Logo

ყველაფერი ბავშვებზე

"ეს მულტფილმები ბევრს უწყინარი ჰგონია" - 3 მულტფილმი, რომელიც ბავშვის ტვინისთვის საზიანოა

"ეს მულტფილმები ბევრს უწყინარი ჰგონია" - 3 მულტფილმი, რომელიც ბავშვის ტვინისთვის საზიანოა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თანამედროვე სამყაროში მშობლებისთვის ეკრანი ხშირად „ციფრული ძიძის“ ფუნქციას ასრულებს, თუმცა ფერადი კადრებისა და მხიარული მელოდიების მიღმა შესაძლოა ბავშვის ფსიქიკისთვის სერიოზული საფრთხე იმალებოდეს.

ფსიქოლოგები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ე.წ. „სწრაფი კადრების“ ეფექტზე, რომელიც ბავშვის ტვინზე ისევე მოქმედებს, როგორც ნარკოტიკული ნივთიერებები და ნერვული სისტემის გადაღლას იწვევს.


ფსიქოლოგი ერიკა გოგიტიძე განიხილავს, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ბავშვი რეგულარულად უყურებს ისეთ პოპულარულ ანიმაციებს, როგორიცაა Cocomelon, Baby Shark ან Peppa Pig?
ფსიქოლოგი დეტალურად ხსნის,რატომ მიიჩნევა ეს კონკრეტული მულტფილმები საზიანოდ ადრეულ ასაკში და რა ალტერნატივა აქვთ მშობლებს შვილის ჯანსაღი განვითარებისთვის?

ერიკა გოგიტიძე

ერიკა გოგიტიძე:
"ზოგიერთი მულტფილმი ბავშვის ტვინზე ისევე მოქმედებს, როგორც ნარკოტიკი. დღეს მინდა განვიხილო სამი მულტფილმი, რომელიც მშობლებს ერთი შეხედვით უწყინარი ჰგონიათ, სინამდვილეში კი ბავშვის ტვინისთვის ნამდვილი ტერორია.

1. Cocomelon

კოკომელონი

აქ კადრები ყოველ 2 წამში იცვლება, რაც იწვევს ნერვული სისტემის გადაღლას. ბავშვის ტვინისთვის, ფიზიკურად შეუძლებელია, ყოველ ორ წამში შეცვლილი კადრი შესაბამისად გადაამუშაოს. ბავშვი ეჩვევა სწრაფ, ქაოსურ კადრებს, რის გამოც შემდეგ რეალური სამყარო სრულიად მოსაწყენი ხდება. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია ეს კონკრეტული მულტფილმი ბავშვებს მოვარიდოთ 5-6 წლამდე.

2. Baby Shark

Baby Shark

ეს არ არის უბრალოდ სიმღერა, ეს არის აუდიო-ვიზუალური ხაფანგი! პრიმიტიული და სწრაფი კადრები ბლოკავს ბავშვის აზროვნებას, რაც აფერხებს მეტყველების განვითარებასა და ფანტაზიას. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია Baby Shark-ის ვიდეოები ბავშვებს მოვარიდოთ 5-6 წლამდე.

3. Peppa Pig

პეპა გოჭი

ეს მულტფილმი ბევრს ძალიან ბევრს უწყინარი ჰგონია, თუმცა აქ მთავარი პრობლემა ქცევითი მოდელია. პეპა ხშირად უხეშობს მშობლების მიმართ, არის ეგოისტი და მანიპულატორი. პატარა ბავშვი, რომელსაც არ აქვს კრიტიკული ფილტრი, ამ ქცევას ნორმად იღებს და პირდაპირ "აკოპირებს". მნიშვნელოვანია 6 წლამდე მოვარიდოთ ბავშვებს ეს მულტფილმი, ხოლო 6 წლის შემდეგ რეკომენდებულია მშობელთან ერთად ნახვა, განხილვის რეჟიმში.

ბავშვი

რატომ ასეთი კატეგორიულობა?

იმიტომ, რომ 0-დან 3 წლამდე ტვინში ნეირონული კავშირები წარმოუდგენელი სისწრაფით ყალიბდება, ხოლო 3 წლის შემდეგ კი ეს პროცესი საგრძნობლად ნელდება. ამიტომ მნიშვნელოვანია 3 წლამდე გამოვრიცხოთ ყოველგვარი ეკრანი და მულტფილმი. 3 წლის შემდეგ კი ბავშვს უნდა შევთავაზოთ მშობლის თანხლებით მხოლოდ ხარისხიანი კონტენტი.

სასურველია პირველ ეტაპზე ეს იყოს ქართული, რადგან მნიშვნელოვანია ბავშვს ესმოდეს მშობლიური, გამართული ქართული მეტყველება.

ბავშვი

დღეში ვიწყებთ 10-15 წუთით და დროს ვზრდით ბავშვის ზრდასთან ერთად.

გახსოვდეთ: ბავშვი 3 წლის გახდება თუ არა, 1 სთ ეკრანთან ერთბაშად არ ვსვამთ! იმ 10-15 წუთს ბავშვი ეკრანთან ატარებს მხოლოდ მშობელთან ერთად. ერთობლივად უყურებთ და საბოლოოდ განიხილავთ: რა ნახეთ და რა ისწავლეთ.

ნელი კადრი, ხარისხიანი კონტენტი და დროის მკაცრი კონტროლი ნიშნავს მშვიდ ნერვულ სისტემას. თქვენი შვილის ფსიქიკა თქვენს ხელშია," - ამბობს ფსიქოლოგი.

ავტორი: ზმნა

05/18/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024