საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით "თაიასთან" სხვადასხვა ახალმა ვერსიამ გაიჟღერა. სტუმრად მისულმა ადვოკატმა და დედამ მათ ხელთ არსებულ დეტალებზე ისაუბრეს.
12 წლის წინ დატრიალებული, ბურუსით მოცული 17 წლის ბიჭის გაუჩინარების ამბავი, თავიდან ახმაურდა, განახლდა, გაცოცხლდა, 20 ახალი თუ ძველი მოწმე დაიკითხა. საქმეს ახალი ადვოკატი ჩაუდგა სათავეში. ტარიელ კაკაბაძე უსასყიდლოდ იძიებს საქმეს, რომლის გამოძიებას მთელი ქვეყანა ელოდება.
სოფელ მლეთაში განახლებული სამძებრო სამუშაოს ფარგლებში საეჭვო ადგილების ძირითადი ნაწილი შემოწმებულია.
„სკანერი გადაატარეს ყველგან, სადაც მიუდგნენ. სადაც ვერ მიუდგნენ, თოკებით შევიდნენ. მაგრამ სკანერმა, საბედნიეროდ, არაფერი გვიჩვენა“, უთხრა გურამის დედამ რადიო თავისუფლებას.
სოფო ბიბილაშვილი "თაიასთან" აცხადებს, რომ ის არ ელოდა საზოგადოებისგან ამხელა მხარდაჭერას და მისთვის ეს დაუჯერებელია.
სოფო ბიბილაშვილი: 12 წელია არავინ გამომხმაურებია და მეგონა, ამჯერადაც არავინ გამოეხმაურებოდა ჩემს ამბავს. ჩემი ძალებით ვეძებდი... ვფიქრობდი, თუ წელსაც არ მივაგნებდი ჩემი შვილის კვალს, თავს არ ვიცოცხლებდი.
მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას!
ახლა, როცა ხალხი გვერდში დამიდგა, ბატონი ტარიელ კაკაბაძე გვერდში დამიდგა, საზოგადოების ნაწილი ათას რამეს მიწერს. ყველა კითხვას პასუხს გავცემ, ოღონდ ჩემი შვილის კვალს მივაგნო.
ტარიელ კაკაბაძე კი მზად არის ყველა საეჭვო გარემოება გადაამოწმოს, გამოიძიოს და წლებიც რომ დასჭირდეს, საქმეს ბოლომდე მიჰყვეს.
ტარიელ კაკაბაძე: ეს არის საქმე, სადაც ყველაზე მეტი მოწმე ჰყავს საქმეს, რომელიც საერთოდ არ მომხდარა.
ყველა ამბობს, რომ ადვოკატი ემოციისგან დაცლილი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, მე განსხვავებულად ვფიქრობ. ემოცია ადვოკატს ეხმარება. ყველა რისკის მიუხედავად, ვაკეთებ ყველაფერს, რომ შედეგს მივაღწიო. როდესაც ვიცი, რომ ღირსეულ ადამიანს ვემსახურები, იქ საქმე 70 პროცენტი გაკეთებულია. არა მხოლოდ დედა, მთელი საზოგადოება იმსახურებს გაიგოს, სად არის გურამ დადიანიძე, რა სტიტუაციაში გაუჩინარდა ის?
ამ საქმეზე საერთოდ არ არის ჩატარებული გამოძიება. ითქვა, ამდენი მოწმეა გამოკითხულიო. მოწმეების სიმრავლე იმას კი არ ნიშნავს, რომ საქმე სწორად არის გამოძიებული. 2017 წელს არიან გამოკითხული, შემდეგაც. ყველა გამოკითხული ოქმი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. მოწმეების ჩვენებები საეჭვოა. საეჭვო ჩვენებების საფუძველზე, დაუშვებელია რაიმე დაადგინოს გამოძიებამ. გამოძიებამ ბრმად კი არ უნდა დაუჯეროს კონკრეტული მოწმის ჩვენებას, არამედ უნდა გადაამოწმოს, რომელია მართალი. იქნება ყველა ცრუობს, იქნებ - ნაწილი... ამას ცალკეული გამოძიებების ჩატარება სჭირდება. ამას ვითხოვ მე, როგორც გურამ დადიანიძის ინტერესების დამცველი.
- გამოძიებსთან მამიდა არ თანამშრომლობს?
- მსურდა მამიდასთან შეხვედრა და კითხვების დასმა. მას თავად არ უნდა ჰქონდეს სურვილი თავად შეხვდეს ადვოკატს, რომელიც მისი 17 წლის გაჩინარებული ძმისშვილის საქმეს იძიებს? ითანამშრომლოს, მომაწოდოს ინფორმაციები. მომაწოდოს მისი ვერსიები. მან ამაზე უარი განაცხადა, უარი უთხრა სოფოს. ამის შემდეგ ვთქვი, რომ ამ ადამიანმა უარი განაცხადა ჩემთან შეხვედრაზე. როცა დაინახა რომ საზოგადოებას მკაცრი რეაქცია ჰქონდა ამასთან დაკავშირებით, არც ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონია დაკავშირების სურვილი. კითხვა არ უნდა დაესვა, რა არის ახალი საქმეში? დილის 5 საათზე ტიკტოკ ლაივში ერთვება და ამბობს, უდიდესი ალბათობით, გურამი ცოცხალიაო.
ამ ადამიანებმა მოგვაწოდონ ინფორმაცია და საკუთარი თავი გადაირჩინონ საზოგადოების აგრესიისგან.
08/18/2026