, დიდ ბელადს. ის იცნობდა „სოსოს“ - პროვინციელ, ამბიციურ და ხშირად უხეშ ახალგაზრდას. ალიოშას ახსოვდა ის, რის დავიწყებასაც სტალინი ცდილობდა. მაგალითად, სტალინის როლი ფინანსურ ძარცვებში (როგორიც იყო 1907 წლის ცნობილი თბილისის ბანკის ძარცვა) და ასევე, მისი შედარებით მოკრძალებული როლი რევოლუციაში ლენინის, ტროცკისა და სხვა ლიდერების ფონზე.
ალიოშა სვანიძე და მისი მეუღლე მარია კორი, თბილისის ოპერის მომღერალი, სტალინის ოჯახის უახლოესი წევრები იყვნენ. ისინი ესწრებოდნენ კრემლის დახურულ სადილებს, აგარაკზე ხედავდნენ სტალინს არაფორმალურ გარემოში და ისმენდნენ საუბრებს, რომელთა გაგონებაც სხვებისთვის წარმოუდგენელი იყო. ყველაზე სახიფათო საიდუმლო, რომლის მცველებიც ისინი უნებლიედ გახდნენ, იყო სტალინის მეორე ცოლის, ნადეჟდა ალილუევას, 1932 წლის 9 ნოემბრის თვითმკვლელობა.

ოფიციალური ვერსიით, ნადეჟდა აპენდიციტისგან გარდაიცვალა. სინამდვილეში, მან თავი მოიკლა იმ დამამცირებელი საჯარო სცენის შემდეგ, რომელიც სტალინმა მას წინა ღამით, წვეულებაზე მოუწყო.
სვანიძეებმა იცოდნენ არა მხოლოდ თვითმკვლელობის ფაქტი, არამედ მისი კონტექსტიც: სტალინის სასტიკი, დესპოტური ხასიათი და ის აუტანელი ატმოსფერო, რამაც ნადეჟდა ამ ნაბიჯამდე მიიყვანა.
ალიოშა სვანიძე, როგორც საბჭოთა კავშირის საგარეო სავაჭრო ბანკის თავმჯდომარე, ხშირად მოგზაურობდა ევროპაში, გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში. ის ხვდებოდა დასავლელ ბანკირებსა და დიპლომატებს. სტალინის სამყაროში, სადაც მტერი ყველგან იმალებოდა, დასავლეთთან ნებისმიერი კონტაქტი, ეჭვის საფუძველი იყო. ადამიანი, რომელიც თავისუფლად მოძრაობდა „კაპიტალისტურ სამყაროში“, საუბრობდა უცხო ენებზე და ჰქონდა პირადი კავშირები უცხოელებთან, ავტომატურად ხდებოდა პოტენციური ჯაშუში. გარდა ამისა, ალიოშა სვანიძე ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ადამიანთაგანი იყო, რომელიც პირად საუბრებში ბედავდა სტალინისთვის კრიტიკული აზრის გამოთქმას, განსაკუთრებით მასობრივი ტერორის დაწყების შემდეგ.

1937 წელს, როდესაც სტალინმა დიდი ტერორის მანქანა სრული სიმძლავრით აამოქმედა, სვანიძეების ოჯახი ამ წმენდის მთავარ სამიზნედ იქცა.1937 წლის ზამთარში ალიოშა სვანიძე დააპატიმრეს. შინსახკომის არქივში დაცული საქმე №9776 მოწმობს, რომ მას აბსურდული ბრალდებები წაუყენეს: ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს საბჭოთა აგენტურის გაყიდვა და გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობა.
ალიოშა ოთხი წლის განმავლობაში იმყოფებოდა ლუბიანკას ციხეში. მან პროტესტის ნიშნად გამოაცხადა მშრალი შიმშილობა. ციხის ზედამხედველთა ჩანაწერებში აღნიშნულია, რომ იგი იყო ერთ-ერთი იშვიათი პატიმარი, რომელიც გამომძიებლებს „შენობით“ მიმართავდა და მათ ბერიას „ჯალათებს“ უწოდებდა. მან კატეგორიული უარი თქვა ცრუ ჩვენების მიცემაზე. როდესაც ლავრენტი ბერიამ სტალინს მოახსენა, რომ სვანიძე არ ტყდებოდა, სტალინმა ბრძანა: „თუ პატიებას ითხოვს და შეცდომას აღიარებს, ჩვენ მას შევუნდობთ.“ როდესაც ეს სიტყვები ალიოშას შეუთვალეს, მისმა პასუხმა საბოლოოდ გადაწყვიტა მისი ბედი: „რა პატიება უნდა ვითხოვო? არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. გადაეცით სტალინს, თვითონ მომიხადოს ბოდიში!“
1941 წლის 20 აგვისტოს ალიოშა სვანიძე დახვრიტეს. სვეტლანა ალილუევა მოგვიანებით იხსენებდა, რომ როდესაც სტალინს ალიოშას უკანასკნელი სიტყვები მოახსენეს, მან განაცხადა: „ნახეთ, როგორი ამაყია? მოკვდა, მაგრამ მაინც არ აღიარა!“
მარია კორი (ალიოშას მეუღლე) 1938 წელს დააკავეს. მას გადასახლებით 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 1942 წლის 3 დეკემბერს იგი ბანაკის ტერიტორიაზე დახვრიტეს.
მარიამ (მარიკო) სვანიძე (კატოს უმცროსი და) 1938 წელს დააპატიმრეს. ციხეში დაწერილ ბოლო ბარათში იგი ითხოვდა შეხვედრას სტალინთან: „სოსომ ხომ იცის, როგორ ვიბრძოდით ერთად, როგორ ვმალავდით მას... ეს რაღაც შეცდომაა“. მან არ იცოდა, რომ მისი დახვრეტის ბრძანებას ხელი პირადად სტალინმა მოაწერა. იგი 1943 წელს დახვრიტეს.
საშიკო სვანიძე კატოს უფროსი დაც რეპრესიების პერიოდში დააპატიმრეს. ბრალდება აქაც სტანდარტული და აბსურდული იყო, „ხალხის მტრებთან კავშირი“ და „ანტისაბჭოთა საქმიანობა“. საშიკოს შუა აზიაში გადასახლება მიუსაჯეს. იგი უკვე ასაკოვანი, ჯანმრთელობაშერყეული ქალი იყო, რომელმაც ვერ გაუძლო პატიმრობისა და გადასახლების არაადამიანურ პირობებს, მძიმე ფიზიკურ შრომასა და ფსიქოლოგიურ ტრავმას. გადასახლებაში, 1940-იანი წლების დასაწყისში ისე გარდაიცვალა, რომ თავისი ოჯახის წევრების რეაბილიტაციას ვეღარ მოესწრო.
საშიკო იყო ის ადამიანი, რომელმაც თავის დროზე (1900-იან წლებში), საკუთარი ხელით შეკერა კატოს საქორწინო კაბა და ახალგაზრდა სტალინს თავის სახლში უმასპინძლა. სტალინის მიერ საკუთარი წარსულის „წაშლის“ დაუნდობელ მანქანას, არც საშიკო გამოეპარა, იგი ისევე შეეწირა სტალინურ სისტემას, როგორც სვანიძეების გვარის ბევრი წარმომადგენელი.
სტალინის უფროსი ვაჟი იაკობი, დედის ნათესავებს, თავის ნამდვილ ოჯახად თვლიდა. როდესაც 1937–1938 წლებში სვანიძეები დააპატიმრეს, იაკობმა მამის წინაშე მათ დასაცავად სიტყვის თქმა სცადა. სტალინმა შვილს ყვირილით „სუსტი და სენტიმენტალური“ უწოდა და ამ თემაზე ლაპარაკი აუკრძალა. ამან იაკობსა და სტალინს შორის საბოლოო გაუცხოება გამოიწვია.

სტალინის მიერ კატო სვანიძის ოჯახის მიზანმიმართული განადგურება, იყო მცდელობა - სტალინს, როგორც საბჭოთა დიქტატორს, საკუთარი წარსულის კორექტირება ძალადობრივად მოეხდინა. მის მიერ შექმნილ სამყაროში, სადაც ის ისტორიის ერთადერთი შემოქმედი იყო, პირადი ურთიერთობებისთვის, სიყვარულისთვის ან უბრალო ადამიანური კავშირებისთვის, ადგილი აღარ მოიპოვებოდა. მან გაანადგურა იმ ქალის ოჯახი, რომელიც მის ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილი იყო.
სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა თავის მემუარებში წერს, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში, მამამისი ხშირად საუბრობდა კატო სვანიძეზე. მიუხედავად იმისა, რომ მან სვანიძეების ოჯახი ფიზიკურად გაანადგურა, კატოს ხსოვნას თავისებური, ნოსტალგიური ფორმით ინახავდა: „სიბერეში მამა ხშირად იხსენებდა თავის პირველ ცოლს, კატოს. ამბობდა, რომ იგი იყო ერთადერთი ქალი, რომელსაც იგი უყვარდა არა როგორც ბელადი, ან რევოლუციონერი, არამედ როგორც უბრალო ადამიანი. ის ძალიან ნაზი, კეთილი და ლამაზი იყო, იტყოდა ხოლმე მამა და დასძენდა, რომ კატოს სიკვდილმა მისი ცხოვრება ორად გაყო.“ სვეტლანას თქმით, ეს იყო ერთადერთი თემა, რომელზე საუბრისასაც სტალინის ხმაში ადამიანური სითბო და სენტიმენტალობა ჩნდებოდა, რაც სხვა დროს მისთვის სრულიად უცხო იყო.
ავტორი: კ. კვერნაძე
07/10/2026