Logo

საზოგადოება

"ეს ნივთიერება განგრევს და განადგურებს" - დათუნა სულიკაშვილის ინტერვიუ

"ეს ნივთიერება განგრევს და განადგურებს" - დათუნა სულიკაშვილის ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

2025 წლის მიწურულს დათუნა სულიკაშვილის დაკავებამ საზოგადოება შეაძრწუნა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენა-შენახვა-გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

დიზაინერი თავისუფალია და მან პირველი ინტერვიუ ირინა ქიქოძის პოდკასტს "მერე?" მისცა.

დათუნა სულიკაშვილი: ჩემი ადვოკატი მიყვებოდა, რა ხდებოდა გარეთ. ალბათ, ხალხმა იფიქრა, რომ დიდი ხნით ჩავჯექი, მაგრამ ცოტა მომისაჯეს. მერე ვიღაცებმა მესიჯები წაშალეს და მეცინება მაგაზე. ისეთები არიან – წაქცეულს ყველა ურტყამს, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მართლა წუხდნენ და ყველას მადლობა მინდა გადავუხადო. ამ დროს გრძნობ, ვინ გრჩება გვერდით და ვინ არის რეალურად შენი გულშემატკივარი. არ ვბრაზობ იმ ხალხზე, ვინც რაღაცას წერდა, რადგან მეც ასეთი ისტორია რომ მომესმინა, შეიძლება მსგავსად მეფიქრა. ვისაც გაუხარდა, ეს ადამიანები სხვისი უბედურებით ყოველთვის გაიხარებენ. ვინ რას ფიქრობს ჩემზე, ეს არ მაინტერესებს, მაინტერესებს მხოლოდ ჩემი ახლო წრე და ნამდვილი ისტორია იციან. ბრბო სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს. ეს ქართული სენია. ნამდვილი ისტორიის გახსენება არ მინდა.

პირველ რიგში, უნდა გაიგო ნამდვილი ისტორია, როგორ იყო, და შემდეგ განსაჯო. მე ვიცი, რომ იმ სიტუაციაში მართალი ვიყავი და ბევრი „კარგი ბიჭი“ ვერ მოიქცეოდა ჩემნაირად. მეგობართან ერთად ვიყავი, მეგობარს პირობითი სასჯელი ჰქონდა და დანაშაული ჩემს თავზე ავიღე, რადგან ის 12-წლიან ციხეს გადავარჩინე. არ ვნანობ ამას და ხვალაც ასე მოვიქცეოდი. ის "მეგობარი" ამად ღირდა თუ არა, ამას არ ვიტყვი, მაგრამ მე რომ მისი გადარჩენა შემძლებოდა და ასე არ მოვქცეულიყავი, ვერ ვიცხოვრებდი, ეს განცდა მთელი ცხოვრება ხინჯად გამყვებოდა. ვიცოდი მალე გამოვიდოდი. ამიტომ თამამად დავთანხმდი ამას. ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა არის ჯოჯოხეთი. იქ დავრწმუნდი, რომ დარდით შეიძლება მართლა მოკვდეს ადამიანი.

დათუნა სულიკაშვილი

დიზაინერი ნარკოდამოკიდებულების თემასაც შეეხო.

დათუნა სულიკაშვილი: ჩემი აზრით, რის გამოც ადამიანი მოხმარებას იწყებს, მარიაჟობაა... (როგორც ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს სიგარეტთან მიმართებაში) ბავშვობაში მოწევას "მარიაჟობის“ მიზნით იწყებ - ნარკოტიკების შემთხვევაშიც ასეა. მთელი ბავშვობა ვუყურებდი ქეით მოსს, ჯორჯ მაიკლს, ვიტნი ჰიუსტონს... ჩემს საყვარელ ადამიანებს, რომლებზეც ვგიჟდებოდი. როცა ვიგებდი, რომ ისინი ნარკოტიკების გამო დაიჭირეს, სულ ვფიქრობდი, რომ ეს რაღაც საინტერესო ნივთიერება იყო. ამ მიზნით იწყებ შენც გასინჯვას, რადგან შენი მისაბაძი ვარსკვლავები ამას აკეთებენ, თვლი, რომ ეს კარგია.

თავიდან აკონტროლებ თავს, მუშაობ და ამბობ, რომ არ გინდა გართობა, მერე უკვე ვეღარ აკონტროლებ საკუთარ თავს და ყველაფერი გეცვლება. აღარ მაინტერესებდა სამსახურში მისვლა, ამის გამო ბევრი პრობლემა მექმნებოდა, კლიენტებს ვაბრაზებდი. ამ დროს საკუთარი თავი აღარ ხარ. როცა უყურებდი, ვინ იყო ის ადამიანი, გეზიზღებოდა. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რატომ მინდოდა იმ საზიზღრობაში დაბრუნება, როდესაც ჩემი თავი მძულდა-მეთქი. ამას ეს ნივთიერება გიკეთებს, განგრევს და განადგურებს.

ვიტნი ჰიუსტონის მაგალითზე რომ ვთქვათ, ღმერთმა მას ყველაფერი მისცა: გარეგნობაც, ნიჭიც და საერთოდ ყველაფერი, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, მაგრამ დამოკიდებულებამ რა მდგომარეობამდე მიიყვანა, ბოლოს ვინ იყო და როგორ დაასრულა სიცოცხლე.

ეს ახლანდელი პერიოდის სენია. ასეთი რამ ცხოვრებაში არსად ყოფილა, არცერთ ქვეყანაში, ასე ადვილად რომ შეგეძლოს შოვნა და მიღება, არასდროს ყოფილა. არ ვამბობ, რომ ეს ან ამ მთავრობის, ან წინა მთავრობის ბრალია, მაგრამ ასე, ამ დოზით და ამ რაოდენობით, არასდროს ყოფილა. დღეს მოდაშია: თუ კაიფობ, „კარგი ტიპი“ ხარ. თავიდან შეგიძლია თავი აკონტროლო, მაგრამ მერე ძალიან რთულია და საკუთარ თავს კარგავ. ყველაფერს ანადგურებს, ეს არის ყველაზე ეშმაკური და საზიზღარი ნივთიერება. ამ დროს ადამიანი აღარ ხარ. შენი საყვარელი ადამიანები აღარ გიყვარს, აღარ გახარებს მათთან ერთად არაფრის კეთება. იმ მომენტში ზიხარ შავბნელ „კუბიკში“ და არ გინდა გამოსვლა; თან იცი, რომ ცუდია, მაგრამ ვეღარ გამოდიხარ.

საკუთარი თავის დაკარგვა ცხოვრებაში ყველაზე რთული რამაა, ან ვერ პოულობ ვერასდროს, ან ძალიან რთულად იპოვი. ნულიდან დაწყება ჯობია დაკარგულის ხელახლა აღდგენას.

ახლა ჯერ კიდევ დაკარგული მაქვს საკუთარი თავი, თუმცა ვთვლი, რომ დიდი გამოცდილება შევიძინე. არ მაქვს ის მომენტი, რომ წავიქეცი და უნდა ვიწვე, პირიქით, ახლა მაქვს მომენტი, როდესაც მინდა საკუთარ თავს დავუმტკიცო, რომ მე კიდევ რაღაც შემიძლია.

ყველაზე მაგარი ხარ მაშინ, როდესაც შენს თავს აჯობებ ყველაფერში, მითუმეტეს - ცუდში.

პოდკასტი "მერე?" - სრულად

ავტორი: ზმნა

06/19/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024